Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფემინსტრიმი ► პოპკულტურა ორსული ქალების წინააღმდეგ

27 ნოემბერი 2018

მოუსმინეთ ნუკრის პოდკასტს:

„მოდით, დაფიქრდით და გაიხსენეთ რომელიმე პოპულარულ სერიალში ან ფილმში ბოლოს როდის ნახეთ, პერსონაჟს აბორტი გაეკეთებინოს?

პოპულარულ კულტურაში ყველა შემთხვევითი თუ დაგეგმილი ორსულობა სასურველი ორსულობაა. რატომ? იმიტომ, რომ ქალებს აუცილებლად უნდა მოუნდეთ დედობა, ბოლო სერიაში მაინც! მაგალითად, ვინც ამერიკულ სერიალ „მეგობრებს“ უყურებდით, გაიხსენეთ რეიჩელის რეაქცია შვილის ყოლაზე, არც ფიქრობდა შვილის გაჩენას, თუმცა როგორც კი ეს შესაძლებლობა მიეცა, მაშინვე ბედნიერი ხდება. აბორტის გაკეთება არც განიხილება. სიტყვა აბორტსაც კი არავინ ახსენებს. ან ფილმი „ჯუნო“ გაიხსენეთ - მოზარდი ჯუნო შემთხვევით ორსულდება და აბორტის გასაკეთებლად მიდის, მაგრამ შემდგომ რომელიღაც აბორტის მოწინააღმდეგის სენტიმენტალური არგუმენტი და დამუნათება თავის შედეგს გამოიღებს. თუმცა, ჯუნო, მოზარდი, დედა არ ხდება და შვილს საყვარელ, ზრდასრულ წყვილს აძლევს აღსაზრდელად.

მეორე მხრივ, დადებითი პერსონაჟები ფილმებში თუ სერიალებში, როგორც წესი, აბორტის მოწინააღმდეგეები არ არიან. უფრო მეტიც, ზოგჯერ ეს პრინციპული საკითხიც კია ურთიერთობაში. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში გადიოდა სიტკომის ყველა სხვა „წინაპარი” სერიალი „საინფელდი”. აქვე ვიტყვი, რომ საინფელდიდან არის მოპარული „ფრენდსის” (მეგობრები) ბევრი ხუმრობა. მთავარი პერსონაჟი იმ კაცებთან ურთიერთობაზეც კი უარს ამბობს, რომელიც აბორტის აკრძალვას ემხრობიან. „ჩემი სხეული, ჩემი არჩევანი!“ - ასეთია თეთრკანიანი საშუალო კლასის ქალების ლოზუნგი. თუმცა ისინი, რატომღაც, არასდროს ირჩევენ აბორტს.

ამის საპირისპიროდ, კომედიურ სერიალებში ორსულები ფსიქიკურად გაუწონასწორებელ, კაპას ქალებად ჰყავთ გამოყვანილი. მშობიარობის პროცესი კი ყველაზე საშინელ, მტკივნეულ მოვლენადაა ნაჩვენები. თითქოს მხოლოდ ამ საკითხში დარჩა მედიცინა შუა საუკუნეებში, და თითქოს გაუტკივარების და ნარკოზის შესახებ არაფერი სმენოდეთ საშუალო კლასის ამერიკელ ქალებს.

უფრო უარესი სიტუაციაა ფენტეზის და სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრში, სადაც ორსულობა ყოველთვის ქალების წინააღმდეგ მოქმედებს. პოპულარულ ფილმებსა და სერიალებში ქალები მუდმივად ორსულდებიან ავი სულებისგან, მაგალითად, როგორც ეს „სამეფო კარის თამაშებშია“. გრძნეული მელისანდრა ერთ დღეს ავი სულისგან დაორსულდება და მერე მისი დემონისებრი ნაყოფი მეფობისთვის მებრძოლ რენლი ბარათიონს კლავს. იმავე სერიალში, დაენერის ტარგარიანის ორსულობა რაღაც შავი მაგიით მთავრდება, რომელიც მის შვილს და შვილოსნობის შესაძლებლობას ერთდროულად შეიწირავს. სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში კიდევ უფრო ხშირია უცხოპლანეტელებისგან დაორსულება და დაორსულებიდან რამდენიმე საათში შვილის გაჩენა. გაიხსენეთ, მაგალითად, ჩემი ბავშვობის საყვარელი სერიალი “საიდუმლო მასალები” და მთავარი პერსონაჟი დანა სქალი, რომელიც, რეალურად, ძლიერ და საინტერესო ქალ პერსონაჟებს შორის იკავებს ღირსეულ ადგილს. თუმცა დანა სქალიც, რომელიც საკმაოდ მასკულინური, გამბედავი, ლამაზი და ძლიერი პერსონაჟია, აჩენს უცხოპლანეტელის გენის მქონე ბავშვს და არც დედობის შესაძლებლობა ეძლევა. როზმარის ბავშვი და მისგან წამოსული „ანტიქრისტე ორსულობები” ხომ საერთოდ ცალკე ჟანრად არის ქცეული და უკვე იმდენჯერ გადაამღერეს საშინელებათა ფილმებში, რომ ცალკე წიგნი შეიძლება მიეძღვნას. ჩემი ფავორიტი სერიალის „ამერიკული საშინელებათა ისტორიის” პირველ და ბოლო სეზონშიც ზუსტად ანტიქრისტესა და აპოკალიფსის თემაა გაშლილი.

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

რეალურად, პოპულარულ კულტურაში პირველი ამოუცნობი ორსულობა ღვთისმშობლის სულიწმინდით განაყოფიერება იყო, თუმცა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ქალებს ბოროტებისა და ტკივილის საწყისად უფრო განიხილავს, ვიდრე წმინდანებად. ქალები ორსულდებიან ათასი უბედურებისგან, მათი ორსულობა ძირითადად, ნეგატიური გამოცდილებაა და მშობიარობა საერთოდ გამოტოვებულია, ან რეალობას მოწყვეტილი ან ასევე საშინელ გამოცდილებად წარმოჩენილი, რომელიც ან დედას იწირავს, ან ბავშვს, ან მათთან ასოცირებულ საყვარელ ადამიანს.

ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითების საპირისპირო, საინტერესო და მრავალმხრივია „მხევლის წიგნში“ წარმოდგენილი დედობისა და რეპროდუქციის გამოცდილებები. „მხევლის წიგნი“ მარგარეტ ეტვუდის 80-იან წლებში დაწერილი წიგნის მიხედვით შექმნილი სერიალია, რომელიც დისტოპიურ მომავალს ასახავს. მოქმედება გილიადის რეჟიმში ხდება, რომელიც აშშ-ში სამხედრო გადატრიალების შედეგად დამყარდა. უშვილობა მსოფლიო პრობლემაა, რომელსაც გილიადის დიქტატურა შვილის გაჩენის უნარის მქონე ქალების სრული დამონებით ებრძვის. ქალები, რომელთაც გილიადამდე ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდათ, სხვადასხვა მიზეზების გამო მაღალჩინოსნების ოჯახების მხევლები ხდებიან, სადაც ოჯახის კაცები მათ რიტუალურად აუპატიურებენ ბავშვის ჩასახვის მიზნით. მხევლის მიერ გაჩენილი ბავშვი მაღალჩინოსანი კაცისა და მისი ცოლის ოჯახში რჩება, მხევალი კი სხვა ოჯახში გადაჰყავთ. ამ რეჟიმში ყველაფერი ქალებს ბრალდებათ (პრინციპში, როგორც ახლა) და წიგნის წაკითხვისთვისაც კი უმკაცრესი სასჯელი ემუქრებათ (პრინციპში, ახლაც არის ასეთი ადგილები დედამიწაზე). მთავარი პერსონაჟი - ჯუნი, რომელსაც შვილი წაართვეს და სხვა მაღალჩინოსნის ოჯახში გაამწესეს, ხოლო ქმარი კანადაში გაიქცა, თავის ისტორიას გვიყვება. მისი გაუთავებელი ტანჯვისა და წამების ნაწილებს თუ გადაახვევთ ან არ გადაახვევთ, ნახავთ ბავშვის ყველანაირი დახმარების გარეშე გაჩენის სცენას, ორსულობას, რომელიც მისთვის, ერთი მხრივ, გადარჩენის გზა და, მეორე მხრივ, საშინელი სასჯელია, ვინაიდან მუდმივად ახსენებს, რომ შვილის დათმობა მოუწევს. ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სხვა პოპულარული ფილმებისგან განსხვავებით, ჯუნს ვერცერთ მომენტში ვერ ვუწოდებთ უმწეოს. ავტორი, ჯუნის ისტორიის გარდა, სხვა პერსონაჟი ქალების ცხოვრების ისტორიებსაც გვაჩვენებს და მათ შორის თანადგომისა და მეგობრობის გამოცდილებებსაც.

საბოლოო ჯამში, „მხევლის წიგნი“ ზუსტად ამ მიზეზის გამო მგონია კარგი ფემინისტური ნაწარმოები და სერიალი - ის ყველაფერს ქალის პერსპექტივიდან აღწერს, რეპროდუქციის არცერთ ეტაპს არ ტოვებს და არ განიხილავს სისუსტედ, მაშინაც კი, როცა ნაწარმოებში ყველა და ყველაფერი ქალების წინააღმდეგ მოქმედებს. ფემინისტური ნაწარმოები ზუსტად ამას გულისხმობს - ქალის პერსპექტივის ჩვენებას, მათი მრავალფეროვანი გამოცდილებების ასახვას და მათი კონტექსტის ახსნას. მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, მხევლის წიგნი ამას ნამდვილად ახერხებს."

ფემინსტრიმი ► პორნოგრაფია და ეროტიკა პოპკულტურაში

--------------------------------------------------------------------------------------

ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს  “ფემინსტრიმი”. პროექტის მიზანია ქართულ მედიასივრცეში ახალი სადისკუსიო ნიშის გაძლიერება ფემინისტური აუდიო პოდკასტების შექმნის გზით.

პოდკასტების ყოველ ოთხშაბათს ფემინსტრიმის  Facebook  გვერდზე და „ლიბერალზე" გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 დეკემბერი
14 დეკემბერი

რატომ უნდა ეთქვას უარი თბილისის ანძაზე წ ...

როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით სატელევიზიო ანძის მოდერნიზება იგეგმება. როგორც კალაძე ა ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

ფემინსტრიმი ► ლგბტ+ აქტივისტი ზუგდიდიდან

მოუსმინეთ მარი შარანგიას პოდკასტს:  ცაბუნია ვართაგავა 27 წლისაა. ის სოციალური მუშაკია. ორი წელია ლგბტ+ თემის ...
11 დეკემბერი
11 დეკემბერი

რა ცვლილებებია მოსალოდნელი გაზის ბაზარზე ...

საქართველოში გაზის ბაზრის რეფორმირებისთვის ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება. ბუნებრივ გაზზე მოთხოვნილება იზრდება, ამ ...

მეტი

^