Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა სახეები ბერლინალეზე

15 თებერვალი 2019

ბერლინალეს დირექტორის, დიტერ კოსლიკის გამოსათხოვარ და რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „თეთრი მანდილის“ სახელობის. თანაც, ყოველგვარი ქვენა თუ ზენა კონიუნქტურისა და ირონიის გარეშე. ჯერ არ ჩამცხრალა ლონე შერფინგის, აგნეშკა ჰოლანდისა და მარი კროიტერის ფილმების ირგვლივ ატეხილი ვნებათა ქარიშხალი (მათი ფილმების შესახებ „ლიბერალი“ უკვე წერდა), რომ „ბერლინალე პალასტის“ გიგანტური დარბაზის ფოიეში სხვა ქალთა ჟრიამული ჩაგვესმა...

უცნაური სახელწოდების მაკედონიური ფილმი „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია“, არანაკლებ უცნაურმა ქალმა, თეონა სტრუგარ მიტევსკამ გადაიღო, რომელსაც სხვათა შორის, ჟურნალ „სკრინის“ რეიტინგში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ვისაც ბალკანური კინო მხოლოდ ემირ კუსტურიცას სახელთან აქვს გაიგივებული, ამიერიდან თავისუფლად შეუძლია სია გააფართოვოს და სერბულ განყოფილებას უკვე მაკედონიურიც დაუმატოს. თუმცა ბევრს გააღიანებს მიტევსკას არა მხოლოდ ფემინისტური, არამედ მკვეთრად სოციალური და ათეისტური განაცხადი...

ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია

შეუხედავი და უმუშევარი ისტორიკოსი პეტრუნია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებს სამსახურს, ტელერეპორტაჟის წყალობით პოპულარული ხდება: ის მამაკაცებთან ერთად საერთო ნათლობის რიტუალში მონაწილეობს; ყინულივით ცივ წყალში ხტება და პირველი მოეჭიდება ხის ჯვარს. თუმცა ქალებს ამის უფლება არა აქვთ! რის გამოც საზოგადოების მხრიდან დასჯა-გაკიცხვას ერთდროულად იმსახურებს. რეპორტაჟი მისი დაპატიმრების შესახებ სწრაფად იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას და მითებს, რის გამოც პეტრუნია ლამის გმირი ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ძალიან გასაგები და ნაცნობი რელიგიურ-სატირულ ამბის ჩატევა თავისუფლად შეიძლებოდა ნახევარ საათშიც, რის გამოც ბევრი რამ ფილმში ზედმეტი და მეორეხარისხოვანი გვეჩვენება.

მე სახლში ვიყავი, მაგრამ...

კინოს ისტორიაში უკვე დამკვიდრებული სახელწოდება „ბერლინური კინოსკოლა“ ფესტივალზე ანგელა შანელეკის ფილმმა „მე სახლში ვიყავი, მაგრამ...“ გარკვეულწილად გაამყარა. თითქმის უძრავი, ცივი და დისტანციურ-კინემატოგრაფიული გამოსახულება, რითაც შანელეკის ფილმი გამოირჩევა, აშკარად გიბიძგებთ ჰანეკეს კინემატოგრაფისკენ, თუმცა ამისათვის მას არც მასშტაბი ჰყოფნის და არც მტანჯევლი ირონია. ახალგაზრდა ბერლინელი ქვრივი, ორი ბავშვითა და გაფუჭებული ველოსიპედით, რაღაც უხილავ, ეგზისტენციურ კარიბჭესთან რჩება. ის ყველაფერს ნევროზულად განიცდის - შვილის ნატკენ ფეხსაც, სკოლაში მათ სიარულსაც, ქიმწმენდაში ჩაბარებული პალტოს ამბავსაც. თუმცა სინამდვილეში ცხადია, რომ მას სიყვარული აკლია და ყველაფრის მიზეზი ესაა.

აუხსნელი ეგზისტენციური ტკივილი - იყო თუ იცხოვრო, უფრო გასაგები ხდება სასკოლო სპექტაკლის მსვლელობისას, როდესაც მოსწავლეები „ჰამლეტის“ ეპიზოდებს თამაშობენ. აღმოჩნდება რომ მათი „თამაში“ უფრო გულწრფელი, ღია და ნამდვილია, ვიდრე ფილმის გმირის რეალური განცდები. ფილმის მთავარი და პარადოქსული იდეაც ალბათ ამაშია: არ შეიძლება ცხოვრებაში ხელოვნური იყო და ხელოვნებაში - ცხოვრებისეული. შანელეკი ცდილობს ეს „ჯვარედინი“ რითმა დაიცვას და ამას ესთეტიკურ დონეზე აღწევს კიდეც. თუმცა ცალკე პრობლემაა, რომ ეს ცოცხალ-მკვდარი არტჰაუსი ნერვებს არ გიტოკებთ.

ქალთა უბედურებების ამბებს კიდევ ერთი შრე შეჰმატა ესპანელმა რეჟისორმა იზაბელ კოიშეტმა შავ-თეთრ, საკმაოდ ელეგენტურ ფილმში „ელისა და მარსელა“. მცირემეტრაჟიანი სკანდალი ჯერ კიდევ  პრესისთვის ფილმის ჩვენებას მოჰყვა, როდესაც ტიტრებში წარწერა Netflix გამოჩნდა. გასაგები იყო, რომ ამ ქსელის დაფინანსებით ფილმის საკონკურსო პროგრამაში მოხვედრა შეუძლებელი იყო. თუმცა რაც შემდეგ მოხდა, ამით გაოცებული მაინც არავინ დარჩენილა და ბოლო მომენტში ბერლინალემ ფილმი საკონკურსო პროგრამაში ჩართო. ალბათ გარკვეული მოლოდინითაც. მით უმეტეს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყიში, გალიციაში (ესპანეთი) ორი ქალის სასიყვარულო ისტორიის ჩვენება მართლაც გარკვეულ ინტრიგას ქმნიდა ფესტივალისთვის.

ელისა (მსახიობი ნატალია დე მოლინა) და მარსელა (გრეტა ფერნანდესი) ლა კორუნიაში, კათოლიკურ მონასტერთან არსებულ  სკოლაში სწავლობენ. თავიდანვე ცხადი ხდება, რომ მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. პროვინციაში, სადაც ცხოვრობენ, მათი ურთიერთობა შეუჩნეველი არ რჩება და მალე ხალხის მთელი რისხვა და აგრესია თავს ატყდებათ. ელისა და მარსელა იძულებული არიან პორტუგალიაში გაიქცნენ და  პორტოში ცხოვრობენ. უფრო მეტიც, მარსელა მარიოდ „გადაიკეთებს“ თავს, ულვაშებს მიიხატავს და კაცის ტანსაცმელსაც ატარებს, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი... ისინი კათოლიკურ ეკლესიის გაცურებასაც შეძლებენ და ჯვარს დაიწერენ, თუმცა სიმართლე გამჟღავნდება და ორივეს დაიჭერენ. გადის წლები და ფილმის ფინალში მათ ისევ ერთად ვხედავთ.

„ქალთა სახეებს“ წელს ბერლინალეზე სახელოვანი რეჟისორის, ფრანგული „ახალია ტალღის“ თანამონაწილის, ანიეს ვარდას დოკუმენტური ფილმიც დაემატა. წელს ის საპატიო „ოქროს კამერით“ დააჯილდოვეს კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. ფილმი სახელწოდებით „ვარდა ანიესის შესახებ“ ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამაშია წარმოდგენილი და დაახლოებით ორ საათს გრძელდება.

ვარდა ანიესის შესახებ

ეს არის პოეზიით, მელანქოლიით, არტითა და მსუბუქი ირონიით გაჯერებული ფილმი, სადაც 90 წელს გადაცილებული რეჟისორი ლამის ცხოვრებისა და შემოქმედების მთავარ ამბებზე გვიყვება:  როგორ იცხოვრო ბოლო წუთამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, აქ და ახლა! თითქოს ცხოვრება არ მთავრდება, რადგან წინ უსასრულო ჰოროზონტია. ფილმში შევიდა უნიკალური კადრები გადასაღები მოედნიდან და ფილმებიდან „კლეო 5-დან 7-მდე“, „ბედნიერება“, „მოკვდი, მაგრამ არა კინოში“ და ა.შ. ასევე მისი მეუღლის, ცნობილი რეჟისორის, ჟაკ დემის შესახებ მასალა, რომელიც მისი ცხოვრების მოუნელებელ ტკივილად და ამავე დრო, შთაგონების წყაროდ დღემდე რჩება.

კატრინ დენევი ბერლინის კინოფესტივალზე

ამგვარი ზეაწეული და პოეტური ინტონაციის ფონზე კიდევ უფრო უფერულად მოჩანს სხვა საკონკურსო ფილმები. მაგალითად, ანდრე ტეშინეს „დამშვიდობება ღამით“, სადაც კატრინ დენევი უშედეგოდ ცდილობს ბებიის როლში თავისი დრამატულობა და შემორჩენილი შარმი როგორმე ერთმანეთს შეუთავსოს და პოლიტიკურადაც აქტუალური დარჩეს. ფილმში მისი შვილიშვილი სირიელ ტერორისტებთან წასვლას ცდილობს, რასაც დენევის გმირი ბოლომდე ეწინააღმდეგება... ასევე პოლიტიკურად მძაფრი, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით სუსტია ებრაელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის ფილმი „სინონიმები“. ისრაელიდან პარიზში ჩასული ახალგაზრდა იოავი (ტომ მერსიე) საკუთარი სამხედრო კარიერის დავიწყებას ცდილობს და პარალელურად, ფრანგულ კულტურასთან იდენტობას ვერ ახერხებს...

საკონკურსო პროგრამის დამთავრებამდე ორი დღე დარჩა, შაბათს კი ბერლინალე 69-ე ფესტივალის გამარჯვებულებს დაასახელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^