Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხანუმ ჯეირანოვას დაუსრულებელი საქმე - ერთი წლის შემდეგ

19 სექტემბერი 2015

ზუსტად ერთი წლის წინ, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა სახლიდან გამოიყვანეს, ფეხშიშველი სოფელში ჩამოატარეს, სცემეს  და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მას ღალატში სდებდნენ ბრალს. მეორე დღეს ხანუმ ჯეირანოვა ჩამომხრჩვალი იპოვეს.  თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით  ოჯახის წევრები უკვე ერთი წელია დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.  მიუხედავად იმისა, რომ  შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა, სამართალდამცავებს დამნაშავეები ჯერ კიდევ არ დაუკავებიათ.

„გამოიძიე დანაშაული“ - ამ მოთხოვნით საქართველოს პროკურატურის შენობასთან კავშირ „საფარის“ წარმომადგენლები, ქალთა მოძრაობის წევრები და რამდენიმე მოქალაქე შეიკრიბა. ისინი ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროკურატურა არაეფექტურად იძიებს საქმეს და ერთი წლის თავზე დამნაშავეები ისევ დაუსჯელები არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულს ჰყავს უამრავი თვითმხილველი, პროკურატურა ვერ ახერხებს გამოძიებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, დაუინტერესებლობა და  დისკრიმინაციული მიდგომა, ვინაიდან განსხვავებული თემია, და პროკურატურას არ სურს ზედმეტად ჩაერიოს მათ მავნე ტრადიციებში, რომელიც რიგ შემთხვებში ქალების შეურაცხყოფას გულისხმობს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი „ვერ ახერხებენ“ გამოძიებას. მოვითხოვთ, რომ უფრო ეფექტურად წარიმართოს გამოძიება. ჩვენ არ გვჯერა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს გამოიძიოს საქმე, რომელსაც ჰყავს ათეულობით მოწმე“, - ამბობს კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

გასული წლის სექტემბერში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ქმრის რამდენიმე ნათესავმა  სოფლის თვალწინ სცემა, შემთხვევას სკოლიდან მომავალი  ხანუმ ჯეირანოვას შვილებიც შეესწრნენ. ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით საქმე აღძრა. ოჯახის წევრები ოთხ ადამიანს  სდებდნენ ბრალს, თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე მოწმე დაკითხა რის შემდეგაც საქმე წინ აღარ წასულა.  მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა  ოჯახის მიერ ერთ-ერთი ბრალდებული ფეხში დაჭრა, შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. აჯი გასანოვი დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელიც  ხანუმ ჯეირანოვას საქმეს აქტიურად აშუქებს, ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში პროკურატურამ არ გამოიძია საქმე,  იმის მიუხედავად, რომ ჯეირანოვას ოჯახის წევრები მეუღლე, დედა და მამა ღიად ასახელებდნენ იმ ოთხ მამაკაცს, რომლებმაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მთივლიშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან არაეფექტური გამოძიების მსხვერპლი თავად გარდაცვლილის მეუღლე გახდა, რომლის საქმეც პროკურატურამა არასწორად დააკვალიფიცირა და ახლა ის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებით 7 წლიან სასჯელს იხდის.

„ჩემი აზრით, ყველა ტიპის მტკიცებულება და ნიშანია გამოკვეთილი, რომ თვითმკვლელობამდე  მიყვანის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას გამოეძიებინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. გარდაცვლილს ექსპერტიზაც არ ჩატარებია. ხანუმ ჯეირანოვას ცემის და ძალადობის  ფაქტს შეესწრო სოფელში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესობას მიაჩნია რომ  თუ ქალი ღალატობს ქმარს, მეუღლის ნათესავებმა რამე უნდა მოიმოქმედონ,  მათ შორის, იძალადონ კიდეც, ამას  ამართლებენ ტრადიციით, რაც არასწორია.  სწორედ ამიტომ უნდა მოეხდინა პროკურატურას ადეკვატური  რეაგირება და დაესაჯა დამნაშავეები, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო. ბევრი თვითმხილვევლი ჰყავს ამ შემთხვევას,  მაგრამ სამწუხაროდ პროკურატურას ისინი ჩვენებებს აძლევენ, სადაც უარყოფენ ამ ფაქტს „-ამბობს გელა მთივლიშვილი.

ხანუმ ჯეირანოვას ქმრის ადვოკატის,  მზია სიჭინავას თქმით  აჯი გასანოვის საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და პროცესი სავარაუდოდ ოქტომბერში ჩაინიშნება. ადვოკატის აზრით, მოსამართლეს ასეთი განაჩენი არ უნდა გამოეტანა, თუმცა სააპელაციო სასამართლოდან ელოდება რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აჯი გასანოვი განზრახ მკვლელობის ნაწილში გამართლდება.

აჯი გასანოვს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა. თუმცა, პირველ ნაწილში ის სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა.

აჯი გასანოვის პროცესის დასრულების შემდეგ  ხანუმ ჯეირანოვის მამა, ზახიდ ჯეირანოვი ამბობდა, რომ მისი შვილის თვითმკვლელობის საქმე პროკურატურამ არ გამოიძია, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ და სწორედ, ამან აიძულა მისი სიძე, აფკან გუსეინოვისთვის ესროლა. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ პროკურატურა დამნაშვეებს არ დასჯის, შვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულებზე შურს თავად იძიებს.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“  თამარ ხიდაშელი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აცხადებდა, რომ პროკურატურის ქმედება ხანუმ ჯეირანოვის საქმესთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„ის რომ  პრიკურატურამ აქამდე შედეგი ვერ დადო არის შემაძრწუნებელი.  ამ საქმის გამოძიება, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან ძალიან აქტიურად, ხმამაღლა  და დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ. პროკურატურას უფრო მეტი ეფექტურობა და გონიერება უნდა მოვთხოვოთ, როცა  საქმე ქალთა მიმართ ძალადობას ეხება“, - ამბობს თამარ ხიდაშელი.

კავშირი „საფარი“ ხანუმ ჯეირანოვას და მისი ოჯახის უფლებებს იცავს. კავშირის წევრები ამბობენ, რომ ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიყვებიან და შესაძლოა ხანუმ ჯეირანოვას საქმე საერთაშორისო სასამართლოშიც მოხვდეს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^