Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერლინალე - დიტერ კოსლიკის უკანასკნელი ტანგო

07 თებერვალი 2019

ბერლინის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი „მთხრობელებიქალები არიან.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი სიმბოლო (ისევე როგორც თავად ქალაქ ბერლინის), დათვია და, როგორც წესი, ის ყოველ წელს პოსტერებისა თუ პლაკატების მთავარი გმირია. თუმცა, წლევანდელი, რიგით 69-ე კინოფესტივალის ვიზუალური კონცეფცია აშკარად  განსხვავდება წინა წლებისგან. პლაკატებზე აღარ არის გამოსახული ცოცხალი დათვი, მხოლოდ ხელოვნური დათვის ბეწვით შემოსილ ან დათვად გადაცმულ ადამიანებს  ვხედავთ, რაც ცალსახა და არაორაზროვანი ეკოლოგიური მინიშნებაა. საინტერესო ის არის, რომ აქამდე ბერლინის ფესტივალის დირექტორს, დიტერ კოსლიკს ასეთი რადიკალური და „მწვანე“ ინციატივა არასოდეს გამოუჩენია.

2019 წელი ბატონ კოსლიკისთვის განსაკუთრებულია, რადგან მაისში ფესტივალთან ხელშეკრულების ვადა ეწურება და თვრამეტწლიანი მუშაობის შემდეგ დირექტორის პოსტის დატოვება მოუწევს. კოსლიკის ერა ნამდვილად არ ყოფილა ესთეტიკური თვალსაზრისით გამორჩეული ბერლინალეს ისტორიაში... თუ არ ჩავთვლით მის განსაკუთრებულ ვნებასა თუ აკვიატებას წითელი ხალიჩის გამოცოცხლებისა და მეორეხარისხოვანი ჰოლივუდის მიმართ. უფრო ხშირად კრიტიკოსები მას ბერლინის კინოფესტივალის ავტორიტეტის შელახვასა და თანამედროვე, ხარისხიანი კინემატოგრაფის იგნონირებაში ადანაშაულებენ.

„ოქროს ხელთათმანი" - რეჟისორი: ფატი აკინი

დიტერ კოსლიკის მემკვიდრეს ფესტივალი დამთავრებისთანავე დაასახელებს. როგორც უკვე ცნობილია, 2020 წლიდან ბერლინალეს იტალიელი კარლო შატრიანი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე ლოკარნოს ფესტივალის დირექტორი იყო და რომელიც, სხვათა შორის, ახალი ქართული კინოს დიდი გულშემატკივარია.

წელს ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი კინოვარსკვლავი, „ოსკარის“ მფლობელი, ჟულიეტ ბინოში იქნება, რომელიც უკვე რამდენჯერმე იყო ბერლინის კინოფესტივალის სტუმარი. ბერლინალეზე  ბინოში პირველად 1986 წელს გამოჩნდა, როდესაც მისი მონაწილეობით დრამა „ცუდი სისხლი“ (Mauvais sang) საკონკურსო პროგრამაში წარმატებით უჩვენეს. 1991 წელს კი პროგრამა „ფორუმში“ მონაწილეობდა ლეო კარაქსის დრამა „საყვარლები ახალი ხიდიდან“ (Les amants du Pont-Neuf), რომელშიც ბინოში მთავარ როლს ასრულებს. 1997 წელს  ბერლინის კინოფესტივალზე ჟულიეტ ბინოშმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა ენტონი მინგელას ფილმში „ინგლისელი პაციენტი“ (The English Patient). სხვათა შორის, ამავე როლისთვის ერგო მას კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - „ოსკარიც“. უკვე 21-ე საუკუნეში კი ბერლინის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ ლასე ჰალსტრიომის „ვარდისფერ ფილმში“  „შოკოლადი“ ხალისიანი დიასახლისის როლიც მოირგო. ბერლინის 63-ე საერთაშორისო ფესტივალზე (2013 წელს) ბრუნო დიუმონის ფილმში „კამილა კლოდელი, 1915“ ცნობილი ფრანგი მოქანდაკის დრამატული როლი განასახიერა.

„მისტერ ჯონსი" - რეჟისორი: აგნეშკა ჰოლანდი

შეიძლება ითქვას, რომ ჰოლივუდში დაწყებულმა დისკუსიამ ქალთა უფლებების შესახებ, ბერლინშიც გადაინაცვლა და 2019 წლის ფესტივალის მთავარი მოქმედი პირები სწორედ ისინი არიან. ბერლინალე 7 თებერვალს გაიხსნება დანიელი რეჟისორი ქალის, ლონე შერფიგის ფილმით „უცხოების სიკეთე“ , რომელიც თანამედროვე ზღაპარია. მოქმედება ზამთარში, ნიუ-იორკში ხდება. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მაყურებელს „ძლიერი ემოციები და დახვეწილი იუმორი“ ელოდება... თუმცა დაველოდოთ ფესტივალის გახსნას.

პროგრამაში ასევე ქალი რეჟისორების რეკორდული რაოდენობის ფილმებია წარმოდგენილი. განსაკუთრებული ინტერესით ელიან ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, 90 წლის ანიეს ვარდას ახალ დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით „ვარდა ანიესის შესახებ“. ასევ სახელოვანი პოლონელი რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი, რომელმაც ორიოდე წლის წინ ბერლინში „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა ფილმისათვის „მხეცის კვალი“, წლევანდელ კონკურსზე ბრიტანელი ჟურნალისტი ქალის საბჭოთა კავშირში მოგზაურობას ასახავს („მისტერ ჯონსი“ პოლონურ-ბრიტანულ-უკრაინული კოპროდუქციაა).

„ელიზა და მარსელა" - რეჟისორი იზაბელ კოიშეტი

„ბერლინური სკოლის“ წარმომადგენელი, ანგელა შანელეკი ფილმში „მე სახლში ვიყავი, მაგრამ...“ 13 წლის სკოლის მოსწავლის უცნაურ გაუჩინარებას იკვლევს. ესპანელი ქალბატონი იზაბელ კოიშეტი (მას  ბერლინალე ადრეც წყალობდა, როდესაც 2003 წელს ფილმისათვის „ჩემი ცხოვრება ჩემ გარეშე“ სპეციალური „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვა) კი ორი ქალის სასიყვარულო ამბავს კრიმინალურ-ფსიქოლოგიურ დრამად აქცევს. ეს არის გასულ საუკუნეში მომხდარი ნამდვილი ამბის მხატვრული ვერსია, რომელშიც ელიზა და მარსელა ეკლესიას გააცურებენ. მათ ჯვრისწერის უფლებას მისცემენ, თუმცა ტყუილი მაინც გამჟღავნდება და შემდეგ იძულებული არიან მთელი ცხოვრება დევნილობაში გაატარონ.

საპატიო „ოქროს ლომს“ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ასევე მსახიობ ქალს, ბრიტანელ შარლოტა რემპლინგს გადასცემენ. ამ მოვლენის ლოგიკური გაგრძელება იქნება საუკეთესო ფილმების ჩვენება მისი მონაწილეობით. „რეტროსპექტივში“ ასევე ნაჩვენები იქნება გერმანელი ქალი რეჟისორების ფილმები, რომლებიც გასული საუკუნის 60-90-იან წლებშია გადაღებული.

რაც შეეხება „სახელოვან კაცებს“, აქ უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ ცნობილი თურქი რეჟისორის, ფატი აკინის დაბრუნება ბერლინის „წიაღში“. თავის დროზე სწორედ ბერლინალემ აღმოაჩინა ფატი აკინი, როდესაც 2004 წელს ფილმისათვის „კედლის პირისპირ“ მას ფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს დათვი“ გადაეცა. და აი, თხუთმეტი წლის შემდეგ მისი ახალი ნამუშევარი, „ოქროს ხელთათმანი“ (გერმანელი მწერლის, ჰაინც შტრუნკის რომანის ეკრანიზაცია) ისევ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. მთავარ როლს თანამედროვე გერმანული კინოს ვარსკვლავი, იონას დასლერი ასრულებს.

პრესაში უკვე წერენ, რომ სკანდალური მოლოდინი აქვთ ბერლინში უკვე „მოშინაურებული“ ფრანგის, ფრანსუა ოზონის ახალი ფილმის მიმართ. „ღვთის წყალობით“ მართლაც გამოიწვევს ცხარე დისკუსიას, რადგან კათოლიკე მღვდლის მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობას ამხელს. თანაც მთავარი გმირი, რომელსაც მელვილ პუპო ასახიერებს, იგებს, რომ მისი მოძალადე არა თუ გააძევეს, ის ჯერ კიდევ ბავშვებთან მუშაობს.

მოკლედ, ბერლინალეზე წელს ქალებისა და კაცების ბალანსი აშკარად ქალების სასარგებლოდაა და საინტერესოა, ეს ფაქტი მხატვრული თვალსაზრისითაც თუ  დადასტურდება. ამას კი ფესტივალის დასკვნით დღეს, 17 თებერვალს შევიტყობთ, როდესაც ჟიური გამარჯვებულებს დაასახელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^