Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

38 ქალი პარლამენტში - ნაბიჯი პირველი

25 სექტემბერი 2015

სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება,  პარტიულ სიებში (პროპორციული სიით)  ყოველი მეორე ქალი წევრი. საბოლოოდ კი,  პარლამენტში ქალთა 25%- იანი წარმომადგენლობა- 150 დეპუტატიდან 38 ქალი,  - „ქალთა  პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“  მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გენდერული კვოტორების შესახებ პარლამენტის  ადამიანის უფლებათა  კომიტეტმა ექვსი ხმით მიიღო. 

„პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი იმისათვის, რომ უდიდესი წვლილი შეიტანოს გენდერული სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში", -  ამ სიტყვებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელმა ნინო ჯანაშიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეკრებილ დეპუტატებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქალთა აქტივისტებს.  ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე გენდერული კვოტირების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება წარადგინა.

საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა" (თასქ ფორსი) მოამზადა. წინადადება „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობს. ცვლილებების მიხედვით,  პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაიცვას და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაასახელოს.

მომხსენებლების თქმით, პარტიებს სიების წარდგენისას საპარლამენტო  თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 50 %-იანი სქესთა ბალანსის დაცვა დაევალებათ  - სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას ხარვეზის გამოსასწორებლად სიას დაუბრუნებს. თუ პარტია ამ ხარვეზს ვერ აღმოფხვრის,  რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, საკრებულოს წევრის მიერ  მანდატზე  უარის თქმის შემთხვევაში მის ადგილს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი დაიკავებს.

„2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საერთო სიის რეგისტრირებული ორმილიონამდე ქალიდან, მილიონ ასი ათასი არჩევნებზე არ მივიდა.  ქალები არ მიდიან არჩევნებზე იმიტომ, რომ 2014  წელს მათ  87 მერობის კანდიდატი შესთავაზეს. მათ შორის მხოლოდ 10 იყო ქალი.  მათ 262 გამგებლობის კანდიდატი და აქედან მხოლოდ 10 ქალი შესთავაზეს. ჩვენ როგორც ევროპული ღირებულებების დემოკრატიას წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამკვიდრების პრეტენზია უნდა გვქონდეს“, - ამბობს ნინო ჯანაშია.

სხდომაზე მომხსენებლებმაც და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემაც გენდერული სტატისტიკის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, პარლამენტში ქალების მონაწილეობა მხოლოდ 12% -ია, 150 დეპუტატიდან - 18 ქალი. ადგილობრივ თვითმმართველობებში მხოლოდ 11%-ია ქალი. ქვეყანაში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან  115-ე ადგილს იკავებს.

„ეს არის დაბალი მაჩვენებლები და საკითხი მწვავედ დგას. დიდი ხანია  საზოგადოებრივ ჯგუფებში მიმდინარეობს დისკუსია, სჭირდება თუ არა საქართველოს ამ დროებითი ზომის გამოყენება იმისთვის, რომ მოხდეს პროცესის სტიმულირება. დღეს უკვე კომიტეტებში საჯაროდ ვხსნით დისკუსიას და გვინდა ყურადღებით მოვისმინოთ ყველა ის არგუმენტი  რომელიც გენდერული კვოტირების შესახებ  საკანონმდებლო წინადადების ავტორებსა და მხარდაჭერებს აქვთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს სავალდებულო კვოტირების შემოღებას.

ერთ-ერთი მომხსენებელი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია იყო. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა გენდერულად ნეიტრალურია, პრობლემად რეალურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის არარსებობა რჩება.

„რეალურად ქვეყანაში ძალიან მწვავე და სერიოზული პრობლემა გვაქვს. დღეს ქვეყანაში ქალები პოლიტიკას არ ქმნიან. ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას. მოვითხოვთ იმას, რაც კანონმდებლობით გვეკუთვნის, მოვითხოვთ რეალურ თანასწორობას. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ქალია, მაშინ, როცა ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია, 150 პარლამენტარიდან მხოლოდ 38 ქალს ვითხოვთ. ეს არ არის ბევრი“, - ამბობს ბაია პატარაია.

კომიტეტის სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ ქალებისთვის საქართველოს პარლამენტის კარი პრაქტიკულად დახურულია.

„დღეს დედამიწაზე 4 მლნ 600  ათასი საქართველოს მოქალაქე დადის, აქედან 2 მლნ 500 ათასი ქალია, მათგან  ნახევარი  მილიონი არასრულწლოვანი. პარტიული სიებისთვის კვოტის დაწესება  სწორედ ამ ნახევარი მილიონი გოგონასთვის გვინდა. დღეს ჩვენი პარლამენტი არ ასახავს საქართველოს საზოგადოებას. მე არ მეგულება მამაკაცი, რომელიც მეტყვის, რომ საქართველოს ქალებს ქრისტემდე პერიოდიდან არ დაგვიმსახურებია ის, რომ თქვენ კარგი კანონი მოგვცეთ. კენჭი ვუყაროთ იმას, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტი საზოგადოებაში არსებულ რეალობას ასახავდეს“, - ამბობს თეა წულუკიანი.

მომხსენებლებმა ისაუბრეს, რომ სავალდებულო გენდერული კვოტა ხშირ შემთხვევაში დროებითი ზომაა, რომელიც ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას ემსახურება. გარდა ამისა, ქვეყანას აღებული აქვს რიგი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანას სერიოზული ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. გასულ წელს ჟენევაში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა საქართველოს ორწლიანი ვადა მისცა პოლიტიკაში გენდერული დისბალანსის გამოსასწორებლად. 

სავალდებულო გენდერული კვოტირების  წინააღმდეგ გამოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადილე გედევან ფოფხაძე, თუმცა, საბოლოოდ  კენჭისყრის დროს მან მხარი საკანონმდებლო წინადადებას დაუჭირა.

„არ გეთანხმებით, როცა საუბრობთ უფლებრივ მხარეზე, მე ამ საკითხს უფლებრივ ნაწილში არ განვიხილავ.  მიმაჩნია, რომ ის, თუ ვინ იქნება პარლამენტში, ეს პარლამენტარიზმის ხარისხის მაჩვენებელია და არა უფლებების. რადგან თუ ამ კუთხით წავალთ, ძალიან ბევრი სხვა თემაც შეგვიძლია წამოვჭრათ, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების საკითხი და ა.შ. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია კვოტირება,  არანაირი კვოტირება არანაირი ნიშნით.  მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა იყოს ისეთი, როგორიც სჭირდება ქვეყანას და მთავარი დეპუტატთა პროფესიონალიზმია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ათი წევრიდან სხდომას 7 ესწრებოდა, მათგან ექვსმა  საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა. კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივისთვის მსვლელობის მიცემის თხოვნით მიმართავს ბიუროს, რის შემდეგაც, კანონპროექტის სახით წარდგენილ ინიციატივაზე საკომიტეტო მოსმენები ჩაინიშნება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^