Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მშობიარე დედათა პრობლემები და სიკვდილიანობა საქართველოში

21 მარტი 2019

ორსულობისა და მშობიარობის დროს განვითარებული ისეთი გართულებების გამო, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია, ყოველდღე  მსოფლიოში 830-მდე  ქალი იღუპება. 

დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების 99% განვითარებად ქვეყნებზე მოდის, ხოლო  დედათა სიკვდილიანობა უფრო მაღალია არასრულწლოვან დედებსა და სოფლად მცხოვრებ ქალებში. 

გაერო-ის მოსახლეობის ფონდის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და გაერო-ის სახალხო ფონდის ერთიანი ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროპის ქვეყნებს შორის დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   

მიუხედავად იმისა, რომ დედათა სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით 1990-2015 წლებში 44%-ით შემცირდა, გაერო-ის მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოში 2014 წელს დედათა სიკვდილიანობა 100.000 მოსახლეზე იყო -34 , 2015 წელს - 36 და 2016 წელს კი - 23.

ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშის “ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასების” თანახმად, დედათა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში. (გვერდი 13). 

დედათა სიკვდილიანობის პირდაპირი და არაპირდაპირი სამედიცინო მიზეზები არსებობს. 
პირდაპირი მიზეზები ორსულობის ან მშობიარობის დროს ჩნდება. ირიბ მიზეზებს კი ქრონიკული დაავადებები წარმოადგენს, რომლებიც ქალს შესაძლოა ორსულობამდე ჰქონდეს. 

დაავადებათა პრევენციის ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიშის თანახმად, დედათა  სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: ეკლამპსია/ პრეეკლამპსია (26%), სისხლდენა) (25%), გართულებები საკეისროს  შემდეგ (17%), სეფსისი (31%);  ირიბი მიზეზებია: ტუბერკულოზი (27%), სისხლძარღვთა დაავადებები (9%), თვითმკვლელობა (14%). 

ასევე, არსებობს სოციალური გარემოთი გამოწვეული მიზეზები. ეს შესაძლოა იყოს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახის დაგეგმვა და სექსი, რომელიც  ტაბუდ რჩება. ეს ახალგაზრდა ასაკში ქორწინების, შემდეგ კი - ორსულობის მიზეზი ხდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის თანახმად, ორსულობა არასრულწლოვანებში სიკვდილიანობისა და მკვდარშობადობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. საქართველოში დედათა სიკვდილიანობის 16% არასრულწლოვან გოგონებზე მოდის.

მსოფლიო ბანკის,  გაერო-ის ბავშვთა ფონდისა და გაერო-ის მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 1000 ორსული ქალიდან  41 არასრულწლოვანია. ამავე მონაცემებით, საფრანგეთში ეს მაჩვენებელი - 6.2ია, ფინეთში - 7.3, ფიჯიში და თურქეთში - 27, სომხეთში - 22. 

კვლევამ ქვეყანაში ანტენატალური მომსახურების დაბალი ხარისხი გამოავლინა. დაფიქსირდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერების დაბალი დონეც. 2014 წელს გარდაცვლილ დედათა უმრავლესობა საშუალო ან არასრული საშუალო განათლებით იყო, უმეტეს შემთხვევაში - დიასახლისები.

გაერო-ის მოსახლეობის ფონდის კვლევაში  ბიჭების 67% და გოგონების 82% აღნიშნავს,  რომ 18-24 წლის ასაკში არასოდეს განუხილავთ  კონტრაცეფცია მშობლებთან, მეორე მხრივ კი მოსახლეობის 53% ოჯახის დაგეგმვის მეთოდს იყენებს.

ასოციაცია "ჰერა XXI"-ის ხელმძღვანელი ნინო წულეისკირი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს სოციალური წნეხი და ინფორმაციის ნაკლებობა ქალებს შორის. მისივე განმარტებით, ქალებს უნდობლობა აქვთ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რადგან სტიგმატიზაციისა და გაკიცხვის შიში აქვთ.

“როცა  გოგოები ექიმთან მიდიან, სანამ მას პრობლემას აუხსნიან, სულ ეკითხებიან - "ჩემს სახელს ხომ არ გაამხელთ?" "მშობლებს ხომ არ ეტყვით?". საქართველოში არ არსებობს თინეიჯერებისთვის მეგობრული სერვისები, რადგან სამედიცინო მუშაკები ამავდროულად საზოგადოების ნაწილიც არიან. ხშირად ახალგაზრდა გოგონების დისკრიმინციას ახდენენ და აცხადებენ, რომ 15-17 წლის გოგონას არ აქვს უფლება სექსუალურად აქტიური იყოს, ჰქონდეს პირადი ცხოვრება და დაორსულდეს. ეს არის სტიგმა, რომელიც ხელს უშლის მოზარდებს, გამოიყენონ სამედიცინო სერვისები”, - განმარტავს წულეისკირი.

რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე განათლების მიღება საქართველოში შეუძლებელია. ძირითად შემთხვევებში ქალები ინფორმაციას ფრაგმენტულ ფორმაში და არასანდო წყაროებიდან იღებენ. ამის შედეგად ქალი ადვილად შეიძლება გახდეს სამედიცინო მუშაკის მანიპულირების მსხვერპლი, ვერ შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც მისი ძირითადი უფლებაა.

წულეისკირის თქმით,  ასევე მნიშვნელოვან პრობლემაა, რომ კონტრაცეფციასა და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე განათლების დაბალი მაჩვენებელი.

“კონტრაცეფცია ქალებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ეს აძლევს შანსს გოგონას, რომ სექსუალურად აქტიური იყოს და ორსულობა იმ დრომდე გადადოს, როცა მისი სხეული ფიზიკურად მზად იქნება ამისთვის. ასევე, საქართველოში ხშირია შემთხვევა, როცა მშობიარობის შემდეგ ქალები არ ითვალისწინებენ აღდგენისთვის საჭირო პერიოდს, და ამ შემთხვევაში დიდ როლს ასრულებს ოჯახის დაგეგმვა”, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

როგორც  გაერო-ის სახალხო ფონდის წარმომდგენელი ლიკა მიკაბერიძე ამბობს, ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და რამდენიმე გაიდლაინი და პროტოკოლი  შეიმუშავა კიდეც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლებიც პრენატალური მეთვალყურეობისთვის რეკომენდაციებს შეიცავს.

“ქალებმა იშვიათად იციან პრენატალური მეთვალყურეობის შესახებ. არც ის იციან, რომ გინეკოლოგთან რვა უფასო ვიზიტის უფლება აქვთ. მათთვის უფრო დიდ ინეტერესს ბავშვის სქესის გაგება წარმოადგენს”, - აცხადებს მიკაბერიძე,

მიქაბერიძის თქმით, გაერო-ის სახალხო ფონდმა 2016 წლიდან  ექვს შერჩეულ სამშობიარო სახლში სიკვდილთან ახლოს მდგომი შემთხვევების შემოწმების (NMCR) პროგრამის პილოტირება დაიწყო, რისთვისაც ექვსი სამშობიარო სახლი იყო შერჩეული - სამი თბილისში და სამი რეგიონში.  თითო შემთხვევის განხილვის დროს ინტერვიუ ჰქონდათ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა რადიოლოგიდან დაწყებული ბებიაქალისა და პაციენტის ჩათვლით. ყველა დიაგნოტიკურ საბუთთან ერთად შემოწმდა სამედიცინო ისტორია. შემდეგ მოხდა განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.

საზოგადოებაში დაბალი ცნობადობის გარდა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პრობლემები კიდევ რჩება. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს მაღალი რისკების დროულად გამოვლენის მექანიზმი, რაც ქალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ამას გარდა, ანტენატალური და პრენატალური მეთვალყურეობის ხარისხი დაბალ დონეზე რჩება. “განსაკუთრებით რეგიონებში, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა, სუსტი სატრანსპორტო სისტემა და მონიტორინგი ხელს უწყობენ იმას, რომ საქართველოში მშობიარე დედათა სიკვდილიანობა კვლავ მაღალ დონზე დარჩეს”, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში, რომელიც რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობას შეეხება.

თამარა                                                                            I

სამშობიაროში მივედი ტკივილებით. დამაწვინეს. 12 საათი ველოდეთ, რადგან საკმარისი "გახსნა" არ მქონდა. შემდეგ კი გამიკეთეს გამხსნელები ვენაში და დაიბადა ჩემი პირველი შვილი (2007 წელი იყო). ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, დააკავებინეს მამას ხელში და გაუშვეს კულუარში, ვინაიდან პოსტმშობიარობის სისხლდენის გამო მე ჩარევა დამჭირდა. გამოვხატავდი ჩემს ემოციებს, იქნებოდა ტკივილი, თუ სიხარული (ანუ ვამბობდი როგორ ვგრძნობდი თავს). ვთქვი, რომ დავიძინებდი, ვინაიდან ექიმის ჩარევა აღარ დასრულდა და მინდოდა ბოლო დადგომოდა ჩემს წამებას. ჩემი ძილის სურვილი კი გამოწვეული ყოფილა იმით, რომ ძალიან ბევრი სისხლი დამიკარგავს. სისხლის სასწრაფო მალევე მოვიდა და გადასხმა დროულად გამიკეთდა.

ბავშვი დაიბადა 18 საათზე. 22 საათზე მე ისევ სიცოცხლისთვის ვიბრძოდი. შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საშვილოსნო ამოეჭრათ. ამიხსნეს თურმე საშვილოსნომ თავისი საწყისი მდგომარეობა ვერ დაიბრუნა და სხვა გზა არ რჩებოდა. ეს მაცნობეს თვითონ ექიმებმა, მხოლოდ სხვა სერვისში გადავყავდით და ამიტომ დალოდება მოგვიწია. ეს ფრაზა ჩემთვის იყო ელექტროშოკი! ვფიქრობ ამ შოკის გამო დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა განვიცადე. ჩემი მეგობარი ექიმები კი ვერ იღებენ ამ ფაქტს სერიოზულად, მაგრამ მე ამის ღრმად მჯერა, რადგანაც სწორედ იმ წუთებში მოხდა სისხლდენის სრული შეჩერება. გადამიყვანეს რეანიმაციაში. აქ დავყავი ყველაზე ტანჯული 3 დღე, როდესაც ლოგინს მიჯაჭვული თავი ნამდვილ ავეჯად ვიგრძენი. ექთნები არც კი მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი, უბრალოდ ნემსებს მიკეთებდნენ, მასუფთავებდნენ და ეგ იყო.

არ დამავიწყდება ერთი სტუდენტის გაკეთებული (ვენაში) ნემსი, 4-ჯერ ააცდინა ვენას. რა ვქნაო, მკითხა. ვუპასუხე, რომ ჩემი მდგომარეობის შემყურეს ბარემ ესწავლა ჩემზე ვენის პოვნა, რადგანაც უკვე ამდენი ტკივილისგან ერთით მეტ თუ ერთით ნაკლებ ტკივილს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. იქნებ მომავალში სხვას გამოდგომოდა ჩემი ეს ჟესტი.ორივე ხელზე ნაჩხვლეტებისგან თავისუფალი ადგილი აღარ მქონდა. ამ 3 დღის განმავლობაში ერთადერთი ექთანი აღმოჩნდა, რომელიც დაინტერესდა და უბრალოდ მკითხა, რატომ ვტიროდი ამდენს. (2 დღე და ღამე ტირილში გავატარე).

გაჩნდა ნანატრი ბავშვი და მე არც კი მქონდა მისი ნახვის უფლება, არც არავის ჰქონდა შემოსვლის უფლება და არც ტელეფონის ქონა შემეძლო, რომ უბრალო კონტაქტი მაინც მქონოდა მეუღლესთან და გარესამყაროსთან. რეანიმაციის განყოფილებაში ისე მიმიღეს, როგორც უსულო საგანი (ეს ჩემი განცდილი გრძნობაა). ექთანს კი ვუპასუხე რატომაც ვტიროდი, რომ შვილი არც კი მენახა.

ჩემი მეუღლე კი ჰყვება ხოლმე მის რეაქციასა და ემოციებს... არ ვიცოდი, რა მექნა, ისიც კი არ ვიცოდი, როგორ დამეჭირაო. დაურეკავს თავისი დისთვის, რომელმაც ურჩია, რომ უბრალოდ ელაპარაკა ჩვილთან და აეხსნა ყველაფერი, რაც ხდებოდა, რას განიცდიდა და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს სამი დღე კი ის დღისით მამას ჰყავდა და ღამე ბებიაქალები იტოვებნდნენ.

ექთანმა გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა და გამონაკლისის სახით დააშვებინა, რომ შვილი 5 წუთით მენახა. ჩვენი პირველი შეხვედრა მანვე აღბეჭდა ფოტოზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩემმა შვილმა მიცნო, ჩემს გულზე უდევს თავი და მიყურებს.

შემდეგ კი 10 დღე ვიწექი სამშობიაროში, დღისით მე მყავდა ჩემი გოგო და ღამე არ მიტოვებდნენ, რომ დამესვენა. მე კი ვერ ვისვენებდი, რადგანაც სულ მეშინოდა მისი სიშორის.
ერთ-ერთი ასეთი ღამის დროს, მესმის ტირილი და რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემი იყო. ძლივს დავდიოდი, ავდექი და გავექანე. არასოდეს დამავიწყდება, ჩემს გოგოს როგორ მშვიდად ეძინა სხვა ჩვილების გვერდით.

მას მერე მაინც გადავწყვიტე მეორე შვილის გაჩენა და ის ზუსტად 2 საათში გაჩნდა. როდესაც პალატაში გაგვაგზავნეს, მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს შევხედეთ, ოცნებაში გვეგონა თავი. მშობიარობის მეორე დღეს კი ფეხზე რომ უპრობლემოდ წამოვდექი, აი მაშინ მივხვდი, რა გადამეტანა 2 წელიწად-ნახევრის წინ.
შემდეგ კი, ალბათ ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ  შემთხვევით მოვუსმინე რეპორტაჟს, სადაც ჩემნაირ სიტუაციას არჩევდნენ სპეციალისტები, მაშინ მივხვდი, რატომაც დამემართა 27 წლის გოგოს ეს უეცარი გართულება.

გამხსნელი წამალი, რომელიც ვენაში გამიკეთეს, ზედმეტი დოზით მოუვიდათ, რამაც ხელი შეუშალა საშვილოსნოს პირველადი ფორმის აღდგენას და გამოიწვია სისხლდენა. 2007-ში კი ექიმმა მითხრა, რომ გაურკვეველი იყო მათთვის, რატომ ჰქონდა 27 წლის გოგოს ორგანიზმს 40 წლის ქალის რეაქცია ... 


ნანუ                                                   II

ჩვეულებრივად, ალბათ 2 თვით ადრე მივედი (იმიტომ რომ იქამდე სხვა მყავდა სხვა საავადმყოფოში და არ მომწონდა. ეს მიქეს და მიდიდეს) და ერთ-ერთი ექიმის პაციენტად დავფიქსირდი. 11 აგვისტოს დილით დავღვარე წყლები და მივედი ჩაჩავაში. როცა მივედი ტკივილები უკვე დაწყებული მქონდა, მაგრამ ვუძლებდი, ფეხით დავდიოდი პალატაში და რაღაცნაირად გადამქონდა ეს ტკივილი. მერე, უცებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს, მითხრეს - აუცილებლად აპიდურალი უნდა გაგიკეთოთ, შენ ამ ტკივილებს ვერ გაუძლებო. ვერ მივხვდი, რატომ გადაწყვიტეს. არ მინდა-მეთქი, უბრალოდ სიარული მინდა და ამ სიარულით მიმსუბუქდება-მეთქი. არაო, გინდა თუ არა ეპიდურალიო. ამ დროს მე უკვე რაღაც დონეზე გახსნილი ვარ და ეპიდურალს კი ამ მდგომარეობაში თურმე არ აკეთებენ (ეს გვიან გავიგე). გამიკეთეს ეპიდურალი და ყველა ტკივილმა გაიარა. ცოტა ხანში კი დაიწყო უკვე უშუალოდ სამშობიარო ტკივილი, ჭინთვა და გადამიყვანეს ბლოკში და აი აქ დაიწყო სრული ტანჯვა. რადგან ეპიდურალი მქონდა გაკეთებული, ძალა საერთოდ არ მქონდა, რომ ბავშვს მივწოლოდი და სწორად გავჭინთულიყავი. ეს ჩემი ექიმი - იმის ნაცვლად, რომ აეხსნა ჩემთვის, სწორად როგორ უნდა მესუნთქა, საიდან უნდა მომხდარიყო ძალების კონცენტრაცია -  მიყვიროდა და მემუქრებოდა, რომ მაშებით გამოიყვანდა ბავშვს. მეუბნებოდა - მერე შენი შვილი დებილი იქნებაო. სრულიად მარტო ვიყავი ბლოკში, ამ ტკივილებისგან ვაფრენდი უკვე (და თან რომ ეპიდურალის დროს ჭინთვებიც არ უნდა იგრძნო, მე ამ დროს ყველაფერს ვგრძნობდი). და უცებ ეს კაცი, რომლის დახმარების იმედი გაქვს, გიყვირის, გეჩხუბება. მოკლედ გრძელდება ეს ჩემი უბედური მშობიარობა და როგორც იქნა ბავშვი გარეთ გამოვიდა. მაგრამ ეს ექიმი ანუ მთავარი მეან-გინეკოლოგი, რომელსაც მერე ფული გადავუხადე, რომელიც სპეციალურად ავიყვანე, თითი არ დაუკარებია ჩემთვის, მარტო შორიდან იდგა, ბრძანებებს გასცემდა და მიყვიროდა. თან მეჩხუბებოდა ჩუმად იყავი, სირცხვილიაო. მე კედლებზე გავდივარ ლამის, თავის ქალა ამეხადოს ტკივილისგან და იმიტომ, რომ ვკნაოდი, თურმე კნავილის ხმაც არ უნდა ამოსულიყო. მოკლედ გავაჩინე ბავშვი - ბებიაქალმა გამოიყვანა. როცა პალატაში გადამიყვანეს, მოიყვანეს ბავშვი - დაუბანელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდიათ! - ეს მედდა, ვინც ბავშვი მომიყვანა,  ახალგაზრდა გოგო, მეუბნება, რომ მარცხენა ხელთან ფრთხილად, დაზოგეთო. დაზოგეთ რას ნიშნავს-მეთქი?. ხმას ვერ იღებს. მე ვიცი ფულის დაზოგვა-მეთქი, ნერვების და ასე შემდეგ, მაგრამ ხელის დაზოგვა ამიხსენით რას ნიშნავს-მეთქი? მე ვერ გეტყვით. მოიყვანა ვიღაც ხანში შესული დედაკაცი (მეზიზღება ის ქალი) და ეს ქალი მეუბნება ახალნამშობიარებს (და მე მქონდა მართლა საშინელი მშობიარობა) - მე 25-წლიანი გამოცდილება მაქვს პედიატრიაში და თქვენი შვილი მარცხენა ხელს ვერასდროს ვერ აამოძრავებს და ამის მოლოდინი ტყუილად არ გქოდნეთო - აი ასე ადგა და მაჯახა. ხმა ვერ ამოვიღე. კარგი, გმადლობთ-მეთქი. იმ დღეს დავიძინეთ და მეორე დღეს გავაანალიზე, რომ ბავშვს პრობლემა ჰქონდა. დავრეკე ბიცოლაჩემთან, ავწიე მთელი სამშობიარო, დაფაცურდნენ. დაბანეს ბავშვი, მერე გადაუღეს რენტგენი - იქნებ მოტეხილობააო და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს იყო პარეზი - ნერვიული დაზიანება, რომელიც იწვევს კიდურის განუვითარებლობას. ანუ მოხდა რა: მე მაქვს ვიწრო მენჯები და ამ მეან-გინეკოლოგმა დაიკიდა ეს ფაქტი და რომ ვიხვეწებოდი საკეისრო გამიკეთეთ-მეთქი, არ გამიკეთა და მამშობიარა ფიზიოლოგიურად. ეპიდურალი რომ გამიკეთეს გვიან (რაც არ მინდოდა), ამან გამოიწვია ის, რომ ძალა აღარ მქონდა. მან არც ამიხსნა, როგორ უნდა გავჭინთულიყავი. შესაბამისად, მშობიარობა დამძიმდა და გართულდა. ამასობაში ბებიაქალმა არასწორად გამოქაჩა კესო და მთელი მარცხენა მხარე, ხელი, ფეხი ყველაფერი დაუზიანა. 1 კვირის იყო ბავშვი, რომ მასაჟები დავუწყე და დღეს უკვე 9 წლის არის, ნიჭიერთა 10-წლედშია ფორტეპიანოს განხრით, თავისი ასაკის ბავშვებში ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტია. მაგრამ ის, რომ კესოს მარცხენა ხელი დაემორჩილებინა, ჯოჯოხეთი გავიარე.

მასალა მომზადებულია საზოგადოებრივ საქმეთა სტუდენტების მიერ. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

ზელენსკი - დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯ ...

უკრაინაში ჩატარებული არჩევნები და ზელენსკის გამარჯვება პარადოქსული და, შეიძლება ითქვას, ტრაგიკომიკურიც იყო. ზელენსკ ...
17 აპრილი
17 აპრილი

ვცხოვრობდით ხელოვნებით

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრ ...
17 აპრილი
17 აპრილი

გრიგოლ გეგელიას იდეალი

გრიგოლ გეგელია დაიბადა თბილისში. მამა, პროფესორი გიული გეგელია - მსოფლიოს არქიტექტურული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველ ...

მეტი

^