Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავიცვათ საბავშვო პოეზია დიდებისგან

12 თებერვალი 2019

"გალაკტიონ ტაბიძის რითმები, სრულიად არ შეესაბამება, ტრადიციული ქართული პოეზიის ხმოვანებას. მან თავის ლექსებით შეუარაცხყო ქართული პოეზია და კულტურა, ფეხქვეშ გათელა რუსთაველის მიერ სათუთად ნამღერი ქართული ლექსი. მან, 2-3 კარგი ლექსის გამო თავს უფლება მისცა დაეწერა ხალხისთვის გაუგებარი ლექსები, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ ის კვლავაც განაგრძობს წერას, რითაც ზიანს აყენებს დიადი საბჭოეთის მოზარდ თაობას”.

ასე წერდა გაზეთი "კომუნისტი" 1934 წელს. მიუხედავად დიდი ქრონოლოგიური დაშორებისა, ლექსის თვითაღიარებული ექსპერტები (ლექსპერტები - დავესესხოთ ტარიელ ჭანტურიას) დღესაც ამ პათოსით იწევენ მწერლებზე.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკას, მაყვალა მრევლიშვილს წელს 110 წელი შეუსრულდა. მისი იუბილე საქართველოში ბევრგან აღინიშნა. მისი იუბილე ასევე აღინიშნა ფეისბუკზე, სადაც მას ყოვლისმცოდნე უვიცებმა განკითხვის დღე მოუწყვეს. ზოგი უფრო შორსაც წავიდა და ავტორის ქვეყნიდან გაძევებაც კი მოითხოვა. მაყვალა მრევლიშვილს გაუმართლა, რომ ის უკვე გარდაცვლილია და ამ სისულელეების კითხვა აღარ მოუწევს, არ გაუმართლათ ცოცხლად დარჩენილ საბავშვო მწერლებს - მარიამ წიკლაურს და  ვასილ გულეურს. გასაგებია, რომ, როგორც ეჟი ლეცი იტყოდა, ნებისმიერ სიმყრალეს, რომელიც ვენტილატორს ებრძვის, თავი დონ კიხოტი ჰგონია, მაგრამ შემაჯამებელი პასუხის გაცემა მაინც საჭიროდ მივიჩნიე.

საფრთხე ის კი არაა, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოსწონს. პირიქით, ეს კარგია, ცოცხალ დისკუსიებს იწვევს, პროცესსაც აცოცხლებს, მაგრამ რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, ეს იყო სრული ისტერიკა: აქეთ თავზე ნაცარწაყრილი მშობლები დარბოდნენ კედელ-კედელ (ვოლ-ვოლ), იქით “ქართული მარშის” ბიჭები ჯერ მაყვალა მრევლიშვილის, შემდეგ უკვე მარიამ წიკლაურის და ვასილ გულეურის ლექსების სქრინებს დაარბენინებდნენ, იქით რომელიღაც ბაბულიკები მწერლების დედის გენიტალიების მოხსენიების კვალდაკვალ “ღმერთმა შეგინდოთ”-ებს წერდნენ და თან ავტორების გატყავებას ითხოვდნენ. რა დაგიმალოთ და, ასეთი არაფრისგან ამოზრდილი სიგიჟე, კარგა ხანია, არ მინახავს. ამ ყველაფრის ყველაზე ცუდი დაბოლოება ის მგონია, რომ ამ ონლაინ ბულინგის, კოლექტიური ჯვარცმისა და გაკიცხვის ფონზე ბევრი დამწყები პოეტი შესაძლოა მოექცეს კონიუნქტურაში და შედეგად, პოეტური სიგიჟეების, პარადოქსებისა და მხატვრული “ალოგიკურობის” ნაცვლად, კარგად დავარცხნილი, ნაპატივები, მაგრამ “ლოგიკური” და არაფრის მთქმელი ლექსები შეგვრჩეს ხელში. და ეს ლექსები ბავშვებს არათუ ფანტაზიას გაუღვივებს, მათ წარმოსახვას ისეთ აღვირს ამოსდებს, როგორიც უკვე აქვთ ამოდებული ონლაინ-ყოვლისცოდნეებს.

“ქისა, ქისა ბარაქისა,

თქმა ვინ იცის არაკისა?

ცაში გალობს კურდღელი,

ხოჭოს ადგას უღელი".

მრევლიშვილის ამ გადასარევმა პარადოქსულმა ლექსმა (საერთოდ, არაპარადოქსული ლექსი დაახლოებით იგივე მგონია, რაც მშრალი წყალი ან დაბალი აყლაყუდა, თუმცა, ესეც მშვენიერი პარადოქსია, არა?) ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია, დავფიქრდი, იქნებ ამ გულზე მჯიღის მრტყმელ ხალხს საერთოდ არასოდეს წაუკითხავს ზღაპრები, საბავშვო ლექსები, რომელთა მთავარი საშენი მასალა სწორედ ჰიპერბოლებია. აბა, წარმოიდგინეთ, ამათ ნაცარქექია ქვას წვენს რომ ადენს, ეგ მომენტი რომ წააკითხო, შეიძლება ავტორი (ან ავტორები) ჯერ დაადგინონ და მერე საფლავიდან ამოთხარონ.

ლიტერატურათმცოდნეობაში არის ასეთი ტერმინი ”მოლოდინების ჰორიზონტი” (რომელიც ჰანს რობერტ იოსმა დაამკვიდრა და დღეს უკვე რამდენიმე ინტერპრეტაციით გვხვდება ლიტმცოდნეობაში). როცა მე ვიწყებ წიგნის კითხვას, მასთან მივდივარ ჩემი გამოცდილებით, კულტურული კოდებითა და მოლოდინებით, და ვცდილობ, ტექსტს დავადასტურებინო ჩემი მოლოდინები, მოვარგებინო ჩემი კულტურული კოდები. ანუ წაკითხვა გულისხმობს არა მხოლოდ წაკითხულიდან აზრის გამოტანას, არამედ აზრის შეტანასაც, მკითხველის მხრიდან ტექსტში საკუთარი გამოცდილების  ჩანერგვას და შემდეგ უკვე მის “ამოღებას”. ამიტომაც არის შეუძლებელი, ყველას ერთნაირად მოსწონდეს (ან არ მოსწონდეს) რომელიმე ტექსტი, ამისათვის საჭირო იქნებოდა, სულ მცირე, საერთო გამოცდილება, რაც შეუძლებელია ჰქონდეს თუნდაც ორ ერთად გაზრდილ (შეზრდილ) ადამიანს. სიამის ტყუპებსაც კი სრულიად სხვადასხვა ცნობიერი გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, ნებისმიერი ტექსტი განწირულია ინტეპრეტაციისთვის და აქედან გამომდინარე, სუბიექტურობისთვის. მაგრამ არის ზღვარი, როცა მოლოდინების ჰორიზონტი იშლება და საქმე გვაქვს პირწმინდად “გაზომვად” მოვლენებთან.

საქმე ისაა, რომ ეს თანამედროვე საბავშვო მწერლები მოსწონთ და უყვართ მათ, ვისაც მათი ტექსტები მიემართება. მათ საღამოებზე მუდმივად მრავლად არიან მათი უდიდებულესობა ბავშვები. ჰოდა, შევეშვათ დიდები ბავშვებს, მათ თავად უკეთ იციან, რა მოსწონთ და რა არა. ჩვენ - დიდებმა - თავის დროზე ავკრძალეთ საბავშვო ლიტერატურის შედევრი “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” და ეგ ცუდი საქმეც ვიკმაროთ. ჩვენ - დიდებმა - ავკრძალეთ “ტომ სოიერის თავგადასავალი” და ეგ შავი ლაქაც ვიკმაროთ. ჩვენ - დიდებმა - თბილისში აქციები მოვუწყვეთ უკეთილეს საბავშვო ზღაპარს “ჰარი პოტერს” და გვეყოს, ბოლოს და ბოლოს. და საერთოდაც, ეკზიუპერიზე კარგად ვინ იტყვის სეფე სიტყვას ამ ამბავში? გავიხსენოთ, როგორ განიცდიან პატარები უფროსების ესთეტიკურ უმწეობას:

“ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ - მომიგეს მათ. მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა”. [ეკზიუპერი “პატარა პრინცი”]

ერთ ამბავსაც უნდა მოვყვე, თემატურია. ერთხელ ბერძენი მხატვრები, ძევქსისი და პარასიუსი, დანაძლევდნენ, ვინ უფრო რეალურ, რეალისტურ სურათს დახატავდა. მაგის მეტი რა იცოდნენ - ადგნენ და დახატეს. ძევქსისმა მოაშორა ფარდა თავის ნახატს. მასზე გამოხატული ყურძნის მტევანი იმდენად რეალური იყო, რომ ფრინველები მიესივნენ ასაკენკად და ნისკარტებიც წაიმტვრიეს. შემდეგ ძევქსისმა სთხოვა პარასიუსს, ფარდა მოეხსნა თავისი ნახატისთვის. პარასიუსმა კი უპასუხა: ,,არ შემიძლია, რადგან ეს ფარდა… ნახატია". ასე მოიგო პარასიუსმა. ძევქსისს უთქვამს: მე შევძელი ჩიტები მომეტყუებინა, პარასიუსმა კი ჩემი მოტყუება შეძლოო.

ასეთი ხალხი ყოფილა.

დაახლოებით ერთი საუკუნის მერე საბერძნეთში ცხოვრობდა ხელოვნების თეორიის (და კიდევ ათასი რამის) ფუძემდებელი კაცი, ვის გარეშეც ხელოვნების თეორიას არცერთი თავმოყვარე უნივერსიტეტი არ (ვერ) ასწავლის. ისიც პატიოსანი და ჯიგარი, ამავე დროს, მულტიმედია არტისტი და ფილოსოფოსი - არისტოტელე.

არისტოტელეს არ მოსწონდა ეს ბევრისგან ნაქები ძევქსისი (და სავარაუდოდ, პარასიუსიც)  - ეთოსის ნატამალი არა აქვს მის ნახატებსო. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არისტოტელეს მიაჩნდა, რომ ხელოვნებაში მთავარია გამოკვეთო არსი და არა გარსი. არსი, ცხადია, მთავარია საბავშვო ლიტერატურაშიც. აქ კი არსის გამოკვეთა გულისხმობს, პირველ ყოვლისა, რეალური სამყაროს მითოლოგიზებას (ასე მიიჩნევს ანრი ბერგსონი, რომელიც ბავშვის ცნობიერებას მითოლოგიურს უწოდებს), პარადოქსის აგებას, უკიდურეს გადაჭარბებას - ასეთ სამყაროში ბავშვის ცნობიერება, როგორც ჩანს, თავს უფრო დაცულად გრძნობს. სწორედ ასეთია მაყვალა მრევლიშვილის ხსენებული ლექსი, ასეთივეა მარიამ წიკლაურისა და ვასილ გულეურის ის ლექსები, რომლებმაც აჟიოტაჟი გამოიწვია. სწორედ ამიტომ მოსწონთ ის ბავშვებს. ხომ ცხადია, რომ “დიდური” ესთეტიკური ბუღალტერია აქ არაფერში გამოგვადგება.

პეპი გრძელიწინდა და მისი მეგობრები აბებს სვამენ, რომ არ გაიზარდონ და სულ ბავშვები იყვნენ. დიდებს სიხარული უმცირდებათ, ვალები ეზრდებათ, აქვთ ვირული სამუშაო და გადასახადების გადახდა უწევთო. ამიტომ დალევენ ბავშვობის შემნარჩუნებელ აბებს და დარჩებიან კიდეც მარადიულ ბავშვებად.

მე კიდევ ერთ დეტალსაც დავამატებდი: დიდები ზოგჯერ გამოვშტერდებით ხოლმე და ვცდილობთ, იქ ჩავერიოთ, სადაც ნაკლები კომპეტენცია გვაქვს. ჩვენ - დიდები -  ვკარგავთ იმ ზღაპრულ სამყაროს, მითოლოგიურ ხედვას, პარადოქსების აგების სურვილს, რომელიც ერთ დროს იქნებ გვქონდა კიდეც. ჩვენ, დიდები, გაწერილ-გაანგარიშებულ რუტინაში ვცხოვრობთ და ყველაფერი, რაც დაშტამპული არაა, ცოტა არ იყოს, სახიფათო გვგონია. და საერთოდაც, არ იქნება ცუდი, დიდებს რომ მოგვერიდონ ბავშვები, კარგს მაინც ვერაფერს ისწავლიან ჩვენგან - ხან ომებს ვიწყებთ, ხან ერთმანეთის პირადი ცხოვრების ვიდეოებს ვაქვეყნებთ, ხან უსამართლო ხალხს ვნიშნავთ უვადო მოსამართლეებად, ხანაც საბავშვო პოეზიას დამღუპველად ვაცხადებთ. მოკლედ, არა ვართ ეს დიდები სანდო ხალხი.

დასასრულის ნაცვლად კი ჩემთვის ძვირფას საბავშვო ლექსს გავიხსენებ:

- ჩიტო, ჩიტო ნაცარა,

ვის უგალობ, ვისა?

- შენ გიგალობ, პატარავ,

დილა მშვიდობისა!

მზეო, მზეო, ცხრათვალა,

ვის უცინი, ვისა?

- გაიღვიძე პატარავ,

დილა მშვიდობისა!

- პაწაწინა ყვავილო,

რად გაშალე კვირტი?

- შენთვის მინდა პატარავ,

აბა, დამაკვირდი!

- მეც ახლავე ავდგები,

და დავიბან პირსა,

ყველას მივესალმები:

დილა მშვიდობისა!

მაყვალა მრევლიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^