Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარტოხელა სკანდინავიელი „მონადირეები“

11 თებერვალი 2019

ბერლინის 69-ე კინოფესტივალის პირველი დღეები და ზეამოცანა: როგორ გამოვაცხოთ პური ფქვილის გარეშე?!

წელს ბერლინალეზე რომ რეჟისორ ქალთა შემოსევაა, ეს ფაქტიც ლამისაა ფესტივალის დირექტორს, ბატონ დიტერ კოსლისკს გმირობად ჩაუთვალონ. „მშვენიერია, რომ მარტოსული ლონე შერფინგი ისევ დაბრუნდა ბერლინში და სწორედ მისი ფილმით იხსნება წლევანდელი ფესტივალი“- განაცხადა მან ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებამდე.

დიდი ხნის წინ, 2002 წელს, როდესაც ბატონი კოსლიკი ის-ის იყო ფესტივალის დირექტორობას სწავლობდა,  დანიელმა რეჟისორმა ლონე შერფინგმა ბერლინალეზე ირონიითა და პოეზიით გაჯერებული მშვენიერი ფილმი - „იტალიური დამწყებთათვის“ წარადაგინა. კრიტიკოსებიც და მაყურებელიც მაშინ ერთდროულად მოიხიბლნენ ლირიკული კომედიით, რომელიც საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვეს. ორიოდე წლის შემდეგ კი მისი ფილმი „უილბურგს თავის მოკვლა სურს“ ბერლინალეს კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენეს.

და აი, ნიუ-იორკში ახლახან გადაღებული სოციალური ზღაპარი (ან იგავი) „უცხოების სიკეთე“, რომლითაც ბერლინის კონოფესტივალი გაიხსნა. კოპენჰაგენის კინოფონდის, შვედეთის კინოინტიტუტის, კანადის ტელეფილმისა და „არტეს“ შეამხანაგებით გადაღებულ ფილმში ისევე როგორც მის ადრეულ ფილმებში, მნიშვნელოვანია სოციალური თემა, ადამიანთა შორის წაშლილი სოლიდარობის აღდგენა და დახვეწილი იუმორი. ნიუ-იორკში, მსოფლიოს ამ დიდ მეგაპოლისში ხომ სიმდიდრე და სიღარიბე შემზარავი სიახლოვით თანაარსებობს. ძალიან მომგებანია სცენარი (ავტორი თავად ლონე შერფინგი), ისევე როგორც, მოზაიკური თხრობა, რაც რეჟისორს პერსონაჟების დეტალური დახასიათების საშუალებას აძლევს. ისიც აღსანიშნავია, რომ მთავარ როლებს „მეორე რიგის“ ჰოლივუდიც ნორმალურად უმკლავდება - ზოე კაზანი, ტაჰარ რახიმი, ანდრეა რაიზბორო, ქალებ ჯონსი...

უცხოების სიკეთე

დებიუტი და საერთოდ, უღიმღამო პროგრამა (ამაზე ოდნავ ქვემოთ) ერთგვარად გააკეთილშობილა ასევე სკანდინავიელი რეჟისორის, ჰანს პეტერ მულანდის „ცხენების ქურდობა“, რომელიც მრავალშრიანი რომანული თხრობით, ოპერატორი ნამუშევრითა და მსახიობთა კარგი თამაშით გამოირჩევა. პირველ რიგში კი ცხადია, უმაღლესი კლასის მსახიობი, სტელან სკარსგარდი უნდა აღინიშნოს. სხვადასხვა დროში მიმდინარე ამბავი ერთიანდება მთავარი გმირის (სწორედ მას თამაშობს სკარსგარდი) ცხოვრებაში მომხადრი ტრაგედიით, რომელიც ბავშვობაში სანადირო თოფით შემთხვევით ძმას  მოკლავს. ორსაათიან, ეპიკურ თხრობაში გამორჩეული მაინც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაა. თუმცა, ბევრი დეტალი  და მთავარი გმირის ცნობიერებაში „გახლეჩილი თუ დანაწევრებული“ დროის ჩვენება ფილმის აღქმას მაინც ართულებს.

ცხენების ქურდობა

კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც არ უნდა მოგწონდეთ სკანდინავიური ფილმები, რა ესთეტიკური პრეტენზიაც არ უნდა გქონდეთ სცენარის ან თხრობის მიმართ, რეჟისორები მაინც ცდილობენ მაქსიმალური სიღრმე შესძინონ ამბავსაც და გამოსახულებასაც, ხოლო მსახიობთა ნამუშევარი დამაჯერებელი და თითქმის ყოველთვის სანიმუშო ხარისხისაა, მაგალითად, ჩვენთვის უცნობი ტობიას სანტელმანი, რომელიც მულანდის ფილმში სახელოვანი სტელან სკარსგარდის პარტნიორია.

ფესტივალზე ქალების ამქარს ზურგს უმაგრებს გერმანელი რეჟისორი ნორა ფინგშაილდიც. ფილმში „სისტემის მსხვრევა“, ის ცხრა წლის გოგონას რთულ ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლებებს სოციალური და განათლების სისტემის კრიზისის ფონზე ხატავს. თანაც გერმანიაში, სადაც ერთი შეხედვით ეს სისტემა აწყობილი და მოგვარებულია... პრესკონფერენციაზე თავად რეჟისორმა განაცხადა: „ეს ფილმი იმიტომაც გადავიღე, რომ სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანად მეჩვენება არამყარი, ფაქიზი ფსიქიკის მქონე ბავშვთა პრობლემების ჩვენება“. თუმცა ფილმმა კრიტიკოსთა და ჟურნალისტთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. წერდნენ, რომ „ეს უფრო დოკუმენტური ან სამეცნიერო ფილმების თემაა და ძნელად აღსაზრდელ ბავშთა ფსიქიკური პრობლემების ასახვა უფრო გრძნობისმიერი სპეკულაციაა“.

ასეა თუ ისე, პატარა გოგონას დრამამ (ამ როლის შემსრულებელს, ჰელენა ზენგელს ჟურნალისტები ტაშით შეხვდნენ პრესკონფერენციაზე) მაყურებელიც აალაპარაკა და კრიტიკაც. ფესტივალის უცნაურ, წარუმატებელ თუ თავისებურ ფილმებს შორის შეიძლება დავასახელოთ ჩინურ-მონგოლური ფილმი „ონდოგი“, რომელიც სხვათა შორის, 2006 წლის ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულმა („ტუიას ქორწინება“) ვან ქუიანმა გადაიღო. მახსოვს, მაშინ ეგზოტიკურმა კოსტიუმებმა და თავად ამბავმა, ისევე როგორც, უკაცრიელმა და შთამბეჭდავმა პეიზაჟებმა ჟიური ძალიან მოხიბლა. ვნახოთ ჟულიეტ ბინოში და  კომპანია თუ წამოეგება ისევ იმავე ანკესს. რადგან ამ ფილმშიც (სათაური სხვათა შორის, მონგოლურიდან ითარგმნება როგორც „დინოზავრის კვერცხი“) ეგზოტიკა და მკაცრი რეალობის ლამაზ პეიზაჟებად წარმოჩენა ასევე კარგი სატყუარაა.

ონდოგი

ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც „ოზონისტებს“ ელოდათ. ერთ დროს თამამი და თავისუფალი აზროვნების ფრანსუა ოზონი, რომელიც სწორედ ბერლინის კინოფესტივალზე დაფრთიანდა („რვა ქალი“) და შემდგომშიც არ მოკლებია დიტერ კოსლიკის მადლი, ამჯერად ქრისტიანობისა და ოჯახის სადარაჯოზე დგას. აშკარად კონიუნქტურული და კონსერვატორული ფილმი „მადლობა უფალს“ კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას - პედოფილიას, უფრო მრევლის მომგებიანი პოზიციიდან განიხილავს და მიზეზ-შედეგობრივ დიალექტიკას ნაკლებად ითვალისწინებს. „მე ბევრი ფილმი გადავიღე ძლიერი ქალების შესახებ და დიდი ხანია მინდოდა ასეთივე ძლიერი სულისა და ემოციური მამაკაცების შესახებ გადამეღო ფილმი“ - ამბობს ფრანსუა ოზონი, რომელიც თუ მისი ბოლო ფილმის მიხედვით ვიმსჯელებთ, უფრო ემოციურ და შემოქმედებით კრიზისში მყოფი რეჟისორის ნამუშევარს ჰგავს.

მადლობა უფალს

მაყურებელს ფესტივალზე კიდევ ბევრი საამო განცდა თუ ესთეტიკური სატანჯველი ელის. თუმცა წელს, ბერლინალეს მთავარი დილემა მაინც ცნობილი შვეიცარიელი თეატრალური რეჟისორის, კრისტოფ მარტალერის სპექტაკლიდან შეკითხვას მაგონებს: როგორ გამოვაცხოთ პური ფქვილის გარეშე?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^