საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო.
„ეს არ არის საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილმა ასე გადაწყვიტა. ეს იყო მისი პერსონალური გადაწყვეტილება, ალბათ, მის შტაბთან ერთად. კონკრეტულად ჩვენ ამ ღონისძიებაში არ ჩავრთულვართ“, - განაცხადა კახიშვილმა.
საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ის ასევე იმყოფებოდა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თუმცა მედიისთვის ანონსი მისი ვიზიტების შესახებ არ გაუვრცელებიათ.
გმირთა მოედანზე და მთაწმინდის პანთეონში მისი მისვლის კადრები ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.