Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროტიკული ლიტერატურის შემოსვლა და გასვლა. ის და იგივენი

26 ივნისი 2015

სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად იყო. შაკოიას მანქანაში ჟიგულის სუნი იდგა. ასეთ სუნს სხვაგან ძნელად იპოვით და კიდევ უფრო ძნელად აღწერთ, თუმცა ყველამ ზეპირად ვიცით, ვინც რომ საბჭოთა დროიდან მოვდივართ. ცალი ფეხით მაინც. შაკოია და მისი კლასელი 16 წლისა იქნებოდნენ, მე შაკოიას მონათესავო ელემენტი, 13 წლის. `რა დროის შენი ქალია, შენ ტყუილა წამოგიყვანეთ, იგენს რომ არ ენერვიულათ~, _ მითხრა შაკოიამ საზარელი სიმართლე და ბრძანება გასცა, მანქანაში მომეცადა. აქ როგორც კლასიკა გვკარნახობს, თვალებზე ცრემლი ვიგრძენი. წამებით მოვკლავდი, რომ რამე.

იქვე, რკინა-ბეტონის ბინად ცნობილ სახლში შევიდნენ. იმ ბინებიდან ჩემ სახლამდე კია ასე 4 კილომეტრი. ცხადია, არ დაველოდე. მანქანის კარი ღია დავტოვე და წამოვედი. უკვე ღამე ეთქმოდა. პირველმა მეტაფორებმა მაშინ შემიტიეს. ასეთი რამე დავწერე: "მთვარე, ნიშნავს რომ დედამიწას გარდაცვლილი მზე ესიზმრება. ამიტომაც მთებს შიშისფერი ადევთ. ობისფერი. შიშისფერი ადევთ ქუჩებსაც. დედამიწას გარდაცვლილი მზე - მთვარე ესიზმრება". უჯრაში შევინახე. და წლების მერე წიგნში შევიტანე. მაშინ სუბლიმაციებისა არაფერი ვიცოდი, მაგრამ რაღაც გადატანასთან რომ მქონდა საქმე, ვიგრძენი და გავბრაზდი. და ვთქვი, რომ ყველაფერში მაგარი უნდა ვყოფილიყავი, რომ არაფერი უნდა დამეთმო. მამაჩემს ვთხოვე და ჭირის დღისთვის შენახული თხილი ჩავაბარეთ. მივედი იმ ფულით დამახსოვრებულ ბინაში. ვიკითხე ესა და ეს სად ცხოვრობს-მეთქი. არავინაა ეგეთიო, პლანი თუ გინდა იმ პადიეზდშიაო. აი, იმაში - შაკოია და მისი ძმაკაცი რომ შევიდნენ. წამებაზე უარესით მოვკლავდი შაკოიას. ორმაგად მომატყუა იმ საწყალმა, თორემ რა უნდოდა, როგორც დღეს იტყვიან, სექსმუშაკს, რკინა-ბეტონის ბინაში. იმ ფულით ვიყიდე კლაუდია შიფერის პლაკატები და საწოლთან გავიკარი. 13 წლის ვიყავი, მაგრამ სიამაყით და დამალული ცრემლით სავსე. დანებებას არ ვაპირებდი. არც ერთ ფრონტზე. ომიც მაშინ გამოვაცხადე.

მაგრამ ომი იქით გავწიოთ. ან იქით რატომ, ესეც ხომ იგივეა - 13 წლისამ მივიღე ერთი ფრიად ამაღელვებელი და ამავდროულად, როგორც მერე გაცხადდა, მცდარი მინიშნება - ალბერტო მორავიას "ჩოჩარა" იმფერი წიგნი იყო. იმფერი, ანუ ეროტიკული. მორავია რომ ქართველი მეგონა ეს კიდევ ცალკე საგაა. ახლა ალბერტოსა და ჰამლეტის გურულსახელობით ძნელად გაგვაკვირვებთ. ჰოდა ვითხოვე. გარეკანი, სადაც შიშველი ქალი იყო წარმოდგენილი, ინფორმაციის წყაროს სანდოობას, დიახაც რომ ადასტურებდა. დავიწყე კითხვა და ამაოდ. ჩემთვის მოსაწყენი ამბები: ჯარისკაცები, სიკვდილი, გაჭირვება. არადა, გასაჭირი ჩვენიც გვეყოფოდა. მოკლედ იმფერი აფერი. დე სიკას ლორენიანი ეკრანიზაცია რომ მქონოდა ნანახი, ფიქრს სხვა გაქანებას მივცემდი. მაგრამ მაშინ დე სიკა ბესიკად შეიძლებოდა მომყურებოდა - ჩემსა და კინოს შორის მკვდარი ტელევიზორი იდგა.

მეორე წიგნს ეწერა "გამოდის ავტორის ხარჯით". ეს იმ პერიოდისთვის ეტყობა განსაკუთრებული ამბავი იყო, გასაგები ტრადიციის გამო - 1991 წლის გამოცემაა - და ხაზგასმით მიუთითებდნენ. როსტომ ბეჟანიშვილის "ჰერცოგის ნადიმი". ამ კაცის სახელი და გვარი მერე რუსთაველზე დამხვდა - აქ ცხოვრობდა და ა.შ.-ს ამბავში და გამიხარდა. ხსენებული წიგნიც ეროტიკული "ნაკოლის" გავლენით წავიკითხე. აქაც ვერაფერი ბევრი ამ მხრივ, მაგრამ სხვა ამბები გავიგე. მაგალითად ის, რომ არსებობდა ვინმე ჯუ დე, ჩინელი გენერალი - 9 მარტს, სტალინის სახელის დასაცავად ქართველი დემონსტრანტები მიადგნენ სტუმრად ჩამოსულს და გაჰყვროდნენ: ჯუ დე, ჯუ დე, ჯუ დე!

ძალიან საინტერესო ამბავია ერთი წიგნის გამოცემა ორჯერ - ბათუმში და თბილისში - განსხვავებული სათაურებით. სერგეი ლიბიხი - "სექსუალური ჰარმონია" (თბილისი, მერანი, 1991 წელი. თარგმნა ნ.ლობჟანიძემ. გვერდი - 96 ) და სერგეი ლიბიხი - "სასიყვარულო ჰარმონია" (ბათუმი, ჟურნალ ,,ჭოროხის" გამომცემლობა, თარგმნა ე.ნიკოლაძემ. გვერდი - 64). საინტერესოა ისიც, რომ ორივე წიგნი ოჯახის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. ალბათ დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით - ძალიან სტერილური ქართულით ნათარგმნი, რაღაც აზრით ნეიტრალური წიგნი - არც სამედიცინო, არც ეროტიკული. მოკლედ, არცთუ სახალისო საკითხავი, სულ მცირე იმ დეკლარირებული მიზნით მაინც, რაზეც თავიდანვე მოგახსენეთ.

მაგრამ ამ დროის საკულტო წიგნი მაინც სხვა იყო. კარგად ან უნებლიეთ კარგად გათვლილი კომერციული პროექტი. ფასი სახელშეკრულებო - ეს ბიზნესგანცდისთვის. ტირაჟი, ოფიცალური - 1000 - ეს ექსკლუზიურობის შეგრძნებისთვის, თორემ ბარემ ათას ხუთასი კაცისგან მე გამიგია, რომ სადღაც სხვა გამოცემების ზურგში უდევთ. შრიფტი - პეტიტი - მზერის დასაძაბად და სხვანი. გაფორმება - სურათ-ნახატების გარეშე, ტექსტზე მეტი აქცენტით. ხოლო ავტორი - ირინა ავერბახი. ხოლო პირველ გვერდზე - ზ.ი. ავერბახი. აშკარა ფსევდონიმი, რომლის უკან მდგომი თუ ოდესმე სცენაზე გამოვა, დიადი კარნავალი უნდა შეიქნას. და სახელი მისი: "გარყვნილების ჭაობი, ანუ დედიდან შვილზე გადასული უბედურება" უფრო მოკლედ: ჭაობი. წინასიტყვა გვამცნობს: "ძვირფასო მკითხველებო! ამ რომანში მოთხრობილი ამბები ნამდვილად მოხდა, მისი ავტორის ზაირა ისაის ასული ავერბახი რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ გაიქცა. ეს წიგნი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო. იგი გამოიცა საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში. წიგნი ჩვენთან საიდუმლოდ იბეჭდებოდა, რადგან წიგნის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მფლობელიც სათანადოდ დაისჯებოდა". პორნოგრაფიული ელემენტები. კრიმინალი. სიმდიდრე და სიღარიბე. ციხე. სიყვარული. ცოტა მოულოდნელი მორალისტური ამოვარდნები. ყველაფერი რაც რაგინდარა ხარისხის ტექსტს ბესტსელერობას დაუმკვიდრებს, მით უფრო იმ დროს, საბჭოთა ფსევდოტაბუდან გამომძვრალ საზოგადოებაში. ამ წიგნს ეგრე ვკითხულობდი, როგორც რომ ჩემი ვარაუდით ბევრი თქვენგანი - ან საბჭოთა ენციკლოპედიაში ვაქცევდი სხვათა თვალის ასაქცევად, ანდაც იყო ასეთი ფოლიანტი - ოქრო აჭარის ლაჟვარდში, ციტრუსთა და მსგავს ხილთა ქება და იქ ვათავსებდი. ერთი შეხედვით კი გასაკვირია ამგვარ წიგნთა ასე დაჟინებით კითხვა, მაგრამ უცნაურ ბავშვად ვითვლებოდი და ამან გამიმართლა.

დღეს ცოტა სხვანაირადაა საქმე. მაგრამ წიგნებისკენ ხელის წაცდენას ახლაც წავაწყდებით. სრულიად ირიბად - საშა გრეი ჟან ბოდრიარს კითხულობს (ან კითხულობსო). უცნაური ამბავია - შებრუნდა სამყარო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^