Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ფუნაგორია

21 იანვარი 2019

ლექსიკონის განსაზღვრებით, ფუნაგორია ენტომოლოგიური ტერმინია, ერთ-ერთი მწერის, ხოჭოების საერთო სახელია, რომლებიც ფუნით იკვებებიან: ჭიაფანდურა, ნეხვის ჭია, ფუნაგორია.

რაც შეეხება ლიტერატურას, როგორც ფსევდოგანმარტება ამბობს, ლიტერატურაში ფუნაგორია „არს მწერი ფრიად უწყინარ და უვნებელ ყოველთა ცხოველთა ზედა... არ იცის კბენა, არცა ისრითა შაშვრა, არცა კბილთა ღრჭენა, არცა ჰინტრიგობა, ხვანჯი უხამსი, რაიცა მოსდგამს მოდგმასა ადამისასა, უფრორეცა მათ კაცთა კალმისამრხეველთა, რაოდენნიცა არიან სასახლესა მას ხელოვანთა და სრულიადსა საქართველოსა შინა...“.

კრებულში, რომელიც თავის დროზე ლიტერატურის ინსტიტუტმა გამოსცა, ფუნაგორიის კიდევ ერთი განმარტება გვხვდება:

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

„ფუნაგორია სტილია ამომავალი კლასისა,
ბევრის პერანგი შეღება, ბევრი მწერალი გასრისა.
სწრაფია ფუნაგორია, ხელიდან ხელში გადადის,
აკანონებს და ამტკიცებს ლიტერატურულ სინიდისს,
ჟინი სჭირს მწერლუკანების მონიკელებურ ცილინდრის“.

საინტერესოა, რომ პატარა ლექსში, რომელსაც „ჩვენებური მწერლები“ ჰქვია, ირაკლი აბაშიძე მწერლებს ნეხვის ხოჭოებს ადარებს, რომლებიც სტადიონზე ფუნას ბურთივით მიაგორებენ, მაგრამ, ფეხბურთელებისა არ იყოს, ხელში არ იღებენ.

რაც შეეხება პირველ ფუნაგორიას, ის კოლაუ ნადირაძეს დაუწერია და ლიტერატურაში ამ ტერმინის დამკვიდრებაც სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. ნადირაძემ ფუნაგორია პეტრე გელეიშვილს (ფსევდონიმი - ყარიბი) მიუძღვნა. ნიკა აგიაშვილის (მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი) ცნობით, რომელმაც ქართულ ფუნაგორიებს ერთ კრებულში მოუყარა თავი, 1910-20-იან წლებში გელეიშვილი მკაცრად აკრიტიკებდა ცისფერყანწელებს, ამიტომაც მიიღო კიდეც ეს ფუნაგორია: „პეტრე გელეიშვილს - ყარიბს“:

„მან მწერლობაში დასტოვა კვალი
ვით განავალი მოლზე კამეჩმა.
საქართველოში იმაზე მყრალი
ჯერ არ დადგმულა არცერთი ჩეჩმა“.

ბუნებრივია, ზოგიერთი ფუნაგორია უწყინარია, თუმცა, მათი უმეტესობა საკმაოდ მძაფრია:

„სანდრო ეული ნახო სიზმარში,
კარგია ძლიერე, ფული იცის“.

გასაგებია, რასთან არის შედარებული სანდრო ეული.

ზოგადად, ფუნაგორიები უამრავ მწერალსა და პოეტზეა შექმნილი. ჩვენც ნელ-ნელა გავყვეთ და ვახსენოთ მათგან გამორჩეულები.

ფუნაგორიების მიხედვით, სიმონ ჩიქოვანი ხელმოცარული და უნიჭო პოეტი იყო. რა თქმა უნდა, მასზე სხვა მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ ჩიქოვანზე უთქვამთ:

„ჩიქოვანის ცულით
და გვეტაძის ტრაწით
ამოივსო სული
შალვა დემეტრაძის.

ნაპოეტარ არის
ავტო უყვარს, ავტო,
და გვეტაძის კარის
მსახურია მარტო“.

განსაკუთრებით მწარეა 1934 წელს, სიმონ ჩიქოვანის ლექსების კრებულის გამოცემისადმი მიძღვნილი ფუნაგორია:

„ჩიქოვანის ნიჭის ძალა
მიიჩნიეს სრულ აბსურდად,
ეგონათ, რომ მაწანწალას
ოთახი და პური სურდა.

მაგრამ, როცა მწერლის კიბე
აირბინა ყველა შედრკა
აქეთ-იქით შეიკრიბნენ,
ის დარბაზის შუა შედგა.

ჩაიხადა რა შარვალი,
მათ გახედა ალმაცერად
და ჩაცუცქდა უტიფარი,
იქვე ლექსის დასაწერად.

(შუა დარბაზში ჩაცუცქული რა ლექსსაც დაწერდა, ყველამ კარგად იცის).

არ სჯეროდათ, მაგრამ მაინც
არვინ იყო პირში მთქმელი,
სანამ მისმა მეგობარმა
კუდის ქვეშ არ შეყო ხელი

დაწერა არ დამეზარა
ამ ამბავის, თორემ მე რა,
იმ დალოცვილს დაესვარა
ორივ ხელი ბესოსფერად“.

ბესოში აქ ბესო ჟღენტი იგულისხმება.

ფუნაგორიების მთელი წყებაა შექმნილი დავით კლდიაშვილის ვაჟის, სერგოს მოსათხრელად. მოგეხსენებათ, რთულია დიდი მამის შვილობა და მით უმეტეს, რთული აღმოჩნდა დავით კლდიაშვილის შვილობა. კარგი კაცი იყო სერგო კლდიაშვილი, ისიც ცისფერყანწელი, თუმცა მამის ჩრდილი მას არ ასვენებდა, ისევე, როგორც სხვები არ ასვენებდნენ ისევ და ისევ მამის ჩრდილის გამო:

„ის ურჩევნია მამასა
შვილი არ წერდეს დრამასა“.

ნიკა აგიაშვილის ცნობით, 1944 წელს სერგო კლდიაშვილმა სამამულო ომის თემაზე მხატვრულად საკმაოდ სუსტი დრამა „ირმის ხევი“ დაწერა. სწორედ ამიტომაც გამოითქვა - „ის ურჩევნია მამასა“...

სერგოსთან დაკავშირებით არსებობს სხვა ფუნაგორიებიც:

„დავითმა ცეცხლი დასტოვა
ამისგან რჩება ნაცარი,
და ისიც დავითისაა,
სერგოში კარგი რაც არის“.

ცნობილი ფუნაგორისტი იყო ლადო ასათიანი, რომელსაც მწარე ენა ჰქონდა და რიგ შემთხვევაში თანამებრძოლებსაც არ ინდობდა. იროდიონ ქავჟარაძეზე, მწერალთა კავშირის საქმეთა მმართველზე აქვს ნათქვამი:

„რადგან არ გავდი ვირო დიონისს,
ალბათ ძმა იყავ იროდიონის“.

ასევე, ლადო ასათიანს ეკუთვნის ფუნაგორია მწერალ აპოლონ წულაძეზე:

„ყველა დაუჭირეს აპოლონს დის მეტი,
და მაინც არ მოიშლა აპლოდისმენტი“.

რა პერიოდია გვესმის, რა მწარეა ასეთ დროს ამ თემაზე ასეთი ხუმრობა, როდესაც ყველას იჭერენ - ამასაც ვხვდებით, მაგრამ ამ ჟანრისთვის შავი იუმორია დამახასიათებელი.

საგულისხმოა ისიც, რომ ზოგჯერ ერთი ადამიანისადმი მიძღვნილი ფუნაგორია, შემდგომში სხვებზეც ვრცელდებოდა. მაგალითად, 30-იანი წლებში ალიოშა ქუთელიაზე ასეთი ცნობილი ფუნაგორია ითქვა: 

„გაჩენილი კატის კნუტად,
კანტს კითხულობს კანტი-კუნტად“.

ასევე, არსებობს ფუნაგორიები, რომლებიც რამდენიმე პოეტს ერთდროულად ეხება. ერთ-ერთია „საჩონგურო მასალა“, რომელშიც ალეკო შენგელია, კარლო ბობოხიძე და დათა თაქთაქიშვილი არიან მოხსენიებულნი:

„შენ ეპოქამ გაპატიოს,
რომ გაგხადა საპატიო.
ზდრასტი, ზნაკომ ალეკო
შე პოეტო მალენკო.
ოტ პოეზიი დალეკო,
შენი უშნო ლექსებით
ხალხი უნდა წალეკო
მოეწონე მალენკოვს“.

საინტერესო ბედი აღმოაჩნდა ალეკო შენგელიას. მისი პოეზია კოსმოსში წასაღებ წიგნებში არც მეტი, არც ნაკლები, იური გაგარინმა ახსენა!

„პოეზიის ობოლ ხიდზე
მიცუნცულებს ბობოხიძე.

პოეზიის ქაჩალ ხიდზე
მილაყუნებს კაჭახიძე.

თაქთაქიშვილმა დათამა
ამ ურჯულომ და თათარმა,
სულყველა როგორ დაქრთამა
დაწერა ექვსი პიესა,
ექვსივე აპატიესა“.

აი, ისეთი დრამატურგი - თაქთაქიშვილი დავითი, რომელსაც მართლა დაუწერია ექვსი პიესა და ექვსივე „საპატიებელი“ ყოფილა.

არსებობს უიშვიათესი ფუნაგორია, ალიოსა და ილიოზე, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს მიეწერება.

„ალიომ უთხრა ილიოს,
ვაჰ, თუ მზე გამოილიოს
ილომ თქვა: ჩემანალაო,
ბზეს მირჩევნია ჩალაო“.

(იგულისხმებიან ალიო მიშაშვილი და ილო მოსაშვილი.)

უამრავი ფუნაგორიაა შექმნილი ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეებზე. თუკი ირაკლის შემთხვევაში, დაცინვის მიზეზი, საკმაოდ ხშირადაა მისი სიმაღლე:

„ერეკლე პატარა იყო,
ეს კი იმაზე მეტია,
ნეტავ რა დედამ დაბადა,
ანდა, სად გამოეტია“.

გრიგოლ აბაშიძეს ხან სიმელოტის გამო დასცინიან, ან კი მისი ლექსების კრებულს „იმერეწინსკაია შუტოჩნაია“-თი მოიხსენიებდნენ.

მასვე ეძღვნება ერთი დიდი ფუნაგორია, ლექსი-გამოცანა „ცურცლა“, რომლის პასუხიცაა - გრიგოლ აბაშიძე:

„ის ქოჩორა ბიჭი იყო,
თმა შვენოდა ბნელზე-ბნელი,
მაგრამ შემდეგ გაიპუტა,
შემდეგ გახდა ბელზებელი“.

(გრიგოლ აბაშიძეს ღერი თმა არ ჰქონდა თავზე)

„მაშაშვილის გვამში ძრომით
აღარ შერჩა ღერზე-ღერი.

ერთი წიგნი დაგვიწერა
ცურცლამან და დამფურცველმან,
ნაკვესების კრებულია,
ეწოდება ასფურცელა.

თავის თავი ამოსწურა,
ვერ გაექცა იაფ ფასონს,
ვერ იქნა და ვერ გასცილდა
ადამიას დიაპაზონს.

შერჩა ქისა ისევ ისა
და სახელი პამპულისა
ადამიას რაზმერისას
კალანდაძის ამპლუისას.

ბრუციანი ის არ იყო,
მაგრამ იცით რა მომხდარა?
ლეონიძის მამულებში
საქურდავად ჩამომხტარა“.

და ა.შ.

საინტერესოა, რომ ამ გამოცანაში აქ ნახსენებია სიმონ სხირტლაძეც:

„თუ ამგვარად სხვის მამულში იმორიგა
და იმგვარად იჩახუნებს,
ვით სხირტლაძე სიმონიკამ,
მოკლე *უტუ მას არ ჰქონდა,
*უტუ ჰქონდა გრძელზე-გრძელი,
მაგრამ შემდეგ დაუმოკლდა,
როცა გახდა ბელზებელი.

ირაკლის რომ პირი მისცა,
*ინეტისტი როცა გახდა,
ირამ უთხრა - შენი ასო
უმოქმედოდ ხომ მთლად წახდა
უმოძრაოდ გიკიდია და მაგივრად
აძლევს პირსა
ეხლავ ძირში უნდა მოგჭრა,
ღირსი არ ხარ ტარებისა“.

საშინელი ფუნაგორიაა, თუმცა ამაზე ბინძურებიც არსებობს, მაგალითად, იოსებ გრიშაშვილსა და ვეშაპელის ქვრივზე - ნინა ხაჩიძეზე, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ მისი მოყვანა აქ არ შეიძლება.

ენამწარე ფუნაგორისტი იყო პოეტი და დრამატურგი კარლო კალაძე, თუმცა არც მისთვის დაუკლიათ „მოთხრა“:

„გარბოდი ოდებით
უაზრო ბოდებით,
ცუილად იქეცი
გაჰყევი ქარს.
შენ კარლე კალაძევ,
იგივე კარლოუ
დიდუუ, რამხელა ბითური ხარ.
ხარბო და ხან ბოდვა,
აფერისტ ორდენის
როგორც ცრუ ქაქუნა
ჟაკუნა ჟაკ,
შენ თვითონ შაიხსენ
ნიფხავის ზორტები,
სულ მალე საქვეყნოდ
მოგთხოვენ ტრაკს“.

(ჟაკუნა ჟაკში იაკობ ბალახაშვილი იგულისხმება.)

სერიოზულად ესხმოდნენ თავს კონსტანტინე გამსახურდიას. მოგეხსენებათ, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ თარგმნა კონსტანტინე ჭიჭინაძესთან ერთად დაიწყო. პირველი ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ ერთობლივად თარგმნეს, შემდეგ კი ერთმანეთს ვეღარ გაუძლეს და „სალხინებელი“ და „სამოთხე“ გამსახურდიამ მარტომ თარგმნა.

ამ თემას მიეძღვნა ფუნაგორია, რომელსაც „კოწოური ინტერმეცო“ ჰქვია.

„ჟამით ჟამზე გულმოდგინედ,
ვთარგმნიდი დანტეს.
ქართულ კულტურის მოამაგე ბერი კოწონი
ვიგულსმოდგინეთ, ვიმოღვაწეთ, ერთად დავანთეთ
დიდებულისა ქართულისა სიტყვის კოცონი.
მარჩვიბთა ესე განვლეთ ბჭენი ჯოჯოხეთისა
გვსურდა ერთობლივ აღმოგვეთქვა ჰაე და ჰოე,
გარნა ზნე ჩვენი ერთად ყოფნას ვერ შეეთვისა
და ნეტარება მარტოულად თარგმანში ვჰპოეთ“.

ასევე, კონსტანტინე გამსახურდიაზეა ნათქვამი:

„კოწოს შემოქმედება
ღობე-ყორეს ედება“.

საკმაოდ ხშირად, გამსახურდიას იმისთვისაც აკრიტიკებდნენ, რომ ფართო გაქანებისა იყო და ყველაფერთან ერთად, ლექსებსაც წერდა. სტალინზე რომანი იქნებ აპატიეს კიდეც, მაგრამ ლექსები - ვერა:

„ყველა პოეტი ლექსის ქურდია
ფილოსოფოსი ხომ კიდევ მეტი,
მაგრამ კოწია გამსახურდია,
სასაცილოა, როგორც პოეტი.

ალბათ სერიოზულად ეწყინებოდა კონსტანტინე გამსახურდიას, ერთადერთი დიდი ადამიანი რომ ყოფილიყო, ვისაც ასე მწარედ შეეხო ფუნაგორიები.

ანალოგიურ მდგომარეობაში ჩააგდეს შალვა ნუცუბიძე, რომელსაც, ერთ-ერთი ფუნაგორიით, პირდაპირ ვთქვათ, თავზე გადაუარეს:

„გერმანია წამოვიდა,
ვერაგულად თავს დაგვესხა,
როგორც იქნა გავაჩერეთ
მოსკვა რეკას სათავესთან.
ეს კაცი კი ისე მოდის,
ისე თარგმნის, ისე სცელავს
რუსთაველს და ჩახრუხაძეს,
ჩიქოვანს და ასფურცელას
დროზე თუ არ გააჩერეთ,
არ ეყოფა ჰონორარი.
ადგილზევე შეისწავლეთ,
მოგზავნილი ხომ არ არის.
ჩიქორთული თარგმანებით
პირდაპირ რომ გულს უმიზნებს,
კაცი არ ხარ, ქრისტიანი,
გააჩერეთ ნუცუბიძე!“

მართალია, ნუცუბიძე პრაქტიკულად ყველაფერს თარგმნიდა.

უამრავი ფუნაგორიაა მწერალთა კავშირის მდივნებთან დაკავშირებით. არსებობს ასეთი ანდაზაც - „მდივნები წავლენ და წამოვლენ, მწერლები დარჩებიანო“.

მწერლების დაცინვის განსაკუთრებულ ობიექტებს წარმოადგენდნენ კრიტიკოსები, მათ შორის, პირველ რიგში - ბესო ჟღენტი, თუმცა, არც შალვა რადიანი დაუტოვებიათ უყურადღებოდ:

„რადიანმა თუ ჩაგიგდო,
ამოგაგდებს, მოგსპობს.
კალმის წვერით, შენს ნაწერზე
ითამაშებს ფოქს-ტროტს“.

მაგარი ფუნაგორიაა შექმნილი ილია მოსაშვილსა და აკაკი სირაძეზე, რომლებიც ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან არიან შედარებულნი. მოსაშვილი და სირაძე ლიტფონდის ფინანსებს განაგებდნენ და პოეზიის ნაცვლად, „ჩოთკების რაკ-რაკს“ ასმენინებდნენ საზოგადოებას:

„ლიტ-ფონდი მოწყენილია,
ისმის ჩოთქების რაკ-რაკი,
ვით აკაკი და ილია,
ზის ილია და აკაკი“.

„კაკაბ-ყვარყვარაძე“ - პოლიკარპე კაკაბაძეზე შექმნილი ფუნაგორიაა, რომელმაც 1928 წელს „ყვარყვარე თუთაბერი“ დაწერა და შემდეგ სერიოზული ვერაფერი შექმნა. ფუნაგორია ამბობს:

„ცას შეჰყურებს და აბოლებს
მუდამ რეჟისორზე მწყრალი,
ერთხელ დასდო ოქროს კვერცხი
შემდეგ აღარ მოიკრუხა.
არ გსმენიათ? მას საჯაროდ
თუთაბერის მსგავსად უთქვამს:
დავწერ, მაგრამ ვინ დამიდგამს,
ვიღას შესწევს ამის ძალი!
პიესებს წერს ყველა ლენჩი,
ყველა გლახა და აბდალი.
თხოვნა არის, იმათ რიცხვში
არ ჩასწეროთ ჩემი გვარი“.

უამრავი ფუნაგორიაა იოსებ ნონეშვილზე, რომელთაგან ერთ-ერთში, მის მიმართ, საკმაოდ მწვავე ბრალდებაა გაჟღერებული:

„ნონეშვილი იოსება
წვერ-ულვაშით იმოსება.
პაგონებით დარდიმანდობს,
აუხდა, რაც იოცნება.
მაგრამ ლექსებს რისთვისაც წერს,
ტყვილად რატომ იოსება,
პაგონებით, გაგონებით,
არც ნიჭით და არც გონებით“.

არ ვიცი, კონკრეტულად, რა „პაგონები“ იგულისხმება, თუმცა იოსებ ნონეშვილზე არაერთი ჭორი დადიოდა, მათ შორის უშიშროების სამსახურებთან მის კავშირზე და მათ შორის იმაზეც, რომ სადღაც, უცხოეთში, მისი ხელი საკუთარ ჯიბეში ბორის პასტერნაკმა აღმოაჩინა...

ფუნაგორიების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო გიორგი ლეონიძე, რომელიც ასევე არ დაინდეს და მწარედ აკენწლეს.

„ამ ბოლო დროს ლექსი გოგლამ
ძალზე გაგვიმოგვიმოგლა“.

განსაკუთრებით მწვავე იყო ფუნაგორიები გოგლას ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. როდესაც მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა, მაშინვე ითქვა:

„თავიდან ვით მოვიშოროთ,
თავის ჯარით და ამალით,
მუზეუმიდან კავშირში
გადმოიტანა ბარდელი.
გვაკვირვებს, რატომ შეგვწირეს,
გოგლას მწერალი ამდენი,
რატომ გახადეს კავშირი,
გოგლას ოჯახის არტელი.
ნეტავ ის კაცი ვინ იყო,
გოგლა ეგონა მზიანი,
მწერლებში კაცი არ იყო
რომ არ გვყოლოდა ზიარი?!
მუზეუმს დარჩენილიყო
ეს რედკი ეგზემპლიარი“.

არსებობს ერთი გამოცანაც, რომლის პასუხი წინასწარ არის ცნობილი - გიორგი ლეონიძე:

„გამოიცან ვინ არის,
ტრეპაჩებში წინ არის,
ძე ნიკოსი,
ძმა სიკოსი,
ქმარი ფეფიკოსი,
მამა თინიკოსი,
მძახალი შალიკოსი,
მძუძე ოსიკოსი,
ფრიადი ცინიკოსი,
ეპიკოსი,
აკადემიკოსი“.

ესენი, ყველა: ნიკო, სიკო, ფეფიკო, თინიკო, შალიკო, ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა დასაქმებული ჰყავდა. ამიტომაც იყო წინა ფუნაგორიაში ნახსენები, მწერალთა კავშირი ოჯახის არტელად აქციაო.

ბოლოსთვის დავიტოვოთ გამოცანა, რომელიც დაუწერეს კაცს, ვინც ფუნაგორია გამოიგონა. ამ გამოცანის პასუხიც მარტივია - კოლაუ ნადირაძე:

„ქვეყნად არ ჰყავს მეგობარი,
არც ნათესავი.
მარტოდ მარტო დაწანწალებს
ვირის *ლესავით.
უყვარს ვარდი, ქორფა გოგო, შუშა კიტრები,
თვალიდან ცრემლი სცვივა, როგორც სკინტლები.
რომ შეხედო, თითქოს კაცს ჰგავს, ჰხურავს შლიაპა,
სინდისს-ნამუსს იგი ჰყიდის ძალზე იაფად.
სულელ ფუნაგორიების არის მლექსავი
ვერ იცანი?! ჭკვიანია ვირის *ლესავით“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გასაგები ხდება ფუნაგორიის მთავარი ფუნქცია - დაცინვა, ხოლო დაცინვისა, როგორც გოგოლმა თქვა, იმასაც კი ეშინია, ვისაც არაფრის ეშინია. ამიტომაც იყო, მწერლები შიშით კვდებოდნენ, რომ მათზე ფუნაგორია არ დაწერილიყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^