Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლების რეფორმის შესახებ

28 თებერვალი 2019

2018 წლის სექტემბერში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა. ცხადია, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან წამოწყებას სერიოზული მომზადება და დაგეგმვა სჭირდება. ამის შესაბამისად, მოუთმენლად ველოდებოდით სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის გამოქვეყნებას.

ექვსი თვის ლოდინის შემდეგ წერილობით მივმართეთ საქართველოს განათლების სამინისტროს და დაგეგმილი რეფორმის კონცეფციის მოწოდება ვთხოვეთ. ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ასეთი დოკუმენტი თურმე ჯერ არც კი არსებობს.

სამინისტროს ცნობით, „ამჟამად მიმდინარეობს 2019-2023 წლების განათლების და მეცნიერების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის/რეფორმების სტრატეგიულ დოკუმენტად ჩამოყალიბების პროცესი“. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში უკვე განხორციელდა რამდენიმე ,,ხმაურიანი“ ცვლილება, რომლის შეფასებაც ერთიანი ხედვის კონტექსტში ვერ ხერხდება ასეთის არარსებობის გამო. 

განათლების ვებგვერდზე მოცემულია რეფორმის მოკლე აღწერილობა[1], სადაც ვკითხულობთ:

„2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში“.

ცვლილებების შესახებ მწირი ინფორმაციის შევსება მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლების  საჯარო გამოსვლებზე დაყრდნობით ვცადე. უნდა აღვნიშნო, გამოსვლებში გამოთქმული მოსაზრებები მთლად თანმიმდევრული არაა, თუმცა შეიძლება გარკვეული ლაიტმოტივის გამოყოფა. ამ ცვლილებების მიზნებად სახელდება: სოფელსა და ქალაქს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების ხელშეწყობა, რეპეტიტორობის ინსტიტუტის შესუსტება, დამამთავრებელ კლასებში გამოცდებზე ორიენტირებული სწავლების აღმოფხვრა.

ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ჯერ სტრატეგიული განვითარების კონცეფცია უნდა შეემუშავებინა, შემდეგ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მიეღწია საზოგადოებრივი თანხმობისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო ცვლილებებზე  მუშაობა.

ვინაიდან განათლების სამინისტრო ამ სერიოზულ საქმეს ერთობ არასერიოზულად უდგება, გადავწყვიტე, რამდენიმე საკითხი სამინისტროსთვის ჩვეულ, არასერიოზულ, სტილში განმეხილა:

გამოსაშვები გამოცდები, როგორც სწავლების პროცესისათვის ხელშემშლელი ფაქტორი

მინისტრის აზრით, გამოსაშვები გამოცდები ხელს უშლის სწავლების პროცესის წარმართვას და ამ გამოცდების გაუქმება უთუოდ გააჯანსაღებს სკოლას. მინისტრის თქმით, ამ მოსაზრების მართებულობის დასტურია ,,ფანტასტიკური“ ვითარება დაწყებით სკოლაში, კერძოდ მეექვსე კლასამდე.  

მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი. დაწყებით სკოლაში უაღრესად მძიმე ვითარებაა. წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS 2016) თანახმად (ეს კვლევა საქართველოში 2006 წლიდან რეგულარულად ტარდება), მოსწავლეთა მესამედზე მეტს წაკითხული ტექსტის გააზრების მინიმალური კომპეტენცია აქვს (მიღწევის დაბალ საფეხურზეა), ხოლო დაახლოებით 14% დაბალი საფეხურის მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, მარტივად რომ ვთქვათ,  მათ ასაკის შესაფერისი მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გაგება და გააზრება არ შეუძლიათ!

 მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS 2015) ადასტურებს, რომ მათემატიკის ცოდნასთან დაკავშირებით მეოთხე კლასში კიდევ უფრო არასახარბიელო ვითარებაა, მოსწავლეთა 31% მინიმალურ კომპეტენციებს ფლობს, ანუ მიღწევის დაბალ საფეხურზეა,  22% კი მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ აღწევს.  

აქვე ვიტყვით, რომ სურათი დრამატულია საბაზო საფეხურზეც (სახელმწიფო შეფასება, PISA, TIMSS). ასე მაგალითად, სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში აჩვენებს, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 30% ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების მინიმუმს. უმძიმესი ვითარებაა  საბუნებისმეტყველო საგნებში (სახელმწიფო შეფასება, მე-9 კლასი, 2016 წელი).  

მაგალითად, ფიზიკაში, მოსწავლეების 35%  ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების მინიმუმსაც კი, ხოლო ქიმიაში ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 49% პროცენტს შეადგენს. ასეთია რეალობა დაწყებით და საბაზო საფეხურზე, სადაც ცენტრალიზებული გამოცდები არ ტარდება. გაუგებარია, რატომ მიაჩნია მინისტრს, რომ ბოლო კლასებში გამოცდების გაუქმებით სკოლაში სწავლების ხარისხი რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ?!

მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლების თქმით, შემუშავებულია გარკვეული „მექანიზმები“, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.

სახელდება 150-ე სკოლაში მიმდინარე „პილოტი“. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ამ მოდელის პილოტირება „2018 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და ნოემბერში სამინისტრომ შეაჯამა კიდეც მისი შედეგები და დაადგინა, რომ ის ძალიან კარგია“ (24 იანვარი, edu.aris.ge).  

ეს ,,პილოტი“ მალე დაინერგება 150-ე სკოლაში და შემდეგ უკვე მთელ საქართველოში. საქმეში ჩაუხედავი ადამიანიც კი ადვილად მიხვდება, რომ ერთ თვეში  (თუნდაც რამდენიმე თვეში)  სწავლების ახალი მეთოდების პილოტირება და შეფასება, შემდეგ კი მისი ეფექტიანობის გაზომვა აბსურდია.

ასევე გაუგებარია, რა კავშირი აქვს მესამე და მეოთხე კლასში ჩატარებულ „პილოტს“ გამოსაშვებ გამოცდებთან. როგორ აპირებს სამინისტრო სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას სკოლის დამამთავრებელ კლასებში?

„დილის იმედის“ ეთერში მინისტრის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმად მეექვსე და მეათე კლასში გამოცდების შემოღება დაასახელა, და, სხვათა შორის, არ გამორიცხა ყველა სხვა კლასში დამასრულებელი გამოცდების ჩატარების შესაძლებლობაც.  

როგორც ჩანს, გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკის შემდეგ სამინისტროს დაავიწყდა, თავისივე ,,მყარი“ არგუმენტები, რომ გამოცდა სტრესია, სასწავლო პროცესი გამოცდებზეა ორიენტირებული, გამოცდების რაოდენობის ზრდის შესაბამისად იზრდება რეპეტიტორთა რაოდენობაც და ა.შ. სამინისტროში არსებული ქაოსის, არათანმიმდევრულობისა და არაპროფესიონალიზმის დემონსტრირებაა მოვლენათა შემდგომი განვითარება: სამინისტრომ მეორე დღესვე სასწრაფოდ უარყო მინისტრის მოადგილის ეს დაპირება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა კი 27 თებერვალს განაცხადა, რომ  იგეგმება გამოცდების ჩატარება მეოთხე, მეექვსე და მეათე კლასებში, თუმცა ვერ თქვა, რა არის ამ გამოცდების ჩატარების მიზანი, რა ფუნქცია ეკისრებათ მათ, რა ტიპის გამოცდები მზადდება, როდის ჩატარდება ისინი, რა საგნებში, სავალდებულოა თუ არა მათი ჩაბარება ყველა სკოლისთვის  (27 თებერვალი, edu.aris.ge). ერთი სიტყვით, კიდევ კარგი ვერაფერი თქვა და მინისტრი კიდევ ერთხელ  შეცდომაში არ შეიყვანა.

მინისტრის თქმით, გამოსაშვები გამოცდების გაუქმება სკოლაში მოსწავლეებს დააბრუნებს. მინისტრს ეტყობა არ ახსოვს, რა ვითარება იყო სკოლებში გამოსაშვები გამოცდების შემოღებამდე. თავის დროზე პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ გამოსაშვები გამოცდების შემოღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნება იყო, ახლა - იმავე მოტივით - ეს გამოცდები უქმდება. საქართველოში პოლიტიკოსებს არათანმიმდევრულობა ახასიათებთ, თუმცა როცა საქმე განათლების რეფორმას ეხება, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო და სავალალო ხდება. უცნობია, რა „მექანიზმების“ იმედი აქვს სამინისტროს, მაგრამ როგორც პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა შეწყვიტა სწავლა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებზე დასწრება. სამწუხაროა, თუკი XXI საუკუნეში, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, „ამგვარ შედეგზე გავდივართ“.

რეფორმა გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით არ შემოიფარგლა, ის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებსაც გადაწვდა.

უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის გაზრდა

მინისტრის თქმით, ამიერიდან უმაღლეს სასწავლებლებს  საშუალება ექნებათ, საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესონ დამატებითი გამოცდები. მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი. ეს უფლება უმაღლეს სასწავლებლებს აქამდეც ჰქონდათ. მეტიც, უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლოთ მინიმალური ზღვრისგან განსხვავებული გამსვლელი ბარიერის დადგენა და თითოეული გამოცდისთვის მათთვის სასურველი კოეფიციენტის მინიჭება.

საყურადღებო სიახლე სინამდვილეში ისაა, რომ ამიერიდან უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლებათ ბარიერის დაწევა, თუნდაც ნულამდე; საგამოცდო სისტემის რეფორმისას სამინისტრო აპელირებდა, რომ სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მაღალი კომპეტენციების აბიტურიენტთა შერჩევას. საკითხავია, რამდენად გააუმჯობესებს არსებულ ვითარებას ბარიერის დაწევა ან გაუქმება?! უფრო მოუმზადებელ სტუდენტებს ხომ არ მივიღებთ უნივერსიტეტებში?

მინისტრი უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეს შავ-თეთრად, უკაცრავად, ჰუმანიტარულ-ტექნიკურად ხედავს და სწორედ ამის შესაბამისად აკანონებს ორ სავალდებულო გამოცდას - ისტორიასა და მათემატიკას. მინისტრს უნდა შევახსენო, რომ არსებობს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა ცალსახად მიკუთვნება ტექნიკური ან ჰუმანიტარული მიმართულებებისადმი ჭირს, მაგალითად, მედიცინა, სტომატოლოგია, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები და სხვ. ჩნდება შეკითხვა, დროს აცდენილი ხომ არაა მინისტრის ეს ხედვა?

მისაღები გამოცდების სიავის საჩვენებლად მინისტრმა არაერთხელ მოიყვანა შემდეგი მაგალითი: ინფორმატიკის მიმართულებაზე რიგი უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა იყო გეოგრაფიის ჩაბარება. მინისტრი მართალს ამბობს, ასეც ხდებოდა, ხშირად... მაგრამ მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი.

ეს გამოცდების ბრალი არ არის, ეს არის სწორედ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის ნაწილი და, ამავდროულად, არსებული დაფინანსების სისტემის გამოძახილი.  მოდით, რთულ საქმეს შევეჭიდოთ და გავყვეთ მინისტრის ლოგიკას: ეტყობა, მინისტრი არ ენდობა უმაღლეს სასწავლებლებს და ამიტომ (?) საგნების არჩევანის უფლებას აძლევს მათ, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებს მესამე სავალდებულო საგნად მათემატიკის ან ისტორიის არჩევას ავალდებულებს და ამით უზღუდავს არჩევანის შესაძლებლობას....  მაპატიოს მინისტრმაც და მკითხველმაც - ჩემთვის გაუგებარი რჩება ამ გადაწყვეტილების ლოგიკა.

მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის ზრდაში შეიძლება გულისხმობს, რომ ისინი დამოუკიდებლად ჩაატარებენ გამოცდებს. ეს რამდენჯერმე გაკვრით თქვა როგორც მინისტრმა, ასევე, მისმა მოადგილემ და, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს გაზრდის უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას. ამ შემთხვევაში მინისტრი ძალიან ცდება. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გაზარდოს უმაღლესი სასწავლებლების არა ავტონომია, არამედ შემოსავალი. ისიც უმაღლესი სასწავლებლების კი არა, ცალკეული პირების. მინდა მინისტრს შევახსენო, რომ კორუფციისთვის კარის გახსნა კარგი საქმე არაა, ამიტომ, იმედია, ამ იდეას განხორციელება არ უწერია.

აცდენილი საგამოცდო პროგრამები

რეფორმის ერთ-ერთ მიზნად გაცხადებულია „ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება“. მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი, მან არ იცის, რომ  საგამოცდო პროგრამები სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, და ამას ყოველ წელს ადასტურებდა თავად განათლების სამინისტრო. ამას, სხვათა შორის, ითვალისწინებს საგამოცდო პროგრამების დამტკიცების პროცედურა. მინისტრს ვურჩევ, გადაამოწმოს არა მხოლოდ პროგრამები, არამედ კონკრეტული დავალებებიც. ის იოლად დარწმუნდება, რომ დავალებები და პროგრამები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია.

უთანასწორობის აღმოფხვრა და ზოგადი უნარების გამოცდა

პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით ბრძანა: „ანუ ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ ეს აღმოგვეფხვრა (მინისტრი გულისხმობს სოციალურ უთანასწორობას), და ეს გამჭვირვალე ინფორმაციაა, მაგალითად, დღეს სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა ამითი და ეს ციფრებია, რომლებსაც ეროვნული გამოცდების შედეგი ამბობს, სწორედ ეს განსხვავება რეალურად წარმოშვა და გაზარდა. დღევანდელი მონაცემებით საშუალოდ 8, 9 ქულით არის განსხვავება, იმავე ადამიანებს, იმავე რეგიონსა და დედაქალაქს შორის“.   

გამოთქმული აზრი, თუ სწორად გავიგე, მინისტრი ამ შემთხვევაშიც შეცდომაშია შეყვანილი. ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებით სოციალური უთანასწორობა არ გაქრება. იძულებული ვარ მინისტრს შევახსენო, რომ ყველაზე „უთანასწორო“ გამოცდა არა ზოგადი უნარების გამოცდა, არამედ უცხოური ენების გამოცდაა, სადაც სხვაობა თბილისსა და რეგიონებს შორის 22 ქულას აღწევს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მინისტრის მხრიდან ეს არის აბსოლუტურად პრიმიტიული მიდგომა. მინისტრს უნდა შევახსენო, რომ ქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების შედეგებს შორის სხვაობა დრამატულად დიდია სკოლის თითოეულ საფეხურზე. ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო კვლევა (PISA, TIMSS, PIRLS) და სახელმწიფო შეფასების შედეგები. ეს სხვაობა რესურსებზე მწირი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული და გამოცდები არაფერშუაშია. მეტიც ეს სხვაობა დასტურდებოდა მაშინაც, როდესაც დამამთავრებელი გამოცდები საერთოდ არ არსებობდა, ხოლო მისაღები გამოცდები მხოლოდ ერთხელ იყო ჩატარებული.

ყველა საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასება ცალსახად ადასტურებს, რომ სხვაობა ქალაქსა და რეგიონებს შორის განპირობებულია სკოლისა და ოჯახის საგანმანათლებლო რესურსების სიმწირით, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაციით, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორებით. გავიმეორებ: ზოგადი უნარების გამოცდის ან თუნდაც ყველა გამოცდის გაუქმებით უთანასწორობა არ გაქრება, ერთადერთი, შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ სირაქლემის პოზაში ყოფნა მინისტრს ნამდვილად არ უხდება.

ზოგადი უნარების ტესტის მიმართ მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები შემდეგ პრეტენზიებს გამოთქვამენ, ეს ტესტი ცოდნას აფასებს, ან კიდევ - ეს ტესტი არაფერს აფასებს. გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, მინისტრი ორივე შემთხვევაში შეცდომაშია შეყვანილი:

,,ზოგადი უნარების ტესტი მხოლოდ ცოდნას აფასებს“ - მინისტრს ავიწყდება, რომ ეს ტესტი არის აკადემიური უნარების შესაფასებელი ინსტრუმენტი. მისი მიზანია იმის შეფასება, შეძლებს თუ არა სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში მისთვის მიწოდებული ახალი ინფორმაციის გააზრებასა და გამოყენებას. ამიტომ, ცხადია, სტუდენტმა უნდა იცოდეს წერა, კითხვა, რიცხვების ცნობა და ა. შ.  თუკი ვინმეს წილადის და პროცენტის ცნებების ცოდნა მათემატიკის ცოდნა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა, ხოლო როდესაც ასე ფიქრობს მინისტრი, ეს, მისი პირადი პრობლემის გარდა, ქვეყნის პრობლემადაც იქცევა.

ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა, რომ სტუდენტმა შეძლოს წაკითხული ტექსტის გააზრება, ლოგიკური კავშირების დანახვა, სამეცნიერო სტატიაში თუ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი რაოდენობრივი კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია. მინისტრს ასევე შევახსენებ, რომ აკადემიური უნარების შემოწმება შესაძლებელია აკადემიური უნარების ტესტით, და არა საგნობრივი გამოცდებით. წნევის გაზომვა საჭიროა წნევის აპარატით, და არა თერმომეტრით.

სხვათა შორის, აკადემიური უნარების განვითარებაც სწორედ სკოლამ უნდა უზრუნველყოს, ყველა საგნის სწავლების ფარგლებში და ამ გამოცდისთვის რეპეტიტორთან სიარული საერთოდაც არ არის საჭირო. (მაგრამ  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკოლა საგნობრივ ცოდნასაც კი ვერ აძლევს მოსწავლეს, ხოლო საფუძვლის გარეშე უნარების განვითარება შეუძლებელია). უნარების გამოცდისთვის მომზადება ნამდვილად მახინჯი პრაქტიკაა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყველა საჯარო განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნარების გამოცდისთვის მომზადება რეპეტიტორთან საჭირო არაა.

ყველა საერთაშორისო და ასევე საქართველოში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისათვის, გარდა გამომუშავებული უნარებისა, რომელთა ჩამოყალიბებაც წლების განმავლობაში ხდება, საკმარისია ტესტის ფორმატისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობა და ტესტის რამდენჯერმე შესრულება დაწესებულ დროში. მსგავსი რეკომენდაციები და ტესტის ნიმუშები მოცემულია ცენტრის ვებგვერდზე. ამავე ვებგვერდზე ასევე მოცემულია დამატებითი დამხმარე მასალა, ვიდეოგაკვეთილები და ა.შ., რაც რეპეტიტორთან მომზადების უაზრობად აქცევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსწავლე, უფასოდ და ადვილად ხელმისაწვდომი მასალებითაც შეძლებს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენას ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე.  

„ზოგადი უნარების ტესტი არაფერს აფასებს“ - ესეც სრულებით უპასუხისმგებლო განცხადებაა, თანაც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც, როგორც ჩანს, არ აქვთ ტესტის ვარგისიანობის შეფასების კომპეტენცია. ზოგადი უნარების ტესტს აქვს მაღალი სანდოობა და მაღალი კორელაცია სხვა საგნების ქულებთან, და შესაბამისად, ალბათ უკვე მიმიხვდით, მინისტრი კვლავ შეცდომაშია შეყვანილი.

რეპეტიტორობა

იქმნება შთაბეჭდილება, რომ განათლების პოლიტიკა ძირითადად მიმართულია რეპეტიტორების ინსტიტუტის დანგრევაზე. კეთილი და პატიოსანი. თითქოს რეფორმის მთავარი მიზანიც მხოლოდ ესაა და სხვა პრობლემა სისტემაში არ გვაქვს. უცნაური კი ისაა, რომ ამ მიზნის მიღწევას სამინისტრო გამოცდების გაუქმებით აპირებს. სამინისტრო არ ითვალისწინებს, რომ მშობლებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც დაჰყავთ რეპეტიტორებთან. იმიტომ ხომ არა, რომ მშობლები სწავლების ხარისხით არიან უკმაყოფილო? თუ  იმიტომ, რომ მეორე კლასის მოსწავლეს ათი წლის შემდეგ მისაღები გამოცდების ჩაბარებისათვის ამზადებენ? მინისტრს ავიწყდება, რომ რეპეტიტორთა ინსტიტუტის დანგრევის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება სკოლის გაძლიერებაა.

კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება

მინისტრი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების მომზადებისას დაეყრდნენ საერთაშორისო გამოცდილებასა და საგანმანათლებლო კვლევების შედეგებს. პარლამენტში გამოსვლისას მინისტრმა პირობა მისცა პარლამენტარებს, რომ ამ კვლევებს მომდევნო ორშაბათს გამოაქვეყნებდა. კვლევების რა გითხრათ, მაგრამ ორშაბათს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დაიდო ერთი კვლევის ანგარიში სახელწოდებით: „სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში“, რომლის ავტორია  ლელა ჩახაია. ნეტავ, არ დადებულიყო.

კვლევის დიზაინი, მეთოდური გამართულობა და მიუკერძოებლობა კვლევის სპეციალისტებისთვის  მიმინდვია, მაგრამ რამდენიმე ასპექტზე კი შევჩერდები.

კვლევის დასკვნაში წერია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ არსებობს უაღრესად მაღალი ნდობა, რომ არსებული საგამოცდო სისტემა მოქნილია და მარტივი, ხოლო გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით წერია:

„გამოსაშვები გამოცდების შემთხვევაში უდავოდ ძლიერ მხარეს წარმოადგენს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი კატ-ის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემები ტესტებთან დაკავშირებით, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია და სასურველია, არ დაიკარგოს, არამედ დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს“.

ამ მსჯელობაში არ ჩანს გამოცდების გაუქმების აუცილებლობა... ვნახოთ, რას ამბობს კვლევის ავტორი საგამოცდო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე:

გამოწვევებს შორის დასახელებულია: 1) ხელმისაწვდომობა, 2) სკოლის როლის დაკნინება, 3) გამოცდების შედეგების გამოყენება მხოლოდ განმსაზღვრელი მიზნით, 4) განსხვავებები უნივერსიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის, 5) გამოცდებით გამოწვეული სტრესი.

აქვე დასკვნაში წერია: „აქ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მხოლოდ უკანასკნელის გადაჭრა არის შესაძლებელი მხოლოდ გამოცდების სისტემის რეფორმირებით. დანარჩენები კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დონეზე ცვლილებების გატარებას მოითხოვს“, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მოდით, მაინც მივყვეთ გამოწვევების ჩამონათვალს.

კვლევის ავტორს დავეთანხმები, ხელმისაწვდომობის პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, საგანმანათლებლო რესურსების არათანაბარი გადანაწილება და არა გამოცდების არსებული სისტემა.

კვლევის ავტორს დავეთანხმები, რომ სკოლის როლის დაკნინებას „ბევრი ფაქტორი განაპირობებს და გამოცდების სისტემასთან ამ პრობლემის დაკავშირება შესაძლოა ბევრს არამართებულად ეჩვენოს“. მეც ასე ვხედავ ამას. სწავლების მაღალი ხარისხი არის სკოლის როლის გაზრდისა და რეპეტიტორების რაოდენობის შემცირების ერთადერთი ალტერნატივა. კვლევის ავტორს ვერ დავეთანხმები იმ უცნაურ დასკვნაში, რომ სკოლის როლს გამოცდების მიმართ არსებული მაღალი ნდობა აკნინებს.

კვლევის ავტორს ვერ დავეთანხმები, როდესაც გამოწვევად ასახელებს „გამოცდების შედეგების გამოყენებას მხოლოდ განმსაზღვრელი მიზნით“,  თითქოს ამ გამოცდებმა  განმავითარებელი  ფუნქცია უნდა შეასრულოს. ავტორს შევახსენებ, რომ გამოსაშვები გამოცდები არის შემაჯამებელი ტიპის შეფასება, რომელიც ტარდება არათუ სემესტრის ან სასწავლო წლის ბოლოს, არამედ ზოგადად სკოლის ბოლოს, რომლის ჩატარების შემდეგ მოსწავლე ტოვებს სკოლას და შეუძლებელია ამ გამოცდას დავაკისროთ განმავითარებელი ფუნქცია. მით უმეტეს, ამას ვერ მოვთხოვთ მისაღებ გამოცდებს. ასეთი რამ სასელექციო ტიპის გამოცდებს არც მოეთხოვება და არც არასოდეს მოეთხოვებოდა.

კვლევის ავტორს დავეთანხმები, რომ უნივერსიტეტის მოლოდინებსა და აბიტურიენტის მომზადების დონეს შორის არსებული სხვაობა „სკოლაში განათლების ზოგად ხარისხთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, გამოცდების სისტემის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ“.  ნამდვილად ასეა, არ უნდა განვიხილოთ.

დაბოლოს, გამოცდებით გამოწვეული სტრესის მოხსნა ნამდვილად შეიძლება გამოცდების გაუქმებით, ოღონდ ამით სწავლის ხარისხი ალბათ არ გაუმჯობესდება. კვლევის ავტორს იმასაც შევახსენებ, რომ უნივერსიტეტში სწავლისას ასეთი სტრესი სემესტრული, მრავალჯერადი მოვლენაა. როგორ მოვიქცეთ, ყველა საუნივერსიტეტო გამოცდა გავაუქმოთ?

თქმა აღარ არის საჭირო, რომ მინისტრი კვლავ შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მიაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საგანმანათლებლო კვლევებზეა დაფუძნებული. მის მიერ დაკვეთილი კვლევაც კი განსხვავებულ რამეს ამბობს.

გამოცდების სისტემის ამგვარი ცვლილება გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია და მას „განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებას“ ვერ ვუწოდებ, კომპლექსური და სინქრონიზებული ცვლილებები ასე არ იგეგმება და ინერგება...  მინისტრი ამ შემთხვევაშიც შეცდომაშია შეყვანილი, ხოლო განათლების სისტემა - ქაოსში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^