Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფორმა შინაარსის წინააღმდეგ

19 მაისი 2015

"იმ დროს, როდესაც საქართველო არის ევროპულ პროცესში, განსაკუთრებით რიგის სამიტის წინ, და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მნიშვნელოვანია, ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს, განსაკუთრებით -თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამ პროცესმა უმტკივნეულოდ ვერ ჩაიაროს. ველით, რომ ასეც იქნება და პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის" -აშშ-ის ელჩის საქართველოში რიჩარდ ნორლანდის ეს გამოხმაურება ქრონოლოგიურად დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, ერთი კვირით გაეწელა მთავრობის პარლამენტისთვის წარდგენის პროცესი. თავდაცვის მინისტრის პოსტი მაშინ პრეზიდენტმაც ახსენა. თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რა იწვევს თავდაცვის მინისტრების ასეთ სწრაფ ცვლას.

სამთავრობო ცვლილებებამდე სამი დღით ადრე მედია ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრის შესახებ იტყობინებოდა. ნორლანდმა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა, რომ შეხვედრაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურაზე არ უსაუბრიათ. თუმცა პოლიტიკურმა კომენტატორებმა ეს გარემოება თავდაცვის მინისტრის საკმაოდ მოულოდნელი კანდიდატურის წარდგენასთან ღარიბაშვილის მიერ ინიციატივის გაცხადებისთანავე დააკავშირეს.

ბოლო საკადრო ცვლილებების ფორმა, ერთი შეხედვით, სრულიად დემოკრატიულია: პრემიერმა დაასახელა; პრეზიდენტმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და კანდიდატები მაშინვე არ წარადგინა; პარლამენტი ბჭობს; ხელისუფლების შტოებს შორის კონკურენცია სახეზეა -ე.ი. თითქოს ყველაფერი რიგზეა.

ასეც იქნებოდა, თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის მინისტრობის კანდიდატებად გამოკვეთის პროცესიც საზოგადოებისთვის გამჭვირვალე რომ ყოფილიყო. განსაკუთრებით ბევრ შეკითხვას პრემიერის მიერ თინა ხიდაშელის კანდიდატად დასახელება აჩენს -ბევრს ახსოვს სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დამაჯერებლად არავის უარუყვია და საიდანაც ღარიბაშვილ-ხიდაშელის პიროვნულ ურთიერთობაზე არც თუ ისე სახარბიელო დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი. ძნელი დასაჯერებელია, ისედაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა პრემიერი პოლიტიკურად და საგარეო მხარდაჭერით არათანაბარზომად კანდიდატურამდე თავად მისულიყო.

პიროვნული ელფერი დაჰკრავს პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილებასაც. მან კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის გადავადების ერთ-ერთ მიზეზად თავდაცვის მინისტრის პოსტი -შესაბამისად, თინა ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა. მით უმეტეს, რომ მან ბრიფინგზე ერთგვარ ვერბალურ მანიპულაციასაც მიმართა. მან პროცესი კი არ "გადაავადა", როგორც თავად მოიხსენია, არამედ სრულად გამოიყენა კონსტიტუციის ფარგლებში მისთვის გადაწყვეტილების მისაღებად მინიჭებული ერთკვირიანი ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი უბრალოდ იძულებულია პარლამენტს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურები წარუდგინოს.

ყველაფერი ეს ერთად ამძაფრებს იმ ეჭვებს, რომლებსაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის შესახებ "ქართული ოცნების" გულშემატკივრებიც კი იზიარებენ. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს სამთავრობო ცვლილებების ინიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და რიჩარდ ნორლანდს შორის.

ყველაზე საინტერესო ბოლო სამთავრობო ცვლილებებში "რესპუბლიკელების" ფაქტორია. როგორც ჩანს, ახალ კაბინეტში მათი გაზრდილი წარმომადგენლობა პარტიას მეტ სახელისუფლებო პასუხისმგებლობას დააკისრებს. ეს კი "რესპუბლიკური პარტიისთვის" შანსიცაა და გამოწვევაც.

აქამდე მთლიანად პარტია და მისი წევრები პიროვნულად "ოცნების" ხელისუფლების ზოგიერთი არაპოპულარული გადაწყვეტილებისგან ერთგვარ დისტანცირებას ახერხებდნენ. მათ შეინარჩუნეს ინტელექტუალთა ჯგუფის იმიჯი, რომელთაც ყველაფერზე, მათ შორის, მთავრობის გადაწყვეტილებებზეც, კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა შეუძლიათ. მთავრობაში სამმინისტრიანი წარმომადგენლობა კი (ხიდაშელისა და აგულაშვილის გარდა, კაბინეტში პაატა ზაქარეიშვილი რჩება) მათ ამ ფუფუნებას ნაკლებად შეუნარჩუნებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა კაბინეტის წევრი პოლიტიკურად მძიმეწონიანი თინა ხიდაშელი ხდება. ცხადია, მას ამ პოსტის გამოყენება პარტიის რეიტინგის გასაზრდელადაც შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭირო გახდება რთული პოლიტიკური ლავირება. 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადახალისებული მთავრობა რისკის ქვეშ თავიდანვე დგას. ქართული წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებებს "მმართველობის წლების ტვირთისგან" გასათავისუფლებლად არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობის შემადგენლობის რადიკალურად შეცვლა უხდებათ ხოლმე. საკითხავი ის არის, გაძლებს თუ არა თინა ხიდაშელი ღარიბაშვილის კაბინეტში ისე, რომ არც თავისი და არც პარტიის პოლიტიკური წონა არ შეამციროს.

მრავალმხრივ მომგებიანი პოლიტიკური თამაშის ეს რაუნდი ბიძინა ივანიშვილისთვის ჩანს. მან გაცხადებულად პროდასავლელი ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობით დასავლელების, განსაკუთრებით ამერიკელების, გული მოიგო; თავისი ჯგუფიანად დაასუსტა "უძღები შვილი" ირაკლი ალასანია, რომლის მთავარი კოზირი უალტერნატივო პროდასავლურობაა და კოალიცია "ქართული ოცნების" მღვრიე რიგებში "რესპუბლიკური პარტია" შემოიმტკიცა. კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის მათ ერთადერთს აქვთ დამოუკიდებელი თამაშის რესურსი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ბოლო ცვლილებებით ქართულმა დემოკრატიამ ფორმალურად ნამდვილად მოიგო. აშკარაა, რომ პრემიერის ინიციატივას პრეზიდენტი უთქმელად და მორჩილად არ იზიარებს. არც პარლამენტი, მათ შორის კოალიცია "ქართული ოცნების" ზოგიერთი წევრი აპირებს, უტყვი ნოტარიუსის როლი იკისროს. სხვა საკითხია, რამდენად არის შინაარსით დატვირთული ეს ფორმალური პროგრესი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვი ჯერ კიდევ გაუმჭვირვალე რჩება. შესაბამისად, რთულია დავასკვნათ, რამდენად დემოკრატიული იყო "ქართული ოცნების" წიაღიდან სამინისტრო კანდიდატების გამოკვეთის პროცესი.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...
28 იანვარი
28 იანვარი

დიქტატურის გემო

რუსუდან გორგილაძის წიგნი, „დიქტატურის გემო“,​ რომელიც ახლახანს გამოსცა „სეზან ფაბლიშინგმა", მოგვითხრობს სამი დიქტატორის ...

მეტი

^