Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მცხუნვარე ვერდის ვერცხლისფერი გამყინვარება

31 იანვარი 2019

ნინო სურგულაძემ სახელოვანი რეჟისორის, რობერტ ვილსონის „ტრუბადურში“ აძუჩენას პარტია დიდი წარმატებით შეასრულა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი თეატრალური რეჟისორის, რობერტ ვილსონის დადგმული „ტრუბადური“ პარმის „ფარნეზეს“ თეატრსა და ბოლონიის „ტეატრო კომუნალეში“, შეიძლება ითქვას, მოვლენად იქცა ევროპული კულტურის კონტექსტში. იანვრის ბოლოს გამართული საპრემიერო სპექტაკლები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გამორჩეული იმითაცაა, რომ ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ, ნინო სუგულაძემ პარმაში წარმოდგენილ „ტრუბადურშიაძუჩენას პარტია იმღერა.

ჯუზეპე ვერდის ოპერა, რომლის სიუჟეტი (ლიბრეტოს ავტორი სალვატორე კამარანო) მექსიკურ სერიალებზე უფრო ჩახლართულია, ხოლო ვნებები მასში მუდმივი ცეცხლივით გიზგიზებს, რობერტ ვილსონმა მისთვის ჩვეული და „საფირმო“ ვერცხლისფერ-ლურჯი გამყინვარებით, პერფეციოქნისტული სცენოგრაფიითა და ზღაპრული კოსტიუმებით შემოსა. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა არა ტრადიციული იტალიური ვერსია აირჩია, არამედ მივიწყებული და ფრანგულენოვანი, რომელიც ძალიან იშვიათად სრულდება და 1857 წლით თარიღდება. მასში დაახლოებით 20-წუთიანი საბალეტო სცენაა ჩამატებული.

პარმაში ოპერას რობერტო აბადო დირიჟორობდა (სახელოვანი კლაუდიო აბადოს ძმის შვილი), ხოლო ბოლონიაში - პინხას შტეინბერგი. ნინო სუგულაძე ასევე მონაწილეობდა პარმაში გამართულ გალა-კონცერტშიც, რომელიც ჯუზეპე ვერდის 205 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სახელოვანი ამერიკელი რეჟისორის ეს ნამუშევარიც (რომელმაც დიდი ხნის წინ, ახალგაზრდობაში რატომღაც დაიქადნა, რომ ვერდის ოპერებს არასოდეს დადგამდა) მისი საფირმო-კოდური ნიშნებითაა გაჯერებული.   მრავალი წელია მის რეჟისურაში ესთეტიკურ დამღასავითაა ამოტვიფრული ოდნავი სიშლეგის, ერთგვარი ჰალუცინაციის, ხაზგასმული ირეალურობის, მსახიობი-მარიონეტის, უჩვეულო გარემოს, ცივი განათებისა და ფერის მუდმივი და ირონიული დომინირება თავად შინაარსზე. რასაც არ უნდა დგამდეს ვილსონი - ოპერას, დრამასა თუ მიუზიკლს, მის მიერ მოგონილ-შექმნილი რეჟისურული ნიშნები არასოდეს იცვლება. რაც სხვათა შორის, მრავლისმნახველ პუბლიკას და ზოგჯერ კრიტიკასაც კი აღიზიანებს. ასევე რთულად, მაგრამ მაინც დამკვიდრდა ტერმინი „ეკოლოგიური თეატრი“, რომელიც სწორედ ვილსონის თეატრალური ენის აღსანიშნავად მოიგონეს კრიტიკოსებმა.

შესაძლოა, მის სპექტაკლებში მსახიობ-მარიონეტის ეს საფირმო „გაშეშებანიც“, მინიმალიზმიც, გროტესკული გრიმიც და ვერცხლისფერი განათების ცივად ციალიც პუბლიკასა და თეატრალებს უკვე მობეზრდათ, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავი და სანიმუშო ხარისხისაა, რომ ყოველი ახალი წარმოდგენის შემდეგ - ეს იქნება ჩეხოვი, ბრეხტი, შექსპირი, პუჩინი თუ ვერდი, ტრადიციად ქცეულ ერთფეროვნებას ნამდვილად დაივიწყებთ.

პარმაში წარმოდგენილ „ტრუბადურშიმანრიკოს პარტიას ჯუზეპე გიპალი მღერის, ლეონეორას -  რობერტა მანტენია, გრაფ დი ლუნას - ფრანკო ვასალო, ხოლო აძუჩენას - ნინო სურგულაძე, რომლისთვისაც ეს პარტია შთამბეჭდავი დებიუტია. ასაკოვანი, მოუვლელი და გრძნეული ბოშას ნაცვლად, რობერტ ვილსონმა ახალგაზრდა, ლამაზი და ვნებიანი ქალის სახე გააცოცხლა, რომელიც პრესის გამოხმაურებას თუ დავეყდნობით, „უფრო შურისმაძიებელ ფიფქიას დედინაცვალს წააგავს“. აძუჩენას სახეს დამატებით, ოდნავ ფსიქოანალიტიკურ და ირონიულ შტრიხს მატებს ის, რომ მანრიკო მისი ნამდვილი შვილი არ არის, რის გამოც მის შეყვარებულზე, ლეონორაზე ეჭვიანობს...  

უცხოური პრესის შეფასება „ლიბერალს“ თავად ნინო სურგულაძემ მიაწოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით და რამდენიმეს აქვე გთავაზობთ:

„ნიუ იორკ ტაიმსი“ - „ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია ნამდვილად დამატყვევებელი იყო“.

Platea Magazine  - „ვოკალურად იგი უნაკლო იყო, სრულიად განსხვავებული იმ გაცრეცილი და უკვე არცთუ სუფთა ხმის მქონე მომღერლებისგან, რომლებიც ხშირად გვესმის ხოლმე აძუჩენას როლში. ამის საპირისპიროდ, სურგულაძის მიერ შესრულებულმა პარტიამ და ახალგაზრდობამ პეწი შეჰმატა მის ნამუშევარს. იგი უნაკლო იყო მთელს ტესიტურაში და განსაკუთრებით შთამბეჭდავი არიაში C'est la qu'ils l'ont trainée  და ციხის საკნის სცენაში, რომელშიც უილსონისეული სტატიკურობა და სიმღერის დრამატიზმი ერთდროულად შემაშფოთებელიც იყო და მიმზიდველიც, ეს მართლაც დიდებული გამოსვლა იყო!“

l’opera – „ნინო სურგულაძე დიდებული ანტი-აძუჩენაა, რომელიც სრულყოფილებამდე ახერხებს პერსონაჟის განსახიერებას სტილიზებური სიმღერითა და ჟესტიკულაციით. იგი ბოლომდე ჩაფლულია დადგმაში, რომელიც შორს არის ტრადიციული და ჩვეული შესრულებისგან, რომელიც აქამდე მოგვისმენია და გვინახავს აძუჩენას პარტიაში“.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პარმა ევროპის კულტურული დედაქალაქი გახდა. საქართველომ უფლება მოიპოვა და ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და პარმის ფესტივალს შორის გაფორმდა. ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, ვერდის ფესტივალი თბილისშიც გაიმართება, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გათვალისწინებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^