მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს 16 მილიონ 266 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა. შესაბამისი განკარგულება (#813) მან 2015 წლის 20 აპრილს გამოსცა, თუმცა საკუთარ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით მას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა. შეთანხმებით 16 265 955,55 ლარის დავალიანების სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს 1 000 ლარი აქტის შედგენიდან 5 დღეში უნდა დაეფარა.
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ინფორმირებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. როგორც საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ამბობს, დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს მან სთხოვა. დირექტორმა კი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა დაგეგმა.
"ჩემთვის ეს პლუსია, რომ შევძელით მოლაპარაკება. ეს ჩამოწერილიო... ხალხს ავიწყდებათ, რომ ჩვენ, გარდა იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტისა, ვართ საწარმო, რომელსაც სჭირდება მართვა, ისევე როგორც იმართება ნებისმიერი სხვა ნორმალური მედიაორგანიზაცია", - ამბობს გოგელია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტად სამეურვეო საბჭოს მიიჩნევს.
ბარათაშვილიც ფიქრობს, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების მიმართ რაიმე სახის ვალდებულება არ გასჩენია.
"არამარტო ამ მთავრობის დროს, მანამდეც მომხდარა მსგავსი რამ. იმიტომ, რომ არ მოახრჩოს რომელიმე ორგანიზაცია, სახელმწიფო მიდის საგადასახადო შეთანხმებაზე. ეს მოხდა ჩვენთან დაკავშირებითაც", - ამბობს არხის გენერალური დირექტორი და დასძენს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ მილიონ ლარამდე ვალი რჩება, რომელსაც მომავალ წელს დაფარავს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დავალიანების ჩამოწერა მიუღებლად მიაჩია საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატს "რესპუბლიკური პარტიიდან" - თამარ კორძაიას. ის მაუწყებლისთვის ვალის ჩამოწერას წინა ხელისუფლების მავნე პრაქტიკის გაგრძელებას უწოდებს.
“თუ ჩამოწერაზე ხდება შეთანხმება, საგადასახადო ორგანოებთან რატომ ვერ მოახერხეს ისე, რომ ვალების გადახდის გრაფიკი გაეწერათ, ამაზე ეწარმოებინათ მოლაპარაკება. ეს ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ დღევანდელი მენეჯმენტი ისეთივე უპასუხისმგებლოა, როგორც იყო ყველა მისი წინამორბედი და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ყოველთვის აპატიებს ამ ვალებს”, - ამბობს კორძაია, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების მიმართ ლოიალური არაა. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში გაირკვევა, ვალის ჩამოწერით მოხდება თუ არა მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენის მოპოვება.
მხოლოდ ერთი მაუწყებლისთვის დავალიანებების ჩამოწერა მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან თარხნიშვილისთვისაც. მისი თქმით, მაუწყებლებს შორის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამორჩევით ჩნდება კითხვა - რის სანაცვლოდ მოხდა ვალის ჩამოწერა.
“ზოგადად დავალიანების ჩამოწერა მედიისთვის ან ცალკეული სფეროს წარმომადგენლებისთვის მიღებული პრაქტიკაა, თუმცა მისი გამოყენების ავკარგიანობაზე ბევრი შეგვიძლია ვიდავოთ. იმ შემთხვევაში, როცა ხდება მთლიანად სფეროს წარმომადგენლებისთვის დავალიანების ჩამოწერა, ეს კიდევ გასაგებია და ემსახურება მთლიანად სფეროს განვითარებას და არავინაა პრივილეგირებულ მდგომარეობაში”, - აღნიშნავს ლევან თარხნიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალებისა და საგადასახადო დავალიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კახა სონიშვილმა “პირველი არხის” ეთერში გადაცემა “დღეს” 2014 წლის მარტში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრისთვის მაუწყებლის ვალი 32 100 000 ლარი იყო. გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი 2013 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე 2012 წლის 26 დეკემბერს აირჩიეს. მანამდე არხზე ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.