Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფერმერების მთავარი გასაჭირი

20 თებერვალი 2019

ეს ჟანაა - მითხრა ზურამ და მკვრივ გავაზე  დაჰკრა ხელი. ჟანა არც განძრეულა. მშვიდად განაგრძო ჭამა. სხეულის ზორბა მოყვანილობა მის ჯიშიანობაზე მიუთითებდა.

* * *

თბილისიდან მიმავალი, სოფელ ჩალაუბანთან „სიყვარულის ქალაქისკენ“ თუ გადაუხვევთ და ახლად დაგებული, ასფალტის მიხვეულ - მოხვეული გზით ამწვანებულ მინდვრებს გადასერავთ, ისტორიულ ქიზიყში მოხვდებით, სადაც ვრცელ, ნაყოფიერ ველებს შორის მდორედ მიედინება წყალუხვი ალაზანი, მის მიღმა კი კავკასიონის თეთრად მოსილი, შორეული სილუეტი ილანდება. აქაური მოსახლეობა თავს ძირითადად ვენახის ზვრებით, ხორბლის ყანებით და უბატონობით იწონებს. ახლა კი ნელ-ნელა ფეხს თანამედროვე მესაქონლეობაც იკიდებს.

ჟანა შვეიცარიული შვიცბრაუნია. ძროხების მაღლპროდუქტიული ჯიშების წარმომადგენელი.

* * *

ახალგაზრდა ფერმერი, ზურა მასურაშვილი, დედოფლისწყაროში, საკუთარ, მერძეულ ფერმაში გვმასპინძლობს. მას როგორც მოზრდილი ძროხების, ისე პატარა ხბოების ჩათვლით, 80 სულამდე საქონელი ჰყავს - შავჭრელი და წითელჭრელი ჰოლანდიური ჰოლშტეინი და გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნი.

„ჩვენს ოჯახში ძროხა ჩემთან ერთად გაჩნდა“ -  იცინის ზურა. ბავშვის შეძენით გაბედნიერებულმა ოჯახმა იზრუნა, რომ ახალშობილს ნატურალური რძე-მაწონი არ მოკლებოდა. კოლექტივიდან ზურა პაპას ერთი ძროხა აჩუქეს. ნაჩუქარმა ძროხამ  წლების განმავლობაში 17 სული მოიგო. 17-ივე მდედრი.

პირველი ფერმა ამ ძროხის მონაშენით შეიქმნა. პატარა ზურა პაპას და ბებიას ფერმაში დაჰყვებოდა, ძროხებს  მათთან ერთად უვლიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი გადაწყვიტა, ფერმა ჩაებარებინა.

„თავიდან ერთი-ორი წელი გადახალისება ვცადე, ათლიტრიანებს ვყიდიდი, თხუთმეტიანებს ვყიდულობდი, ნელ-ნელა მივხდი, რომ ასე აზრი არ ჰქონდა“, - მიყვება ზურა.

ამის შემდეგ მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ფერმაში ექვსი შვიცბრაუნი და ერთი წითელჭრელი ჰოლშტეინი ჩამოიყვანა.

დედოფლისწყაროში პირველი იყო, ვინც, ამ მაღალპროდუქტიული ჯიშების მოვლა გაბედა. ოჯახშიც უსიამოვნება ჰქონდა, რადგან არსებობს მყარი შეხედულება, რომ ქართულ კლიმატს იმპორტული ევროპული საქონელი ვერ უძლებს და იხოცება.

„ესაა ზღაპარი და მოგონილი. ძროხას სჭირდება მოვლა. ვეტექიმი, ზოოტექნიკოსი და მშვენივრადაც ძლებენ, - ამბობს ფერმერი, - ჩემს მაგალითზე დედოფლისწყაროში რამდენიმე ფერმა გაკეთდა“.

მან სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე, ფერმას რომ მოჰკიდა ხელი, მიხვდა, რომ ხელოვნური განაყოფიერების სწავლა სჭირდებოდა. პროფსასწავლებელში ჩააბარა და ვეტერინარის დიპლომიც აიღო. დღეს საკუთარ ფერმას, როგორც ვეტექიმი და როგორ კვების ტექნოლოგი, თავად ემსახურება.

იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ ვსტუმრობდით, ზურას ფერმაში 38 ძროხა იწველებოდა. ერთი ძროხა საშუალოდ 27 ლიტრს იწველება. ფერმა დღეში ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს. ზურას  „სანტესთან” აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლიტრზე 1.10 ლარიდან და 1.30 ლარამდე უხდიან (სეზონების მიხედვით). ცხიმიანობის პროცენტული შემცველობის მიხედვით ზოგჯერ ეს ფასი იზრდება.

ძროხებს სპეციალური აპარატებით წველიან. ისინი ორმწკრივად განლაგებულ ბაგებში ცხოვრობენ. ჩემს ყურადღებას ყოველ ორ ძროხას შორის ხის ბოძზე დამაგრებული ლურჯი ფერის ჯამის მოყვანილობის ჭურჭელი იქცევს, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ ძროხა დრუნჩის ჩაყოფისას სარწყულებელთან დამაგრებულ პლასტმასის ენას აწვება, უკან სწევს და ჭურჭელს წყლით ავსებს. ასე რომ, საგანგებოდ წყლის ჩასხმა საჭირო აღარ არის. „ეს ფერმის აქსესუარებია, ყველგან იყიდება“, - ღიმილით ამბობს ახალგაზრდა ფერმერი.

* * *

იცი, ცოლი რატო არ მოჰყავს? - ნახევრად ხუმრობით მეუბნება ბექა გონაშვილი, ზურასთან შედარებით, გამოცდილი ფერმერი, მეცხვარეთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლიბერალის ბლოგერი. - იმიტომ, რომ სულ აქ უნდა იყოს, აი ამ ფერმას ვერავის დაუტოვებს.

ზურას ფერმაში სწორედ ბექამ მიგვიყვანა. თავად ბექა სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო ბიზნესთან ერთად დედოფლისწყაროში მეხორცულ ფერმას ფლობს.

„ისეთი კადრი, მოვლის გარდა, საქმის მცოდნე კარგი სპეციალისტი რომ იყოს, საქართველოში  ძალიან ცოტაა. უნდა იარო, სანთლით ეძებო, სანთელი ჩაიწვება, ჩაქრება და კადრს კი ვერ იპოვი“, - ამატებს ზურა.

სწორედ ეს არის ფერმერების მთავარი გასაჭირი.

„რაც დღეს ვიცი, ბევრი რამ სხვა ფერმერებმა მასწავლეს, ბევრი რამ საზღვარგარეთ ტრენინგებიდან ვისწავლე, ბევრი წავიკითხე, ბევრი პრაქტიკამ გამაგებინა. მეცხოველეობაში ზოგი ისეთი რამ ხდება, რომ შეიძლება არცერთმა პროფესორმა არ იცოდეს. და რომ უთხრა სასაცილოდ არ ეყოფა და რეალურად ისეა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს“.

ზურა მიყვება, რომ ფერმის მოვლის დროს პატარა დეტალებსაც მნიშვნელობა აქვს. ავიღოთ ბოჩოლების გაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი საწოვარით ასმევ რძეს. თუ საწოვარას ოდნავ დიდი ხვრელი აქვს, ჩვილ ბოჩოლას შეიძლება სასულეში გადასცდეს. იმ მომენტში არ მოკლას, მაგრამ  ავადმყოფობა განუვითარდეს.

ზურა ძროხების განაყოფიერების პროცედურასაც თავად ატარებს - „ცოდნა უნდა, ზოგი ძროხის ორგანიზმში შარდის ბუშტი ეფარება საშვილოსნოს. ეს არ არის პრობლემა, უბრალოდ ასეთი ორგანიზმი აქვს, შარდის ბუშტს უნდა გაუძვრე, ზოგი ვერ ნახულობს. არადა, ასეთი რამ არ არსებობს, იქაა, - იცინის ფერმერი. - შეიძლება მოღუნული იდოს, ცოტა მარცხნივ ან მარჯვნივ, გადაწეული, გადმოწეული“.

„ალია-ბალია, არაფერი რთული ამაში არაა“, - ამატებს ბოლოს.

ფერმის მოვლაში მთავარი კვების საკითხის მოწესრიგებაა. ზურას ფერმის ბოლოს დახვავებულ სილოსის გროვასთან მივყავარ. სილოსი დამწნილებული სიმინდია. როდესაც სიმინდის მარცვალი ცვილისებრი ხდება, „ბებერი რომაა მოსახარშად”, მაგ დროს იწყება მოსავლის სპეციალური კომბაინით აღება. ზურა კომბაინს შპს მექანიზატორიდან ქირაობს, მისი შეძენა ძვირი სიამოვნებაა დაახლოებით 400 000 ევრო ღირს. ქირაობით კი ერთი ჰექტრის აღება 200 ლარი ჯდება.ზურას ამჟამად სილოსის 27 ჰექტრის მოსავალი აქვს.

ძროხების კვებაში ალაოს ნახარშსაც იყენებენ. ნახარშს ლუდსახარშებიდან ყიდულობს  დაახლოებით ათ დღეში ერთხელ მოაქვს ნატახტრიდან.

ჩემს ყურადღებას უზარმაზარი მიქსერი იქცევს, „ამაში ჩადის დღის რაციონი, ერთ ძროხას რაც ეკუთვნის. გადათვლილი სულადობაზე, თავისი სასწორი აქვს, იტვირთება, მიქსერი ატრიალებს და ერთგვაროვან მასად აქცევს“, - მიხსნის ზურა.

კვების ტექნოლოგის საქმე სწორედ საკვები რაციონის კომპონენტების განსაზღვრაა. ამ მოვალეობასაც ზურა თავის თავს აკისრებს.

„მე რომ ფული მქონდეს და ფერმის გაკეთება მინდოდეს, ზურასთან მოვიდოდი და ვიმუშავებდი, ხელფასს კი არ მოვთხოვდი, ვისწავლიდი საფასურად“, - საუბარში ერთვება ისევ ბექა. გორაკებზე გაყვანილი გზით ზურას ფერმიდან მისი ფერმისკენ ვინაცვლებთ.

ფერმიდან ფერმაში ბექას მანქანით მივდივართ. ოფროუდისთვის განკუთვნილი მანქანა გორაკებზე გაჭრილ ოღროჩოღრო გზას ნელა მიუყვება. გზაში თანამედროვე ფერმის პრობლემებზე საუბარს ვახერხებთ.

„კადრების დეფიციტი” - დაუფიქრებლად პასუხობს ბექა კითხვას, თუ რა არის დღესდღეობით ფერმერის მთავარი გასაჭირი. „მე უნდა ვიცოდე ყველაფერი. მე უნდა ვაკეთო. ვეტექიმიც მე უნდა ვიყო, კვების ტექნოლოგიც და ა.შ.“.

ბექასთან  საუბარი მესაქონლეობის განვითარებაში ერთგვარი ექსკურსიაა:

„ადრე ძროხები კოლმეურნეობას ეკუთვნოდა. ჰყავდათ მწყემსები, ვეტექიმები, ზოოტექნიკოსები. ესენი თუ ფულს აკეთებდნენ, რაღაც მაინც იცოდნენ. მაგრამ წლების განმავლობაში რაღაც ჯაჭვები ისე ჩაიხსნა, რომ რაც დარჩა, მან ვეღარ გააგრძელა ფუნქციონირება. გლეხს ეგონა, რომ ამ ძროხას რაკიღა თვითონ უვლიდა, მან ეს საქმე კარგად იცოდა.

მან ჯერ იფიქრა, ამას ამდენი ჭამა რად უნდა, ნამჯაზე გადავიყვანო. ზოოტექნიკოსი აღარ ჰყავდა, ვინც ეტყოდა, რომ ასე არ შეიძლება.

არ იცოდა სწორად თაობის შეჯვარება, რომ ერთი ბუღა არ უნდა ეტრიალებინა, რადგან ეს გენეტიკურ დეგრადაციას იწვევს.

მეძროხესა და მცოდნე ადამიანს შორის ხიდი ჩატყდა და ამ ჩატეხილი ხიდით მოვდივართ მრავალი წელი.

„ელემენტარულს გეტყვი, - ამბობს ბექა - ჩვენთან სოფელში ნახირი რომ მოდის და მწყემსი მოჰყვება, ძროხამ სადმე თუ გაუხვია, მწყემსი ყველაზე დიდ სახრეს გადაუჭერს, თუ ზედ გადაატყდა, ითვლება, რომ ძროხამ გაიგო, იქ აღარ შეუხვევს.

რა არის ეს? ცხოველების წამებას თავი გავანებოთ, ამით ძროხა იმხელა სტრესს განიცდის, რომ ამის გამო შეიძლება ერთი კვირა ორი-სამი ლიტრით მოუკლოს წველას”.

ცოდნა უნდა იმასაც, თუ როგორ გაითვალისწინო არსებული პირობები. მაგალითად, დედოფლისწყაროში, მორწყვის პრობლემა დგას. სარწყავი მიწა კი იმიტომაა საჭირო, რომ სილოსი აწარმოო. საკვებში ყველაზე მაღალ ღირებულებას სწორედ  სილოსი ასრულებს. შენ თუ სილოსს ყიდულობ, კილოგრამი თითქმის 40 თეთრი ღირს. მაშინ, როცა მისი წარმოება, როდესაც სარწყავ მიწაზე მოგყავს, 5 თეთრს ვერ სცდება. ეს ცხადია, პროდუქტის ღირებულებაზე მოქმედებს.

* * *

ბექას ფერმაში სტუმრები დაგვხვდნენ. გორიდან. ღორების ფერმის მფლობელი ჯემალ გოზალიშვილი ბექას საგანგებო მისიით ეწვია. მესაქონლეობის კუთხით სურს განვითარება, და რადგან ცოდნის დეფიციტია, უკვე არსებულ, წარმატებულ ფერმერთან მიდის კონსულტაციებისთვის.

გოზალიშვილს ეტყობა, რომ დაბეჯითებით სურს საქონლის ფერმის შემქნა, იგი კითხვას კითხვაზე აყრის ბექას. და მეც მასთან ერთად მეხორცული ფერმის ფუნქციონირების მრავალ დეტალს ვეცნობი:

სჯობს გასასუქებლად შერჩეული საქონლისთვის ერთ სულზე 18 კვადრატული მეტრის ფართობი გქონდეს. ღია ფერმის გაკეთება პრობლემა არ არის. ძროხისთვის ის ტემპერატურა, რომელიც კახეთის ბარს ახასიათებს, გართულებებს არ ქმნის.

ბექა სასუქს ფერმის ძროხებს დღეში სამჯერ აჭმევს. მიღებულია ორჯერადი კვებაც, მაგრამ, ფერმერის აზრით, ორჯერერადი კვებისას მოშიებული საქონელი უცებ ბევრის ჭამას იწყებს, და შესაძლოა საკვები ვერც კი გადაამუშაოს, ისე „გაუშვას ტრანზიტზე“.

„შეხედეთ, - უხსნის სტუმრებს გონაშვილი - არ არიან დაღიპულები, ტანზე დგანან. ისე ვაჭმევ რომ კუჭი არ გაეზარდოთ, რათა საკვები უკეთ გადაამუშაონ. ამათი გამოსავლიანობაც, ცოცხალ წონასა და ხორცს შორის შეფარდებაც გაცილებით მეტია”.

ბექა ამბობს, რომ საქონელი დახარისხებული უნდა გყავდეს, და სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფებს სხვადასხვა რაციონი უნდა აძლიო. მეხორცული ფერმისთვის მნიშვნელოვანია საქონლის მუდმივად აწონვა. „თუ მოგყვება და მატულობს, არ უნდა დაკლა. შესაძლოა რომელიმე ძროხამ შეაჩეროს ზრდა, შენ ვერ გაიგო და საკვები ტყუილად აძლიო“.

მნიშვნელობა აქვს ძროხის დასალევი წყლის ტემპერატურასაც - „გამათბობლით მინდა ძროხებს ვარწყულებდე. რატომ? - ძროხის კუჭში ტემპერატურა 37 გრადუსზე უნდა ავიდეს, რომ მან გადამუშავება დაიწყოს. თუ დალია 2-გრადუსიანი წყალი, მას ენერგიის დახარჯვა მოუწევს, რომ ეს წყალი გაათბოს. ამავე დროს არ შეიძლება ძალიან თბილი წყლის დალევა, თუ ცხელა, მაშინ დაბლა უნდა დაიწიოს. ამაშიც ენერგიას ხარჯავს, შეიძლება 37 გრადუსიანი წყალი ვერ უზრუნველვყო, მაგრამ ზამთარში რომ 20-გრადუსიან წყალს სვამდეს - კამფეტ”, - ამბობს ბექა.

ბექას ფერმა ისე აქვს მოწყობილი, რომ მის მომვლელს ბევრი შრომა არ უწევს, დღეში სამჯერ საჭმელს თუ დაუყრის. მარტივი მომსახურება ხორცის თვითღირებულებას ამცირებს.

საბოლოოდ ჯემალ გოზალიშვილი ბექას ფერმას კმაყოფილი ტოვებს. მისი მონათხრობიდან ვიგებ, რომ შინდისში ღორების ფერმა აქვს. „სადედაღორე. თანამედროვე სტანდარტებით“.

„ღორისა და საქონლის მოვლას შორის დიდი განსხვავებაა. ღორების ფერმას რომ ვაკეთებდი, მაშინაც  დავდიოდი და ვსწავლობდი. ვნახე და გავითვალისწინე რჩევები, ჩემი მოსაზრებიდან გამომდინარე. ან ის გაამართლებს, ან ეს და ასე მოდის ცოდნა. სხვა ვარიანტი არ არსებობს“, - ამბობს ჯემალი.

________________

შეუძლია სახელმწიფოს რაიმე იმგვარი ღონისძიებების გატარება, რომლითაც თქვენს მთავარ პრობლემებს ნაწილობრივ მაინც გადაჭრის? - ვეკითხები ბექას დამშვიდობებისას - კი, შეუძლია სისულელეები არ აკეთოს - სწრაფად მპასუხობს ფერმერი.

რას იგულისხმება ამ სიტყვებში, „ლიბერალის” მომდევნო მასალაში მოგითხრობთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^