Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Shoplifters - შეკითხვები პასუხებად

14 ნოემბერი 2018

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ანდრეი ზვიაგინცევი სტუმრობდა. რუსი რეჟისორი მაყურებელს „ამირანში“ შეხვდა და მისი ბოლო სურათი - „უსიყვარულობა“ უჩვენა. ფილმი დაშლის პირას მყოფი დისფუნქციური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. გულგრილი მშობლების კონფლიქტის ფონზე 12 წლის ალიოშა სახლიდან გარბის და ფილმი ისე სრულდება, რომ დაკარგულ ბავშვს მაყურებელი ვეღარ იხილავს.

ბოლო წლებია კინოეკრანებზე ხშირად იხილავთ საშიშ, გულგრილ და კონფლიქტურ მშობლებს. იაპონელი რეჟისორი ჰიროკაძუ კორეედა კი თავის ბოლო ნამუშევარში „წვრილმანების ქურდები“ ოჯახისა და მშობლად ყოფნის განსხვავებულ კონცეფციას გვიჩვენებს.

ფილმი ბავშვის პოვნით იწყება. შინ ნაქურდალით მიმავალი მამა-შვილი გზად პატარა გოგოს გადაეყრება და შინ წაიყვანს. ბავშვის მიღებაზე ოჯახის დანარჩენი წევრების უარი მას მერე შეიცვლება თანხმობით, სრული მიმღებლობით, ემპათიითა და ზრუნვით, რაც აღმოაჩენენ, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ერთ პატარა ღარიბულ ქოხში მცხოვრები შიბატების ოჯახი ბავშვის ძალადობრივ გარემოში დაბრუნებას ამჯობინებენ, რომ კანონის გვერდის ავლით დაიტოვონ ის, სახელი შეუცვალონ (რინი) და თავად გაზარდონ.

მშობლები - ოსამუ და ნობუიო მშენებლობის მუშად და მრეცხავად მუშაობენ. ოსამუსთვის, მშენებლობის გარდა, წვრილმანი ქურდობა ერთგვარი ნახვარგანაკვეთიანი სამუშაოა. ცოლ-ქმარი ბავშვებზე ზრუნავენ, მათთვის ტანსაცმელს ყიდულობენ, ზღვაზე ერთად დადიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ძალიან უყვართ შვილები და ერთმანეთი. „თუ გეუბნებიან, იმიტომ გირტყამ, რომ მიყვარხარო, ესე იგი გატყუებენ“, -  ეუბნება ნობუიუ პატარა რინს - „როცა უყვართ, აი, ამას აკეთებენ“, - ნობუიუ მთელი ძალით ეხუტება მას. 

თუმცა თუ შიბატების ოჯახის ქმედებებს მშრალ ფაქტებად დავანაწევრებთ, მივიღებთ ამბავს ტოკიოს პერიფერიაში მცხოვრები კრიმინალური კლანის შესახებ, რომელიც ეწევა ბავშვთა ექსპლუატაციას, ასწავლის მათ მაღაზიებიდან წვრილმანების მოპარვას, უკანონოდ ითვისებს სახელმწიფო თანხას და არღვევს თითქმის ყველა ლეგალურ ჩარჩოს - ცხადია, კორეედას ზემგრძნობიარე კამერა მოვლენებს ასე სწორხაზოვნად არ აღიქვამს. ის ცდილობს მშვენიერება მარტივ, უბრალო ადგილებსა და მოვლენებში იპოვოს. ფილმში - გამოსახულების თბილი ფერები, ძალდაუტანებელი, დამაჯერებელი ურთიერთობები, არეული ქოხი, ლაფშისა და წვნიანის უსასრულო ხვრეპა იქცევა დაუვიწყარ კინემატოგრაფიულ გამოცდილებად, რაც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ.

ფილმში გაკრიტიკებულია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და მუშათა კლასის მძიმე ყოფა, სადაც ოჯახები პენსიონერი წევრის გარდაცვალებას იმის შიშით არ ამჟღავნებენ, რომ ამით მის პენსიას, შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავენ. რეჟისორითვის შთაგონების წყარო სწორედ მსგავს რეალურ ამბავზე დაწერილი სტატია გახდა.

რა არის ოჯახი? რა განსაზღვრავს ოჯახის ერთობას? - გენეტიკური კავშირი, მერკანტილიზმი თუ სიყვარული. ფილმში ერთი მხრივ, ვხედავთ ოჯახის ინსტიტუტის ეკონომიკურ ასპექტებს, არსებულ სისტემაში მის სოციალურ სარგებელს, მეორე მხრივ კი, ემოციურ ნაწილს - მათ სიყვარული და მარტოობის შიში აერთიანებთ. „წვრილმანების ქურდებში“ უკიდურესად ღარიბი ადამიანებიც კი მანამდე იქნებიან ბედნიერები თანაცხოვრებისას, სანამ მათი ურთიეთობები სიყვარულზე იქნება დაშენებული. 

კვანძის გახსნასთან ერთად ცხადი ხდება, რომ შიბატები არა ნათესაურად დაკავშირებული ოჯახი, არამედ ერთგვარი კომუნაა, რომელშიც არც ძალადობის, არც იერარქიის ადგილი არ არის. კანონი მათ არ აღიარებს ოჯახად - სწორედ აქ იკვეთება თანამედროვე სამართლის პარადოქსული მხარე. თვითგამოცხადებული მზრუნველი მეურვეები კანონის წინაშე ბავშვის გამტაცებლები არიან.

გაქცევს თუ არა ბავშვის გაჩენა ავტომატურად დედად? შესაძლებელია თუ არა, ვირჩევდეთ მშობლებს ან შვილებს? უნდა დავარღვიოთ თუ არა კანონი, თუ ამით დავეხმარებით სხვებს? - შეფასებების ნაცვლად კორეედა ეთიკურად სვამს შეკითხვებს, რომლებსაც შეკითხვებითვე პასუხობს.

ფილმი კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოთი“ აღინიშნა და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. „წვრილმანების ქურდები“ იაპონიაში წელს ოფიციალურად აირჩიეს ოსკარის უცხოენოვან კატეგორიაში წარსადგენ ფილმად. სურათის ნახვა 8 ნოემბრიდან კინოთეატრ „ამირანში“ შეგიძლიათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

წითელი ნუსხა და წითელი წიგნი

1900 წელს, როდესაც „მოგზაური“ მტრედი გაქრა, ამერიკული ბიზონი კი გაქრობის პირას აღმოჩნდა, ამერიკელმა ორნითოლო ...

მეტი

^