Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტი და უსაფრთხოების სექტორი - კონფერენცია თანამედროვე გამოწვევებზე

05 მარტი 2019

თებერვალში თბილისში გაიმართა კონფერენცია - „პარლამენტი და უსაფრთხოების სექტორი“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 12 ადგილობრივი და 10 საერთაშორისო ექსპერტი. მისი მიზანი 30 დეპუტატისა და პარლამენტის აპარატის 30 თანამშრომლისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომლებიც დისკუსიაში ექსპერტებთან ერთად იყვნენ ჩართული.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ევროკავშირის მხარდაჭერა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობისთვის“, რომლის ფარგლებშიც კონფერენცია ჩატარდა, მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებაში, გაუზიაროს სპეციალისტების ცოდნა პარლამენტს უსაფრთხოების სექტორზე უკეთესი ზედამხედველობისთვის.

„ჩვენ უკვე წელიწად-ნახევარია ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს, ვმუშაობთ საპარლამენტო კომიტეტებსა და დეპუტატებთან“, - ამბობს „ლიბერალთან“ სტივ ლი, კონფერენციაში მონაწილე უფროსი მრჩეველი.

„ამ შემთხვევაში, დისკუსია შეეხებოდა საპარლამენტო ზედამხედველობას, თავდაცვას, პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებს. ექსპერტების მიზანი დეპუტატების დახმარება იყო, რათა მათთვის გაეზიარებინათ გამოცდილება უსაფრთხოების სამსახურებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისთვის“, - ჰყვება ლი.

ერთ-ერთი ადგილობრივი ექსპერტი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ კონფერენცია სასარგებლო იყო არამარტო საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, არამედ თემების მრავალფეროვნებითაც. დისკუსიაზე წამოიჭრა ეროვნული თავდაცვის, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებიც.

„ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან თემაზე. მათ შორის, გენდერულ საკითხებზე, პიროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო საფრთხეებზე. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების მიზანი ყველა მნიშვნელოვანი თემის დაფარვა იყო.

საქართველო პატარა ქვეყანაა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მასზე ზეგავლენას ახდენენ. თითოეული ეს ტენდენცია - მიგრაციის პრობლემები, საინფორმაციო ომი, ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერება და საერთაშორისო ურთიერთობების სტაგნაცია დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე“, - ამბობს კვაშილავა.

საპარლამენტო ზედამხედველობა - რა არის და რატომ გვჭირდება ის

პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაა. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ფუნქცია, განსაზღვრავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

პარლამენტის როლი კიდევ უფრო გაიზარდა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, როცა საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნა. ცვლილებებით გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს როლი ეროვნულ თავდაცვასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხშიც.

„ამ რეალობაში მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა შეძლოს ზედამხედველობის გაძლიერება უსაფრთხოების სექტორზე. ბოლო არჩევნების შემდეგ საქართველო საპრეზიდენტო მოწყობიდან საბოლოოდ გადავიდა საპარლამენტო სისტემაზე. შესაბამისად უნდა გაიზარდოს პარლამენტის როლიც. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მას გავუზიაროთ ცოდნა და დავეხმაროთ შესაძლებლობების გაზრდაში, რომელიც ახალ გამოწვევებს უპასუხებს“, - ამბობს სტივ ლი.

კონფერენციაში მონაწილეობდა კნუტ ვოლებეკიც, რომელიც მაღალი დონის დიპლომატი, ნორვეგიის ყოფილის საგარეო საქმეთა მინისტრი და კომისარია. ის მიიჩნევს, რომ ეროვნული თავდაცვა უსაფრთხოების მხოლოდ ერთი ნაწილია. მასთან ერთად კი მნიშვნელოვანია სტაბილური საზოგადოება, დემოკრატია და პარლამენტი - თავისი ძალაუფლებითა და პასუხისმგებლობით. მაგალითად, დეპუტატები უზრუნველყოფენ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვას.

„ვფიქრობ, ეს კონფერენცია სწორედ იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მთლიანობაში განვიხილეთ უსაფრთხოება. სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო, რადგან უსაფრთხოება მხოლოდ იარაღს არ ეხება, ის სტაბილურ საზოგადოებას მოაქვს“, - ჰყვება ვოლებეკი „ლიბერალთან“.

ამასთან, პარლამენტმა უნდა გაიზიაროს ექსპერტების ცოდნა საინფორმაციო და ჰიბრიდულ ომზე, ახალ საფრთხეებზე და  ა.შ. საბედნიეროდ, არსებობენ სპეციალისტები, რომლებმაც ეს საკითხები კარგად იციან. თუმცა, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატებმა ხელი შეუწყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულ მუშაობას “, - დასძენს ვოლებეკი.

ელჩის თქმით, ახალ გამოწვევებთან ერთად, ბევრ ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი ძალაუფლების გაზრდას ცდილობს. დღეს, საერთაშორისო ურთიერთობისა და მრავალმხრივი დიპლომატიის დაღმასვლის პერიოდში, შესაძლოა მსოფლიო უფრო დაუცველიც გახდა.

საპარლამენტო ზედამხედველობის პრობლემები

საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის არაეფექტურობას შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს: არაეფექტიანი მექანიზმი, მცირე გამოცდილება საპარლამენტო ზედამხედველობაში და პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა როგორც დეპუტატებში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

პარლამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აღამსრულებელ ხელისუფლებაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებზე კონტროლია. სტივ ლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის საკმარისად ძლიერი უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განსახორციელებლად. თუმცა, მისი აზრით, ეს ჩვეული გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ კუთხით შევძლებთ, დავეხმაროთ პარლამენტს ახლაც და მომავალშიც, რადგან ყველა ვთანხმდებით, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანო არ არის საკმარისად ძლიერი. მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა.

მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობისთვის რთული საქმეა უსაფრთხოების სექტორის კონტროლი. ეს თვითონ ამ სექტორის ბუნებაცაა. პოლიცია, შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით, სადაზვერვო სამსახურები ცდილობენ, რომ მათზე ნაკლები კონტროლი ჰქონდეთ“, - ამბობს ლი.

უფროსი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო ამ მხრივ ვითარდება. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი, პოლიცია საპარლამენტო ზედამხედველობის წინააღმდეგი არ არის.

საპარლამენტო ზედამხედველობას, როგორც ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, ხელს უშლის მმართველი პარტიის დიდი ძალაუფლება პარლამენტშიც. ამიტომ, მისი თქმით, ექსპერტების მიზანია, რომ მომავალში, როცა პარლამენტიც უფრო მრავალფეროვანი გახდება, ეს ინსტიტუტიც გაძლიერდეს.

„როცა პარლამენტში მმართველი პარტია ასე დომინანტურია და აქამდე კონსტიტუციურ უმრავლესობასაც ფლობდა, ძალიან რთულია მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა. ახლა ის მხოლოდ დეპუტატთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ჩვენ სისტემის მუშაობას უკეთ მაშინ შევაფასებთ, როცა მმართველ ძალას ასეთი უპირატესობა აღარ ექნება. თუმცა, იმ დროს პარლამენტი საკმარისად ძლიერი უნდა იყოს ორგანიზებული სტრუქტურითა და ეფექტიანი მონიტორინგით“, - ამბობს კვაშილავა.

რა გამოცდილება შეიძინეს დეპუტატებმა ექსპერტებისგან

ექსპერტების თქმით, დღესდღეობით ქვეყნები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. ეროვნულ უსაფრთხოებასთან ერთად აქტუალური გახდა მიგრაციისა და რადიკალიზაციის პრობლემები, ქალთა უსაფრთხოება და სხვა გამოწვევები.

„როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამ გამოწვევებს ძალიან ფართოდ ვუყურებთ. რა თქმა უნდა, როცა მეზობელი ქვეყანა თავს გესხმის, ეს პრობლემაა სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამას გარდა, სხვა გამოწვევებიც გვაქვს, თუნდაც კლიმატის ცვლილება და სიღარიბე“, - ჰყვება სტივ ლი.

სოციალური უთანასწორობის ნებისმიერი ფორმა ქვეყნისთვის საფრთხეა - მიიჩნევს უფროსი ექსპერტი. ეკონომიკურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ხალხის რადიკალიზაცია, გახლეჩილი საზოგადოება კი კონფლიქტის წყაროა.

„ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გამოწვევებიც, ისეთი, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი პრობლემები. მათაც შეიძლება სახელმწიფოს სტაბილურობას შეუქმნან საფრთხე“, - დასძენს სტივ ლი.

ბაკურ კვაშილავას თქმით, ამ და სხვა ტიპის საფრთხეებისგან დაცვის მექანიზმების შემუშავება ამ კონფერენციის მთავარი მიზანი იყო.

„ქვეყანაში მთავარია ბალანსი პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. სამწუხაროდ, მთავრობას აქვს უპირატესობა, და არა მხოლოდ ჩვენთან. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ პარლამენტის გაძლიერებაზე“, - ამბობს კვაშილავა.

ნოდარ ტანგიაშვილის თქმით, რომელიც კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე ექსპერტია, მისთვის საინტერესო იყო პიროვნული, ადამიანის უსაფრთხოების კონცეფცია. „ჩვენ ფოკუსი უნდა გვქონდეს არამხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების პარადიგმაზე, არამედ მოსახლეობის ბევრი პრობლემისგან დაცვაზე. ესაა შიში, სიღარიბე, პოლიტიკური დევნა და შევიწროება, ჯანმრთელობის პრობლემები და ა.შ.

რაც შეეხება ჩემს პანელს, მე ვისაუბრე დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. როგორც ჩანს, პარლამენტი ცდილობს, ამ კუთხით ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. სიღრმისეული დისკუსია გაიმართა დეზინფორმაციასა და ყალბ ახალ ამბებზეც“, - ამბობს ტანგიაშვილი.

უსაფრთხოების გამოწვევები მსოფლიოში

კნუტ ვოლებეკი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია დემოკრატია, ბალანსი ხელისუფლებაში და სამოქალაქო საზოგადოება. ელჩი ამბობს, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად სწრაფად განვითარდნენ, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების ნაკლებობის გამო წარმატებას ვერ მიაღწიეს.

„ასე რომ, მხოლოდ ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლით ვერ შეაფასებ ქვეყანას, რადგან განვითარების მიუხედავად, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ამბობს ვოლებეკი.

ვოლებეკის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიის მშენებლობაც არაფერია. „თუ ნახავთ ძველი დემოკრატიის ქვეყნებს, მათ თავდაპირველად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, პროფკავშირები და სხვა სამოქალაქო ჯგუფები ჩამოაყალიბეს, შემდეგ მიაღწიეს დემოკრატიას.

ამასთან არის ქვეყნები, რომელშიც დემოკრატია თითქოს ერთგვარი ელექტრონული მექანიზმია, რომელიც დროდადრო ავტორიტარ ლიდერებსაც ირჩევს. ამიტომ პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია - ძლიერი დემოკრატიის ფუნდამენტია“, - ამბობს ვოლებეკი.

ნოდარ ტანგიაშვილი კი ჰყვება, რომ ეს მყარი საფუძველი მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევებთან
გასამკლავებლად. მისი თქმით, პოპულიზმის, ულტრამემარჯვენე და ანტიისტებლიშმენტური მოძრაობების ზრდა უფრო და უფრო მეტ საფრთხეს ქმნის. ამიტომ, კონფერენციის ერთ-ერთი ფოკუსი სწორედ ეს საკითხები იყო.

„პარალელები გაივლო NATO-თან, როგორ უმკლავდება აშშ და NATO ასეთ საფრთხეებს. ითქვა ისიც, რომ ამერიკისნაირი ძლიერი ქვეყანაც კი არ არის დღეს დაცული ამ საფრთხეებისგან.

კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ მთელ მსოფლიოში თავდაცვის საფუძველი არის დემოკრატია. ასე რომ, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის კონსოლიდაცია“, - ამბობს ტანგიაშვილი.

ნაციონალისტური პოლიტიკა და მრავალმხრივი დიპლომატიის დაღმასვლა მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კნუტ ვოლებეკის აზრითაც.

„მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც გავლენას საქართველოზეც მოახდენს, არის უფრო ნაციონალისტური და ჩაკეტილი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ რიგ ქვეყნებში ვხედავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიის განვითარება. ფუნდამენტური საკითხია, რომ ქვეყანას მართავდეს ხალხი.

თუმცა, მე ვხედავ, რომ თქვენ აქტიურად ხართ ჩართული საერთაშორისო ურთიერთობებში, მონაწილეობთ მსოფლიო ორგანიზაციების საქმიანობაში და თანამეგობრობის განმტკიცებაში. ეს არის ის ჩარჩო, რომელიც დღეს გვჭირდება“, - დასძენს ვოლებეკი.

ხოლო ნოდარ ტანგიაშვილის თქმით, კონფერენციაზე ყველამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი დანიშნულების წერტილია საქართველოსთვის. რაც გულისხმობს ევროინტეგრაციას, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ისე დემოკრატიის განვითარებისა და რეფორმების გატარების კუთხით.

„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით დაეხმარება. ევროკავშირი არის მთავარი მხარდამჭერი დემოკრატიზაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაც ერთ-ერთი ასეთი საკითხია“, - ამბობს ტანგიაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^