Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო უწყებების მიერ ნაყიდი უეფას სუპერთასის ბილეთები

11 აგვისტო 2015

დღეს, 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის ფინალი, „ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩი „დინამო არენაზე“ 22:45 საათზე გაიმართება. გულშემატკივართა ნაწილს მატჩის ნახვა სახლში, ტელეეკრანიდან მოუწევს. იმის მიუხედავად, რომ მათი ნაწილი ბილეთების შესაძენად რამდენიმესაათიან რიგში იდგა, სასურველ მატჩს მაინც ვერ დაესწრებიან. მატჩზე დასწრების მსურველთა რაოდენობა გასაყიდ ბილეთებზე მეტი აღმოჩნდა.

ფეხბურთის მოყვარული რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა არ გასჭირვებიათ საჯარო უწყებებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათთან შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულება გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულებების მიხედვით, მატჩზე დასასწრები ბილეთები იყიდეს - სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა; შპს „ჯორჯიან ტრანზიტმა“, რომლის 100% წილის მფლობელი სს „საქართველოს რკინიგზაა“ (100% სახელმწიფო) და ააიპ გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბმა „გორის დილამ“, რომელიც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ექვემდებარება.

6 ცალი ბილეთის შეძენა ტექნიკურ უნივერსიტეტს 256 ლარი დაუჯდა, სამედიცინო უნივერსიტეტმა 5 ბილეთში 90 ლარი გადაიხადა, შპს „ჯორჯიან ტრანზიტმა“ 20 ბილეთში - 930 ლარი, ააიპ გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო კლუბმა „გორის დილამ“ კი 30 ბილეთის შესაძენად 1450 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

კიდევ რომელმა უწყებებმა გააფორმეს ბილეთების შესაძენად ხელშეკრულებები  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ ამხელენ. აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით „ლიბერალმა“ წერილი ფედერაციაში 5 აგვისტოს გაგზავნა. ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ რომელ საჯარო უწყებებს მიჰყიდეს ბილეთები, ამის გამხელის ვალდებულება არ აქვთ.

„თუ თქვენს შემთხვევაში არსებობს, როგორც ჟურნალისტის ინტერესი, მაშინ შეგიძლიათ, მიმართოთ სახელმწიფო სტუქტურებს. ისინი ვალდებულები არიან, რომ ამაზე გიპასუხონ,” - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტმა, კესო ჩხიკვაძემ, რომელიც განმარტავს, რომ ფედერაციას გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროების ვალდებულება მხოლოდ სასამართლოს, შემოსავლების სამსახურის, პროკურატურის მოთხოვნის შემთხვევაში აქვს.

„ლიბერალი” მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილში „საჯარო დაწესებულებად“ მიიჩნევა, რადგან შესყიდვები, რომლის ხელშეკრულებებიც არის მოთხოვნილი, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გადახდილი.

ფეხბურთის ფედერაციის პარალელურად „ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩზე დასასწრები ხელშეკრულებების შესახებ „ლიბერალმა” საჯარო ინფორმაცია 56 საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვა. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი მხოლოდ იმ უწყებებმა გასცეს, რომლებსაც ბილეთების შესაძენად ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.

საჯარო უწყებებს განხორციელებული შესყიდვების ხელშეკრულებების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებას   საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანების (№2 ) მე-5 მუხლის მიხედვით, შემსყიდველმა უწყებამ ხელშეკრულება მისი გაფორმებიდან 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს. იმ უწყებას კი, რომლის წლიური შეწყიდვების გეგმა 50 ათას ლარზე ნაკლებია, ხელშეკრულებების შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის ვალდებულება მომდევნო წლის 30 იანვრამდე აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^