Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ბერძენიშვილი: მარიო ვარგას ლიოსა - ჩვენი კაცი

24 იანვარი 2019

პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ხორხე მარიო ვარგას ლიოსა დაიბადა 1936 წელს.

ერთხელ მან არჩევნებში, პირველ ტურში, გაიმარჯვა კიდეც. 33% აიღო, თუმცა მეორე ტური პერუს მომავალ დიქტატორ ფუხიმორთან წააგო, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი და გულისამრევი დიქტატორი გახლდათ. ანუ პერუელ ხალხს ჰქონდა შანსი, აერჩია ნათელი და ჰუმანისტი ადამიანი, მკითხველისთვის საყვარელი მარიო ვარგას ლიოსა, ან აერჩია ფუჰიმორი. დღეს ამ არჩევნის შედეგი ვიცით. ეს ძალიან ძვირი დაუჯდათ, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა.

ამის შემდეგ, ლიოსა, ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მწერლად ჩამოყალიბდა, ამავდროულად ის საკმაოდ სკანდალური კაცია. ის არის ნობელის პრემიის ერთადერთი ლაურეატი, რომელმაც მეორე ნობელის პრემიის ლაურეატს სილა უთავაზა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

მარიო ვარგას ლიოსა, როგორც ბევრი ლათინურამერიკელი მწერალი, იწყებს, როგორც სოციალისტი, მაგრამ არ ამთავრებს, როგორც კომუნისტი. აგრძელებს, როგორც საკმაოდ ლიბერალი, არაკონსერვატორი.

ლიოსა გულშემატკივარია მწერლობისა და კითხვის კულტურისა. მგონი არცერთ მწერალს იმდენი არ ულაპარაკია და არ უწერია ლიტერატურის მნიშვნელობაზე, როგორც მას. ამ მხრივ ლიოსა ჩვენი კაცია.

ლიოსა ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ძალიან დიდხანს იცხოვრა ესპანეთში და არის ამ ქვეყნის მოქალაქეც. უცხოვრია პარიზშიც, სხვათა შორის კორსტასართან ერთად, ისინი მეგობრობდნენ. ის ეხმარებოდა კიდეც კორტასარს.

ეს არის კაცი, რომელსაც ნობელის პრემია ძალაუფლებისა და ძალადობის სტრუქტურის ცოდნისთვის  მისცეს. დიქტატურის ასეთი აღწერა და საერთოდაც, ასეთი დიქტატურა ყველაზე შესაშური ძალით ამ კონტინენტმა აღწერა. ამ მხრივ სამხრეთ ამერიკას ვერავინ შეედრება. იმიტომ, რომ სტალინი როგორც დიქტატორი, ჰიტლერი, როგორც დიქტატორი, ეს სხვა ფენომენია, ესენი მსოფლიო დიქტატორები არიან, ხოლო ვინმე დივალიე ჰაიტის დიქტატორია. იცით, რამხელა განსხვავებაა? მას არ აქვს მსოფლიო პრეტენზიები, ის არ წყვეტს მსოფლიო საკითხებს, ის წყვეტს საკითხს, რომ ჰაიტიზე არცერთი ადამიანი არ იყოს თავისუფალი. ამხანაგი სტალინი წყვეტდა გაცილებით გრანდიოზულ საკითხს, რომ არცერთი ადამიანი სამყაროში არ ყოფილიყო თავისუფალი. ამათ კი პატარა ამოცანები ჰქონდათ, მაგრამ იყვნენ უფრო წარმატებული, მაგალითად, ფუხიმორმა ნამდვილად მიაღწია იმას, რომ პერუში არავინ იყო თავისუფალი და ბედნიერი.

ეს ლიტერატურა ამ ტიპის დიქტატურების აღწერას მიეძღვნა.

რა თქმა უნდა, ამ დროს უნდა გავიხსენოთ „პატრიარქის შემოდგომა“. აქ ბევრი სახის, მექსიკური, არგენტინული ლიტერატურაც შეიძლება განვიხილოთ, მათ შორის ბრაზილიურიც, მაგრამ ის, რაც მარიო ვარგას ლიოსამ ამ მიმართულებით გააკეთა, სულ სხვა დონეა, სხვა ამბავი. შეუძლებელი ამოცანა შეასრულა. არ გამოიყენა ის ხერხი, რომელსაც მისი კოლეგები იყენებდნენ, ანუ, მან არ მიმართა მაგიურ რეალიზმს, როდესაც ამ არამაგიურ მოვლენას აღწერდა.

„ვაცის ნადიმის“ წერა მან 2000 წელს დაიწყო და 2001 წელს დაასრულა. უზარმაზარია. სადღაც ხუმრობენ ხოლმე, რომ უჭირდა და ბევრ სიტყვას წერდა, რომ მეტი ჰონორარი მიეღოო.  არ ვარ დარწმუნებული, რომ სამართლიანია, მაგრამ რომელიმე მოხერხებული რედაქტორი 300 გვერდამდე დაიყვანდა, ყოველ გვერდზე თითქმის 20 -20-ჯერ „მკვლელებია“ ნახსენები. მაგრამ ამას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ამას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ქართულ ხალხურ ზღაპრებში გამეორებებს, რომ - მიდიოდა და შეხვდა ერთთავიანი დევი, მერე - სამთავიანი დევი და სხვა. ამ გამეორებებში მითოლოგიური აზრი დევს.

ეს ნაწარმოები შექმნა უკვე ძალიან ჩამოყალიბებულმა, მომწიფებულმა და მწერლური თვალსაზრით უკვე დაღვინებულმა მწერალმა, როცა ამას წერს, ის უკვე ძალიან დიდი ოსტატია. დაწერა სამი რომანი, გააერთიანა ერთში და თქვა, რომ ეს ერთი რომანია.

ამ რომანში არის სამი სიუჟეტური ხაზი. თავის დროზე გუსტავ ფლობერმა მოახერხა, რომ დაწერა ისეთი წიგნი, როცა კითხულობ და ვიღაც ლაპარაკობს, იცი ვინ ლაპარაკობს. იმიტომ, რომ მან შეძლო და განასხვავა პერსონაჟების მეტყველება. ეს მოახერხა ბგერწერით, აკვიატებული სიტყვებით, აგრეთვე სინტაქსური საქცევებით, რომლებიც კონკრეტულ პერსონაჟს ახასიათებს. აქ კი უნდა ვთქვა, რომ ლიოსამ დაწერა სამი სხვადასხვა რომანი, სამი სხვადასხვა ენით და სამი სხვადასხვა რიტმით.

ერთის რიტმი არის ძალიან გაწელილი, მეორის - ფაქტობრივად ტელეგრამული ხასიათისაა, ხოლო მესამე - გახლავთ პოეტური.

ეს იყო ამოცანა, მაგალითად, მთარგმნელისთვის. უნდა ვთქვათ, რომ ქართველმა მთარგმნელმა ლანა კალანდიამ  ამ ამოცანას თავი გაართვა. ვიცი, რომ მაღალი დონის მთარგმნელია, მაგრამ ეს ამოცანა განსაკუთრებით რთული იყო. ქართველი მკითხველი აშკარად განებივრებულია კარგი თარგმანებით.

აქ მოთხრობილია 3 ამბავი - ახალგაზრდა გოგონა, ქვეყნიდან გაიქცა, და გაექცა დიქტატურას. მაშინ, როდესაც მამამისი ემსახურებოდა ამ სისტემას. დაივიწყა მამა, დაივიწყა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ არასოდეს უკან აღარ დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ იცხოვრა სხვაგან, სხვა ქვეყანაში, მსოფლიოს დედაქალაქში.

მოქმედება ხდება დომინიკის რესპუბლიკაში, კუნძულზე, რომელსაც მართავდა უკვდავი დიქტატორი ტრუხილიო და მართავდა იმდენი ხნის განმავლობაში, რომ ხალხი დაიღალა. თაობები იბადებოდნენ, კვდებოდნენ, კიდევ იბადებოდნენ. ტრუხილიო კი იყო და იყო.

ერთია ამ გოგონას ისტორია, მას ჰქვია აფროდიტეს სახელი - ურანია. ის ამაზე ძალიან ღელავს - რანაირი სახელია ურანია. მაგრამ თქვენ იცით ესპანური ენის თავისებურება, ურანია იმწუთას ხდება ურანიტა, ურიტა და მოკლედ ადამიანურ სახელს ემსგავსება, თუმცა ციური სახელი ურანია აბსოლუტურად მოულოდნელია ადამიანისთვის, რომელიც არ არის ზეცასთან ნაზიარები და სულ სხვა ფიქრებითაა დამძიმებული. იგი ბრუნდება სამშობლოში, თუმცა დაიფიცა, რომ არ დაბრუნდებოდა. სასტუმროდან მიდის იმ სახლში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც მისი მამა, რომელიც წლების განმავლობაში დიქტატურას ემსახურა, ლოგინს არის მიჯაჭვული.

ურანიტას თავში ჩნდება ფიქრები, რომელიც გაგვახსენებს ძველ ეპოქას.

ეს ერთი სიუჟეტია. მეორეა თავად დიქტატორ ტრუხილიოს ცხოვრება, ოღონდ მისი რაღაცნაირი მიყოლებითი ანალიზი იმ დღის ყოველი წამისა, რა დროსაც იგი აღესრულა, დილის ოთხი საათიდან.

საერთოდ მას უძილობა სჭირდა. გაღვიძებული 4 საათიდან, როგორ მიდის სიკვდილამდე - აღწერილია ყველა დეტალი. აქ არის გამოყენებული სწორედ ტელეგრამული სტილი, ძალიან მოკლე წინადადებები, ძალიან ზუსტი ტერმინები. ეუმოციოდ, ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე, არავითარი - „შეხედეთ დიქტატორს“; „ფუ რას ჰგავს“. პირიქით, ცდილობს, ცოტა შეგვაცოდოს კიდეც, რადგან ადამიანურად მასაც პრობლემები აქვს. მის მთავარ პრობლემას მოულოდნელად ვეცნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვინდა, შური ვიძიოთ დიქტატორებზე, რომლებმაც გვაწვალეს. ლიოსა არის მწერალი და აქვს გამოცდილება, რომ ამხელა ჰუმანისტ მწერალს არჩევნები მოუგო ვიღაც წერა-კითხვის უცოდინარმა ფუხიმორიმ. კი ჰქონდა იაპონური, ვითომ არისტოკრატული წარმომავლობა, მაგრამ სინამდვილეში იყო უსასტიკესი, ქაჯი, გომბიო, გაუნათლებელი, ყველანაირად მიუღებელი დიქტატორი, განსხვავებით ტრუხულიოსგან, რომელსაც, სხვათა შორის, ნამდვილად ჰქონდა შარმი და მომხიბლაობა. ტრუხილიო რაღაცით უფრო სტალინს ჰგავს, ვიღაცებს რომ ხიბლავს. სიკვდილის შემდეგაც კი ვიღაცებს ახსოვს, რომ რაღაც კარგიც იყო მასში. ტრუხილიოს აღწერის ენა ძალიან განსხვავდება ურანიას ენისაგან, თან ეს არის დეტალური რეპორტაჟი მისი ცხოვრების უკანასკნელი წამებისა და ამ რეპორტაჟში ჩაფსკვნილია შურისძიება. 

ტრუხილიოს ენურეზი სჭირს. მას უნებლიე შარდვა აქვს, ანუ ტრუხლიო შმიშარა, ქვეშაფსია დიქტატორია, და ადამიანი - რომელსაც საკუთარი სხეულის მართვა არ შეუძლია, მართავს მთელ კუნძულს, მთელ სამყაროს და ყველას ატერორებს. გარდა ამისა, ეს არის დიდი ოსტატობით აღწერილი მკვლელობის ისტორია. ეს არის მკვლელობის რეპორტაჟული აღწერა, როგორც იდეალური დანაშაულის აღწერა ტრუმენ კაპოტესთან. ეს არის შესანიშნავი რომანი ამ სამი ძირითადი სიუჟეტური ხაზით, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს.  

ლათინური ამერიკის ლიტერატურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ ლათინური ქვეყნების დიქტატორებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ეს ლიტერატურა იფურჩქნებოდა, მაშინ თითქმის ყველგან არსებობდა ეს რეჟიმი და თითქმის ყველგან არსებობდა მასალა დიდი რომანისთვის. იმიტომ, რომ დიქტატორი საინტერესო მასალაა, იმიტომ რომ დიქტატორში, როგორც სარკეში, ჩანს ადამიანური უსუსურობის, ქლესაობის, ადამიანური ხასიათის  ყველაზე ბნელი ბუნება. დიქტატორი სწორედ ამას ახალისებს საზოგადოებაში. ამიტომ დიქტატორები ერთმანეთის მიყოლებით გადავარდნენ, ჩაიხოცნენ, მაგრამ ისეთმა მწერლებმა, როგორიცაა - მარკესი, ლიოსა, კარპენტიერი, ასტურიასი, მათი უამრავი კოლეგა - შეძლეს და ისინი აღწერეს. ყველა აღმოჩნდა განსაკუთრებული. განსაკუთრებული ამბავი არის ის, რომ არცერთი კეთილი მეფე ერმანეთისგან არ განსხვავდება, ყველა ბოროტი მეფე კი - ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუ  ერთი ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოების დასაწყისს გადავამღერებთ. იმიტომ რომ ფიდელ კასტრო არ ჰგავს დივალიეს, დივალიე არ ჰგავს ფუხიმორის, ფუხიმორი არ ჰგავს სხვას და ა.შ.   

ლათინურ ამერიკაში მუდმივად კამათია ორ რამეზე: ვინ უფრო მაგარია ფეხბურთში - არგენტინა თუ ბრაზილია. ხანდახან ურუგვაიც თავს წამოყოფს - არავის დავავიწყდეო. მეორე კითხვაა - კომუნიზმი სჯობს თუ ფაშიზმი. რადგან ან ერთი ხარ, ან მეორე. ეს უკვე პოლიტიკური კითხვაა.

ლათინური ამერიკის დიქტატორები ლიტერატურულად დამუშავებული არიან, მაგრამ მათი ისტორია არ არსებობს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ისინი ძალიან არ გვანან ერთმანეთს. ლიოსას რომ წაიკითხავ, არ ნიშნავს, რომ კარპენტიერი არ უნდა წაიკითხო. ვინმეს არ უნდა მოუვიდეს შეცდომა და არ თქვას, რომ „პატრიარქის შემოდგომას“ რომ წაიკითხავ, ლიოსა რაღატომ უნდა წიაკითხოო. იმ კაცმა მართლაც ძალიან ბევრი რამე თქვა. მაგრამ სულ სხვა დიქტატორი აღწერა ამ წიგნში ლიოსამ.   

ლიოსას, ბუნებრივია, ფუხიმორიც ჰყავს აღწერილი, მაგრამ არცერთი არ გამოსვლია ისეთი მაგარი, როგორც ტრუხილიო. რატომ? იმიტომ, რომ ტრუხილიოს ჰქონდა რაღაც უფრო ადამიანური, რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სხვა დიქტატორებს. ტრუხუილიომ სიკვდილის შემდეგ დატოვა გულისტკივილი. ტრუხილიო ჯერ ერთი ყველაზე ადრე წავიდა, 60 წელს გარდაიცვალა და მეორეც - ტრუხილიო არის მსხვერპლი, ის არის მკვლელობის მსხვერპლი. ვერ ვიტყვით, რომ ლიოსა სიმპათიით ხატავს ტრუხილიოს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მან უბრალოდ შური  იძია და მის გვამზე შედგა, რაც აშკარად არის „პატრიარქის შემოდგომაში“ - ზიზღი  და გვამზე შედგომის სურვილი. იქ დიდი ზიზღი ჩანს. აქ ეს ზიზღი არ ჩანს. ის იქ კი არ კვდება, სადაც ველოდებით, რადგან ჩვენს წინაშე დიდი ოსტატია და გვეთამაშება. ეს თამაში არ არის კორტასარის ტიპის. ეს არის თხრობა, როცა მყარად იცი, სამი გემიდან რომელ გემზე ხარ; სამი სიუჟეტური ხაზიდან, რომელს სიუჟეტურ ხაზს მისდევ.

ნაწარმოებს პირდაპირ ჰქვია „ვაცის ნადიმი“, რომელიც ვაცის დაკვლას ნიშნავს. არსებობს სპეციფიკური სიმღერა, რომელიც ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. თხის სიმღერა, რომელსაც ბერძნულად ჰქვია ტრაგოდია ანუ ტრაგედია, იგივე ვაცის ნადიმი.

და რატომაა ტრაგედია, თუ კვდება დიქტატორი, დიქტატორის მოკვლა არის არა ტრაგედია, არამედ გათავისუფლება და ზეიმი. მაგრამ, მოდი, ვცადოთ ისტორიაში სადმე გადავიდეთ და 1953 წლის 5 მარტს გავჩნდეთ. დამწუხრებულ და ცრემლებისგან თვალებდათხრილ  მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ახლა კი არ უნდა იტირონ, არამედ უნდა იცინონ, რადგან დიქტატორი მოკვდა. ისინი ამ დროს ამას კი არ ფიქრობენ, ისინი ფიქრობენ, რომ სტალინი წავიდა  და ხვალ მზე აღარ ამოვა. ხვალე იქნება საერთოდ? ეს იყო მათი განცდა. ზუსტად ეს დაიჭირა ავტორმა. მან აჩვენა, რომ კი არ გავარდა ხალხი ქუჩაში და ზეიმი დაიწყო, არამედ სულ სხვა რამე იყო. როცა ფუხიმორი დაემხო, მაშინაც სხვა რამე იყო.

მოკვდა დიქტატორი, მაგრამ არ გაჩნდა გრძნობა. გაჩნდა დაბნეულობა, როცა შევარდნაძემ თქვა - სახლში წავედიო  - არ გაჩენილა სიხარული - ურა! ვაშა! ჩვენ გავიმარჯვეთ! - არამედ გაჩნდა გრძნობა, რომ წავიდა, წასვლის წინ კი ხუმრობაც შეძლო და კიდევ ერთხელ დაგვცინა.  

ვფიქრობ, რომ წიგნი „ვაცის ნადიმი“ არის  XX - XI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი წიგნი და მან შეიძლება დახურა კიდეც ეს გვერდი. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია ლათინურ ამერიკაში ვინმემ უკეთესად აღწეროს დიქტატორის ამბავი. თუმცა იქ სამუშაო ბევრია, მაგრამ დარჩა უკვე სამეცნიერო სამუშაო. მაგალითად, გასარკვევია, როგორ აღმოჩნდა დუვალიეს მსგავსი იდიოტი ისეთი ქვეყნის ხელისუფლებაში, როგორიცაა - ჰაიტი. ჰაიტიზე გამარჯვება თავისუფალ ხალხზე გამარჯვებაა. ჰაიტიზე ცხოვრობს ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება ნარკოტიკული თრობის ქვეშაა. როგორ უნდა გახდე ამ ხალხის დიქტატორი, როდესაც ნარკორტისკიგან ისინი უკვე თავისუფლები არიან. ძალიან მაკვირვებს - როგორ არის ეს შესაძლებელი.

ცოტა უცნაურად მეჩვენება, რომ საქართველოში, არასოდეს არავინ დაინტერესებულა ხელისუფლების პრობლემით ლიტერატურაში, თუ არ ჩავთვლით კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“. ეს არის ქართული პროზის მომავალი და ისინი ალბათ დაინახავენ, რომ ეს უზარმაზარი მასალაა. ნებისმიერი ჩვენი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი -  არიან ფიგურები, რომლებიც იმსახურებენ დიდ რომანებს, თუმცა ჯერ რომანები არ ჩანს.  

სტატია წარმოადგენს რადიო შოკოლადის გადაცემა „წიგნების" წერილობით ვერსიას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...
08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი

მეტი

^