Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავიწყებულთა ხმა ციხიდან

22 ოქტომბერი 2018

„ლიბერალი" გთავაზობთ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პატიმრის წერილს ციხიდან:

დღეს საქართველოს მრავალი ათასი სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლი ჰყავს. დანაშაულის მოტივი ლეგიტიმურია - დიადი მიზნის მიღწევა, თუმცა საშუალება - კრიმინალური. ტრეფიკინგის იარაღი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლია, რომელიც შანტაჟისა და მუქარის ბერკეტია შსს-ს კრიმინალური და ნარკოტიკული დანაშაულის უკანონო ბრუნვის დეპარტამენტების ხელში, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ტრეფიკინგში (რა თქმა უნდა, პროკურატურის თანამშრომლებთან და მოსამართლეებთან ერთად, დეპუტატების ნებართვითა და მფარველობით, ასევე საზოგადოების დუმილითა და მართლმადიდებელი ეკლესიის წაქეზებით). სსკ-ის 260-ე მუხლს წარმატებით იყენებდა როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლება.

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება ისჯება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომელშიც თვალნათლივ და არაორაზროვნად წერია - „პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება...“ ისჯება 1 წლამდე ვადით.

როგორც ამ შემთხვევაში ამბობენ: „ეშმაკის თავი მარხია“ სიტყვებში „მცირე ოდენობით“ (როგორც მოგეხსენებათ, ოდენობების განსაზღვრა ხდება დანართი N2-ში. მაგალითად ოპიუმის შემცველ ნივთიერებებში ეს ოდენობები დადგენილია შემდეგნაირად: 0-დან -0.2 გრ.-მცირე ოდენობა, 0.2-დან 1 გრ.მდე - დიდი ოდენობა. 1 გრ. და მეტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობა). გამომდინარე იქიდან, რომ რიგ ნარკოტიკულ ნივთიერებების მცირე ოდენობა საერთოდ არ არის განსაზღვრული, პროკურატურა და სასამართლო 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩამდენებს 260-ე მუხლთან „ამისამართებს“ (წარმოიდგინეთ, ერთი ბოთლი ღვინო, ან ერთი კოლოფი სიგარეტი რომ ჩაგითვალონ განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ანუ საწარმოო დანიშნულების მოცულობად).

რეალურად, პრაქტიკაში კი, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით მხოლოდ ის ადამიანები ისჯებიან, რომელთაც ანალიზის შედეგად დაუდგინდათ მოხმარება. ნებისმიერი ოდენობისა და ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით იქნა ჩადენილი ეს ქმედება), მომხმარებლები სამართლდებიან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით, ანუ, როგორც უკანონო ნარკოტიკით მოვაჭრეები. აქვე ხაზი უნდა გავუსვა შემდეგ გარემოებას - სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სასჯელის ზედა ზღვარია 1 წელი, ხოლო 260-ე მუხლი ითვალისწინებს უვადო პატიმრობას. ეს გასაგებია, რადგან საზოგადოებრივი საფრთხის შემცველობის კუთხით, მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ზიანს აყენებს მხოლოდ საკუთარ თავს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ბიზნესში ჩართული ადამიანებისგან მომდინარე საფრთხე მათი მოქმედების არეალის მასშტაბებით განისაზღვრება (1 ადამიანიდან - ათასობით ადამიანამდე).

სსკ-ის 273 მუხლის დამრღვევი არის სსკ-ის 260-ე მუხლით დაზარალებული მხარე! 

პრობლემა ის გახლავთ, რომ თუ მცირე ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის მომხმარებლებს ვერ დაიჭერენ, შანტაჟისა და დაშინების ბერკეტი გამოეცლებათ ხელიდან. თუ მომხმარებლებს სამაგალითოდ არ დასჯიან და ზურიკოსავით არ ჩააყოლებენ ცოცხლად სურამის ციხის კედელში, მრავალათასიანი ტრეფიკინგის მსხვერპლთა შანტაჟისა და მუქარის ბერკეტი ხელიდან გამოეცლებათ.

სისხლის სამართლის დანაშაული არის „ქმედება“, რომელიც აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში. ის, თუ როდის მოახდინეს სამართალდამცველებმა ასეთი ქმედების ჩამდენი პირის დაკავება, არ შეიძლება მოქმედებდეს და კვალიფიკაციას უცვლიდეს უკვე მომხდარ დანაშაულს! მაგალითად: ორმა პიროვნებამ ერთი და იმავე პირისგან, ერთსა და იმავე დროს, პირადი მოხმარების მიზნით, „უკანონოდ“ შეიძინეს ერთი და იმავე რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება. ერთმა მათგანმა შეძენის ადგილას მოიხმარა შეძენილი ნარკოტიკის მთლიანი მოცულობა, ხოლო მეორემ მოიხმარა მხოლოდ ნახევარი და დანარჩენი ნაწილი მეორე დღისთვის შეინახა. ზემოთ აღნიშნული დანაშაულისთვის, ჩადენიდან რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს. ერთი და იმავე „დანაშაულისთვის“ ერთი მათგანი, ის რომელსაც მოხმარებული ჰქონდა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკის მთლიანი მოცულობა დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო მეორეს - ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერების მოცულობიდან გამომდინარე ეხება სსკ-ის 260-ე მუხლი (უფრო სწორად ამ მუხლს მართლსაწინააღმდეგოდ იყენებენ), რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქართველოს კონსტიტუციით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენება დასჯადი ქმედებაა, მაშინ ის დასჯადია ყველასთვის. რატომ აქვს ვიღაცის უფლება ალკოჰოლის სმისგან დაიმართოთ ციროზი, სხვამ თამბაქოს წევისგან გაიჩინოს ფილტვის კიბო, მაინცდამაინც ყაყაჩოს რძისგან ან სხვა რომელიმე მცენარისგან მიღებული სიამოვნებისთვის სხვები  მკვლელობისთვის განსაზღვრულ სასჯელზე მძიმე სასჯელით ისჯებიან? ალკოჰოლიკებიც ხომ აზიანებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მორალურ ზიანს აყენებენ ოჯახს? ნებისმიერ დანაშაულს აქვს მოტივი და ჰყავს დაზარალებული მხარე. აქ მოტივი სავსებით ლეგიტიმურია - სიამოვნების მიღება და განტვირთვა. დაზარალებული მხარე კი - საკუთარი ჯანმრთელობაა. თუ ვინმეს უფლება აქვს ალკოჰოლით დათვრეს, ნიკოტინით ისიამოვნოს, პლანი გააბოლოს და ეს არაა დასჯადი ქმედება, მაინცდამაინც ყაყაჩოს გამო რატომ ისჯებიან მომხმარებლები ასე სასტიკად? ეს რა ლოგიკაა? ანუ მარჯვენა ხელით შეიძლება საკუთარ თავს ასიამოვნო და მარცხენათი - არა? იქნებ ცაცია ვარ, ბატონო?

რა სასჯელი ეკუთვნის პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებმაც 1 ცალი მანდარინის მოპოვებისთვის დაკავებულ პიროვნებას, რომელსაც ბრალს ქურდობის ნაწილში ედავებიან - „განზრახ მკვლელობის“ მუხლით გაასამართლებენ? ზუსტად ასევე არაფერი აქვს საერთო ერთმანეთთან 273-ე და 260-ე მუხლებს, სულ სხვადასხვა სახის დანაშაულია აღწერილი მათში. 273-ე მუხლის „შეძენა, შენახვას“ არაფერი აქვს საერთო 260-ე მუხლის კონტექსტიდან ამოგლეჯილ „შეძენა , შენახვა, გადაზიდვასთან“.

საქმე ის გახლავთ, რომ 260-ე მუხლის დანართში განსაზღვრული ოდენობებით ერთი მომხმარებლის ერთი დღის დოზა ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად (შედარებისთვის 1 ბოთლი ღვინო ან 2 კოლოფი სიგარეტი ითვლებოდეს განსაკუთრებით დიდ ოდენობად, რაც საწარმოო დანიშნულების მოცულობას გულისხმობს). ეს კი კონკრეტული მიზნით გაკეთდა, რათა ტრეფიკინგისთვის შეეწყოთ ხელი. ასევე, ის იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი კრიმინალი გაიშვას საპატიმროში, ნებისმიერი ვადით, ყოველგვარი ზედმეტი საგამოძიებო მოქმედებების გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღს უფრო ადვილად შეელევა, ვიდრე ამ მუხლში დაუშვებს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ეკლესიაც კი ამ პოლიტიკურ თამაშშია ჩათრეული.

მთელი ცხოვრება გავიდა ამ კედლებში და აღარაფერი გვაქვს დასაკარგი ამ ცხოვრებაში. რაც გვქონდა სულიანად ამოგვგლიჯეთ. მკვლელობისთვის არ მოუხდიათ 8 წელი. ამდენი ხანი ველოდებით კანონის ლიბერალიზაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ სამჯერ გადადო განხილვა თქვენი შეძახილებით და, ბოლოს და ბოლოს, მიიღეს „ჰუმანური“ კანონი: თურმე მართვის მოწმობებს ჩაგვატანენ კუბოში, მას შემდეგ რაც ცოცხლად დაგვმარხავენ. ეს ცინიზმი იყო თუ სარკაზმი? მადლობა დედა-ეკლესიას ამ გულმოწყალებისთვის. ჯოჯოხეთში თქვენგან სამახსოვროდ გვექნება მართვის მოწმობები. მისმა უწმინდესობამ ერთ ეპისტოლეში ბრძანა, რომ ადამიანის სული ყველა მატერიალურ ღირებულებაზე ძვირფასია. თქვენი გადმოსახედიდან, მას ჩვენი სულები არ უგულისხმია, როგორც ვხვდები. იქნებ არც არავინ აპირებდა მარიხუანის კულტივაციას და კანონპროექტის განხილვიდან ყურადღების გადასატანად შემოაგდეს ეს თემა – „ხმაურიანი ნიუსი“. თქვენც იხმაურეთ და ჩვენ დაგვივიწყეთ. როცა მარიხუანის კულტიცავიის თემის გატანას დააპირებენ, მაშინ ოპიუმის კანონპროექტს შემოიტანენ განსახილველად, თქვენ ყაყაჩოზე იჩხუბებთ და მარიხუანის კანონს ისე გაიტანენ, ვერც კი გაიგებთ.

ვთქვათ და სერიოზულად ფიქრობდნენ ამ პროექტზე და კბილი მოგისინჯეს, რა შუაში იყო ეს თემა ჩვენს კანონპროექტთან? – „არ უნდა დაგვიჭირონ, მაგრამ კანონი არ უნდა შეამსუბუქონ ხომ?“ ანუ „გვეკუთვნის, მაგრამ არ გვეკუთვნის“. „თქვენ მამასახლისი ბრძანდებით არა?...“ თქვენც ისეთივე ქრისტიანები ხართ, როგორიც შუასაუკუნეების კათოლიკე ინკვიზიტორები. ინდულგენციები მაინც გაყიდეთ, რომ თქვენგან თავი გამოვისყიდოთ. რამდენად მომყიდით ჩემს სიცოცოხლეს? ჩაგირიცხავთ ინკვიზიციის ორდენის ანგარიშზე.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხომ თქვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დამცველი ბრძანდებით? რატომ არ აფიქსირებთ თქვენს პოზიციას?

როგორც მწვანეთა პარტიის ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ დაუფარავად თქვა: თუ ნარკოტიკის ფლობისთვის ადამიანებს არ დავიჭერთ, როგორ გავარჩიოთ, ვინ ყიდის და ვინ მოიხმარსო?!“ მართალი ბრძანდებით, ბატონო გია, 1937 წელსაც რომ ვერ არჩევდნენ ათი კაციდან, რომელი იყო მტერი, ათივეს ხვრეტდნენ. თქვენც მათი ღირსეული შთამომავალი ბრძანდებით. არაფერი იცვლება. ამდენი ხანი ველოდებოდით კანონს და, როგორც იქნა, მიიღეთ. მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში - „დოქსოფულო, შენ დედა გყავს“?.

პ.ს.

ცოტა ხნის წინ ერთი სულისშემძვრელი ისტორია მოვისმინე: ერთმა, თქვენგან დავიწყებულმა ადამიანმა მომიყვა. მრავალი წლის წინ თქვენ ის დაატყვევეთ,  რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მას სამი წლის გოგონა დარჩა სადღაც, შორს, რომელიც უზომოდ ენატრებოდა. მისი ცოლი დეკაბრისტების ცოლებს არ ჰგავდა, უფრო „მესაფლავის“ პერსონაჟისკენ იხრებოდა. მისი დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილი ენით ვერ გადმოიცემა. თუ ტელევიზორში მისი შვილის ასაკის გოგონას თვალს მოჰკრავდა, ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა. ძალიან გულჩვილი ადამიანი იყო. მისი გოგონა ახლა უკვე ქალია და ალბათ შვილიც ჰყავს.  მამამისს, რა თქმა უნდა, არ იცნობს. მას ხომ საზოგადოება ბავშვობიდან შთააგონებდა, რომ მამამისი მონსტრია, გამოუსწორებელი ნარკომანი. მოკლედ, ამ ადამიანმა მომიყვა, რომ პაემნების ოთახში ვიღაცასთან 2 წლამდე ასაკის გოგონა იყო შემოსული, რომელიც დარბოდა და ცელქობდა. რაღაც მომენტში მის წინ გაჩერდა და ტიტინით გამოელაპარაკა. ის კი, ვისაც ადრე მსგავსს სიტუაციაში ალბათ გული წაუვიდოდა გულჩვილობისა და მოწიწებისაგან - ახლა როგორც ცივსისხლიანი გველი, ისე უყურებდა ამ ანგელოზს. მის სხეულში ერთი ნერვიც კი არ შეტოკებულა. მან უცებ აღმოაჩინა, რომ სული აღარ ჰქონდა...

...ვვარაუდობ, რომ კრიტიკულად დიდია იმ ადამიანების მასა, ვინც ფიქრობს - ოღონდ სამართლიანობა აღდგეს და თუ გინდა, ქვა ქვაზე ნუ დარჩება.

არჩევნებზე გაგვიანდებათ, მაგრამ როგორც ვოლანდმა თქვა: „ანუშკამ არა მარტო იყიდა მზესუმზირის ზეთი, არამედ დაღვარა კიდეც“.

ავტორი: დუდუ. (ეს სახელი მსჯავრდებულის ფსევდონიმია)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^