Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძალაუფლება, როგორც ოქსიმორონი

04 დეკემბერი 2018

მასალა პირველად გამოქვეყნდა 2009 წელს, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ 51-ე ნომერში

ყოველ პარასკევ დღეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას მიღების საათები აქვს. ეს სამინისტროს ახალი ტრადიციაა და, სამდივნოს გავლით, ამ დღეს მასთან ყველას შეუძლია მოხვედრა. ჩვენი შეხვედრებიც ერთ-ერთ ასეთ პარასკევს დაიწყო.

ვიდრე მინისტრის კაბინეტში სტუმრები ერთმანეთს ენაცვლებიან და სავარძელში მჯდომი ხელებდაკრეფილი ბატონი ნიკაც მათ ხაზგასმული ყურადღებით უსმენს, ოთახს ვათვალიერებ, რომელიც კომფორტული სახლის მისაღებს უფრო ჰგავს, ვიდრე მინისტრის კაბინეტს. სტუმრებისთვის განკუთვნილი მუქი ყავისფერი ტყავის სავარძლები ბუხრის პირდაპირ დგას. ბუხრის გვერდზეა წიგნების თაროც, სადაც რიჩარდ ავედონის, „მაგნუმის“ და სხვა უზარმაზარი ფოტოალბომების გვერდით, მუსიკალური ცენტრი და ბევრი კომპაქტ-დისკია თავმოყრილი. იქვეა ტორშერები, რომლებიც შებინდებისას ინთება. დღის ბოლოსკენ, რაც ამ სამინისტროს სტანდარტებით დაახლოებით 11-12 საათის მერეა, ირთვება მუსიკაც, ცხადია - ჯაზი.

თვალი ჟურნალების მაგიდაზე მოწესრიგებულ დასტებად დალაგებული წიგნებისა და ჟურნალებისაკენ გამირბის: „ამერიკის დამფუძნებელი მამები“, ეგონ შილე, კოლტრეინის Tracing theTrane, ამერიკელი საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები, მუსიკალური ჟურნალი „როლინგ სთოუნზი“, ყოველკვირეული „ნიუსვიქი“ და „ეკონომისტი“ და მამაკაცების ჟურნალი „ესქვაიერი“, სადაც, ინტელექტუალურ საკითხავთან ერთად, ქალების და დენდებისათვის განკუთვნილი აქსესუარების გამოფენაც არის ხოლმე. ნიკას ცხოვრებაში სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია.

მაგიდაზე, რომელთანაც ვჯდები და რომელიც მიღებებისათვის განკუთვნილი კუთხისაგან ცოტა მოშორებითაა, დევს წიგნი - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამოცემული 1927 წელს, გამომცემლობა „სახელგამი“. როგორც ვიგებ, სამინისტროს ამ წიგნის ხელახლა გამოცემა უნდა, ზუსტად ისეთი ფორმით, როგორიც არის. მოგვიანებით შეარჩიეს გამომცემელიც - ბაკურ სულაკაურის და გია ქარჩხაძის გამომცემლობებს, პატარა და ალტერნატიული „სიესტა“ ამჯობინეს. გამოკითხვა

საინტერესო ოთახი გაქვთ- აღვნიშნავ მეროგორც კი მორიგი სტუმარი გადის.

„ამ ოთახის რემონტი არ იყო ჩემი სურვილი. რომ გადმოვედი, პატარა მიკროკლიმატი მოვიწყვე და დანარჩენზე არ მიფიქრია, - რა დროს ეგ არის-მეთქი. მაგრამ პრეზიდენტი იყო მოსული სტუმრად და შენიშვნა მომცა, - კულტურის სამინისტროა, უამრავი ხალხი მოდის და რას იფიქრებენ, რას ჰგავს ქვეყანა, მიხედე, სირცხვილიაო. ჩემი კაბინეტიდან ხომ არ დავიწყებდი რემონტს-მეთქი?! ზუსტად აქედან უნდა დაიწყოო. ნატო ყანჩელი შეესწრო ამ ლაპარაკს და, - მე გავაკეთებო, - შემომთავაზა. მოკლედ, დავთანხმდი. ისე, დიდი არაფერი შეგვიცვლია. ყვითელი კედლები და ჭუჭყიანი ლინოლიუმის იატაკი ეგო, კომუნისტური კაბინეტი, საშინელი ავეჯით, დიდი მაგიდით და კედლებზე დეპრესიული ფარჯიანით და ახვლედიანით. ნატამ ეგრევე შენიშნა, - აი, შენ საათს ლამაზი ციფერბლატი აქვს და კედლებიც შესაფერისად შევღებოთო. ჭაღებს და კედლის ოქროსფერ ლენტებს ხელი არ ვახლეთ. მომწონს ეს საბჭოთა, „სტალინური“ ამპირი, ფსევდოკლასიციზმი და შიგნით ეთნიკური რაღაცები ჩართული. ისე, ეს შენობა ბერიას დაპროექტებულია, ქვემოთ გვირაბია, რომელიც მდინარის ქვეშ გადის. ოთახში ბუხარი რემონტამდეც იყო, მაგრამ იმდენად ჭამდა ეს გარემო, რომ არ ჩანდა. რაც ახლა კედლებზე ფოტოებია, მე ავარჩიე“.

- ის ფოტო ხომ ბრესონია- მივანიშნე ერთ ფოტოზერომელიც ალავერდის ფონზეა გადაღებული.

- კი, ბრესონია, რომელიც მამაჩემს თვითონ აჩუქა. ორიგინალი სახლში გვაქვს. ჩვენთან არის ნამყოფი. ცოტა ხნის წინ მისი ცოლი ჩამოვიდა, ჩემ მშობლებთან იყო, 20 წლის მერეც იცნო სახლი, დამჯდარა იატაკზე და გაუხსენებია ამბები. ორი დღის წინ კახა თოლორდავას ხელით გამომიგზავნა ბრესონის კიდევ ერთი ფოტო - ფიროსმანის ნახატების ფონზე ლუვრში დგას ფრანგული გვარდიის ოფიცერი, გამოფენის მცველი. მაგარი ფოტოა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, დავით ნამგალაურთანერთადრურუას მინისტრად წარდგენის დღეს

კახა თოლორდავა მონაწილეა პროექტისა, რომელზეც ანრი-კარტიე ბრესონისა და რობერტ კაპას დაარსებული, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფოტოსააგენტოს, „მაგნუმის“ ფოტოგრაფებმა იმუშავეს. შედეგად გამოიცემა უზარმაზარი ფოტოალბომი საქართველოზე, სათაურით „ქართული გაზაფხული“

ოთახში კიდევ ერთი, სამუშაო მაგიდაა, სადაც - ორი კომპიუტერი, მათ შორის ვერცხლისფერი „მაქბუქი“ დევს. მაგიდის უკან, ამ ხელისუფლების ბევრი მაღალჩინოსანის მსგავსად, ამერიკული უნივერსიტეტის დიპლომი კიდია. „ერთი იდეა, რომლითაც ვამაყობ, და რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ, საუნივერსიტეტო სტიპენდიების პროგრამაა, რომელიც სრულად აფინანსებს ყველას, ვინც ჩვენ მიერ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით შერჩეულ რომელიმე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარებს. ამ ჩამონათვალში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები შედის. წარმოგიდგენია, რა მაგარია? ადამიანს რა მაგარ შანსს აძლევს, ცხოვრებას უცვლის. აი, ნახე“, - კომპიუტერთან მივყავარ. Georgia. gov.ge-ის ნაცვლად, სადაც უნივერსიტეტების ჩამონათვალი უნდა მაჩვენოს, თბილისის ფორუმის ვებსაიტი იხსნება.

- ნეტავ, ვინ იჯდა ჩემ კომპიუტერთან, მე არასოდეს შევდივარ ფორუმზე!

- რატომ? საინტერესოა...

- არა, არ მაქვს ამის დრო... აი, ნახე, შევარჩიეთ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება - ბიზნესის ადმინისტრაცია, იურისპრუდენცია, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები... და აი, უნივერსიტეტების ჩამონათვალი... ყველაზე მაღალრეიტინგული, „აივი ლიგის“ უნივერსიტეტებია: სტენფორდი, იეილი, ჰარვარდი, ემ-აი-თი. დიდი ხნის წინ ავიჩემე ეს იდეა და იქამდე არ მოვეშვი, სანამ არ გავაკეთეთ.

ამ ჩამონათვალშია ბრენდაისის უნივერსიტეტიც. „პატარა, ებრაული სკოლაა, მაგრამ მაგარი სამართლის ფაკულტეტი აქვს. ბრენდაისი მაგარი ტიპი იყო, ჩემი ძმაა, იცი მისი ბიოგრაფია? წარმოიდგინე 1920-იანი წლების ამერიკა, ძალიან არეული ახალგაზრდობა ჰქონდა. მერე ისწავლა და ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა.

- ბატონო ნიკა, ანზორ ერქომაიშვილი გელოდებათ, შემოვიდეს? - ოთახში მდივანი შემოდის.

„ხანდახან მავიწყდება, რომ მინისტრი ვარ და როცა „ბატონო მინისტრო“-თი მომმართავენ, უცებ მენთება ხოლმე თავში ნათურა“, - მეუბნება რურუა, რომელიც კულტურის მინისტრად ირაკლი ალასანიას „გაერო“-დან წამოსვლის შემდეგ დაინიშნა და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ორიგინალურ საკადრო სვლად აღიარა.

მინისტრთან შეხვედრები არასაჯაროა და სტუმრებსაც „ნდობით აღჭურვილ პირად“ მაცნობენ, ამიტომ ამ შეხვედრების შინაარსზე ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ ერთი დღის სტუმრების სიას გაგაცნობთ: ნანა კვასხვაძე, ექსპერიმენტული თეატრალური დასის, „შიშველი თეატრის“ რეჟისორი, ანზორ ერქომაიშვილი, ნანა ალექსანდრია, ბუბა კიკაბიძე, დუტა სხირტლაძე, შოთა ხაბარელი და კიდევ რამდენიმე, ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე სტუმრობდნენ მინისტრს.

თითოეული შეხვედრა მინიმუმ 45 წუთი გრძელდებოდა, რაც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გაწერილ არანაირ რეგლამენტსა თუ პროტოკოლში არ ჯდება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მოუსმინო. მანანა არჩვაძე იყო ცოტა ხნის წინ მოსული, ქალი - შეყენებული თოფი. მისაღებიდან ატეხა აყალმაყალი. მივიღე და მოვუსმინე. მაგრამ 15 წუთის მერე მიხვდა, რომ აღარ სჭირდებოდა ჩხუბი და დაწყნარდა, გახდა ჩვეულებრივი ადამიანი“, - ეს ისტორია ნიკამ რამდენჯერმე მოჰყვა, ძირითადად მტრულად განწყობილი ადამიანების განიარაღების და კომუნიკაციის მნიშვნელობის კონტექსტში. ზოგადად, ბევრს ისმენს, ცოტას და ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობს და ხშირად ინიშნავს რაღაცებს შავ „მოლესკინში“, რომელიც ყოველთვის ხელთან ახლოს აქვს.

ქეთუსია იგნატოვა შემოდის. მას ნიკასთან 5-წუთიანი კონფიდენციალური შეხვედრა აქვს. ვიგებ, რომ მინისტრის მრჩეველია.

„დღეს რამდენიმე კარგი იდეა მოვიდა, არა?“ - მეუბნება ნიკა საუბრის დასრულების შემდეგ. კარგ იდეებში გულისხმობს „დუტა ფროდაქშენის“ და გიორგი ოვაშვილის სტუდიის ერთობლივ პროექტს „რუსი მოდის“. ეს ათი ათწუთიანი ნოველისაგან შემდგარი ფილმი უნდა იყოს, ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელმაც რუსული ოკუპაცია გამოიარა. ქართულმა მხარემ, ანუ კულტურის სამინისტრომ, ქართული ნოველის გადაღების და ათივე სცენარის შექმნის ხარჯები უნდა დაფაროს. პროექტზე პრინციპული თანხმობა დუტამ 10 წუთშივე მიიღო. დეტალებზე კი რამდენიმე დღის შემდეგ გაგრძელდა საუბარი, ამჯერად უკვე ახლად გარემონტებულ სააქტო დარბაზში, რომელიც მინისტრის კაბინეტის გვერდითაა. „ომის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერი დაპატარავდა, უცებ მივხვდი, როგორი მყიფეა ჩვენი მონაპოვარი. ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ჩვენი თავისუფლება, უფლებები. თითქოს ქალაქიც დაპატარავდა, ქუჩებიც. ამიტომ, ეს კარგი იდეაა. მტერი სულ უნდა გვახსოვდეს“.

ფანჯრიდან ავლაბარი ჩანს. ერთადერთი სამების ეკლესიაა ორსართულიანი ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილი. ნიკაც, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ფანჯარასთან მოდის და ისევ ხმადაბლა იწყებს ლაპარაკს: „ოთარ იოსელიანმა მითხრა პარიზში, … სვეტიცხოვლის პატარა ფოტო ამოიღო უბის ჯიბიდან და ამიხსნა, რომ სამება სვეტიცხოვლის თაღების სიმეტრიას იმეორებს, ოღონდ სვეტიცხოვლის თაღები ერთმანეთის ასიმეტრიულია, რაც პერსპექტივის შეგრძნებას იძლევა, სამება კი სვეტიცხოვლის მხოლოდ ასლია და აქ ეს თაღებიც ზუსტად ერთმანეთის პარალელურია, რის გამოც იკარგება ეკლესიის სივრცული აღქმა. იცოდი? მე - არა“.

შემდეგი სტუმრის მოლოდინში ვაგრძელებთ ლაპარაკს. „იცი, რისი გაკეთება მინდა? ქალაქში რაც ყრუ კედლებია, დიდი და მახინჯი, რაზეც ძირითადად სარეკლამო აბრები არის ხოლმე გამოფენილი, აი, ეს კედლები მინდა გრაფიტით მოვახატვინოთ, ქალაქს ფერს და ხასიათს მისცემს. ხომ არ იცნობ სტენსილის ოსტატებს?“. ასეთს ერთადერთს ვიცნობ და მიროს ნომერს ვკარნახობ.

ნიკას კიდევ ერთი იდეაა ქართული კლასიკური ლიტერატურის ათტომეულის გამოცემა. „მიუხედავად იმისა, რომ დღეს სუბსიდირებული ხელოვნება ვეღარ იარსებებს, აღარ გაგრძელდება სოციალისტური რეჟიმიდან გამოყოლილი პრაქტიკა, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ის დარგები, რომლებიც, საბაზრო ეკონომიკას რომ მივანდოთ, უბრალოდ გაქრება. რაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, ის უნდა შევინარჩუნოთ. დავით გურამიშვილი, სულხან-საბა, „ვეფხისტყაოსანი“, იგივე ალექსანდრე ყაზბეგი - არ შეიძლება ბაზრის ამარა დავტოვოთ. ვასილ ამაშუკელის ფილმი, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც 1912 წელს არის გადაღებული, აკაკის სიკვდილამდე 3 წლით ადრე, პირველი ფილმია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი ფილმია მსოფლიოში. დღეს კი ის კინოსამყაროს არ აინტერესებს. ამ წუთას კინოსამყაროს აინტერესებს „მოგზაურობა ყარაბაღში“, ან სპილბერგის რაღაც ბლოკბასტერი. ამ დროს ეს ფილმი იფერფლება და რესტავრაცია სჭირდება. ვფიქრობ, რომ მისი გადარჩენა უკვე ჩვენი საქმეა“.

შემოდის ბუბა კიკაბიძე და მეც ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ამჯერად კანის ფესტივალის სამზადისზეა საუბარი, სადაც ქართული ფილმები უნდა წაიღონ. ასევე, კულტურის მინისტრმა მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა ამცნოს, რომ საქართველოში კინოწარმოება უკვე ძალიან მალე გათავისუფლდება გადასახადებისაგან. ეს ნიკას პირადი ინიციატივაა და ცდილობს, დეტალურად ამიხსნას, რატომ იქნება კინოგადასახადების გაუქმება რევოლუციური შედეგების მომტანი. „ქართული კინო, როგორც ბრენდი, რომ არ არსებობდეს, კინოს გადასახადებისაგან გათავისუფლების პროექტი, შესაძლოა, არ იყოს კარგი იდეა. მაგრამ როცა გყავდა ვასილ ამაშუკელი, მიხეილ კალატოზიშვილი, იოსელიანი, აბულაძე, შენგელაიები და ახლა უკვე - გელა ბაბლუანი, ეს ნიშნავს, რომ კინო გამოსდის ამ ხალხს, გვაქვს ამის ნიჭი და ამ ტრადიციას გადარჩენა სჭირდება. აქ რომ 8-10 უცხოური ფილმი ან კო-პროდუქცია გაკეთდეს, ეს იძლევა საშუალებას, რომ წელიწადში 5-6 ქართული ფილმი დაემატოს. და გარწმუნებ, ამ 5-6-დან ერთი მაინც იქნება ისეთი, რომელიც ფესტივალებზეც გავა და წარმატებასაც მოიპოვებს“.

თუმცა, ამ პროექტს ჰყავს კრიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კორუფციისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში პრივილეგირებული სფეროს გაჩენა არ არის კარგი იდეა. „პროფესიული ელიტების შექმნის იდეა საფრთხილოა, იზრდება ახალი კორუფციის კერების გაჩენის საშიშროება. თან ეს ერთადერთი ბიზნესია, სადაც მისი გარემოცვა ფიგურირებს. გაუაზრებელ და სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება მგონია“, - ამბობს ერთ-ერთი კრიტიკოსი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.

„ეს კონტრარგუმენტი, რომ რატომ კინო და სხვა სფერო - არა, ძალიან სუსტია. მაგალითად, ქართული თეატრი, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის თეატრი, იდგმება სცენაზე. ქართული და, მაგალითად, ინგლისური თეატრების სცენები კი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაშინ, როცა კინოსცენა მთელი ქვეყანაა, თავისი ცით, ზღვით, მთით, ბარით და უდაბნოთი. განათება, მსახიობების შერჩევა, მონტაჟი, კოსტიუმები, სპეციალური ეფექტები - ამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ბულგარელებმა, უნგრელებმა, ავსტრალიელებმა, ზელანდიელებმა ყველაფერი ბოლო 20 წელიწადში ისწავლეს და ჩეხებმა „ოსკარიც“ აიღეს. მოკლედ, ქართულ კინოშიც არის ეს შესაძლებელი. ძალიან გაძვირდა კინოწარმოება და თუ იაფ მოედანს შექმნი, ამ მოედანზე აუცილებლად მოვლენ. ეს არის მარტივი ლოგიკა, რომელიც იმუშავებს“, - მიხსნის ნიკა.

უკვე მოგვიანებით, რურუას სატელევიზიო სიუჟეტებში მოვკარი თვალი, კანის კინოფესტივალის დროს, წითელ ხალიჩაზე. ფესტივალის შემდეგ გაზეთ „24 საათშიც“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ, რომელსაც ფოტოც ახლდა: მზის სათვალით, სმოკინგში გამოწყობილი კულტურის მინისტრი მობილურით ხელში პალმების ხეივანში დგას.

შესაძლოა, ამ გლამურული ანტურაჟის გამოც, ნიკა ადვილად ხიბლავს ადამიანებს, მათ შორის მტრულად განწყობილებს: „ჯაზი, კერუაკი, კონიაკი, კოლტრეინი… ეს გარეგნული ხიბლი სერიოზულად მუშაობს, მაგრამ ზუსტად ორი დღის შემდეგ ქრება“, - მეუბნება ნიკას ერთი ნაცნობი. რაც მუშაობს - ხაზგასმული თავაზიანობა და მოსმენის უნარი - მას კარგ სამსახურს უწევს. იმ პარასკევ დღეს მისი კაბინეტიდან ყველა კმაყოფილი გავიდა.

ჩემი მეორე სტუმრობა სამინისტროში ბექა გოჩიაშვილის კონცერტის დღეს დაემთხვა. ბექა 14 წლის ვირტუოზი ჯაზმენია, რომელსაც კულტურის სამინისტრო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში, ჯულიარდში აგზავნის სასწავლებლად. მოგვიანებით ბექა თავის მასწავლებელთან, თამაზ ყურაშვილთან ერთად ვნახე. ამერიკისთვის საბუთების შეგროვება იყო საჭირო და ნიკა აკვალიანებდა. ისმენდნენ კონსერვატორიაში გამართული კონცერტის ჩანაწერსაც და ჩემთვის გაუგებარ კომენტარებს აკეთებდნენ. შევატყვე, რომ ბექას და მის მასწავლებელს ნიკა განსაკუთრებულად მეურვეობს. „იცი, თათუზი ვინ არის? უმაგრესი მუსიკოსია. ჰქონდა შანსი, რომ წასულიყო და ძალიან მაგარი კარიერა გაეკეთებინა, მაგრამ არ წავიდა და დარჩა აქ. მისი კომპაქტ-დისკი მინდა გამოიცეს, ქართული ჯაზის ანთოლოგია. ჩანაწერების გაწმენდაში სანდრო ყანჩელი დაგვეხმარება. ერთი სული მაქვს, როდის იქნება“.

ჯაზი ნიკას ყოველდღიურობის მუდმივი ფონი და თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეუძლია ლაპარაკი. „ფოლკ რადიოში“ მიჰყავს ყოველკვირეული საავტორო გადაცემა, „ჯაზის კოლექციები“. ამ მასალაზე მუშაობის პერიოდშივე სტუმრობდა „მუზას“, კლასიკური მუსიკის რადიოს, სადაც ორსაათიანი ინტერვიუ ჰქონდა რადიოს წამყვანთან, სანდრა რულოვსთან, მის მიერ შერჩეული ჯაზური კომპოზიციების ფონზე. „მისმინე, თუ გეცლება, - ყოველთვის ასეთი უწყინარი შეტყობინებებით მაცნობდა ნიკა რადიოგადაცემების დროებს, მაგრამ ორთვიანი ჯაზური ინექციების შედეგად თითქმის წარმატებით დამთავრდა ჩემი ინდოქტრინაციაც - „რა ჰქვია ჰერბი ჰენკოკის იმ კომპოზიციას?“ და „summertime-ის რომელი ვერსია იყო?“ ახლა უკვე მე ვსვამდი კითხვებს და ნელ-ნელა უფრო გასაგები ხდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ დილის 3 საათამდე ნიკა და თათუზა.

მოახლოებულ 9 აპრილზე ლაპარაკის დაწყებამდე მუხლებზე ბლოკნოტი დაიდო, სადაც სავარაუდოდ უკვე ჩანიშნული ჰქონდა, რისი თქმა უნდოდა. „24 საათისთვისაც“ აპირებდა სტატიის დაწერას და ემზადებოდა.

- მიტინგის დანიშვნა შენი პირადი, შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის გარე მტერთან ბრძოლის და ერთიანობის დღეს დიდი უზნეობაა. ამ დღეს უცხო ძალასთან იბრძოდა საქართველო. ხალხი დაიხოცა, წითელი არმია მშვიდობიან დემონსტრანტებს ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით დაერია, 19 ადამიანი დაიღუპა. არ შეიძლება ამ ისტორიული დღის პრივატიზება. ეს იგივეა, რელიგიურ დღესასწაულზე ეკლესიის ეზოში რომ დანიშნო მიტინგი, რადგან იცი, რომ იქ ბევრი ხალხი მოვა. დაახლოებით იგივეა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო ობამას ამერიკაში 11 სექტემბერს მიტინგი რომ მოუწყო. რა გამოდის, რომ მთელ ამ ტრაგედიას რაღაცნაირად უსინდისოდ, მდაბიური თავხედობით ეტმასნები. ის, რომ პოლიტიკური ბრძოლა უნდა ადამიანს და რაღაცებში არ ეთანხმება ამა თუ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს ნორმალური პროცესია და ამაზე არანაირი გაბრაზება, გაუცხოება და გაღიზიანება არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. მაგრამ, როცა შიდაპოლიტიკური ბრძოლა გადადის რაღაც ყალბ, თვალთმაქცურ, ფსევდოპატრიოტული ღირებულებებით სპეკულირებაში, ვთვლი, რომ ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა და არ არის პოლიტიკური ბრძოლის მისაღები სახე. დაახლოებით ისეთივე „ემოციური პორნოგრაფიაა“, როგორც ტერმინი „ვაზი გაჩეხეს“. არავის ვაზი არ გაუჩეხავს, და საერთოდ, იმდენი ხარისხიანი ღვინო კეთდება დღეს საქართველოში, როგორც არასდროს. ეს იგივეა, როცა ადამიანებმა „ჩარეცხილების“ სტატუსი მოირგეს, „წამებულების“ პოზაში დადგნენ და პოლიტიკური ქულების დაგროვებას შეუდგნენ. ამ დროს არავის ეს ტერმინი კონკრეტული ადამიანების მისამართით არ გამოუყენებია. ასეთი უსინდისობები არ მომწონს, რა თქმა უნდა, და მაღიზიანებს.

0x01 graphic

მინისტრის კაბინეტში დათო ცხადაძესთან ერთადობამას ინაუგურაციის მოლოდინში

0x01 graphic

2009 წლის კანის კინოფესტივალზე

ასევე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ადამიანებზე პერსონალური თავდასხმები. თავისთავად საკაბელო ტელევიზიების არსებობაში არ არის პრობლემა, მაგრამ იმ მასშტაბით, იმ კილოკავით, იმ შეურაცხყოფებით და ცილისწამებებით, რომელიც ერთი „რეალითი“ შოუდან გაისმის - სრულიად მიუღებელია. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ესეთი გადაცემა უბრალოდ არ იარსებებდა. ეს არის სიძულვილის ენა და არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება. სიტყვის თავისუფლება არის უფლება, მაგრამ არა ულიმიტო. ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება ბოროტად გამოყენებული უფლებაა, რომელიც რეალურად არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ სხვა დემოკრატიულ უფლებებსაც საფრთხის ქვეშ აყენებს.

საზოგადოებამ უნდა თქვას, რომ ეს არ გვინდა, ამაზე კონსენსუსი უნდა არსებობდეს, მაგრამ ჯერ მანდ არა ვართ. რაღაც ნაწილი უყურებს ამას, მოსწონს, ერთობა, გულს იფხანს, მაგრამ არ ისმის იმათი ხმა, ვინც იტყვის, - კაი რა, აღარ გვინდა ეს საზიზღრობაო. ამას ამ წუთას პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვერ გააკეთებს. არ იქნება სწორი. ეს საზოგადოებამ უნდა გააპროტესტოს.

- სატელევიზიო მედია რომ ყოფილიყო უფრო თავისუფალი და სხვა გადაცემებიგამოხმაურებოდნენ იმ პრობლემებს, რაც ადამიანებს გულწრფელად აწუხებთ, იქნებ ესპოლიტიკური შოუც არ გამხდარიყო ასეთი რეიტინგული და გულის მოსაფხანი?

- მითხარით ერთი, გულის მოსაფხანი ტელევიზია რომელი იცით მსოფლიოში? CNN გულს ფხანს ვინმეს? ზოგიერთი ჩვენი გადაცემა კი არის ყველანაირი რეგულაციებისგან და ეთიკური ნორმებისგან თავისუფალი გადაცემა, სადაც ადამიანს უნდა დედას გაგინებს, უნდა ცილს გწამებს, უნდა გაფურთხებს. ტელევიზიის მასობრივი ზომბირების ინსტრუმენტად ქცევას და სამოქალაქო კონფრონტაციის გაღვივებას არაფერი ამართლებს. შეიძლება ამით უბრალოდ უბედურებები დაატრიალო ნებისმიერ ქვეყანაში. მე თავისუფლებას და ქაოსს ერთმანეთში არ ავურევდი. ჩვენთან კი ბევრ ადამიანს ეს ორი რამ ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებია. თავისუფლება განსაზღვრული წესებით თამაში და ამ წესების შიგნით პროგნოზირებადი მოქმედებების ერთობლიობაა. ესაა ჩემთვის პოლიტიკური თავისუფლება. მიუღებელია როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის ტირანია. ამიტომ ტარდება ხოლმე არჩევნები. ბევრი ამ ყველაფერს შეგნებულად თუ შეუგნებლად ეწინააღმდეგება და ებრძვის“.

ნიკას უყვარს თავისუფლებაზე ლაპარაკი. რევოლუციამდე გამოცემული აქვს პატარა ბროშურა, „10 ნაბიჯი თავისუფლებისათვის“, სადაც პოლიტიკური მოღვაწეების მოკლე ციტატებია თავმოყრილი. რურუა ასევე ავტორია წიგნისა „თავისუფლება და კანონი“, რომელიც „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატიების ნაკრებია. ხმამაღლა ამოვიკითხე მისი რამდენიმე მოსაზრება.

- აიჰაველი ამბობს- ძალაუფლებამ ძალიან შემცვალა, ყავასაც აღარ ვიდუღებ ჩემითო.

- მე არც არასოდეს ვიდუღებდი ყავას, - მთელი სერიოზულობით მიპასუხა ნიკამ. ჰო, თავისუფლებასა და ძალაუფლებაზე რურუა არ ხუმრობს.

0x01 graphic

ნიკა ჯონ სკოფილდთან და ისტერნ პრომოუშენთან ერთად

0x01 graphic

პარლამენტში

9 აპრილს, დღის ბოლოს შევეხმიანე და ვკითხე, - როგორ მიდის საქმეები თქვენკენ-მეთქი. ისე, როგორც ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიას შეეფერებაო, - მიპასუხა.

ისევე, როგორც ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიას შეეფერება, ნიკას მოსაზრებები და პოლიტიკური ინსტინქტები, ლინგვისტიკაც კი, სრულად ემთხვევა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკას. განსაკუთრებით მაშინ, როცა დიქტოფონია ჩართული. ომზე, რუსეთზე, პატრიოტიზმზე, რეიგანზე, ლიბერალიზმსა თუ რევოლუციური ხელისუფლების გამოწვევებსა და შეცდომებზე ნიკა ისევე გპასუხობს, როგორც დანარჩენი მთავრობა. ხელისუფლებაში დღემდე თვლიან, რომ არ შეიძლება ერთი გუნდიდან განსხვავებული მოსაზრებები ისმოდეს. არც შიდასახელისუფლებო დებატები ხდება საჯარო. შედეგად ვიღებთ მონოლითურ, თავის თავში ჩაკეტილ პოლიტიკურ სისტემას და იდენტურ გზავნილებს. ნიკასთან თითქოს ამაზეც ვთანხმდებით, მაგრამ არასაჯაროდ.

ასევე ვთანხმდებით, რომ რურუასა და სხვებს შორის არსებობს რამდენიმე თვალშისაცემი განსხვავებაც, მათ შორის - ტემპერამენტული. ის უფრო დინჯია და ფრთხილი, ვიდრე „რეფორმატორებად“ წოდებული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. „მე არა ვარ ექსტრემისტი. მარათონელი ვარ. ვცდილობ, არ ვიყო სპრინტერი, თუმცა სულწასულობა არ მაკლია. ტემპერამენტით ალბათ სპრინტერიც ვარ, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ იმპულსებს მოვერიო და გრძელვადიან რამეებზე ზრუნვა ვარჩიო. დღევანდელ საქართველოში ეს უფრო სწორია“, - მეუბნება ნიკა. მისი დამოკიდებულებაც რეფორმებისა და, ზოგადად, პოლიტიკისადმი უფრო რევიზიონისტური და ზრდილობიანია, ვიდრე რადიკალური. რურუას შემთხვევაში, უფრო მეტად მუშაობს სლოგანი - „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“.

„მჯერა, რომ ზოგ შემთხვევაში, რეფორმის რეფორმაა აუცილებელი. თავისთავად რეფორმა, როგორც კონოტაცია, ყოველთვის დადებითია, მაგრამ რეალობაში ეს შეიძლება პირიქით იყოს. გავიმეორებ ერთი ჭკვიანი კაცის ციტატას: „თავისუფლების და პროგრესის სული ის სულია, რომელიც თავის სიმართლეში ძალიან არ არის დარწმუნებული“. თუ ასი პროცენტით ხარ შენ თავში დარწმუნებული, როგორც წესი, გეშლება ხოლმე. ამიტომ, გვერდიდან საკუთარი თავის ყურება მომწონს და ვთვლი, რომ უნდა ვიაროთ წინ, მაგრამ უნდა ვიაროთ ფრთხილად. მირჩევნია, გადავდგა ორი ნაბიჯი და სწორი მიმართულებით, ვიდრე ცხრა ნაბიჯი და არ ვიცოდე, სად მივდივარ. მესმის, რომ ხანდახან უნდა გარისკო, არაპროგნოზირებად სიტუაციებშიც არ უნდა დაკარგო გადაწყვეტილების მიღების შანსი. ეს აუცილებელია, განსაკუთრებით რეფორმატორისთვის“.

თუმცა იმ დღეს ნიკას გადაწყვეტილება არ იყო გაბედული რეფორმატორის გადაწყვეტილება. მის კაბინეტში შევესწარი უნივერსიტეტებში სპორტული განათლების კვოტების აღდგენის ინიციატივის განხილვას. რურუა და გოკა გაბაშვილი ბჭობდნენ, თუ სად და როგორ უნდა იღებდნენ სპორტსმენები და, ზოგადად, სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანები განათლებას. გოკა ამტკიცებდა, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტისათვის აკადემიური განათლების მიმართულების შენარჩუნება წყალში გადაყრილი დოტაცია და მხოლოდ სოციალური ხარკის გადახდის ტოლფასი იქნებოდა. იქვე იყო პარლამენტის წევრი, სპორტსმენი გიორგი ასანიძეც, ვისაც ეს ინიციატივა პარლამენტში უნდა დაეცვა. ნიკა უსმენდა გოკას არგუმენტებს და ასანიძის პასუხებს და ბოლოს შუალედურ გამოსავალზე შეჩერდა: უმჯობესია ფიზკულტურის ინსტიტუტიც შევინარჩუნოთ და ფაკულტეტი სხვაგანაც დავნერგოთო. ამით თავს ავარიდებთ კიდევ უფრო მეტ განაწყენებულ ადამიანს და საქმეც გაკეთდებაო.

- საჭირო იყო ეს კომპრომისი?

- იოლია გვერდიდან ლაპარაკი, როცა პოლიტიკური ვალდებულება არა გაქვს. როცა არა მხოლოდ რეფორმებზე, არამედ ამ რეფორმების შედეგებზეც და ამ რეფორმების გაგრძელების შანსზეც აგებ პასუხს, უნდა იფიქრო არა მხოლოდ იმაზე, რას ამბობ, არამედ როგორ ამბობ. არა მხოლოდ იმაზე, რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ. უნდა იფიქრო სტილზე და არა მარტო შინაარსზე. ის, რაც შეცდომით კეთდებოდა, უნდა გაჩერდეს, დიახ, და ამ გამოცდილებისაგან რაღაც უნდა ვისწავლოთ.

კამათის დროს, ტონი ეცვლება; „რ“-საც უფრო გამოკვეთილად ამბობს, სიტყვებსაც კბილებს შუა ცრის.

- მაგალითად?

- უამრავი რეფორმა იყო, რასაც რეფორმა ერქვა და სისულელე იყო. მაგალითად, ლოტოტრონი სრული სისულელე და მარაზმი იყო და უნდა შეჩერდეს. მერე რა, რომ ჩვენი ინიციატივა იყო. ასევე ვთვლი, რომ სისულელეა მუსიკალური სასწავლებლების გაუქმება, იმიტომ, რომ მუსიკალური შვიდწლედიდან არასოდეს არ გამოდის ადამიანი პროფესიულად ისე მომზადებული, რომ კონსერვატორიის სტუდენტი გახდეს; ანუ, ფაქტობრივად ჩაჭრილია მუსიკალური სწავლების შუა რგოლი და თუ მუსიკალური კარიერა გინდა, დღევანდელი მოცემულობით შენ ამას ვერ შეძლებ. ამიტომ რეფორმები არ გაჩერებულა, უბრალოდ გამოცდილება მოგვემატა და უფრო ვფრთხილობთ. ოდნავ დავმძიმდით იმ რაღაცებით, რაც გადავიტანეთ.

- პოლიტიკური კრიზისებით?

- პოლიტიკური კრიზისები - ეს ემოციური შეფასებებია. გამოცდილებით, გამოცდილებით დავმძიმდით. მე ვთვლი, რომ ადამიანი არასდროს წყვეტს ზრდას, თუ მან ეს იცის და თუ მას სჯერა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ამერიკაში ჩემი თანაკურსელი, ჩემზე 20-30 წლით უფროსი, ისეთივე ენერგიით სწავლობდა მისთვის მესამე თუ მეოთხე პროფესიას, როგორც მე. თუმცა, ეს ამერიკაში იყო. რომ დავინახო, რომ არაფერი აღარ მინდა, არაფერი აღარ შემიძლია და ყველაფრის მეშინია - ისედაც ვწვალობ, არ მომწონს ეს საქმე, პოლიტიკაში ყოფნა არ არის ჩემთვის სასიამოვნო - ერთი დღეც არ გავჩერდებოდი აქ. ამას ფარისევლობის გარეშე ვამბობ, ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ“.

ნიკასთან საუბრების დროს ხშირად მიფიქრია, რომ გულწრფელია, ან ცდილობს, გულწრფელი იყოს. „ლიბერალიზმმა შექმნა ყველაფერი, რაც მიყვარს: ლიბერალიზმმა შექმნა ამერიკის კონსტიტუციაც და ელა ფიტცჯერალდიც, სილიკონ ველიც და სპილბერგიც“, - გამოთქმით ამოიკითხა ეს „საუნბაითი“ თავის „მოლესკინიდან“, როცა თავისუფალი ქვეყნების მიღწევებზე ვლაპარაკობდით. მაგრამ სამინისტროს ინიციატივებს, რომელიც ჩვენი ფილოსოფიური საუბრების პარალელურად ხორციელდებოდა, უცებ გამოვყავდი მაღალფარდოვანების ბურუსიდან და ორმაგი რეალობის პირისპირ ვრჩებოდი. ხელისუფლების შეცვლისაკენ მომართული ტელეარხების პროპაგანდას, სადაც მთავარი მოქმედი პირები „ჩარეცხილებად“ შერაცხული „ინტელიგენცია“ იყო, ხელისუფლებამ ერთ მშვენიერ დღეს „სხვა ინტელიგენცია“ დაუპირისპირა. პარლამენტის თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი ტელეკამერების წინ „ინტელიგენციის წარმომადგენლებს“ შეხვდნენ. ინტელიგენცია ინტელიგენციის პირისპირ. ბევრი ვიკამათეთ.

მისი მთავარი არგუმენტი ამ პოლიტიკურ ტაქტიკაზე ასე ჟღერს: „არის რაღაც ინტერესები, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ რაღაც დონეზე გასათვალისწინებელია, რადგან ამ ინტერესებს უკან უდგას ინტერესთა ჯგუფები. შესაძლოა, ეს რეგრესული ინტერესები და რეტროგრადული ინტერესთა ჯგუფები იყვნენ, მაგრამ მათი ინტერესების გათვალისწინება კომპრომისის ხარჯზე უნდა მოხერხდეს. დემოკრატია ეგ არ არის?! ჩემი სურვილია, რომ ეს რეტროგრადული ინტერესთა ჯგუფები არ დომინირებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ თუ არა აქვთ განცდა, რომ ამ თამაშის წესებში თავისი ინტერესის დაკმაყოფილების შანსი აქვთ, ისინი სხვა თამაშს ითამაშებენ. ყველაზე რადიკალურ მაგალითს მოვიტან - ასეთმა ჯგუფებმა შეიძლება მეხუთე კოლონის ფუნქცია შეითავსონ. ამიტომ, ისეთ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ, პოლიტიკური სისტემა ინკლუზიური უნდა იყოს და არა ექსკლუზიური, გამრიყავი. უკომპრომისობა ხანდახან მთელ პროექტს აყენებს საფრთხის ქვეშ. ეს მე ბევრჯერ მიგრძვნია და მჯერა, რომ ეს ასეა“.

მოკლედ, ნიკა თვლის, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში სხვანაირად ვერ ჩაერთვები, რომ მოწინააღმდეგეს მისივე მეთოდებით უნდა დაუპირისპირდე. „გეუბნებიან, - ინტელიგენცია ჩვენიაო. შენ უნდა უთხრა, რომ ეს ასე არ არის. თავისივე ენაზე უნდა ელაპარაკო ამ ხალხს, მათ სხვა ენა არ ესმით“. თუმცა, ჩემთვის ხელისუფლების და „ელიტების“ ურთიერთობის ეს ფორმები მძიმე წარსულთან ასოცირდება და ვერანაირად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ის კომპრომისია, რომლის შედეგდააც პროგრესი იზეიმებს; ისევე, როგორც მიჭირს გავიგო რურუას რამდენიმე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება - მაგალითად მწერალთა კავშირის დაბრუნება ძველი კავშირელებისათვის. ნიკას ამაზეც აქვს თავის არგუმენტები, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვთანხმდებით.

კრიტიკულ მომენტებში, პრეზიდენტი პასუხისმგებლობას კონკრეტულ პოლიტიკოსებს აკისრებს და მათ სამსახურიდან ითხოვს ხოლმე. 2007 წლის ნოემბრის შემდეგ „რადიკალი რეფორმატორების“ მარგინალიზება მოხდა და საჯარო ასპარეზზე ნაციონალური მოძრაობის „ახალი ტალღის“ ლიდერები გამოვიდნენ. თუმცა რეალურად არ შეცვლილა მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა. არასაჯარო საუბრებში ჩანს, რომ ამ ვიწრო წრეში ყველას თავისი როლი აქვს. მაგალითად, გიგა ბოკერია „შიგნით“ ყველაზე მეტს „ჩხუბობს“ (ამას მისი ოპონენტებიც აღიარებენ), მაგრამ მერე სრულად იღებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის იმაზეც, რასაც არ ეთანხმება. რურუას როლს კი ასე მიხსნიან: „ომის შემდეგ ის გარკვეულწილად მიშას ფსიქოთერაპიით დაკავდა და, ამ როლის გამო, უფრო მეტად დაუახლოვდა მას“. თანაგუნდელებმა იეჭვიანეს, მაგრამ მათი განაწყენება იმან გამოიწვია, რომ „ომის შემდეგ რამდენჯერმე დაარღვია გუნდური თამაშის წესები, მესამე პირში დაიწყო ლაპარაკი. თავნებური რაღაცები აქვს ხოლმე შიგადაშიგ“. თუმცა, სერიოზული იდეოლოგიური დისონანსი ნიკასა და სხვებს შორის, როგორ ჩანს, მაინც არ არსებობს.

ამ თემაზე ნიკასაც ველაპარაკე.

- რა როლს თამაშობთ ამ ხელისუფლებაში? გარდა თქვენი, როგორც კულტურის მინისტრის, უშუალო ფუნქციებისა?

- არ ვიცი, როლების გადანაწილებას მე არ შევსწრებივარ, მაგრამ ჩემი მეგობრები ის ხალხია, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოვედი და დღემდე მაქვს ის პრივილეგია, რომ მათ უმრავლესობასთან ვიმეგობრო, მიუხედავად ბევრი არასასიამოვნო მომენტის, კამათისა და ადამიანური წყენისა, რომელიც ერთმანეთისთვის მიგვიყენებია. მე არ მიჭირს ადამიანთან ურთიერთობა, თუ ვხედავ, რომ ის იდეალისტია. ასეთი იდეალისტები, საბედნიეროდ, ჰყავს ჩვენს ქვეყანას. თუ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები, ძალიან გამიხარდება. ამ პროცესში მონაწილეობა სასიამოვნოა, ემოციური უკუგებაც აქვს და ბევრ არასასიამოვნო რაღაცას გადაწონის. ბევრ ტანჯვას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას მოაქვს, ბევრ მორცხვობას, უხერხულობას, წარუმატებლობის შეგრძნებას, ბევრ ტკივილს, რომელსაც იღებ და ეს გარდაუვალია. მაგრამ ეს არის ცხოვრება - გამოწვევაა და გამბედაობის ტესტია. ჩემს ერთ-ერთ პირველ ესეს ერქვა ასე - „გააზრებული გამბედაობა“, ეს არის ის, რისიც მჯერა. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაუაზრებელი გამბედაობა ყველაზე მეტად დაგჭირდეს.

- უკვე მერამდენედ ახსენეთ, რომ ხელისუფლებაში თავს არ გრძნობთ კომფორტულად. რა გიქმნით ამ დისკომფორტს?

- სულ იმის განცდა გაქვს, რომ რაღაც ვერ გააკეთე, რომ მეტი შეგიძლია, მომზადებული არა ხარ, რომ ზარმაცი ხარ და უფრო ნაკლებად ზარმაცი უნდა იყო, უფრო მეტი უნდა იაზროვნო, უფრო მეტი უნდა გაბედო. შესაძლოა, უბრალოდ ეგეთი დროა. საქართველო თავის განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფნა მეტ ენერგიას და თავდადებას მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, ფინეთში, სადაც კულტურის მინისტრი ცოტა უფრო კომფორტულად გრძნობს ალბათ თავს. მე რომ ამერიკელი, ან ფინელი, ან ჩეხი ვიყო, სხვა პროფესიის ადამიანი ვიქნებოდი. გადავიღებდი კინოს, ვეცდებოდი რამე დამეწერა, ხელოვნებას მივყოფდი ხელს. ჩემი ყველაზე თამამი ოცნებები არტთან არის დაკავშირებული, შემოქმედებით პროცესთან. თუ ოდესღაც რაღაც დავწერე და გადავიღე, ეს ვიცი, რომ გამაბედნიერებს. იმედია, ამის დროც მოვა.

- თქვენ მითხარითიმედია ხვდებირომ საქართველოში ძალაუფლება ოქსიმორონიაო. რას ნიშნავს ეს?

- არ არსებობს პატარა ქვეყანაში ძალაუფლება. პატარა ქვეყანაში ძალაუფლება პასუხისმგებლობაა. ძალაუფლება ნიშნავს, ძალაუფლებას ვიღაცებზე. შეიძლება საკუთარ ოჯახში დატკბე ძალაუფლებით? ასეა ესეც. შესაძლოა, მას სხვა ეპოქაში ჰქონდა თავის ხიბლი, იმპერიაში იმპერატორი ალბათ გრძნობდა ძალაუფლებას, ჩინგის ხანი და ნაპოლეონი ალბათ გრძნობდნენ ამას, მაგრამ დემოკრატიაში ძალაუფლება ისე არის შებოჭილი, იმდენი მხრიდან, რომ მთელ ხიბლს კარგავს. პოლ ვალერი ამბობდა, - ძალაუფლებას, მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, არანაირი ხიბლი არა აქვსო. მე როგორ უნდა გამოვიყენო ძალაუფლება, თეატრის დასს მოვუხსნა დაფინანსება, თუ რომელიღაც მწერალს გადავეკიდო და მისი წიგნები დავწვა?!

- თუნდაცრატომაც არა?! უამრავნაირად შეიძლება ძალაუფლებით ტკბობა, როგორც თქვენ ამბობთიმ პატარა ძალაუფლებითაც, რომელიც გაქვთ.

- აბსურდია! ერთადერთი მსიამოვნებს, როცა რაღაც გამომივა, ისიც ცოტა ხნით. ძალიან ვისიამოვნე, როცა ოკუპაციის მუზეუმი გავაკეთეთ, როცა პარლამენტში მუშაობისას სამხედრო ათტომეული გამოვეცით. ძალიან ვისიამოვნე კინოსთან დაკავშირებით ამ გადასახადების სისტემის შეცვლის თაობაზე პოლიტიკური თანხმობა რომ მივიღე. ვიცი, რომ ძალიან მესიამოვნება, თუ ცისფერ გალერეას გავარემონტებთ და ის თანამედროვე გალერეა თუ მუზეუმი გახდება, სადაც ჩემს შვილებს მივიყვან და, ვთქვათ, გოიას ვაჩვენებ. მაგრამ ამას ძალაუფლებასთან არა აქვს კავშირი, დამიჯერე. დღეს საქართველოში ძალაუფლებას არ მოაქვს არანაირი ემოციური გრატიფიკაცია. ყოველდღიურ რუტინაში არაფერი სასიამოვნო არ არის. ნახავენ ჩვენი ოპოზიციონერებიც, ოდესმე ხომ გახდებიან ხელისუფლება?! რაც უფრო პატარა ძალაუფლება გაქვს, მით უფრო მაგრად ეპოტინები და მოგწონს ეს. ამ დროს ძალაუფლება ილუზიაა და ცუდია, თუ არა გაქვს გააზრებული, სინამდვილეში რა საფრთხეები ახლავს და რა პასუხისმგებლობა.

ნახე, გუშინ, როგორი წინდები ეცვა? - მითხრეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გოგოებმა, როცა, მოსაცდელის ნაცვლად, მათ ოთახში გადავწყვიტე ნიკას დავლოდებოდი. „ფანტასტიური გემოვნება აქვს. თან ყოველთვის უცნაური ფერის პერანგები აცვია, მაგრამ არამყვირალა. ყოველთვის კარგ ფორმაშია. თან იცი, რომ რაღაცებს გვაკითხებს? - მითხრა სოფომ. მინისტრის ფანკლუბის წევრებმა, რომლის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 20 წლისაა, უამრავ ასეთ დეტალზე გამიმახვილეს ყურადღება.

მახსენდება წინა დღეს მოსული შეტყობინება - ერთი ჰკითხე, ნინა წკრიალაშვილი რას აკეთებს მანდო. ამ კითხვით ნიკა აღარ შევაწუხე. ნინა ივენთ-მენეჯერია და არცთუ ურიგოო, - განმიმარტეს სამინისტროში.

ქალები და ზოგადად ურთიერთობები ის თემაა, რომელზეც ნიკა ყოველთვის თავის ინიციატივით იწყებს ლაპარაკს.

„დენიროს ფილმია ერთი, Bronx Tales. იქ არის ასეთი დიალოგი, იტალიელი მაფიოზი ასწავლის პატარა ბიჭს: მთელ შენს ცხოვრებაში სულ სამ მაგარ ქალს შეხვდებიო და უხსნის, როგორ უნდა გამოსცადოს, მაგარი ქალია თუ არა.

ქალს რომ მანქანის კარს გაუღებ და ჩასვამ, ვიდრე მანქანას შემოუვლი და შენ კართან მიხვალ, ქალმა უნდა დაგასწროს და კარი შიგნიდან თვითონ უნდა გაგიღოს, აი, მაშინ არის მაგარი ქალიო. ამას ფილმში „სანის ტესტი“ ჰქვია. მოკლედ, ეს სანის თეორიაა. ჩემი თეორიაა, რომ მაგარი ქალები არსებობენ, უბრალოდ სამზე მეტი გხვდება“, - ჰყვება ნიკა და თან ეცინება.

- ანუ, მხოლოდ რაოდენობაში არ ეთანხმებით სანის?

- ჰო, მარა ხარისხში ვეთანხმები, რომ არსებობენ მაგარი ქალები. როგორც კი მაგარ ქალს შევხვდი, მივხვდი, რომ მაგარი იყო. პირველი მაგარი ქალისგან ის ვისწავლე, რომ სხვა მაგარი ქალებიც არსებობენ, - იცინის ნიკა, - ისინი ბევრნი არიან და ყოველთვის გხვდებიან. შესაძლოა პატარ-პატარა პაუზებით, მაგრამ გხვდებიან. თან მაგარმა ქალებმა ყოველთვის იციან, რომ მაგრები არიან. ვიღაცებმა შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხვდებიან. ეს ძალიან გულისამაჩუყებელია.

კარგა ხანს არ ვიცოდი, რომ ქალებთან ურთიერთობა ასეთი მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო, - თან ტრაბახობს და თან თავმდაბლობს ნიკა.

ამჯერად კულტურის მინისტრი მშობლებთან ცხოვრობს. „პირადი ცხოვრება აღარ ვიცი, რა არის. ცოლს რომ გავშორდი, ის სახლი, რომელიც გავაკეთეთ, სოფოს დავუტოვე, იქ ჩემი ბავშვები იზრდებიან. ჩემი სახლი შენდება და ალბათ 2011 წლამდე არ იქნება. ამიტომ, აბა, რა პირად ცხოვრებაზეა ლაპარაკი?

ცოტა ხნის წინ ესპანეთში ვიყავი საქმიანი ვიზიტით. ერთ-ერთ საღამოს ბარში წავედით. სერიოზული პუბლიკა იყო, დიდი ბიძები ისხდნენ, სიგარებს აბოლებდნენ, ხარხარებდნენ, ერთობოდნენ, სვამდნენ. როგორი მოსაწყენია ეს ყველაფერი, წავედით აქედან-მეთქი, - ვთქვი. 5-10 წუთი ვისიამოვნე, მომეწონა ეს განწყობა და გარემო, მაგრამ ამის ნაწილად ვერ გადავიქეცი, შეიძლება იმიტომ, რომ ფხიზელი ვიყავი. 300 გრამი ვისკი რომ დამელია, შესაძლოა, სხვა ჭკუაზე დავმდგარიყავი, მაგრამ არ მიყვარს არასიფხიზლე, არ მოქმედებს ჩემზე კარგად. დაბინდული რომ მაქვს გონება, არ მომწონს ეს მდგომარეობა, ცუდად ვხდები. ამიტომ, არ მიყვარს არც სასმელის წრუპვა და არც არანაირი გაბრუება. ამის გამო, აღარ ვსვამ ხოლმე“.

თუმცა, როგორც ჭეშმარიტ დენდის, ნიკას უყვარს ღვინის გემო და ლამაზეტიკეტიანი ღვინოების დაგემოვნება.

ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში არ მეგულება მეორე ადამიანი, ვისზეც ამდენ მითიურ ამბავს ჰყვებოდნენ. თუ 80-იანი და 90-იანი წლების საქართველოს მხოლოდ აკა მორჩილაძის, თაბუკაშვილების თუ ლაშა ბუღაძის მოთხრობებიდან და რომანებიდან იცნობთ, რურუაზე მოყოლილ ისტორიებსაც ამ არარეალური წარსულის ნაწილად აღიქვამთ. მაგრამ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი მიყვება, „ისეთ უბანში გავიზარდე, რომ მინდოდა თუ არა, თავში უამრავი ამბავი დაილექა, საშინელიც და სიმპათიურიც. ამიტომ ადრიდანვე ვისწავლე, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უნდა შემენახა. მითები ცოტაა, უმეტესი სინამდვილეა. უბრალოდ, მე გამიჭირდება მორალისტობა-განკითხვა. ყველას თავისი წილი კოშმარი აქვს გულში, ვიღაცას შეუძლია ასეთ დროს სხვის კოშმარზე ილაპარაკოს, ვიღაცას - არა“.

თავად ნიკასთვის არ არის იოლი წარსულზე ლაპარაკი. მიუხედავად ამისა, დამეთანხმა, როცა ვუთხარი, თქვენი ბიოგრაფია, რამდენადაც ის მე წარმომიდგენია, ძალიან ჰგავს ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიას-მეთქი. „ოღონდ არ ვიცი, ეს რამდენად საამაყო ისტორიაა. რაც ჩემმა ქვეყანამ სხვადასხვა ეტაპებზე გაიარა, ყველგან ვიყავი ჩაჩხერილი“.

- გინდათქრონოლოგიურად მივყვეთ? საიდან დავიწყოთ?

ფეხებს მაგიდაზე აწყობს, სავარძელში უფრო ღრმად ეშვება და თხრობას ძალიან ფროიდიანული მომენტიდან იწყებს.

- ჩემი ცხოვრება იწყება რაღაც გაურკვეველი გრძნობებიდან, რომელიც მახსოვდა დაბადებამდეც. ეს მეხსიერება შეგრძნებითია, რომელიც დაბადებამდე მეხსიერებაზე ლაპარაკობს. ეს კომფორტის, თუ ძალიან მაგარი სიამოვნების, გაყუჩების, რაღაც ნირვანას მსგავსი შეგრძნებებია, რომელსაც ალბათ მუცელში ვგრძნობდი და ახლაც, ამ ცხოვრებაშიც მიმეორდება შიგადაშიგ. ინტიმური რაღაცაა, მაგრამ გახსოვს. შესაძლოა ძილში, შეიძლება ძილ-ღვიძილის ზღვარზე.

სტოპ-კადრებად მახსოვს ბებიას და ბაბუას რომ დავყავდი ბიჭვინთაში, 2 წლის ვიქნებოდი ალბათ. მერე მახსოვს მამაჩემი და როგორ იღებდნენ ჩვენ სახლში რაღაც ფილმს. რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა, განათების აპარატურასთან დაკავშირებული, ტკაცანი იყო საშინელი და მახსოვს, რომ ტირილი დავიწყე. მახსოვს ბევრი კაცი, ერთმანეთში რომ ირეოდა და რაღაცას იღებდა.

მერე მახსოვს უკვე 6-7 წლიდან, ჩემი ძმა როგორ მოიყვანეს სახლში.

ძალიან ვინერვიულე, რომ ყურადღება სხვა ტიპზე გადავიდა და არ მომეწონა. ერთხელ აბანავებდნენ, რაღაც მომენტში მარტო დატოვეს, მივედი და დიდი ჭიქით ცხელი წყალი დავასხი. ჩაბჟირდა ტიპი, ვერ ამოისუნთქა და მახსოვს, რომ მაგრად მომცხეს.

მერე ბაღი მახსოვს, ბაღში ერთი გოგო მომწონდა. ის გოგოც მახსოვს, პუტკუნა იყო. ბაღის მასწავლებლების სახელები მახსოვს, მახსოვს ფაფა და კომპოტი და მწყინდა, ბებიაჩემი და დედაჩემი გვიან რომ მოდიოდნენ ჩემ წასაყვანად. ტრაგიკული სცენები იყო, მეგონა, რომ დამტოვეს.

მერე იყო სკოლა, 53-ე. მახსოვს ერთი ჩემი სკოლელი - უცნაური ბავშვი იყო, მერე სულიერად დაავადებული ადამიანების კლინიკაში გადაიყვანეს და იქ გარდაიცვალა. მასწავლებელს უთხრა ერთხელ, - ნუნუ მასწავლებელო, თქვენ ლომი ხართო. მერე რომ დავაკვირდი, მივხვდი, მართლა ჰგავდა ლომს.

ცოტა მოუმზადებლად გამიშვეს სკოლაში და შოკში ჩამაგდო პირველმა შთაბეჭდილებამ. თუმცა, მომწონდა სკოლის ჩანთა, ფანქრები, რვეულის სუნი, „პენალი“, წიგნები. მასტიკის და ნახერხის სუნიც მახსოვს. ეგრევე მივხვდი, რომ სკოლა ყველანაირად განსხვავებულია ბაღისგან. სკოლა უკვე მკაცრი ინსტიტუცია იყო, გამიჩნდა განცდა, რომ საშიში სიტუაციაა, უფრო მეტია სანერვიულო და პასუხისმგებლობაც გაქვს. ეს ყველაფერი ერთ დღეს ვიგრძენი და ცოტა დავითრგუნე, მაგრამ 3 გაკვეთილში დამავიწყდა.

მეექვსე კლასამდე კარგად ვსწავლობდი. მერე ალგებრაში ვერ გავიგე რაღაც ამოცანა, ვერ ამიხსნეს კარგად, არც მე ვიკითხე და გული ავიცრუე. თან მათემატიკის მასწავლებელი კარგად ირტყმევინებოდა. ჩემთვის არ დაურტყამს არასოდეს, მაგრამ მახსოვს, თმების წიწკვნები და ყურის აწევები. რვა წელი 53-ეში ვსწავლობდი. მერე მუსიკალურ ტექნიკუმში გადავედი, რომელიც ფიქტიურად დავამთავრე, მაგრამ რეალურად იქ არაფერი მისწავლია.

- მახსოვს თქვენი ერთი რეპლიკა - ეგ სკოლა, 53-ზე თქვითდასახურიაო.

- ჰო, ყველაფერი იყო, სკოლის გარდა. ცუდი სკოლა იყო, სრულიად სეგრეგირებული. კლასებს აკომპლექტებდნენ მამების და დედების სოციალური კუთვნილების მიხედვით, მოპყრობაც შესაბამისი იყო. ჩვეულებრივი ხალხი სხვაგან, მინისტრების შვილები - სხვაგან, მდიდარი და ცნობილი ხალხის შვილები - სხვაგან. მე სადღაც პრივილეგირებულ კლასში ვიყავი, მამაჩემი მხატვარი იყო. ვიყავი იქ, სადაც ქურთები არ იყვნენ. ითვლებოდა, რომ ის კლასი, სადაც ქურთები არიან, ცუდი კლასია და იქ არ უნდა მოხვდე. ამის გარდა, სკოლა ასოციალური გარემო იყო. ზედა კლასებში - სიგარეტის მოწე ვა, მარიჰუანა, დანის ტარება, ჩხუბი სხვა სკოლელებთან, სრულიად უაზრო. მერე მეც ჩავები ამ ფერხულში. ტრადიცია იყო ასეთი, ეს მე კი არ მომიგონია. ტრადიცია იყო სრულიად იდიოტური აგრესია ერთმანეთის მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობდა შეჯიბრის სხვა ფორმა. მერე ამ ყველაფერმა საშიში სახე მიიღო, ვიღაცებმა ვიღაცებს დანები დაჰკრეს.

- მეც 53 - ში ვწავლობდიჩემი კლასელი გოგოების უმრავლესობა მეცხრე კლასში გათხოვდაძირითადად - ვერელ ბიჭებზე. ბიჭებიდან კი 25 წლამდე საღსალამათმა ძალიან ცოტამ მიაღწია.

- ჰო, ჩემ დროსაც ეგრე იყო. მთავარი ისაა, მივხვდი, რომ არსებობდა ორი რეალობა. ერთი - მოსაწყენი, ყალბი, ფარისევლური, სწორი პრინციპებით შელამაზებული, ვითომ სიკარგესა და წესიერებაზე ორიენტირებული, და მეორე, ნამდვილი რეალობა, რომლისაც ყველას სჯეროდა, ვინც პირველის ნიღბით ოპერირებდა, მაგრამ რეალურად სხვანაირი იყო; ანუ, ცხოვრების ოფიციალური ვერსია ძალიან განსხვავდებოდა მისი ნამდვილი ვერსიისგან და ამას მივხვდი ძალიან ადრე, 12-13 წლისა. თუმცა, ტყუილთან შეჯახების პირველი შოკი ბაღში მქონდა. ბაღიდან მოვედი და დედაჩემს და მამაჩემს მოვუყევი, რომ იყო ერთი საყვარელი ბავშვი, რომელიც გაიზარდა, ძალიან დიდი კაცი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ბავშვები უყვარდა. ეს ბავშვი პატარა, საყვარელი, ბუთხუზა, ოქროსფერთმიანი, ხუთოსანი ვალოდია იყო, მსოფლიოს ყველა ბავშვის ქომაგი. მოკლედ, სიტყვა-სიტყვით გავიმეორე ის, რაც ბაღის მასწავლებელმა მასწავლა. და უცებ, მამაჩემმა მაჯახა, ყველანაირი პაუზის გარეშე, - ეგ ყველაფერი, ნიკუშ, ტყუილია და აღარ დავინახო, რომ მეორედ გაიმეოროო. ისე მეწყინა, რომ ტირილი დავიწყე. დედაჩემმა მამაჩემს შეუღრინა, - ბავშვს რატომ ანერვიულებო, - ხელში ამიყვანა და ოთახიდან გამიყვანა. ვტიროდი შეურაცხყოფისგან. მახსოვს, მასწავლებელმა სურათებიც გვიჩვენა, სიტყვა „ლენინი“ არც კი უხსენებია. ის პატარა ვალოდია იყო, რომელიც შემიყვარდა. არ ვაჭარბებ, გულამოსკვნილი ვტიროდი, ალბათ ვალოდიასთან ერთად გამოვიგლოვე ბევრი რამ, რაც მერე კიდევ უფრო უნდა მწყენოდა. ეს ხდება 4 ან 5 წლის ასაკში, მარა დღესაც მახსოვს ეს ბოღმა.

ეს გაორებული, შიზოფრენიული რეალობა სულ იჩენდა ხოლმე თავს. იყო გაზეთში გადახვეული წიგნები, სადღაც შეტენილი, რომლებსაც, როგორც კი გამოვიღებდი, - შედე ახლავეო, - მეუბნებოდნენ - ძველი „სამიზდატის“ წიგნები იყო. ამასობაში გავიგე, რომ მამაჩემის ბაბუა, ვის სახლშიც ჩვენ ვცხოვრობდით, სადღაც წაუყვანიათ და კომუნისტებს დაუხვრეტიათ. მივხვდი, რომ კომუნისტები მართავენ ქვეყანას და ისინი არიან ცუდები. კარგები კი სადღაც სხვაგან, ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ, სადაც არ გვიშვებენ, იმიტომ, რომ იქ არ დავრჩეთ. თუმცა, ამას მიზანმიმართულად არავინ მასწავლიდა. ეს ყველაფერი თავისთავად დაილექა, იმ ამბებიდან და ანეკდოტებიდან, რასაც ჩვენთან ჰყვებოდნენ. მერე გავიგე, რომ ბაბუაჩემის მსგავსად, კარგი მწერლებიც დაუხვრეტიათ. ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი ფასადი ტყუილია. წითელი დროშების ფრიალი და აღლუმზე სიარული სირცხვილია და მამაჩემი არასოდეს არ წავა აღლუმზე და სხვები, ვინც დადიან, მიჰქარავენ.

- მერე რა ხდება?

- მერე რა ხდება… აბა, რა გითხრა?! მერე ტექნიკუმში გადავედი, რომელიც სულ სხვა უბანში იყო. პრინციპში, გამრიცხეს სკოლიდან, რაღაც გამოცდა არ ჩავაბარე თუ ვერ ჩავაბარე. რაღაცნაირად მომიშორეს თავიდან, როგორც ძნელად აღსაზრდელი ბავშვი. მოკლედ, ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში. ეს უბრალო ფორმალობა იყო. მუსიკალური შვიდწლედი კი მქონდა დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ სასწავლებელში რომ ჩაგებარებინა, რაღაც რეპერტუარი უნდა დაგეკრა. ამას ვეღარ ვასწრებდი, ამიტომ ავდექი და ჩემთვის სრულიად ახალ ინსტრუმენტზე, ბასზე ჩავაბარე. თათუზა მამეცადინებდა, რომელმაც ერთ თვეში რაღაც ნაწარმოებები მასწავლა. იქამდე ბასი ნანახიც არ მქონდა, მაგრამ რადგან ჯაზი მიყვარდა, რაღაცნაირად ვიხალისე.

მაგრამ რა იყო, იცი? აღმოვჩნდი სულ სხვა უბანში, სულ სხვა სოციუმში, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ არსებობდა. მე ვერაზე ვცხოვრობდი, ეს სკოლა კი სანზონაში იყო. თავიდან რაღაც პერიოდი ხომ უნდა მევლო? ჰოდა, ეს იყო სადღაც შორს, მეტროს ბოლო გაჩერებაზე, მეტროდან კიდევ 5 გაჩერება ავტობუსით უნდა წავსულიყავი და ცოტა დავიშოკე, სერიოზული სოციალური გამოწვევა იყო ჩემთვის (იცინის). უცნაური ხალხი, უცნაური გოგოები, სხვანაირად ლაპარაკობდნენ, სხვანაირი „ლ“-ებით. ჩემი თანაკლასელები, კლარნეტისტები, მაგალითად, კვირაობით ქორწილებში უკრავდნენ.

რაღაც პერიოდის შემდეგ აღარც მანდ აღარ დავდიოდი. გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, სრულიად შეგნებულად. დავიწყე მომზადება რაღაც საგნებში და ჩავაბარე პირველივე წელს. მაგრად გამიხარდა, მაშინ ეს დიდი ამბავი იყო. ვნერვიულობდით, ნიშნებს ველოდებოდით. მაგრამ როგორც კი ჩავაბარე, ნელ-ნელა საბჭოთა კავშირის დაშლის ამბები, ეროვნული მოძრაობა, მიტინგები დაიწყო. გავიგე, რომ მერაბ კოსტავა გამოვიდა ციხიდან. მამაჩემისგან სულ მესმოდა, რომ არის ეგეთი ტიპი, მისი მეგობარი, ზის ციხეში და მაგარი გაუტეხელია, განსხვავებით ზვიადისგან, რომელიც გამოვიდა და „მოინანია“. მაგარი სირცხვილი იყო.

კოსტავა მახსოვს, ჩემ სახლთან დადიოდა, ჩემ ქუჩაზე ცხოვრობდა.

ყველაფერი თითქოს ჩემ თვალწინ ხდებოდა. თან ვიყავი ჩართული ამ ამბებში, თან არა. ჩემი ამბები სულ მქონდა, ჩემი სამყარო მქონდა, ამისგან დამოუკიდებელი.

ეს ის პერიოდია - მიყვარდა „სამოსელი პირველი“ და არ მიყვარდა „ერთხელ ამერიკაში“. არ მესმოდა, ეს მაქსი რატომ არის ასეთი ნაბიჭვარი და ეს ნუდლსი რატომ არის ვითომ კარგი და იდიოტი. ფილმის მონტაჟიც ვერ გავიგე. გელა ბაბლუანი მამაჩემის მეგობარი იყო და „უძინართა მზეში“ პატარა როლიც მაქვს. ციხიდან რომ გამოდის და ჩხუბი რომ ატყდება, იქ ერთ-ერთი მე ვარ. გადახოტრილი და საშინლად მახინჯი.

- მხედრიონის პერიოდი როდის იყო?

- ახლა რასაც „მხედრიონის“ პერიოდად მოიხსენიებენ, მე მაშინ უკვე ამერიკაში ვიყავი. ჯაბას გაცილებით ადრე ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პროფესორი იყო და თეატრმცოდნე. მე რომ დავიბადე, ჩვენ მეზობლად თურმე ჯაბას სიდედრი ცხოვრობდა. დედაჩემმა მითხრა, - შენი დაბადება ჯაბამ და სუსკიამ (მისმა ცოლმა) მოგვილოცესო. მაშინ პირველად გაუგიათ ჩემებს, რომ არსებობდა ეგეთი კაცი. მერე უკვე თეატრალურში ვნახულობდი ხოლმე და ვიცოდი, რომ ეს ჯაბა იოსელიანია, ოდესღაც ლეგენდარული ქურდი, რომელმაც ქურდობას თავი დაანება და პროფესორი და საინტერესო მწერალი გახდა.

მხედრიონზე და ჯაბაზე თავად ნიკა მეტს არაფერს ჰყვება. მოგვიანებით მამუკა ხერხეულიძისგან ვიგებ რამდენიმე დეტალს. ისევ ჯაბა იოსელიანის წიგნში „სამი განზომილება“ ვკითხულობ, რომ სამოქალაქო ომის დროს ნიკა დაჭრილი

ყოფილა: ქალაქშისხვადასხვა რაიონებში, ცალკეულიშეჯახებების სახით ომი გრძელდება. ვფიქრობეს მანევრული ფანდი ხომ არ არის ჩვენი ძალებისგაფანტვის მიზნით. ვიბარებ გია სვანაძესვეუბნებიარავითარ შემთხვევაში არ აჰყვენსაალყოძალებიდან არ მოხსნან ბიჭები და არ მოდუნდნენჩვენი მხრიდან უკვე ბევრნი არიან დაჭრილები:ნიკუშა რურუადათო ხაჟომიაგვარდიელებშიც: ზაზა ჩაჩუაუმძიმესად არის დაჭრილი კახაგველესიანიგადარჩენის შანსი ცოტაადღეს მოგვიკლეს მხედრიონის მშვენება, უჭკვიანესიყველაზე ახალგაზრდა მებრძოლისანდრო შაიშმელაშვილი - ჩვენი სკილეტამის დღიურებშიერთი ასეთი ბრძნული აზრიაცხოვრება ნასკვიავიდრე მას გამოხსნიმთავრდება კიდეც.

რამდენი ასეთი ისტორია იქნება ნიკას და ამ ქვეყნის ზარდახშაში, რომელსაც ნიკა არ ჰყვება.

- მერე რაღაც შემემთხვა, ჩხუბი მოხდა ხმაურიანი, ეს ჯერ კიდევ პატიაშვილის და კომუნისტების პერიოდია,1988-89 წლები. მილიცია მეძებდა და ცოტა ხნით სვანეთში წავედი, მესტიაში, - აგრძელებს ნიკა.

0x01 graphic

ნიკა რურუა, 5 წლის

- როგორც ვხვდებისვანეთი თავისუფლების კუნძულივით იყო.

- ვცხოვრობდი, როგორც ჩვეულებრივი სვანი, როგორც იქაური მასპინძლის ოჯახის წევრი. დავყვებოდი საქონლის არეკვა-ჩამორეკვაზე, სათიბში მივდიოდით. სახლში იცოდნენ, რომ კარგად ვარ, მაგრამ უნდა დავმალულიყავით, სანამ თბილისში საქმე ჩაეწყობოდა. ჰოდა, მე და ჩემს სვან ძმაკაცებს მაგარი მიდიმოდი გვქონდა, ღამეებს ვათენებდით, ვიპრანჭებოდით. ისე, ვისთანაც მოგვივიდა ეს კონფლიქტი, მერე შევრიგდით.

დავბრუნდი და დავიწყე ისევ თეატრალურში სიარული, მაგრამ ბრახ! და მოხდა ეს 9 აპრილი, რამაც სრულიად არია სწავლის პროცესი. ისევ ავუშვით. პროფესორებიც აღარ დადიოდნენ, ჩვენ დავდიოდით, ვისხედით კაფეში, ვსვამდით, მაგარ დროს ვატარებდით. იქ გოგოები, ბიჭები, პრანჭვა-გრეხვა, გამოყვანაგაყვანა, დაბადების დღეები. მაგარი დრო იყო, კარგად მახსოვს ჩემი სტუდენტობა. მაგრამ ჩვენ წინ სახელმწიფო იშლებოდა და ახალი აღარ შენდებოდა. სრული ქაოსის განცდა იყო.

…მახსოვს, ქაქუცას სურათები იყო გამოტანილი. მაშინ ვნახე ახლოს ზვიადი პირველად. სხვათა შორის, მამუკა ახლდა ხერხეულიძე, სადღაც მიდიოდნენ ჩქარი ნაბიჯით, ოცკაციანი ჯგუფი. შთამბეჭდავი იყო. რაღაც აქტიურობა იყო, საქმეში იყო ყველა. ჩვენც დავდიოდით, მე და ჩემი ახალშეძენილი სვანი ძმაკაცები. რამდენიმე სიმღერა მახსოვს, „შავლეგო“ და „ჩემო კარგო ქვეყანა“. მერე ამ რეპერტუარს „ტიტებიც“ დაემატა.

9 აპრილს მთელი ღამე დავბოდიალობდით, მეც იქ ვიყავი, მთლად ეპიცენტრში, არ ვიცი, როგორ გადავრჩით. ქაშუეთის კუთხეში ვიდექით, ფარიანი ტიპებიდან ზუსტად ხუთ ნაბიჯში. რაღაც მოლოდინის განცდა გვქონდა, დღისით ორმა „ბეტეერმა“ გაიარა, ძალის დემონსტრირება იყო. ვცადე შეხტომა, მაგრამ ჩამოვვარდი. გინება მივაყოლეთ.

მეორე დღეს ისევ რუსთაველზე წავედი, მაგრამ უკვე აღარ გაგვიშვეს, ქვედა ქუჩები შეკრული იყო. მახსოვს, უზბეკი ტიპები იდგენენ, სულ სხვა ტომელები, ჯარისკაცის ფორმაში, საშიშები.

მერე დასცხეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა. ყველაფერი ხდებოდა მიტინგზე, ქუჩაში, სპონტანურად. მეც ვიდექი იქ ერთი-ორჯერ.

მერე აღმოჩნდა, რომ ერთ მხარეს ზვიადია, მეორე მხარეს - ყველა დანარჩენი. მახსოვს კოსტავას გასვენება, ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მე პანაშვიდზე არ წავსულვარ. ერთ გოგოსთან მქონდა პაემანი, ალექსანდრეს ბაღში ვისხედით და მახსოვს, ხალხი ჯგუფებად მიდიოდა გასვენებაში. ამ გოგოს ვუთხარი, - არ მინდა გასვენებაში წასვლა-მეთქი. არც მეო, - მიპასუხა. მივხვდი, რომ ზედმეტი მოგვივიდა, ყველაფერი უცებ დაძველდა და გაიაფდა.

ჰო, კიდევ ერთი ამბავი მახსოვს: ზვავები რომ იყო სვანეთში, სვანების ნაწილი ჩაასახლეს ბოლნისში, სადაც ადგილობრივი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის ჩხუბი მოხდა. მოვიდა ჩვენი სვანი ძმაკაცი ჩვენთან და გვეუბნება, - თათრები გვიხურებენ, წავიღოთ თოფები და ჭკუა ვასწავლოთო. წავედით და წავედით ვინ: მე, მწერალი გურამ გეგეშიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მერაბ კოსტავა, ეს სვანები და სხვები. აი, ასეთი ჭრელი საზოგადოება ჩავედით ბოლნისში, რომ გაგვეხურებინა იქაურებისთვის, რომლებიც პარალელურ რეჟიმში, ვითომ, ეგრეთ წოდებულ ბორჩალოს ავტონომიას ითხოვდნენ. მახსოვს „სიდენიების“ ქვეშ თოფები გვქონდა დამალული, მანქანების გრძელი კოლონა ვიყავით. სრული სიგიჟე და გროტესკი იყო, ნაწყვეტი კუსტურიცას ფილმიდან.

გზადაგზა ვაჩერებდით და ადგილობრივ მოსახლეობას მზრუნველი ტონით ველაპარაკებოდით. ამ ყველაფრის მეთაურები ზვიადი და მერაბი იყვნენ. აზერბაიჯანელები არც გვინახავს, ძირითადად ექსკურსია გამოგვივიდა. ერთადერთი, რაც ვნახეთ, ღობეზე მწვანე საღებავით დაწერილი „ბორჩალი“ იყო და მახსოვს, აღვშფოთდით. იმ დღესვე დავბრუნდით თბილისში.

ზვიადის არჩევიდან ცოტა ხანში მის დიქტატორობაზე დაიწყო ლაპარაკი. მერე გავარდა ამბავი, რომ ოსეთში არეულობა დაიწყო და კორტებზე ვაჟკაცი, თბილისელი ბიჭები იკრიბებიან და მიდიან ქართული სოფლების დასაცავად. ცოტა ხანში თქვეს, რომ ჯაბა იოსელიანი და ვიღაც ბიჭები არიან. ჯერ სახელიც არ ჰქონდათ. მოკლედ, გვიან გავიგე, რომ არსებობს ეგეთი ჯგუფი, მხედრიონი, რომელიც ოსეთში დადის და ქართულ სოფლებს იცავს.

„მოდი, ცოტა ხნით შევისვენოთ, აჩიკო და ვახო არიან მოსულები“, - მითხრა ნიკამ და საათს შეხედა, უკვე ღამის პირველი იყო დაწყებული. დიდი სიამოვნებით გამოვრთე დიქტოფონი და ღრმად ამოვისუნთქე.

ვახო ბაბუნაშვილს და აჩიკო გულედანს პრეზიდენტის ევროპასთან ურთიერთობის პირადი მრჩეველი, რაფაელ გლუქსმანიც მოჰყვა. დღის წესრიგში, ქუჩის აქციებზე, „საკანზე“, ობამასა და ღია საზოგადოებაზე სჯა-ბაასის შემდეგ სამდღიანი მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air დაგეგმვა იყო, რომელიც საქართველოს მიერ ბოიკოტირებული „ევროვიზიის“ პარალელურად უნდა გამართულიყო. ათანხმებდნენ საორგანიზაციო დეტალებსა და ბიუჯეტს. რაფაელი ევროპიდან ჟურნალისტების ჩარტერული რეისით ჩამოყვანას გეგმავდა. ფესტივალი შარდენზე უნდა გახსნილიყო.

ცხადია, შეხვედრა საათზე ნაკლები არ გაგრძელებულა.

- თუ დაიღალეთსხვა დროს გავაგრძელოთ, - შევთავაზე მე.

- არა, არ დავიღალე. რა დაგვრჩა?

- აფხაზეთი და ამერიკასავალდებული მოსათხრობია.

- ეს იყო ერთი დიდი, დეპრესიული გამოცდილება, სადაც წავედი უბრალოდ ვალდებულების გამო, ვგრძნობდი, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მეორე მხრივ, ჩასვლის დღიდან ვიცოდი, რომ ომი აფხაზეთში კარგად არ დამთავრდებოდა. სამხედრო თვალსაზრისით, სრულიად მოუმზადებელი ვიყავით, ვგრძნობდი ჩემ უსუსურობას, რომ არ შემეძლო არაფრის შეცვლა. ვხედავდი იმ აბსურდულ სიტუაციას, რასაც ეს ომი წარმოქმნის და, ამავე დროს, ვხედავდი თავდადებულ ხალხს, ნამდვილ პატრიოტებს ჩემ გვერდით.

საშინლად დეპრესიული ვიყავი, არ ვიყავი კარგად. არ მახსოვს ოდესმე მეტრაბახოს, რომ ომში ვიყავი. კი, მსიამოვნებს, რომ არ გავექეცი ამას, მაგრამ საშინელი გასახსენებელია ეს ჭუჭყი. ომიც ისეთი იყო, არაინტენსიური და გაწელილი. ომის დროს მთელი წელი იქ ვიყავი, რამდენჯერმე ჩამოვედი თბილისში, 3-4 დღით, აზრზე მოსასვლელად. ბოლოს დამემართა სიყვითლე და ბოლო ერთი თვე აქ გავატარე. მე რომ არ ვიყავი, მაშინ აიღეს სეპარატისტებმა სოხუმი. მე ეს არ მინახავს, ჩემი ძმა იყო იქ.

- ამერიკაში როდის წახვედით?

- ეგრევე. მალევე. 1994-ში. ჩამოვედი და მივხვდი, რომ უნდა წავიდე. მაქვს სურვილები და არა მაქვს ამ სურვილების შესრულების ინსტრუმენტი. ვხედავდი, რომ გამოუვალი სიტუაცია იყო. ჩემ ფუნქციას აქ ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მინდოდა განვითარება და აქ ჩიხი იყო.

ეტყობა, მაინც დაიღალა ნიკა და იმ ღამეს, მეტი აღარ გვილაპარაკია. თუმცა შევხვდი მამუკა ხერხეულიძეს, რომელიც ნიკას „ფრონტელი“ მეგობარია და ამ პერიოდზე ლაპარაკი მასთან გავაგრძელე.

ნიკა და მამუკა ერთმანეთს სვანეთიდან იცნობენ და მას შემდეგ მეგობრობენ.

„მე და ნიკას რაღაცნაირად თავიდანვე ბევრი საერთო გვქონდა. ჩვენი ოჯახებიც ჰგავდნენ ერთმანეთს. ცოტა გულუბრყვილოა, ჯერა, რომ ნაძირლებისგანაც შეიძლება რაღაც გამოვიდეს. რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩემი ნათქვამი მერე წინ დახვედრია.

აფხაზეთის ომის დროს ვერ მოვხვდით ერთად, სხვადასხვა დანაყოფებში ვიბრძოდით. 93 წელი იყო. უკვე სოხუმს უტევდნენ. უნდა გადავფრენილიყავით, სხვანაირად იქ ვერ მოვხვდებოდით. ავისხით იარაღები და წავედით აეროპორტში, მაგრამ არ იყო ფრენა. და ასე ყოველდღე, აეროპორტში მივდიოდით დილის 7 საათზე და ვერ მივფრინავდით. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ სოხუმი აიღეს. ძალიან ტრაგიკულად გვახსოვს ორივეს ეს დღეები და თითქოს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა იქ დაბრუნება, იარაღით ან, იმედია, მშვიდობით.

ძალიან უცნაურ დროს წავიდა ამერიკაში. მაშინ წავიდა, როცა ზენიტში იყო. თუ ძალაუფლების ტრფიალი იყო, მაშინ ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ წავიდა. გამიხარდა, ვიცოდი, რა ჭაობს დააღწევდა თავს. თუ ერთხელ მაინც გავლილი გაქვს ეს გზა, იცი, რომ ან ქურდული კონიუნქტურის ნაწილი უნდა გამხდარიყავი, ან აჯანყებული. ერთხელ მაინც თუ დაიცავდი შენ პოზიციას, დაღდასმული იყავი. თუ ერთხელ მაინც შეხვიდოდი ამ სამყაროში, ბოლომდე უნდა გასულიყავი. სულ ამ ომებში ვიყავით ჩართული, სადაც ძალიან რთული იყო გადარჩენა. არსებობისთვის გვიწევდა ბრძოლა და იარაღი რომ არ გვქონოდა, ვერ გადავრჩებოდით.

ამერიკიდან სულ მირეკავდა და საათობით ვლაპარაკობდით. შუაღამისას რეკავდა, წამოვხტებოდი მძინარე, დავჯდებოდი სავარძელში, ვეწეოდი და საათობით ვუყვებოდი ამბებს. არც ერთხელ არ დაუწუწუნია, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა. არ არის ადვილი წახვიდე და ცივ ქვაზე დასახლდე, მაგრამ სოფო ძალიან ჭკვიანი შეხვდა. რთული წლები ჰქონდა, თან თავის თავს იყო შერკინებული. თუ ამოიჩემებს რამეს, ბოლომდე მიყავს. ამიტომ ვცემ ძალიან დიდ პატივს. თავის თავს მოუგო.

ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, თითქოს თავიდან სწავლობდა ყველაფერს. ვისთან უნდა დაეჭირა საქმე და ვისთან - არა, რა უნდა ეკეთებინა. საშინელი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, „ბუკვაედია“, ფუნდამენტურად უდგება ყველაფერს. რომ ჩამოვიდა, მითხრა, - მოდი, დავწეროთ, როგორ გადავარჩინოთ ეს ქვეყანაო. ამოიღო შავი ბლოკნოტი და დავიწყეთ წერა. გადავწყვიტეთ, რომ რამე გაზეთთან უნდა დაგვეწყო თანამშრომლობა და თანამოაზრეების სია შევადგინეთ. მივადექით ეროსის. ეროსის უკვე გადაწყვეტილი ჰქონია გაზეთის გაკეთება და ცოტა ხანში „24 საათიც“ გამოვიდა. ნიკუშა სამართლის ჩანართს აკეთებდა. მერე გამოვუშვით სამი წიგნი, „რევკომის“ ბიჭების კრებული, ოთარ ჭილაძის „გოდორი“ და ნიკას „თავისუფლება და კანონი“. რევოლუციური მარათონისთვის მთელი წელი ვემზადებოდით, შევქმენით „დაუმორჩილებლობის კომიტეტი“, დავდიოდით რეგიონებში და ვარიგებდით ამ წიგნებს. მიზანი რა იყო - უნდა შეცვლილიყო სისტემა და უნდა დავბრუნებულიყავით სოხუმში. მერე შევყევით და შევყევით, პასუხისმგებლობის აღება იყო საჭირო“.

ამ საუბრის შემდეგ მამუკას უკმარისობის გრძნობა დარჩა, - ხომ იცი, არ შემიძლია ასეთი რაღაცებიო და იმეილიც მომწერა. „ულისეში არის ასეთი ფრაზა - „ჯერ ირლანდია, სტივ“. ეს ჩვენი პაროლია. ვართ გიჟურად ოპტიმისტები, ჩვენი პროგნოზებიც, როგორც წესი, მართლდება. მე და ნიკა ერთად გავფრინდებით სოხუმში, სადაც მაგარ რადიოს გავხსნით, ოღონდ ჯერ ვერ ვთანხმდებით, რა მუსიკა უნდა იყოს. რთულ ჯაზს, რომელსაც ის უსმენს, მე ზეიკიძის რეპერტუარს ვეძახი - ერთი მწამებელი პოლიციელი იყო შევარდნაძის დროს. არა უშავს, კომპრომისამდეც მივალთ“.

როცა სოხუმში დაბრუნებაზე იწყებენ ლაპარაკს, სულ მეშინია, რომ ეს დაბრუნება ომს ნიშნავს. ამიტომ ნიკას და მამუკას ოპტიმიზმი მზაფრავს. რთულია, მიხვდე, სად რაციონალიზმია, სად - პროპაგანდა და სად - დამარცხებული ერის სინდრომი.

ზოგს სჯერა რურუას ცვლილების, ზოგს - არა. ერთმა მითხრა, - ის ყველა დროში იმ ფორმებით იბრძვის ძალაუფლებისათვის, რა ფორმებიც იმ დროისთვის უფრო მისაღებიაო. სხვები მიიჩნევენ, რომ ნიკამ სრულიად რაციონალურად, გააზრებულად გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შეცვლა და ამისათვის წარმოუდგენელი ძალისხმევა გაიღო. ეს მიზანდასახულობა და ნებისყოფა ჩემთვისაც თვალშისაცემია. მის სხვა ცხოვრებას კი მხოლოდ წამიერად თუ მოკრავ თვალს, ერთ გამოხედვაში, როცა ხვდები, რომ სადღაც ძალიან შორიდან იყურება. ჩემთვის უცხო, მაგრამ ამ ქვეყნისათვის კარგად ნაცნობი წარსულიდან.

ნიკას რომ ვკითხე, - ვინ გიცნობთ ყველაზე კარგად, ვისთან ღირს ჩემი შეხვედრა-მეთქი, - მამუკა და ჩემი ყოფილი ცოლი, სოფოო, - მიპასუხა. „მართალი უთქვამს“, - გაეცინა სოფოს და ყავის მოდუღებას შეუდგა. სოფო მაღალია და ძალიან ლამაზი.

სოფომ და ნიკამ ამერიკაში 8 წელი გაატარეს ერთად. ტყუპებიც, ლიზა და მარიამი, იქ გაჩნდნენ. ამიტომ, სოფოს ამერიკაზე ვეკითხები.

„ვცდილობ, არ ვიმსჯელო ადამიანებზე მხოლოდ წარსულით. ჩემთვის ადამიანი არის ახლა. ნიკუშამ არაორდინალური ცხოვრება გაიარა, რომელმაც კვალი ალბათ დატოვა მასში, მაგრამ ამერიკაში ის მაქსიმალურად გარდაიქმნა“.

ამერიკაში წასვლამდე სოფოს და ნიკას ბუნდოვანი, არაკონკრეტული მიზნები ჰქონდათ. „უბრალოდ ვხვდებოდით, რომ ეს თვითდამკვიდრების, საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობა იყო, - იხსენებს სოფო, - საქარველოსთან ემოციური მიჯაჭვულობა მიზანდასახულობაში გადაიზარდა. უკუკავშირი საქართველოსთან არასოდეს დარღვეულა“.

წასვლის გადაწყვეტილება სოფომ მიიღო. „მიზნის მიღწევის ბევრად უფრო ცივილიზებულ მეთოდებს მივაგენით, მივეჩვიეთ წესრიგს. ნიკუშამ ჩასვლამდე არც ერთი სიტყვა არ იცოდა ინგლისურად. ინგლისური ისწავლა, ჩოგბურთის თამაში დაიწყო, ვარჯიშობდა. მერე უკვე მუშად მუშაობდა და გამოცდებისთვის ემზადებოდა. მე უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა ჩემი კარიერისთვის, მაგრამ სულ საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით ვიყავი დაკავებული“, - ამბობს სოფო ცოტა გულდაწყვეტით.

„ჰო, ეგრე იყო, - აგრძელებს ნიკა მოგვიანებით, - დავიწყე ინგლისურის სწავლა. ჩავაბარე სამართლის სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდა, LSAT (საშინელი გამოცდაა), მაგრამ იმ წელს უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი. მეორე წელს, უკვე წინა წლის შეძენილი გამოცდილებით, გამოცდების ნიშნები და იდეალისტური განაცხადი ათ სხვადასხვა უნივერსიტეტში შევიტანე. ველოდები პასუხს.

ჩემი დაბადების დღეა, 17 მარტი, მაცვია რეზინის ხელთათმანები, მიკეთია წინსაფარი და ვრეცხავ რაღაც დიდ ქვაბს. უცებ სამსახურში რეკავს ტელეფონი. მენეჯერმა დამიძახა, - ვიღაც ქალი გირეკავსო. Happy birthday - მეუბნება. გმადლობთ-მეთქი. კიდევ გამიმეორა, - გილოცავთ დაბადების დღეს, თქვენთვის კარგი საჩუქარი გვაქვსო. სულ დავიბენი. მგონია, რომ რაღაც სატელეფონო ლატარეაა, კინაღამ დავუკიდე ყურმილი. ერთი წუთი, ერთი წუთი, არ წახვიდეთ, გირეკავთ, რომ მოგილოცოთ, რომ თქვენ მიღებული ხართ სამართლის სკოლაშიო. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. ჩემმა ამ რამდენიმეწლიანმა წვალებამ შედეგი გამოიღო და მიმიღეს კალიფორნიის რომელიღაცა სკოლაში. გავვარდი ეზოში, ნაგვის ბუნკერებთან ვიდექი და ცრემლებს ვიწმენდდი. მაგარი მომენტი იყო. ეგრევე სოფოს დავურეკე. ჰოდა, მერე იმ 10-დან კიდევ 7-მა სკოლამ მიმიღო. შევარჩიე ის სკოლა, რომელმაც წინა წელს უარი მითხრა. რევანში ავიღე. ასე რომ, ეგრეა, ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა იცოდნენ...“

რომ ყველაფერი შესაძლებელია- ვაწყვეტინებ მე.

არა, არა, ეგრე არ არის, ყველაფერი არ არის შესაძლებელი. თავისით არაფერი არ ხდება. თუ მაგრა გინდა, აი ის, რაც მაგრა გინდა, თუ იმისკენ მიდიხარ, აი ეგ ხდება შესაძლებელი. ფორდის ქალიშვილს ჰკითხეს, ყველაზე მაგარი საჩუქარი მამათქვენისგან რა იყო, - მემკვიდრეობა თუ რაღაც სხვაო. ამ ქალმა უპასუხა, ყველაზე მაგარი საჩუქარი იყო წარწერა საშობაო ნამცხვარზე - „მიუხედავად იმისა, რისი გჯერა შენ, შეძლებ თუ ვერ შეძლებ, ორივე შემთხვევაში მართალი ხარ, რადგან გჯერა“. მოკლედ, მთავარია ის, რისიც გჯერა. ამერიკაში მივხვდი, რომ ეგ არის რწმენა. ამერიკამდეც მაგ რწმენით წავედი, მივხვდი, რომ მე ეს შემიძლია. can do it. არ ვიცი, ეს საიდან მაქვს, ალბათ ხასიათის ამბავია. ამერიკა, იმიტომ, რომ თავისუფალია, კი არ გთრგუნავს, გაძლიერებს. იმ ქვეყანამ მომცა ეს. გამაძლიერა. და მე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც იყოს ეს განცდა. რომ ადამიანები ერთმანეთს კი არ ასუსტებდნენ, კი არ აკომპლექსებდნენ, აძლიერებდნენ.

ზოგადად, თავისუფლება არსებობს, თავისუფალი სივრცე არსებობს, თავისუფალი სამყარო არსებობს. მე მინდა, რომ ეს განცდა - დაცულობის, სიმშვიდის, თავისუფლების - იყოს ჩემს ქვეყანაშიც. აი, ეს მინდა. მე ისედაც ვგრძნობ ამას და მინდა, რომ სხვებმაც გაიგონ. ოღონდ, თავისუფლების ეს შეგრძნება „იქ“ შემთხვევითი არ არის, მიზანმიმართულად იშრომეს ამისათვის. ჩვენთან კი ადამიანები ინერციით, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, პირველყოფილი ინსტინქტებით ცხოვრობენ. ძალიან ეგოცენტრულები და შეშინებულები არიან. ერთმანეთს უღრენენ იმიტომ, რომ სხვისი ეშინიათ. ეს არათავისუფალი საზოგადოების პირველი ნიშანია, როცა ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან. მარტივი ნდობა არ არსებობს, ზოგადი ნდობა, ზოგადი სიმშვიდე, ზოგადი თანხმობა არ არსებობს მარტივ ღირებულებებზე. ჩვენთან არ არსებობს გაუბანძებელი ჭეშმარიტებები. ინსტინქტურად ჰგონიათ, რომ ბოლო თავშესაფარი ამ წუთას რელიგია და ეკლესიაა და ცდილობენ, რომ ამას ჩაებღაუჭონ. ამ დროს ეს იმისთვის არ გამოდგება. აქ განათლების, პოლიტიკური სისტემის არარსებობის პრობლემაა, მაგრამ ამ სისტემებსაც ადამიანები ქმნიან“.

აქ სოფო მახსენდება: „შინაგანი თავისუფლების განცდა ჩვენს საზოგადოებას არა აქვს. ჩვენი ხელისუფლებაც ამ საზოგადოების ნაწილია. თითქოს მათაც ეშინიათ თავისუფლების. ეს ქალაქიც კარგავს სახეს, ძალაუფლებისთვის ბრძოლის პლაცდარმად იქცა. თითქოს დავკარგე შეხება აქაურობასთან, ნავსაყუდელი ვერ ვიპოვე. ყველაფერი ობობის ქსელივით დაიქსაქსა“.

ამის გამო, სოფომ ისევ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, ამჯერად კახეთში მიდის, თავის ოჯახთან ერთად. „ახალი საქართველო უნდა აღმოვაჩინოთ. ავაშენეთ სახლი, გვექნება პატარა მეურნეობა და ბევრი დრო მნიშვნელოვან რაღაცებზე საფიქრალად. ბავშვებიც მიხვდებიან, რომ აქვთ არჩევანი, რომ სხვანაირი ცხოვრებაც არსებობს“, - ამბობს სოფო და თვალები უნათდება.

სოფო ახალი თავისუფლების კუნძულის საძებნელად მიდის. ნიკა კი მინისტრის კაბინეტში, ბუხართან ზის და ისევ თავისუფლებაზე ლაპარაკობს:

„როგორც კი ტანკები გავა აქედან, თავისუფლება იფეთქებს, ჩეხეთშიც ასე მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებს შორის სოლიდარობაა, ვისაც ეს ესმის. ამ სივრცის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

მიშა დიქტატორი არ არის. თავის მინუსები აქვს, მაგრამ მისი მიზანი დიქტატორობა არ არის, დამიჯერეთ. აი, ჩვენი ოპონენტების უმრავლესობა კი სხვა ხალხია. ენის გარდა, მათთან საერთო არაფერი მაქვს. ეს ენაც, მგონია, რომ სხვა არის. სხვა ეპოქის ადამიანები არიან. რაღაც მოხდა ჩვენ შორის, ის სხვა ცივილიზაციაა, მე - სხვა. გეთანხმები, რომ თავისუფლება თუ გულწრფელად არ გინდა, აზრი არა აქვს. მაგრამ ის, ვინც არაგულწრფელია თავის მიზნებში, მისივე პრობლემაა. მისთვისვეა ეს კონტრპროდუქტიული, მათი მიმდევრების რიცხვიც პატარავდება.

ბოლო-ბოლო, არ არის საინტერესო, ვინ ვარ მე. ჩემდამი ეს ცნობისმოყვარეობა მაინც არასწორი მითოლოგიით არის განპირობებული. ჩემი მინისტრობა და ეს ყველაფერი მეათეხარისხოვანია. უფრო საინტერესოა ისეთი რაღაცები, რაც ახალგაზრდებს შთააგონებს.

ის, რასაც შენ დაწერ, თან გულწრფელი უნდა იყოს, თან ვიღაც უნდა გააძლიეროს. მე შემიძლია, ვიყო ინსპირაციული. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ ამას. მე შემიძლია ადამიანების მოტივირება, იმიტომ, რომ მე თვითონ ვარ მოტივირებული. ინსპირაცია გადამდებია, ჩემზეც ასე მოქმედებს სხვისი. მჯერა სიკარგის, მჯერა, რომ ის არსებობს. ამაში ამერიკა დამეხმარა, თუმცა ბავშვობიდან იდეალისტი ვიყავი. სიკეთის იმიტომ კი არ მჯერა, რომ სიკეთეა და კარგია და ასწორებს. აი, რაც კარგია და ასწორებს და მომწონს, მჯერა, რომ ის ასევე ძლიერია და აქვს აზრი, რომ მას იცავდე და მისთვის იბრძოდე. სიკეთე არ არის კონტროლის იარაღი, სიკეთე არსებობს როგორც ჰიპოსტაზი, როგორც თავისთავადი მოცემულობა ადამიანში. ადამიანში ნაბიჭვრობაც არის, ცხოველური, ველური, მტაცებლური რაღაცები. თუ იდეალიზმისგან დაიცლები, ცუდი ცხოველი ხდები, ყველაზე საშიში მტაცებლებში და ყველაზე საცოდავი. მაგრამ თუ სიკეთეს არ ჩაკლავ, სულ გაქვს შანსი, რომ ეს კარგი გაზარდო და უკეთესი გახდე.

მეც რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატები, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების. ძალიან ადვილი იყო, რაღაც მომენტში დამეჯერებინა, რომ აი, ეგა ვარ, რაცა ვარ. და ისეთივე გამოუსადეგარი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის, როგორც ვიყავი. რეზო გაბრიაძემ მითხრა, - ჩემთვის იქამდე სრულიად უცნობმა კაცმა, დიდი ხანი ვილაპარაკეთ - იცი რაო, მთავარია, ადამიანს და ადამიანობას ემსახუროო. იგივე მითხრა, რასაც ელინგტონი ამბობს ზავინულის დისკზე My people. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ გეძლევა ამის შანსი. არა, ამის უფლება და შანსი გაქვს ყოველთვის, მილიონნაირი დაცემის და შეცდომის მერეც“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^