Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი კატების ყველაზე პატარა წარმომადგენელი

03 სექტემბერი 2015

ლეოპარდი დიდი კატების ყველაზე პატარა წარმომადგენელია, თუმცა ის პატარა ცხოველი სულაც არ არის _ სიგრძეში კუდიანად დაახლოებით 2 მეტრამდე აღწევს, კუდის ზომა ერთ მეტრზე მეტიც შეიძლება იყოს. ხვადი ლეოპარდები 90 კილოგრამამდე აღწევენ, ხოლო ძუები 60-მდე. ამ ძალიან ძლიერი ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა (ტყვეობაში რაც არის დაფიქსირებული) 21 წელს აღწევს. დიდი კატების წარმომადგენელთაგან ლეოპარდი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. თუკი ვეფხვი მხოლოდ აფრიკაში გვხვდება, იაგუარი მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, ლომის გავრცელების არეალი კი საკმაოდ შეზღუდულია, ლეოპარდის გავრცელება მოიცავს აფრიკასაც და აზიასაც. წარმოიდგინეთ, ის დღემდე ბინადრობს კავკასიაში.

ბოლო ტაქსონომიური კვლევის შესაბამისად, ლეოპარდების 20-ზე მეტი ქვესახეობა 9 ქვესახეობად გააერთიანეს. ესენი გახლავთ: Panthera pardus pardus - აფრიკული ლეოპარდი, Panthera pardus fusca - გვხვდება ინდოეთის სუბკონტინებტზე, Panthera pardus kotiya - ბინადრობს შრი ლანკაზე, Panthera pardus melas - იავური ლეოპარდი, Panthera pardus japonensis - ჩრდილოეთ ჩინური ლეოპარდი, Panthera pardus delacouri - სამხრეთ ჩინური ლეოპარდი,Panthera pardus nimr - არაბეთის ნახევარკუნძულზე მობინადრე ლეოპარდი, Panthera pardus orientalis - ს - ამურის ლეოპარდი, Panthera pardus saxicolor - წინააზიური ლეოპარდი, რომელიც გავრცელებულია კავკასიაშიც. ამურის ლეოპარდთან ერთად ეს უკანასკნელი ამ ცხოველის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვესახეობაა.

ლეოპარდი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ცხოველია. მართალია ის დიდ კატებს შორის ყველაზე პატარაა, მაგრამ წონასთან შეფარდებით ის ყველაზე ძლიერია - მას შეუძლია თავის წონაზე ორჯერ მძიმე მსხვერპლის ხეზე ატანა. სიმაღლეში დაახლოებით 3 მეტრამდე, სიგრძეში კი 6 მეტრამდე ხტება. მისი სისწრაფე საათში 60 კმ-მდეა. ცხოველი საკმაოდ რთული შესანახია ტყვეობაში - ლეოპარდისთვის მხოლოდ და მხოლოდ დახურული ვოლიერებია რეკომენდებული, რადგან მას ნებისმიერი სიმაღლის ღია ვოლიერიდან შეუძლია გაქცევა.

სიძლიერის მიუხედავად ლეოპარდი გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ერთ-ერთი სახეობაა. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის კლასიფიკაციის მიხედვით, ლეოპარდი გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი სახეობაა. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით მრავალრიცხოვანი მხოლოდ ინდური და აფრიკული ლეოპარდები არიან. განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ჯგუფი წინააზიური ლეოპარდია, რომელიც, წესით, ჩრდილოეთ კავკასიაში - რუსეთის ნაწილში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, ირანში და შუა აზიის ქვეყნებში უნდა იყოს გავრცელებული, თუმცა სად და როგორ გვხვდება, ეს ცალკე საკითხია.

გავრცელების ასეთი ფართო არეალის მიუხედავად, წინააზიური ლეოპარდი ყველგან საკმაოდ მცირე რაოდენობით გვხვდება. ამ ქვესახეობის ყველაზე დიდი პოპულაცია ირანში გვხვდება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. თურქეთში ბოლო პერიოდში ლეოპარდის არსებობის ნიშნებს მიაკვლიეს, 2014 წელს კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთი ცხოველი მოიპოვეს. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ლეოპარდი ტრაპიზონთან ნახეს, რაც ძალიან სასიხარულო უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან საკმაოდ ახლოს არის ჩვენს საზღვრებთან. თუმცა ზოგიერთი მკვლევრის ცნობით, ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ლეოპარდები გვხვდება სომხეთშიც, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ ეს ცხოველები იქ მუდმივად არიან. ანალოგიური სიტუაციაა აზერბაიჯანში. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, ცხოველის ინტენსიური ძებნის მიუხედავად, ლეოპარდის პოვნა იქ ჯერ ვერ მოხერხდა.

საქართველოში ლეოპარდი უკვე დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ იშვიათ სახეობას წარმოადგენს. ჩვენთან მეოცე საუკუნეში რამდენჯერმე იყო დაფიქსირებული - 1950 წელს ლარსთან - ყაზბეგის მახლობლად და ზნაურის რაიონში; 1952 წელს ცხინვალთან; 1954 წელს ზედაზენთან (ყველა ეს ცხოველი მოკლეს); 1955 წელს მისი კვალი ლაგოდეხის ნაკრძალში, 1956 წელს კი ბზიფის ხეობაში ნახეს. შემდეგ 1977 წელს უკვე ჯიქი გამოჩნდა - სპეროზას მთაზე ალაზნის სათავეებში, 1979 და 1986 წლებში უკვე არხოტში ნახეს.

შემდეგ ცხოველი გაქრა და კარგა ხანს გადაშენებულიც ეგონათ. იყო ინფორმაცია, რომ ამა და ამ ადგილას ცხოველს წააწყდნენ. მის საძებნელად ექსპედიციები ტარდებოდა თუშეთში, არხოტში. ისევ მოდიოდა ინფორმაცია სპეროზის მთიდან, თუმცა, სამწუხაროდ, მისი არსებობის უტყუარი ფაქტები არ მოგვეპოვებოდა.

სასიხარულო ამბავი გავიგეთ 2004 წელს, როდესაც სახეობათა კონსერვაციის ცენტრ `ნაკრესის~ მიერ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაგებულმა ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა. კავკასიაში ფოტოზე პირველად დაფიქსირებული ლეოპარდი ახალგაზრდა ხვადია. ფოტოხაფანგების მეშვეობით ამ ცხოველზე მონიტორინგი ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არაერთი ფოტოც დაგროვდა. ბოლოს მისი კვალი 2009 წელს ვნახეთ, შემდეგ ეს ლეოპარდი გაქრა.

ვაშლოვანის პარკში ლეოპარდის ნახვა მოულოდნელი იყო. აქ არ ბინადრობენ დიდი ზომის ჩლიქოსნები, მხოლოდ ღორი გვხვდება პერიოდულად. ასე რომ, ლეოპარდისათვის საკვები ბაზა ძალზედ ღარიბია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ვაშლოვანში ლეოპარდმა საკუთარი ადგილი ნახა და მისი ძირითადი საკვები სავარაუდოდ ქვეწარმავლები და კურდღლები იყო.

ლეოპარდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ე.წ. ვარსკვლავი სახეობაა და მის აღდგენასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული ინტერესია. ერთ-ერთი ასეთი პროექტი რუსეთში, სოჭთან ახლოს მიმდინარეობს. ამ სახეობის აღდგენა საქართველოშიც გვაქვს განზრახული. მოვაწყვეთ ვოლიერები და საფრანგეთიდან ჯერჯერობით ორი ხვადი ლეოპარდი ჩამოვიყვანეთ. გარკვეული დროის შემდეგ უფროსი, 8 წლის ედუარდი სხვა ქვეყანაში გაემგზავრება, მის ნაცვლად კი 2 წლის სალამისთვის ძუს ჩამოვიყვანთ. ამის შემდეგ მათ გამრავლებას დავიწყებთ.

თბილისის ზოოპარკში გვყავდა წინააზიური ლეოპარდი ლეო, რომელმაც 20 წელზე მეტი იცოცხლა და 3 წლის წინ დაიღუპა. ასაკისგან დაპატარავებული ლეო ახლომახლო ტყვეობაში მყოფი ერთადერთი ლეოპარდი იყო კავკასიაში. სწორედ ლეოს დაღუპვის შემდეგ გადავწყვიტეთ, ზოოპარკში აუცილებლად მოგვეყვანა წინააზიური ლეოპარდი. გვთავაზობდნენ შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდს, ამურის, იგივე, ციმბირულ ლეოპარდს, ან აფრიკულს, რომელიც მკაფიო შეფერილობით გამოირჩევა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით ადგილობრივი ქვესახეობის ცხოველების პოვნას. დღეს ისინი უკვე თბილისის ზოოპარკში ცხოვრობენ.

საერთოდ ლეოპარდი დიდი ზომის ცხოველებით იკვებება და მისი საკვები ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ლეოპარდი უპირატესობას დიდი ზომის ძუძუმწოვრებს ანიჭებს, თუმცა მას ძალიან ბევრი სახეობით შეუძლია კვება, მათ შორის, ქვეწარმავლებითაც კი. მაგალითად, აფრიკაში მისი ძირითადი საკვები ანტილოპა გახლავთ, მსხვერპლი, რომელიც ლეოპარდებს ხეზეც კი ააქვთ ხოლმე. წარმოიდგინეთ ცხოველის ძალა, რომელსაც თავისივე წონის ან უფრო მძიმე ცხოველი პირით შეუძლია აიტანოს ძალიან დიდ სიმაღლეზე და იქ დაკიდოს. ეს იმის გამო ხდება, რომ ლომებმა და აფთრებმა საკვები არ წაართვან.

ლეოპარდი აფრიკაშიც კი ძალიან რთულად მოსახელთებელი ცხოველია. აფრიკის დიდი ხუთეულის ცხოველებიდან, რომელთა ნახვაც ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ (სპილო, ლომი, მარტორქა, გარეული კამეჩი და ლეოპარდი), ყველაზე რთული სანახავი სწორედ ეს უკანასკნელია, თუმცა მათი რაოდენობა არც ისე მცირეა.

აფრიკაში ერთ-ერთი ვიზიტისას ორი ლეოპარდისა და ძუ ლომის ჩხუბს შევესწარი. ლეოპარდები ერთმანეთის ალერსით იყვნენ გართულნი, როცა ბუჩქნარიდან გამოვარდა ძუ ლომი და თავს დაესხა ლეოპარდების წყვილს. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ ისინი ხეზე აძვრნენ. შესაბამისად, ძუ ლომმა დაიკავა ტერიტორია და ლეოპარდები დიდხანს ელოდებოდნენ მის წასვლას.

სიძლიერისა და მოქნილობის მიუხედავად, ლეოპარდი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ნადირობა და ბრაკონიერობაა. ცოტა ხნის წინ აფრიკაში აღმოაჩინეს ერთი მონადირის საცავი, სადაც ლეოპარდის დაახლოებით 200-მდე ტყავი ინახებოდა.

ჩვენთანაც, წინააზიური ლეოპარდის გადაშენება ძირითადად ბრაკონიერობის `დამსახურებაა~. დიდი ხანია, რაც საქართველოში ეს ცხოველი იშვიათობაა. 1950-იან წლებში ზედაზენზე ერთი ლეოპარდი მოკლეს. როგორც ამბობდნენ, კვალი ლაგოდეხის ნაკრძალსა და აფხაზეთში ნახეს. 60-იან წლებში ცხოველზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა. 70-იან წლებში კი ზვავში ლეოპარდის კუდი და სხეულის ნაწილები იპოვეს. ამავე პერიოდში საკმაოდ ხშირად მოდიოდა ინფორმაცია არხოტიდან. 1980-იან წლებში ამ ინფორმაციის მოდინება შეწყდა. 90-იან წლებში ისევ იყო საუბრები, რომ ამა და ამ ადგილას ლეოპარდი ნახეს. 2004 წელს კი ეს ცხოველი დოკუმენტურად დაფიქსირდა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, ანუ იმ ადგილას, სადაც ყველაზე ნაკლებად ვეძებდით.

რაც შეეხება ლეოპარდის რეინტროდუქციის საკითხს, ერთია ცხოველების გამრავლება, მეორე კი, გაცილებით რთული, მათი ბუნებაში დაბრუნების საკითხია. ზოგადად დიდი მტაცებლების რეინტროდუქცია საკმაოდ რთული და პრობლემური საკითხია. ერთი მხრივ, რთულია ტექნიკურად, იმიტომ რომ ეს ცხოველი ინტელექტუალურად კარგად არის განვითარებული, ეჩვევა ადამიანს და შემდეგ მისთვის ძალიან რთულია ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირება. მეორე რთული საკითხი ის გახლავთ, რომ ლეოპარდი საკმაოდ სახიფათო ცხოველია. მაგალითად, ინდოეთში ზოგჯერ ლეოპარდი კაციჭამიობითაა დაკავებული და საკმაო რაოდენობით ადამიანებიც ჰყავს მირთმეული. ლეოპარდი ყველა შემთხვევაში უნდა აღდგეს, მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ბუნებაში მისი დაბრუნება, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი.

ლეოპარდი სოლიტარული (მარტოსული) ცხოველია, ის მარტო ცხოვრობს და საკმაოდ დიდი ინდივიდუალური ტერიტორია აქვს. ხვადი მხოლოდ გამრავლების პერიოდში პოულობს ძუს. მისი ტერიტორია 3-4 ძუს ტერიტორიას გადაფარავს და ხვადიც მორიგეობით სტუმრობს სხვადასხვა ძუს. ისეთ ადგილებში, სადაც სხვა დიდი მტაცებლებიც ცხოვრობენ, ლეოპარდი ძირითადად ხეზე ყოფნას არჩევს. მას ძალიან კარგად შეუძლია ცოცვა და ხტომა. რაც შეეხება კავკასიას, აქ ლეოპარდისთვის ხეზე ყოფნა უკვე ნაკლებადაა დამახასიათებელი. ის ძირითადად მთიან ადგილებში ცხოვრობს და მიწაზეც ჩვეულებრივ გადაადგილდება, რადგან აქ მას პრინციპში კონკურენტი არ ჰყავს, ანუ არ არის ცხოველი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს.

ლეოპარდს შეუძლია გადაიაროს დასახლებული პუნქტები, მათ შორის დიდი ქალაქები ისე, რომ საერთოდ ვერ დააფიქსირონ. იყო შემთხვევა, როდესაც ლეოპარდი გამოჩნდა კეიპტაუნთან. table mountain ჰქვია ადგილს, სადაც ცხოველები არ ცხოვრობდნენ. ერთხელ შემთხვევით იქ ლეოპარდი აღმოჩნდა. ეს ცხოველი table mountain - ზე ვერანაირად ვერ აღმოჩნდებოდა, თუ ამ უზარმაზარ მეგაპოლისს  არ გადაკვეთდა.

ასევე, მაგალითად, აფრიკაში, შონას ტომის ტრადიციის მიხედვით, რაღაც ასაკამდე ბავშვი არ შეიძლება მშობელთან ერთად იყოს. ღამით პატარებს მაღალ ფეხებზე შეყენებულ ქოხებში აწვენენ და ქოხის კარს ამოაშენებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ამას სწორედ ბავშვების ლეოპარდისგან დასაცავად აკეთებენ. ეს ცხოველი თავისუფლად გადაადგილდება სოფლებში, თანაც ისე, რომ ადამიანმა შეიძლება საერთოდ ვერც კი შეამჩნიოს ის.

კატები ძირითადად სოლიტარული ცხოველები არიან. ერთადერთი სოციალური ცხოველი მათ შორის ლომია, რომელსაც თავისი პრაიდები აქვს. დანარჩენი ყველა კატა მარტო ცხოვრობს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფიზიკური მონაცემების გამო მათ დამოუკიდებლად ძალიან კარგად შეუძლიათ საკვების მოპოვება. ამას გარდა, ლეოპარდს ოთხივე თათი ძალიან სერიოზულად აქვს `შეიარაღებული~ ბრჭყალებით, რომელსაც სანადიროდ იყენებს. სიარულის დროს ისინი ეკეცება და არ ბლაგვდება, განსხვავებით მგლისაგან, რომელიც ბრჭყალებს გადაადგილებისას იყენებს.

ლეოპარდის ნადირობის მეთოდი განსხვავდება ძაღლისნაირების ნადირობის მეთოდისგან - ლეოპარდი ჩასაფრებით ნადირობს, გამოდევნების მონაკვეთი კი ძალიან მოკლეა. ასეთ დროს ცხოველი დაახლოებით საათში 60 კილომეტრამდე სისწრაფეს ავითარებს. ლეოპარდს თავისუფლად შეუძლია ხეზე ნადირობაც. საკმაოდ ხშირად მის საკვებს ხეზე მცხოვრები მაიმუნებიც შეადგენენ.

ყველაფერთან ერთად, არსებობს ასეთი ცნება - ვერსატილობა, ადაპტაციის შესაძლებლობა, თუ რამდენ ჰაბიტატში შეიძლება ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდეს. ლეოპარდი კატებში ყველაზე ვერსატილური ცხოველია. მას, ერთი მხრივ, შეუძლია ცხოვრობდეს ძალიან მკაცრ სიცივეში, ისეთ ადგილას, როგორიც არის აღმოსავლეთ ციმბირი და, მეორე მხრივ კი - აფრიკაში. ასევე შეუძლია სტეპში, ტყეში, მთაში თუ ნებისმიერ ადგილას ცხოვრება, თუმცა ადამიანმა მაინც მოახერხა ამ საკმაოდ ძლიერი ცხოველის განადგურება. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^