Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შესაძლო კორუფციაზე ბაჩანა შენგელიას ბრალდება და განათლების სამინისტროს პოზიცია

01 მარტი 2019

7 თებერვალს საკომიტეტო მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა ბაჩანა შენგელიამ მიმართა, რომ სამინისტრო დაინტერესებულიყო შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობით. ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ კომპანიის 70%-იან წილს სამინისტროს შიდააუდიტის სამსახურის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის ნათესავი ფლობდა, რომელმაც მოგვიანებით წილი სხვა პირს აჩუქა. ბაჩანა შენგელია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს სკოლებში კორუფციულ სქემასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამინისტრო დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და მოიკვლიოს ის. 

შპს საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ჯგუფი დებდა ხელშეკრულებას საჯარო სკოლებთან ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის მიზნით. იძულებით დაადებინეს დირექტორებს თავის დროზე ეს ხელშეკრულებები, მაშინ როდესაც რესურსცენტრს დასაქმებული ჰყავს იურისტები. ამ კომპანიაში 70%-იან წილს ფლობდა თქვენი აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის ახლო ნათესავი, რომელმაც ეს წილი ვიღაც ქალბატონს გადაუფორმა. გამოიკვლიეთ ეს საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურებისთვის მილიონებს აკეთებდა“, - მიმართა ბაჩანა შენგელიამ მინისტრს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი 2014 წლის თებერვალში დაფუძნდა. 2015 წლის ივლისამდე კომპანიის წილები მის დირექტორს - თათია ზარქუასა (50%) და ნათია სორდიას (50%) ეკუთვნოდა. 2015 წლის ივლისში  ჩუქების ხელშეკრულებით 70% წილი ჯონი სამხარაძეს გადაეცა. 2015 წლის 23 სექტემბერს კი ჯონი სამხარაძემ ასევე ჩუქების ხელშეკრულებით 70%-იანი წილი ნათელა ლობჯანიძეს გადასცა. ამჟამად კომპანიის დირექტორი და 30%-იანი წილის მფლობელი თათია ზარქუაა.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ჯონი სამხარაძე სამინისტროს შიდააუდიტის ხელმძღვანელის გიორგი ქოჩიშვილის ნათესავია (ქვისლი). მიუხედავად იმისა, რომ ჯონი სამხარაძეს დღესდღეობით წილი კომპანიაში აღარ აქვს, ბაჩანა შენგელია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამინისტრო დაინტერესდეს და გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი. შენგელია აპირებს, ამ მოთხოვნით სამინისტროს წერილობითაც მიმართოს, ასევე გეგმავს პროკურატურასთან მიმართვასაც. 

„ლიბერალი“ სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, დაინტერესდა თუ არა სამინისტრო აღნიშნული საკითხის მოკვლევით. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაჩანა შენგელიას განცხადებასთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიან. გარდა ამისა, განმარტავენ, რომ ახალი გუნდის მოსვლის დღიდან, რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისთანავე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული სკოლებისთვის იურიდიული მომსახურებისა და საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის მიზნით სხვა ორგანიზაციის სერვისით სარგებლობა და  დაიწყო ზრუნვა, რომ სკოლებისთვის აღნიშნული სერვისი რესურსცენტრებს მიეწოდებინა. 

„2018 წლის ნოემბერში დაიწყო აღნიშნული პროცესი და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ეტაპობრივად იურისტების დასაქმებაც მოხდა. ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ ზოგადსაგნმანათლებლო დაწესებულებებს 2018 წლის 18 ნოემბერს შემდეგი რეკომენდაციით მიმართა: ვინაიდან რესურსცენტრები ახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერასა და კონსულტირებას, ამასთან ერთად, რესურსცენტრებში დასაქმებული იურისტები უზრუნველყოფენ საჯარო სკოლებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას,  არ არის მიზანშეწონილი სკოლის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის დამატებითი ხარჯების გაწევა“, - აცხადებენ სამინისტროში. 

„ლიბერალი“ ასევე შეეცადა, გადაემოწმებინა ინფორმაცია სამინისტროს შოდააუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კომპანიასთან შესაძლო კავშირის შესახებ,- კერძოდ, შევეცადეთ გიორგი ქოჩიშვილთან გადაგვემოწმებინა ინფორმაცია ჯონი სამხარაძესთან შესაძლო ნათესაური კავშირის შესახებ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ უპასუხა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ქოჩიშვილთან ვერ დაგვაკვაშირებდნენ და კითხვაზე პასუხი საჯარო ინფორმაციის წესით გამოგვეთხოვა. შესაბამისი განცხადების გაგზავნიდან მე-10 სამუშაო დღეს სამინისტროდან მივიღეთ საპასუხო წერილი, რომელშიც ჩვენს კითხვაზე პასუხი არ არის. წერილში განმარტავენ, რომ ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სამინისტროში დაცული არ არის. 

სკოლებში სავარაუდო კორუფციული სქემის შესახებ ინფორმაცია 2015 წელს მასწავლებელთა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა. მაშინ, ცენტრის წარმომადგენლები მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სკოლებს ადმინისტრაციულ შტატში რამდენიმე თანამშრომელი ჰყავდათ დასაქმებული, დამატებით ხელშეკრულებას იმავე სერვისზე კერძო კომპანიას უფორმებდნენ. მათთვის სკოლებში შესაძლო კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით ეჭვებს აღრმავებდა ისიც, რომ, მათი თქმით, კომპანიის მაშინდელი 70%-იანი წილის მფლობელი ჯონი სამხარაძე სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავი იყო.

შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, სადაც მონაცემების ბოლო განახლება 2018 წლის იანვარში მოხდა, შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფს ხელშეკრულება 3068 გამარტივებულ შესყიდვაზე აქვს დადებული. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება კი 1 900 938 ლარია. ხელშეკრულებები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებთან არის დადებული, ძირითადად, ადმინისტრაციული მომსახურების გაწევის მიზნით. 

კომპანიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, „ლიბერალი“ სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად კომპანიის მომსახურებით აღარ სარგებლობენ, რადგან კომპანიასთან ბოლოს დადებული ხელშეკრულება შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია გელაშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ ბოლო ხელშეკრულება კომპანიასთან 2018 წლის იანვარში გააფორმა, თუმცა, თავად კომპანიიდან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ „ფუნქციონირება შეწყვიტეს და თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ“. ამ კონკრეტული სკოლის შემთხვევაში ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3 000 ლარს შეადგენდა, თვეში კი საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება 250 ლარი იყო. 

შეთანხმებით გაუქმდა 2018 წლის იანვარში დადებული ხელშეკრულება ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლასთანაც. სკოლის დირექტორმა მზია ლომსაძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ არ იცის, რა გახდა ამის მიზეზი. ის კომპანიასთან დაახლოებით 2 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და ამბობს, რომ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში კომპანიის კონსულტაციები ძალიან ეხმარებოდა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2 400 ლარი იყო, მომსახურების თვიური ღირებულება კი - 200 ლარი. 

შპს საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორ თათია ზარქუას, გარდა აღნიშნული კომპანიისა, რეესტრის მიხედვით კავშირი აქვს კიდევ რამდენიმე სავარაუდოდ საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ შპს-ებთან. თათია ზარქუა დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია შპს ედუგრუპში;  ასევე დირექტორია და 100%-ანი წილი აქვს შპს განათლების ადმინისტრირების ჯგუფში. ნათელა ლობჯანიძესთან (25%) ერთად კი ფლობს 25% წილს შპს ქონების აუდიტში. 

„ლიბერალი“ შეეცადა თათია ზარქუასთან დაკავშირებას. ვინაიდან შპს-სთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაცია, გარდა ელექტრონული ფოსტისა, არ იძებნება, თათია ზარქუას facebook-ის პირად გვერდზე დავუკავშირდით და შეკითხვები გავუგზავნეთ.  მან მოგვწერა რომ რამდენიმე დღეში შეგვხვდებოდა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაგვესაუბრებოდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს აღარ უპასუხა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რას ფიქრობენ ბრექსიტზე ქომაგები ნისლიანი ...

ფეხბურთი პოპულარული სპორტის სახეობაა მთელს მსოფლიოში, თუმცა ინგლისელებს, როგორც ამ სპორტის შემქნელებს, მისდამი განსაკუთრ ...
16 სექტემბერი
16 სექტემბერი

რამდენად რეალურია NATO-ს რეფორმა საქართვ ...

„გადარჩენილი ტერიტორიის“ უსაფრთხოების დაცვა კვლავინდებურად აქტუალურია რუსეთის უწყვეტი აგრესიის, „მცოცა ...
12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...

მეტი

^