Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქაოსი და უპასუხისმგებლობა - თბილისის კულტურული მემკვიდრეობა მზრუნველის გარეშე

09 აგვისტო 2015

რა პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს და რას გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი განვითარება? ეწინააღმდეგება თუ არა სინამდვილეში მისი დაცვა-კონსერვაცია ეკონომიკურ განვითარებას. რა მძიმე დარტყმები მიაყენა თბილისის ურბანულ ქსოვილს გაუაზრებელმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ ბოლო წლების განმავლობაში? ამ და სხვა კითხვებს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის - ICOMOS საქართველოს გენერალური მდივანი ნატო ცინცაბაძე პასუხობს.

რას ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის შესაბამისი და სწორი განვითარება?

იმას, რასაც კულტურული მემკვიდრეობის სწორ განვითარებაში ვგულისხმობთ, პროფესიულად ინტეგრირებული კონსერვაცია ჰქვია. კულტურული მემკვიდრეობაც განსხვავებულია ტიპოლოგიურად, ფუნქციურად, ხარისხობრივად და იმისათვის, რომ რომელიმე სპეციფიკური კულტურული მემკვიდრეობა სწორად განვითარდეს, აუცილებელია მისი პოტენციალი და საჭიროებანი იყოს ინტეგრირებული სხვა დარგების, სხვა სექტორების განვითარების გეგმებში.

როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების გათვითცნობიერებაზე, ეს საკითხები განათლების სისტემაში უნდა იყოს ინტეგრირებული. როცა ვსაუბრობთ ამ მემკვიდრეობის ეკონომიკურ პოტენციალზე (ანუ მის პოტენციალზე, იყოს ეკონომიკურად მომგებიანი) და ასევე საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება უკონტროლო განვითარებამ ამ პოტენციალს მიაყენოს, ეს საკითხები ინტეგრირებული უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. როცა ვლაპარაკობთ, რომ კულტურულ მემკვიდრეობას გარდა ბიუჯეტისა  ესაჭიროება სხვა კარგად გააზრებული დაფინანსების წყაროები იმისთვის, რომ არ იქცეს ტვირთად ქვეყნისა და ხალხისთვის - ეს საკითხები ისევ და ისევ უნდა იყოს ინტეგრირებული ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების ამ დარგების გეგმებში.

როდესაც ამგვარი დაგეგმვა ხდება, მაშინ კულტურული მემკვიდრეობა ვითარდება ადეკვატურად, ანუ იმ მეთოდოლოგიით, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული და ხელს არა თუ არ უშლის განვითარებას, არამედ პირიქით, მოაქვს არა მხოლოდ მორალური კატეგორიის სარგებელი - ყოფის ხარისხი, იდენტობა და სოციალური თანხმობა, არამედ ჩვეულებრივი ფინანსური მოგებაც. ეს არაა მხოლოდ ტურიზმი, თუმცა ის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალისა, მოიტანოს ფინანსური სარგებელი.

ამ ბოლო დროს ექსპერტები ხაზს უსვამენ იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-რესტავრაცია, ისეთივე ინდუსტრიაა, როგორიც თანამედროვე მშენებლობა. მაგრამ ამ ინდუსტრიას თავისი უპირატესობები და ღირსებები  აქვს: ის არის ენერგოეფექტური. როგორც წესი, ამ მიმართულებით საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და ის ხელს უწყობს არა მსხვილმასშტაბიან, არამედ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. ანუ ტურიზმის გარდა, აქვს კიდევ სხვა მრავალი პოზიტიური და დადებითი თვისება, რაც ეკონომიკური განვითარების გზაზე უნდა იყოს გამოყენებული. ამასთან, ეს ხელს არ შეუშლის მის სწორ,  საერთაშორისო კონსერვაციული სტანდარტების შესაბამის მოვლა-პატრონობას. 

ინტეგრირებული კონსერვაციის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში, ანუ კომპლექსური განვითარების დაგეგმვის პირობებში, შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნას დაცული, მოვლილი და გარესტავრირებული. ეს არის სწორი განვითარება.

ეფუძნება თუ არა დღეს დედაქალაქის ხელისუფლების პოლიტიკა ამგვარ მიდგომას კულტუტქ,რული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების კუთხით?

არა, რა თქმა უნდა და ამის გამოვლენაც ძალიან ადვილია. მარტივად გკითხავთ - ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ბედზე, მის სწორად განვითარებაზე? ასეთი ინსტიტუცია მერიაში არ არსებობს,  შეუძლებელია ამხელა ისტორიული ნაწილი იგეგმებოდეს და იმართებოდეს ისე, რომ მის მთავარ მეპატრონეს, თბილისის მერიას არ გააჩნდეს არანაირი ინტელექტუალური რესურსი შიგნით, რომელიც ელემენტარულად გააანალიზებდა, რა ხდება, და დაგეგმავდა სამომავლო მოქმედებებს. თან  ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც არ გვაქვს ჩვენივე კანონით დადგენილი აუცილებელი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, ჩარჩო დოკუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა. 

ამ ფონზე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში საერთოდ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების პოლიტიკა. ისიც კი  არ არსებობს, ვისაც შეიძლება ეს მოვკითხოთ და მოვთხოვოთ.

იკითხეთ მერიაში. ალბათ იტყვიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი სტრუქტურა. სააგენტომ  მთელ საქართველოში უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაგეგმვა და ესეც საკმარისია. ცენტრალური ხელისუფლების როლი აუცილებელი და მნიშვნელოვანია ზოგადად პროცესების სწორად წარმართვის საქმეში, მაგრამ ძეგლის ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას უნდა ახორციელებდეს პატრონი. პატრონი კი არის თბილისის თვითმმართველობა, მაგრამ მის ინსტიტუციურ მოწყობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არანაირი რგოლი არ მოიპოვება.

ნიშნავს ეს, რომ პროცესი ქაოსურად ვითარდება?

რა თქმა უნდა, დიდი ხანია ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რატომ არცერთი ხელისუფალი არ დგამს ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ნების არქონა ან უუნარობა, არცოდნა, არაკომპეტენტურობა ან ყველაფერი ერთად.  ანდა არასწორი პოლიტიკა - პოლიტიკა,  რომელიც ამბობს, რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ რეგულაციებისგან, რადგან ამ ქვეყანას ახლა ნებისმიერი ტიპის განვითარება სჭირდება. 

რა თქმა უნდა, როცა ასეთი პოლიტიკა აქვს ქალაქს, კულტურული მემკვიდრეობა უნდა დავივიწყოთ, მაგრამ მაშინ ვიღაცამ აიღოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა და მომავალ თაობებს გასცეს პასუხი.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდად საქმე მაშინაა, როდესაც ყველაფერთან ერთად გვაქვს საქმე: ცოტა არაკომპეტენტურობა, ცოტა  უცოდინარობა, ცოტა გულგრილობა და პოლიტიკა, განსხვავებული ხედვა, რომ ახლა ძირეული ცვლილებების დრო არაა, რადგან ცვლილებები შედეგს 10-15 წლის შემდეგ მოიტანს, როდესაც არცერთი მაღალჩინოსანი თავის ადგილას აღარ იქნება. ჩვენ ფაქტობრივად ამ რეალობასთან გვიწევს გამკლავება. პასუხისმგებელიც არავინ იქნება.

ჩვენ უახლოესი წარსული შეგვიძლია გავიხსენოთ. ის ჩინოვნიკები, რომლებმაც უდიერი ფრაზეოლოგია გამოიყენეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, მაგალითად, საყდრისის შესახებ, ხან თქვეს, რომ  მითი დამთავრდა, ხან თქვეს, რომ მეცნიერები, რომლებიც საყდრისის ღირებულებას ამტკიცებდნენ, შარლატანები იყვნენ და რა აღარ იკადრეს, არც ერთი აღარაა ჩვენს დარგში, მათთვის ეს არაფერია. ნებისმიერი მაღალჩინოსნისთვის, პოლიტიკოსისთვის, რომელიც ამ დარგში მოდის, ეს მათი კარიერის სამ-ოთხწლიანი ნაწილია, მერე ისინი არც  არავის ახსოვს და არც არავინ სთხოვს პასუხს. 

კულტურული მემკვიდრეობის რომელი ძეგლები ან ისტორიული ქალაქის რა ნაწილი დააზიანა ამგვარმა პოლიტიკამ აქამდე და რა დგას კიდევ საფრთხის წინაშე?

თუ მთლიანად თბილისის ისტორიულ ნაწილზე ვილაპარაკებთ, თბილისის კულტურულ მემკვიდრეობაში მთავარი ღირებულება სწორედ ისტორიული თბილისის ურბანული ქსოვილია. დაახლოებით 2000 წლამდე ამ ქსოვილმა მეტ-ნაკლები მთლიანობით მოაღწია და ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ცოტაა ისეთი ქალაქები, რომლებსაც თბილისის მსგავსი, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ჩვენამდე ასეთი მთლიანობით  მოეღწიოს. შეგახსენებთ რამდენიმე ყველაზე მძიმე დარტყმის შესახებ, რომელიც ქალაქმა ბოლო 10-15 წლის მანძილზე განიცადა:

ეს იყო სოლოლაკის ქედზე ბიზნესცენტრის აშენება. უმძიმესი იყო რიყეზე, ე.წ. ფუკსასის საკონცერტო დარბაზი, რომელმაც ფაქტობრივად შუაზე გახლიჩა ისტორიული ნაწილი, მთლიანად მტკვრის გასწვრივ განვითარებული პროცესი, თუნდაც იუსტიციის სახლი. ეს ყველაფერი მძიმე დარტყმა ქალაქისთვის იყო. ამას მომავალი თაობები ალბათ არ გვაპატიებენ.

დაბოლოს, სამარცხვინო და დანაშაულებრივია ის, რაც იმელის შენობის უკან ხდება. უკანასკნელ ნიჰილისტს, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ყველაზე გულგრილ უკანასკნელ ადამიანსაც კი ესმის, რომ 130-მეტრიანი ნაგებობა რუსთაველზე არ უნდა დადგმულიყო, მაგრამ დაიდგა. ბოლო წვეთი იქნება, თუ „პანორამა თბილისიც“ განხორციელდება, იმიტომ, რომ ის საბოლოოდ გაანადგურებს თბილისის ისტორიულ კულტურულ ლანდშაფტს, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა ძველი თბილისისა.

გარდა არქიტექტურული, ქალაქგეგმარებითი ქსოვილისა, მის ღირებულებას მისი მდებარეობა განაპირობებს. ეს ფანტასტიური კულტურული ლანდშაფტი მთებში, რომელიც ყოველთვის დომინირებდა ჩვენთვის და რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია. რა არის თბილისი, როდესაც მთაწმინდა აღარ ჩანს რუსთაველის გამზირიდან? რაც მოხდა პირველი სკოლის უკან განხორციელებული მშენებლობის გამო, ასევე ძალიან მძიმე იყო.

რამდენად შეესაბამება თბილისის ისტორიულ-კულტურულ ნაწილს მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა?

მირზა შაფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აჩვენებს რამდენად დინებასაა მიშვებული მთელი პროცესი, როგორ არავინ ფიქრობს და გეგმავს, როგორ არავის არ შესტკივა გული იმაზე, რაც ხდება.  ეს იყო წინა ხელისუფლების დანაშაული, როცა ერთ ღამეში მიწასთან გაასწორეს მრავალი კუთხით ძალიან საინტერესო წვრილმასშტაბიანი განაშენიანება. იციან, რომ ეს მოხდა, რომ ამან დიდი გულისტკივილი და პროტესტი გამოიწვია. მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომლისგანაც ცოტაოდენ გონიერებას მაინც ველით საზოგადოებისთვის ასეთი მტკივნეული საკითხის მიმართ. ამ დროს კი გამოაქვს ასეთი პროექტი და გვეუბნება, რომ ამას პატარა კორექტირებას გაუკეთებს და განახორციელებს. იმ დროს, როცა ნებისმიერი სტერილური შეგნების ადამიანისთვისაც გასაგებია - არ შეიძლება აბანოთუბანს თავზე დაასვა მსხვილმასშტაბიანი განაშენიანება.

ესაა ქაოსი, დაუგეგმაობა და უპასუხისმგებლობა. ჩვენსავე კანონში რომ ჩაიხედოთ, იქ პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება ისტორიულ ზონაში მსხვილმასშტაბიანი მშენებლობების განვითარება და გარემოსთვის შეუფერებელი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება. უბრალოდ ამის შესრულების ნებართვა არ არსებობს.

ანუ „პანორამა თბილისი“, მირზა შაფის ქუჩის განვითარების პროექტი და მსგავსი პრობლემური მშენებლობები შეიძლება კანონდარღვევად მივიჩნიოთ?

ამ კუთხით ყველა ამ პროექტის განხორციელება პრაქტიკულად კანონდარღვევით მიმდინარეობს. ამაზე ორი აზრი არ არის. უბრალოდ არის მერე კანონქვემდებარე აქტები, რომლებითაც საკრებულოს ზონის შეცვლის, მერს კი - სართულის გაყიდვის უფლება აქვს. ეს ყველაფერი მოიფიქრეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმატებულად აგრძელებენ ამ გამოგონებების ათვისებასა და გამოყენებას. თორემ ნამდვილად კანონდარღვევაა - კონსტიტუციისაც და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონისაც.

თუკი კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებულ კონსერვაცია მოხდება და ქალაქს ამგვარი პოლიტიკა ექნება, რას მოუტანს ეს თბილისს მატერიალური და არამატერიალური კუთხით?

ფაქტია, რომ ეს იქნება უფრო განვითარებული, უფრო წარმატებული ქალაქი. აიღეთ ნებისმიერი ქალაქი ჩვენი ქვეყნის გარეთ. რომელი ქალაქია განვითარებული? - რომელსაც აქვს კარგად შენარჩუნებული ისტორიული ცენტრი, ეს, როგორც წესი, ჯანმრთელი ქალაქია, იქ ჯანსაღი გარემოა, როგორც წესი, მდიდარი გარემოა.

ამიტომ რეალურად ჩვენ დღეს არჩევნის წინაშე ვდგავართ. ამ არჩევანს ვაკეთებთ ორივე, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც. უბრალოდ ლაპარაკია იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ამწუთას ვერავინ მოგვკითხავს. რადგან საუბარია - რას ვუტოვებთ მომავალ თაობებს. ხელისუფლება მარტო პროფესიონალების მოთხოვნით ამ პასუხისმგებლობას არ აიღებს, მაგრამ თუ საზოგადოებრივი აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვფიქრობ ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკაში ქვეყნის სივრცითი განვითარებისთვის გარკვეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტოს. არცერთი ხელისუფალი ამას თავისი სურვილით არ აკეთებს, არც ჩვენთან და არც სხვაგან. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ საზოგადოებრივი დაკვეთა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^