Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული თუ შერეული საარჩევნო სისტემა

19 იანვარი 2019

საქართველოს კონსტიტუციის ახალი, უკვე მოქმედი რედაქციით განისაზღვრა, რომ 2020 წლის შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამის მიუხედავად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისევ გააქტიურდა მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შერეული (მაჟორიტარული და პროპორციულის კომბინირებული ვარიანტი) საარჩევნო სისტემის პროპორციული საარჩევნო სისტემით შეცვლას ითხოვს. ამასთან, არცერთი პარტია არ აზუსტებს, პროპორციული სისტემის კონკრეტულად რომელ მოდელს უჭერს მხარს ან/და რატომ. ასევე, ნაკლებად ვხვდებით შერეული საარჩევნო სისტემის არგუმენტირებულ კრიტიკას და მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ არის აღნიშნული მოდელი არაეფექტური და წარუმატებელი საქართველოს შემთხვევაში.

რატომ არის შერეული საარჩევნო სისტემა პრობლემური?

ბევრი სახელმწიფო ირჩევს შერეულ საარჩევნო სისტემას. თავის დროზე მისი საქართველოში შემოტანა გერმანიის გამოცდილებისა და მაგალითის გათვალისწინებით მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში დღემდე წარმატებით მუშაობს ეს სისტემა.

რა არის ამ სისტემის კრიტიკის საფუძველი საქართველოში? რატომ არ მოსწონს ოპოზიციურ პარტიებს შერეული სისტემა? რატომ მოითხოვენ ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას? და ამის საპირისპიროდ, რატომ იყო და არის ხელისუფლებაში მყოფი ყველა პარტია ამ სისტემის შენარჩუნების მომხრე?

შერეულ საარჩევნო სისტემაში კრიტიკის საგანი და შესაბამისად ცვლილების სამიზნე მაჟორიტარული წესით დეპუტატების არჩევაა. საქართველოს პარლამენტარიზმის გამოცდილება ადასტურებს, რომ მაჟორიტარული წესით, როგორც წესი, ირჩევიან მმართველი პარტიის მხარდაჭერის მქონე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით იოლად იგებენ მაჟორიტარულ ოლქებს და შემდეგ მორჩილად ემსახურებიან სახელისუფლებო პარტიას.  თუმცა, იმავდროულად, ხშირია შემთხვევა, როცა ისინი პარტიულ კუთვნილებასაც იცვლიან იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.

დიდი ფინანსური რესურსების მქონე პირის არჩევა მაჟორიტარული სისტემის ნაკლოვანებების მხოლოდ ერთი ნაწილია. მის მთავარ სისუსტედ მიიჩნევა, ე.წ. „დაკარგული ხმები“ და არა უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭერის მქონე დეპუტატის არჩევა (გააჩნია, მაჟორიტარული სისტემის ტიპსაც).

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვისაც წინა წლებში საარჩევნო კოდექსის შეცვლა ხელეწიფებოდათ, თუმცა პირიქით, თავის სასარგებლოდ იყენებდნენ არსებულ სისტემას, აცხადებენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემით ვერ ვიღებთ „დაბალანსებულ ხელისუფლებას“. რთული სათქმელია, რა იგულისხმება ზუსტად „ხელისუფლების დაბალანსებაში“. უფრო ალბათ ის, რომ მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებით სახელისუფლებო პარტია უზრუნველყოფს აბსოლუტურ, ხშირად კი საკონსტიტუციო უმრავლესობასაც საქართველოს პარლამენტში, რაც, საბოლოო ჯამში, მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში თავმოყრით მთავრდება და დაუბალანსებელი ხელისუფლების მიზეზი ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინამდვილეში, საუბარია მმართველი გუნდის შიგნით ძალაუფლების გაწონასწორებაზე.

შერეული საარჩევნო სისტემის კრიტიკის ავტორებს „ხელისუფლების დაბალანსების“ გასაღები კოალიციურ მთავრობასა და აბსოლუტური უმრავლესობის არმქონე პარტიებით ფორმირებულ პარლამენტში ჰგონიათ. ამის მიღწევის გზად კი მარტივად, მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმება მიაჩნიათ.

ამ ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ დაუბალანსებელი ხელისუფლებაა ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც საპარლამენტო დემოკრატიის მოდელია და სადაც მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი ერთი პარტია აკომპლექტებს. ასეთი „დაუბალანსებელი ხელისუფლება“ პრობლემა არ ყოფილა/არ არის არც დიდ ბრიტანეთში, არც გერმანიაში, არც ესპანეთში ან სხვაგან. მეტიც, ამის საპირისპიროდ, მთავრობის მდგრადობის პრობლემა ჰქონდათ კოალიციურ მთავრობებს იტალიაში, ბელგიასა თუ ისრაელში, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას სწორედ ორი ან მეტი პარტია აკომპლექტებდა.

მხედველობაშია მისაღები, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების დაკნინება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ზოგადი ტენდენციაა თანამედროვე დემოკრატიებში და ის სხვადასხვა მიზეზით აიხსნება. ასევე ზოგადი ტენდენციაა „ტრადიციული პოლიტიკური პარტიების“ პოპულარობის დაცემა, განსაკუთრებით ევროპაში, რაც ხსნის იმ ფაქტს, რომ ევროპის სახელმწიფოებში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ერთ რომელიმე პარტიას აბსოლუტური უმრავლესობის მიღება უჭირს და შედეგად ან კოალიციური მთავრობა მართავს (გერმანია, ჰოლანდია, იტალია, საბერძნეთი და სხვ.), ან უმცირესობის მთავრობაა (ესპანეთი). თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც (დიდი ბრიტანეთი).

სინამდვილეში საქართველოს პრობლემა არა „ხელისუფლების დაბალანსება“,  არამედ ძალაუფლების კონტროლის, წონასწორობის და წარმომადგენლობითი დემოკრატიის არქონაა. პრობლემა მთელი ძალაუფლების ერთი ჯგუფის ხელში თავმოყრაა, რაც არ არის მხოლოდ საარჩევნო სისტემის ბრალი და ბევრად უფრო კომპლექსური საკითხია. მოკლედ რომ ითქვას, საქართველოში საარჩევნო სისტემის თუ ზოგადად პოლიტიკური სისტემის პრობლემის სათავე მაჟორიტარული წესით არჩევნები არაა, ის მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა და არა ერთადერთი. ამასთან, თავად მაჟორიტარული სისტემა კი არ წარმოადგენს პრობლემას, მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა, არამედ მაჟორიტარული სისტემის შედეგები საქართველოში.

წარმომადგენლობითი დემოკრატია და ძალაუფლების კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმი

ძალაუფლების ბალანსზე ფიქრი პოლიტიკურ აზროვნებასა და ფილოსოფიაში რამდენიმე საუკუნის წინ გაჩნდა. ხელისუფლების შტოთა გამიჯვნასა და კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმზე ქრესტომათიული ტექსტები შექმნეს მონტესკიემ და “The Federalist Papers”-ის ავტორებმა. თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ეს ტექსტები პოლიტიკოსებმა ცუდად წაიკითხეს.

აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა წარმატებულ დემოკრატიებში წარმომადგენლებს მხოლოდ მაჟორიტარული წესით ირჩევენ. არჩევნების სხვა სისტემა მათთვის წარმოუდგენელი და მიუღებელიც კია. საქართველოში კი, ოპოზიური პარტიების უმრავლესობა მის სრულ გაუქმებას ითხოვს. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიასა თუ საბერძნეთში, ჰოლანდიასა თუ საფრანგეთში, დემოკრატია ეფექტურად ფუნქციონირებს არა იმის გამო, რომ „ხელისუფლება ბალანსდება“ და მაჟორიტარული სისტემა არ აქვთ, არამედ იმ  მიზეზით, რომ ძალაუფლების გადანაწილება ხდება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და უზრუნველყოფილია წარმომადგენლობითობა (ან ამის მაქსიმალური მცდელობაა).

საქართველოს შემთხვევაში, საარჩევნო სისტემა წარმომადგენლობითი დემოკრატიის დისფუნქციურობის პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია. დანარჩენი ფაქტორები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - ერთი მხრივ, ესაა მოსახლეობის სიღატაკე, საბჭოთა მემკვიდრეობა და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის არქონა, სამართლებრივი სახელმწიფოს და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ტრადიციის არქონა; მეორე მხრივ, სახელმწიფოს მკაცრი ცენტრალიზაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების დისფუნქციურობა, პოლიტიკური პარტიების დეფიციტი, ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება და, მათ შორის, ქართული სახელმწიფოსთვის შეუსაბამო საარჩევნო სისტემა. ჩამოთვლილი პრობლემებიდან ნაწილის მოგვარებას დრო და თავისუფალ საქართველოში დაბადებული მინიმუმ ორი თაობა სჭირდება, ხოლო ნაწილის გადაჭრას კი - პოლიტიკური ნება. 

გერმანიაში შერეული საარჩევნო სისტემა დიდწილად განაპირობებს მთელი პოლიტიკური სისტემის წარმატებულობას. მაჟორიტარულისა და პროპორციულის კომბინაცია ეფექტურად მუშაობს, რადგან გერმანია ფედერალური სახელმწიფოა ორპალატიანი პარლამენტით, ანუ ერთი მხრივ, დეცენტრალიზაციის მაღალი დონე უზრუნველყოფს ძალაუფლების დატოვებას ფედერალურ ერთეულებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, მეორე მხრივ, ორკამერული საკანონმდებლო ორგანო და მისი დაკომპლექტების წესი აწონასწორებს და აკონტროლებს ძალაუფლების გადანაწილებას პოლიტიკურ სისტემაში.

გერმანიისგან განსხვავებით საქართველო უკიდურესად ცენტრალიზებული სახელმწიფოა. ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ იურიდიულად არსებობს, მთელი ძალაუფლება თბილისშია კონცენტრირებული. ორპალატიანი პარლამენტის საკითხი ვერც კონსტიტუციის ახალმა მოქმედმა რედაქციამ გადაწყვიტა ეფექტურად. მაჟორიტარები, რა პრინციპითაც ისინი აირჩევიან, არ წარმოადგენენ თავიანთ საარჩევნო რეგიონებსა და ოლქებს, არამედ სხვადასხვა მიზეზებით მთავრობის აგრესიულად მორჩილი ჯგუფია (ძირითადად).

დეცენტრალიზაციის კრიტიკული დეფიციტის გარდა, პრობლემას წარმოადგენს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად არა პარტიები, არამედ ერთი ქარიზმატული ლიდერის გარშემო შემოკრებილი ერთგული ადამიანების პოპულისტური მოძრაობაა. ქართული პარტიები, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, გაურბიან რომელიმე კონკრეტულ იდეოლოგიასთან იდენტიფიკაციას, ამიტომ ისინი რჩებიან მოძრაობად, ვერ ასრულებენ პარტიების როლსა და ფუნქციას დემოკრატიის პირობებში. შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიას ასეთი გამოცდილება აქვს - ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ სახელისუფლებო პარტიები (მცირე გამონაკლისის გარდა) ქრებიან.

საქართველოს არა „ხელისუფლების დაბალანსება“, არამედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის უზრუნველყოფა, ძალაუფლების კონტროლი და წონასწორობა სჭირდება. შესაბამისად, პრობლემა მხოლოდ საარჩევნო სისტემა და კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის უვარგისობა კი არ არის (მაჟორიტარული წესი ბრწყინვალედ მოქმედებს წარმატებულ დემოკრატიებში), არამედ ძალაუფლების ცენტრალიზაციის, პოლიტიკური პარტიების დეფიციტის, პოლიტიკური კულტურისა  და მათ შორის, ეფექტური საარჩევნო სისტემის არარსებობის კომბინაციაა.

ძალაუფლების კონტროლსა და ბალანსს განსაზღვრავს დეცენტრალიზაცია, რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, პოლიტიკური კულტურის ამაღლება და სხვა ფაქტორები. ხოლო წარმომადგენლობითი დემოკრატიისთვის განმსაზღვრელია შესაფერისი საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიების სიმწიფე.

რატომ პროპორციული და როგორი პროპორციული?

მაჟორიტარულ სისტემასთან შედარებით პროპორციულ სისტემას საქართველოში რამდენიმე უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, მას თითქმის მინიმუმამდე დაჰყავს, ე.წ. „დაკარგული ხმების“ რაოდენობა და უზრუნველყოფს მწირი ფინანსური რესურსების მქონე შედარებით მცირე  პოლიტიკური პარტიების  წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, მანდატების გადანაწილება უფრო სამართლიანია და განსხვავებული პოლიტიკური აზრის და განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების წამორმომადგენლობა - გარანტირებული. მეორე მხრივ, ის აღმოფხვრის „დიდი პარტიების“ სასარგებლოდ „პატარა პარტიების“ უსამართლო „შევიწროებას“. თავის მხრივ, პარტიებს უფრო მეტი საშუალება მიეცემათ უნარიანი და კომპეტენტური ახალი სახეების რეკრუტირების და მათი პოლიტიკაში ჩართვის.

მნიშვნელოვანია, ასევე, თუ როგორი ტიპის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის საქართველო. პრობლემა, რომელიც მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის საფუძვლად სახელდება, შეიძლება არ გამოსწორდეს ნებისმიერი პროპორციული სისტემით. მაგალითისთვის, არსებული მდგომარეობით უბრალო ანალოგიური 5%-იანი საარჩევნო ზღვარი, სავარაუდოდ, ბევრს არაფერს შეცვლის პოლიტიკური სისტემის იმ ხარვეზთან მიმართებაში, რომელიც კონკრეტულად საარჩევნო სისტემას უკავშირდება. პირიქითაც შეიძლება მოხდეს, თუ წარმოვიდგენთ, რომ საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ არამარტო მოკლევადიან პერსპექტივაში გამოასწოროს ვითარება, არამედ შექმნას სისტემის გრძელვადიანი დაუბრკოლებელი ფუნქციონირების პირობები.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს წარმომადგენლობით დემოკრატიას, საუკეთესო გამოსავალი შესაძლოა ბუნებრივი საარჩევნო ბარიერის დაწესება იყოს. თუმცა, ამ შემთხვევაში დგება სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების პრობლემა. ტრანზიციული დემოკრატიის ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 18% ოკუპირებულია და არასახარბიელო გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს ცხოვრება, არამდგრადი მთავრობები არ არის ხელსაყრელი, არც შესაძლო საფრთხეებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირების კუთხით, არც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მეტიც, საერთაშორისო პარტნიორებსაც ამ ეტაპზე ურჩევნიათ სტაბილური მთავრობები და პროგნოზირებადი პოლიტიკური პროცესი.

საუკეთესო ვარიანტი შესაძლოა იყოს 3%-იანი ბარიერი, რაც ასევე ვერ იძლევა მდგრადი მთავრობის გარანტიას, მაგრამ ამცირებს პარლამენტის ქაოსური სიჭრელის და „ერთიკაცისშოუ“ ფსევდო-პარტიების პარლამენტში მოხვედრის ალბათობას, ამასთან ზრდის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პერსპექტივას.

ცალკე საკითხია, უნდა მონაწილეობდნენ თუ არა პროპორციული სისტემით არჩევნებში საარჩევნო ბლოკები. თუ - კი, მაშინ სადამდე უნდა აიწიოს საარჩევნო ზღვარმა? საქართველოს შემთხევაში ალბათ აჯობებს, თუ საარჩევნო ბლოკები არ იარსებებენ. ეს შეზღუდვა უბიძგებს პოლიტიკურ ჯგუფებს გამსხვილებისკენ და დემოკრატიულ პარტიებად ჩამოყალიბებისკენ. ბლოკებთან ერთად უნდა გაუქმდეს პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც გადასახადის გადამხდელის ხარჯზე იმ ადამიანების პრივილეგიებს ემსახურება, ვინც პოლიტიკა იოლი გამდიდრების გზად გაიხადა.

და ყველაზე მთავარი კითხვა - როგორი პროპორციული? ხისტი თუ პრეფერენციული სიით, უბრალო ანალოგიური, სადაც მთელი სახელმწიფო ერთ საარჩევნო ოლქად მოიაზრება, თუ რეგიონალური პროპორციული?

ხისტი პროპორციული მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სიით, საარჩევნო ზღვრის მიუხედავად, ბადებს მინიმუმ ორ კითხვას - როგორ მოხდება სიის ფორმირება და რამდენად დაზღვეულია ამა თუ იმ პარტიის ამომრჩეველი იმისგან, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მაჟორიტარული საარჩევნო წესის პრობლემად სახელდება, არ მოახდენენ სიის ფორმირებაზე კრიტიკულ გავლენას. სავარაუდოდ, საარჩევნო სიას პარტიის ლიდერები ერთპიროვნულად შეადგენენ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები „იყიდიან“ სიაში ადგილებს. სამწუხაროდ, პროპორციული სისტემის ნაკლოვანებად სწორედაც რომ ითვლება სიის ფორმირებისას ლიდერის არათანაბრად გაზრდილი როლი და ის, რომ ამომრჩეველი არ იცნობს საარჩევნო სიაში მყოფ კანდიდატებს.

ხისტი პროპორციულისგან განსხვავებით, პრეფერენციული პროპორციული სისტემა მაქსიმალურად ითვალისწინებს ამომრჩევლის ნებას, რადგან ამომრჩეველი ხმას აძლევს როგორც პარტიულ სიას, ასევე პიროვნებებსაც. ამასთან ანიჭებს მათ რიგით ნომრებს, რითაც მიუთითებს, კანდიდატების როგორი თანამიმდევრობაა მისთვის უფრო სასურველი. იგულისხმება, რომ ყველა პარტიას აქვს ცალკე საარჩევნო ბიულეტენი თავისი სიით. ამომრჩეველი უპირატესობას აძლევს მხოლოდ იმ პარტიის სიის კანდიდატებს, რომელსაც მხარს უჭერს. ბიულეტენში გამოხატული პრეფერენციების მიხედვით გამოითვლება თითოეული კანდიდატის მიღებული ხმების, ხოლო ბიულეტენების მიხედვით, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. რჩება, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხი, რომლის დისტრიბუცია ხდება პარტიებზე სხვადასხვა ფორმულის გამოყენებით.

ყველა პარტიაზე ცალკე ბიულეტენის არსებობა გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რაც საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა (კარუსელი, შემოხაზული ნომრის კოორდინატორისთვის ჩვენება, გადაღება, ბიულეტენების განზრახ გაბათილება და სხვ.). ამცირებს გაყალბების ალბათობას, რადგან ამ სისტემით არამარტო პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ერთი პარტიის შიგნითაც არის კანდიდატებს შორის კონკურენცია, რაც ასევე ამცირებს არათანაბარ ფინანსურ პირობებს და ზრდის შიდაპარტიულ დემოკრატიას. შიდაპარტიული კონკურენციისა და დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება და წარმომადგენლობითი დემოკრატიის წარმატება. 

საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი პრეფერენციული ტიპის რეგიონალური პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს: თითოეულ რეგიონს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით განესაზღვრება მანდატების რაოდენობა; არჩევნებში მონაწილე პარტიები წარადგენენ რეგიონალურ სიებს; უნდა შეიზღუდოს ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა ორ რეგიონში; გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს მხოლოდ პარტიის ლიდერი, რომელსაც უფლება უნდა ჰქონდეს ერთდროულად იყოს ორ რეგიონალურ სიაში, რათა გარანტირებული იყოს მისი არჩევა (თუ რომელ რეგიონში დაიტოვებს მანდატს, ამას ლიდერი გადაწყვეტს შედეგების დათვლის შემდეგ); საარჩევნო ზღვარმა უნდა დაიწიოს 1,5%-მდე; ბარიერგადალახულად ჩაითვლება ის პარტია, რომელიც მინიმუმ ორ რეგიონში გადალახავს 5%-იან ზღვარს; გადაუნაწილებელი მანდატების გადასანაწილებლად შეიძლება რომელიმე არსებული ფორმულის გამოყენება[1]; ცალკე მანდატი და ცალკე საარჩევნო სია უნდა იყოს დროებით ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის; სასურველია, თუ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდება 100 დეპუტატამდე.

ვინ შეიძლება იყოს ასეთი საარჩევნო სისტემის  წინააღმდეგი? პასუხი მარტივია - ხელისუფლებასა და ოპოზიციაში არსებული ქართველი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სპექტრი, რომელიც 25 წელია სარგებელს პოულობს შერეული საარჩევნო სისტემით.  

 ყველა ზემოხსენებული მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე აზრს არის მოკლებული, თუ საქართველომ ვერ დაძლია მისი მთავარი გამოწვევა - სიღატაკის ზღვარზე მყოფ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არსებობა. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ე.წ. საშუალო ფენა, სამოქალაქო საზოგადოება; აუცილებელია არამარტო მეტი სიმდიდრის შექმნა, არამედ მისი სამართლიანი გადანაწილება, არა თანაბარი, არამედ - სამართლიანი გადანაწილება. სხვა შემთხვევაში ყველა მცდელობა ფუჭია. სანამ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეთა კრიტიკული რაოდენობა, რომელიც მზად არის ოჯახის გამოსაკვებად 30 ლარად გაყიდოს საკუთარი ხმა, მანამდე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ეფექტურ ფუნქციონირებაზე ფიქრი იდეალიზმის სფეროა. სადაც სიღარიბეა, იქ მნიშვნელობას კარგავს, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულობა თუ პროპორციულობა, და მნიშვნელობას იძენს - შედეგების დამთვლელის ვინაობა.

[1] http://www.parliament.ge/files/1055_16721_957521_saarchevno_sistemebi.pdf?fbclid=IwAR3CV8K-zIZh0Ze10rSpZIkvmvRfQWMbZ6NEndnFL5RxmDSyHXrZa-Enc7o

ავტორი: გია ჯაფარიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი და GRASS-ის უფროსი მკვლევარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^