Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემპიონი პრეზიდენტის წინააღმდეგ - არაჯანსაღი კონკურენცია და შესაძლო კორუფცია

14 მარტი 2019

 დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?“ - ასე მიმართა საზოგადოებას ორგზის ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა სპორტის სასახლის ინციდენტის შემდეგ.

11 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი საზოგადოებას მოუწოდებდა, დაინტერესებულიყვნენ ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით.

ორგზის ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციაში უსამართლო გარემოზე, არაჯანსაღ კონკურენციასა და კორუფციაზე საუბრობს.

  • 11 იანვარი, სპორტის სასახლე

11 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილისა და რობერტ კობლიაშვილის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ წავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე.

როგორც დათუნაშვილი „ლიბერალთან “ ჰყვება, შეხვედრის მიმდინარეობისას მან ჩათვალა, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს მის წინააღმდეგ,  რაც გააპროტესტა.

მისი თქმით, პროტესტის შემდეგ მოჭიდავესა და მის ძმას ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო ფედერაციის პრეზიდენტმა  მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, რის შემდეგაც დათუნაშვილმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ჩხუბის ამსახველი ვიდეო „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა

გეგა გეგეშიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო, თუმცა ბლაგვი საგანი ჩარტყმას უარყოფს და ამბობს, რომ ეს უფრო შეხლა-შემოხლა იყო, ვიდრე ჩხუბი.

„მე პირდაპირ ვიძახი, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია", - აცხადებდა გეგეშიძე. 

  • არის თუ არა არაჯანსაღი კონკურენციის მიზეზი მთავარი მწვრთნელების პირადი მოსწავლეები?

დათუნაშვილი „ლიბერალთან“  ამბობს, რომ კონფლიქტი მასსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბით არ დაწყებულა და მათ შორის ურთიერთობა ხუთი თვის წინ დაიძაბა.

დათუნაშვილის თქმით, ფედერაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არაჯანსაღი კონკურენციაა და ამას ხელს უწყობს ფედერაციაში არსებული სიტუაცია. მისი თქმით, მანკიერ ტრადიციად დამკვიდრდა ის, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელებს პირადი მოსწავლეები ჰყავთ ნაკრების წევრებიდან. რაც მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არაჯანსაღი კონკურენციისა.

დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ  ასეთ შემთხვევაში დიდი  შანსია, მთავარმა  მწვრთნელმა, რომელიც, წესით, ობიექტური უნდა იყოს, ლობირება გაუწიოს თავის მოსწავლეს და საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობისთვის მიიღოს არასამართლიანი გადაწყვეტილება და ტურნირზე თავისი მოსწავლე გაუშვას.

ხოლო, რაც შეეხება მოტივაციას, დათუნაშვილის თქმით, ასეთი ქცევის მიზეზი შესაძლოა, იყოს ის საპრიზო თანხა, რომელსაც მოჭიდავეები სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის შემდეგ სახელმწიფოსგან იღებენ.

კერძოდ, კანონის მიხედვით სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრების გუნდების მთავარ მწვრთნელებს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50% ეკუთვნით.

დათუნაშვილის თქმით, ფედერაციაში ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ ეს საკითხი  კრებაზე დააყენეს და იმსჯელეს. ის აღნიშნავს, რომ თავიდან შეთანხმება მიღწეული იყო, მთავარ მწვრთნელებს არ უნდა ჰყოლოდათ პირადი მოსწავლეები ნაკრებიდან. თუმცა ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ვითარება მალევე შეიცვალა და ნაკრების მწვრთნელებმა პირადი მოსწავლეების აყვანა ისევ დაიწყეს.

ზურაბ დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელობასთან მისი პირველი კონფლიქტი სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა.

„თავიდან დაიწყო ასე: ორ ადამიანს შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი, ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთ სპორტსმენს უფრო მეტად ეკუთვნოდა და ეს ადამიანი არ იყო გეგეშიძის პირადი მოსწავლე [ლადო გეგეშიძე, გეგა გეგეშიძის ძმა, რომელიც კონსტულტანტის თანამდებობას იკავებს ფედერაციაში]. მათ უნდოდათ, რომ ჩემპიონატზე გეგეშიძის მოსწავლე წასულიყო.  ჩატარდა კრება. კრებაზეც ამაზე საუბრობდნენ. მე, როგორც ნაკრების კაპიტანს, აზრი მკითხეს.  რა დროსაც აღვნიშნე, რომ ობიექტურად ჩემპიონატზე წასვლა ეკუთვნოდა იმ ადამიანს, რომელიც არ იყო ლადო გეგეშიძის მოსწავლე. ასეც გადაწყდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ფედერაციის ხელმძღვანელობის სურვილთან თანხვედრაში ვერ მოვიდა“, - თქვა დათუნაშვილმა.

კითხვაზე, თუ რომელ ორ მოჭიდავეზე საუბრობს გვიპასუხა, რომ სხვადასხვა რისკის გამო ის მათი ვინაობის დასახელებისგან თავს შეიკავებს. 

მისი თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ სწორედ ამ კრების შემდეგ დაიწყო მისი დაბლოკვა და ამის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუწია.

„არ მომცეს შანსი, რომ დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, რათა მსოფლიოზე წავსულიყავი. მსოფლიო ჩემპიონატი გამომატოვებინეს. ამ პრობლემის გასარკვევად „ზბორები“ დავტოვე და პრეზიდენტს,  გეგა გეგეშიძეს შევხვდი. დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა, მაგრამ ამის შემდეგ ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობდა“, - გვეუბნება დათუნაშვილი.

გეგეშიძის შემდეგ დათუნაშვილი უფროსი თაობის წარმომადგენელ მოჭიდავეებს - რომან რურუას, ედიშერ მაჩაიძესა და სხვებს შეხვდა. დათუნაშვილმა მათ დახმარება და სიტუაციაში გარკვევა სთხოვა.

„მითხრეს, რომ გასაგები იყო ყველაფერი, რომ მართალი ვარ. მთხოვეს, ერთხელ გაგვითვალისწინე და დარჩი ნაკრებთანო. ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ შემდეგ რაც მოხდება საქართველოს ჩემპიონატზე თუ სხვაგან, ყველაფერი ობიექტურად იქნებაო“, - გვიყვება დათუნაშვილი.  

(„ლიბერალი“ ასევე ცდილობდა ვეტერან მოჭიდავეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა დაკავშირება ვერც მათთან შეძლო).

მისი თქმით, ამ მოვლენების შემდეგ სპორტის სასახლეში დაპირისპირება მოხდა და რომ არა ჩხუბის ამსახველი კადრები, მას უკვე ექნებოდა დისკვალიფიკაცია. „ჩხუბი თითქოს იმას მოჰყვა, რომ მე მსაჯის გადაწყვეტილება გავაპორტესტე, მაგრამ რეალურად ჩხუბი მოჰყვა იმ ყველაფერს, რაც მოვყევი, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი“.

ჩვენ ვცადეთ დაკავშირება იმ მოჭიდავეებთან, (შმაგი ბოლქვაძე, ზვიად პატარიძე),  რომლებმაც ბოლო ორ წელიწადში შეიცვალეს თავიანთი მწვრთნელი და პირად მწვრთნელად ფედერაციის კონსულტანტი მწვრთნელი, პრეზიდენტის ძმა, ლადო გეგეშიძე აიყვანეს. მიუხედავად ზარებისა და შეტყობინებებისა, მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. 

შმაგი ბოლქვაძისა და ზვიად პატარიძის მწვრთნელი ვაჟა კრავეიშვილი იყო. ვაჟა კრავეიშვილი ჩვენთან ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული მოჭიდავეები მან გაზარდა, რომ მისი მწვრთნელობის ქვეშ მიიღეს პრიზები, თუმცა, რატომ შეიცვალეს მოჭიდავეებმა მწვრთნელი ამ თემაზე დასმულ კითხვებს ჩვენთან საუბრისას არ უპასუხა და მოჭიდავეებთან გადაგვამისამართა.

საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელების მიერ პირადი მოსწავლეების აყვანის პრაქტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე გეგა გეგეშიძეს კითხვა დავუსვით.

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ჰყავდეს პირადი მოსწავლეები და აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხი ფედერაციაში დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. ის ასევე ვერ იხსენებს იმ კრებასაც, როდესაც არჩევანი ორ მოჭიდავეს შორის  უნდა გაკეთებულიყო, თუ ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. გეგეშიძის თქმით, ამ საკითხს არა მწვრთნელები, არამედ საქართველოში გამართული ტურნირები წყვეტს. 

„მე ვერავის ვეტყვი, რომელი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს ან არ უნდა ჰყავდეს. ეს ხომ ჩარევაა? ჩემი საქმე არ არის ეგ და ეს საკითხიც საერთოდ არ განხილულა. რა უფლება მაქვს, პირად გადაწყვეტილებაში ჩავერიო“, - თქვა გეგეშიძემ.

„ლიბერალმა“ მიმართა კითხვით ერთ-ერთ მთავარ მწვრთნელს, ბექა როყვასაც, განიხილეს თუ არა კრებაზე მწვრთნელების მიერ ნაკრებიდან მოსწავლეების აყვანის საკითხი, მაგრამ მან ჩვენს შეკითხვას თავი აარიდა და გვიპასუხა, რომ ის კანონს არ არღვევს.

„საიდან მოიტანეთ ეს? სადმე წერია კანონში? ათასი კაცი რაღაცას იტყვის.. ასე არაა“, - თქვა ბექა როყვამ.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა, „ლიბერალის“ ზარებს არცერთმა სხვა მთავარმა მწვრთნელმა (შმაგი სახლთხუციშვილი, შაკო გაბადაძე) არ უპასუხა

„ლიბერალს“ კითხვები ჰქონდა ლადო გეგეშიძესთანაც, თუმცა მასთან დაკავშრება ვერ შევძელით. 

  • მამაო მოვიდა და მითხრა, რომ პრივილეგიები მექნებოდა“

დათუნაშვილის თქმით, მან ამ ინციდენტის შემდეგ საჯაროდ დაიწყო საუბარი ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე, რის შემდეგაც მას მღვდელი მიუგზავნეს, რომელმაც დათუნაშვილს უთხრა, რომ აჯობებდა ჩუმად მოგვარებულიყო ეს საკითხი და მას ამის შემდეგ პრივილეგია ექნებოდა.

„მამაო იყო მოსული. ფედერაციისთვის ნაცნობი მამაო, ბორჯომელი, რომელთანაც გვიწევს ხოლმე შეხვედრა და კონტაქტი. გეგეშიძეები მისი სულიერი შვილები არიან. ეგ ადამიანი მოვიდა და მითხრა - ჩუმად მოვაგვაროთო, მწვრთნელები ჩემკენ არიან და პრივილეგიები მექნებაო.  მე კი ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიების წინააღმდეგი ვარ. მინდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია“, - თქვა დათუნაშვილმა

დათუნაშვილის  ვარაუდობს, რომ ფედერაციაში კორუფციული სქემაა და ფინანსები არასწორად ნაწილდება.

„ერთ-ერთმა წარმატებულმა მოჭიდავემ, რომელიც ამათი მოსწავლე არ იყო,  მითხრა, რომ ლადო გეგეშიძემ მას პირად  მწვრთნელად ჩაწერა მოსთხოვა. თორემ მე ვარ იმის გარანტი, რომ საქართველოში შენ შეხვედრებს ვერ მოიგებო. ეს ბიჭი ახლა გერმანიაშია და ცდილობს, რომ წავიდეს და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს. კონფიდენციალურობას დავიცავ და მის სახელსაც არ დავასახელებ. არ მინდა, პრობლემები შეექმნას. ასევე, ჩემთანაც იყო მსგავსი შემოთავაზებები, მაგრამ ასე პირადად ვერ ბედავდნენ, გაკვრით და ხუმრობით ამბობდნენ. ახალგაზრდებთან, ვინც ცოტა წარმატებული და პერსპექტიულია, მიდიან და ასეთი მოთხოვნებით ესაუბრებიან“, - ამბობს დათუნაშვილი. დათუნაშვილი რისკების გამო არც აღნიშნული მოჭიდავის ვინაობას ასახელებს.

 ფინანსების უსამართლო გადანაწილებაზე საუბრობს   ნაკრების ერთ-ერთი წევრი, მოჭიდავე რუდოლფ   ოგანეზოვიც. მან „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ დიდი   რაოდენობით პრემიებია გაცემული იმ პირებზე,   რომლებიც  ფედერაციაში განსაკუთრებულ საქმეს არ   აკეთებენ და უცნობია, რა დამსახურებისთვის მიიღეს   მათ ეს თანხები, რაც დიდ ეჭვებს იწვევს. 

 „არ მისცემს მწვრთნელი წილს და გეგეშიძე გაუშვებს.   უნდა  წყვეტდეს პრეზიდენტი, თუმცა ჩვენთან ყველაფერს   წყვეტს ლადო გეგეშიძე. თან მოჭიდავეების ნაწილს პირად მწვრთნელად ლადო გეგეშიძე ჰყავს ჩაწერილი“, - ამბობს ოგანეზოვი.

რუდოლფ ოგანეზოვის თქმით, დათუნაშვილის შემდეგ ის უნდა გამოსულიყო საასპარეზოდ სპორტის სასახლეში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ თამაშისთვის, მან უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე.

„იმის შემდეგ, რაც ზურას მოუვიდა და რაც გააკეთა გეგა გეგეშიძემ, როგორღა უნდა მეჭიდავა? სადაც ამხელა სპორტსმენს ასეთ რამეს უკეთებენ, მეც და ნებისმიერს გაუკეთებენ მსგავსს. სხვათა შორის, ბევრი მოდის ნაკრებიდან და გვეუბნება, რომ არ მოსწონთ, რაც ხდება. მაგრამ საჯაროდ არ უნდათ გამოსვლა.. ალბათ რაღაც აბრკოლებთ“, - ამბობს ოგანეზოვი.

ამჯერად საქართველოს ჭიდაობის ნაკრების კაპიტანი, ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლებაზე თანხმობას ელოდება. დათუნაშვილი აცხადებდა, რომ თუ გეგეშიძე თანამდებობას შეინარჩუნებდა, ის ნაკრებს დატოვებდა და სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებდა. 

 „მე თავიდანვე მქონდა ამის შესახებ გაცხადებული. სხდომაზე მივმართე, ყველას განვუცხადე ამის შესახებ და გეგეშიძის გადადგომა მოვითხოვე. ამ ეტაპზე არ ვიცი, რომელი ქვეყნის სახელით ვიასპარეზებ“, - თქვა დათუნაშვილმა.

  • პრემიები

„ლიბერალმა“ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გამოითხოვა ინფორმაცია 2017-2018 წლებში ფედერაციის ხარჯების, ხელფასებისა და პრემიების შესახებ.  აღნიშნულ წლებში ფედერაციას გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობდა, ის დღემდე ამ პოსტზე რჩება.

  • ოფიციალურად ჭიდაობის ფედერაციაში 20 ადამიანია დასაქმებული. 2017 წლის ბიუჯეტი იყო - 4 752 779 ლარი, 2018 წლის - 6 244 897 ლარი.
  • 2017 წელს ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომლებზე პრემიის სახით 149 460 ლარი გაიცა.
  • 2018 წელს პრემიის სახით გაიცა - 234 000 ლარი.

პრემიებად გაიცემა თანხა, რომელსაც ფედერაციას სამინისტრო საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის  ფარგლებში სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით გამოუყოფს.

კერძოდ, კანონის მიხედვით ფედერაციების ადმინისტრაციულ ჯგუფს შეჯიბრებებზე სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის  10 პროცენტი  ეკუთვნით.

კითხვაზე, თუ როგორ ნაწილდება ფედერაციის შიგნით საპრიზო თანხიდან მიღებული 10%  გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილების კრიტერიუმი, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი იღებს, არის „დამსახურება“.

მაგალითად:

  • 2017  წელს ტექნიკურმა მენეჯერმა თავისუფალ ჭიდაობაში  პრემია 2-ჯერ აიღო. - 6 493 ლარი; დეკემბერი - 33 717 ლარი.

ამავე წელს ჭიდაობის ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსმა დეკემბერში პრემიის სახით 33 717 ლარი მიიღო.

  •  2018 წელს გენერალურმა მდივანმა,  პრემიის სახით მიიღო:  5 000 ლარი; დეკემბერი - 18 750 ლარი.
  • 2018  წელს ადმინისტრაციის უფროსმა მიიღო:  აგვისტო - 5 000 ლარი, დეკემბერი - 18 750 ლარი. იგივე თანხა აიღო გენ. მდივანმაც. 

ნახეთ ხელფასები და პრემიები ვრცლად: 

„ლიბერალი“ ცდილობდა გაერკვია, რა დამსახურებით მიიღო პრემიის სახით  40 210 ლარი ტექნიკურმა მენეჯერმა თავისუფალ ჭიდაობაში 2017 წელს, თუმცა მან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.

პრემიებთან დაკავშირებით გეგა გეგეშიძისთვის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე კითხვის დასმა მოვახერხეთ.

მისი თქმით, ის დამსახურების მიხედვით ანაწილებს ჯილდოს სახით მიღებულ თანხას. კონკრეტულად რა დამსახურების გამო მიიღო ამა თუ იმ თანამშრომელმა, არ აკონკრეტებს.

„თქვენი საქმე არ არის, ვინ რას მიიღებს. ყველა, როგორც იმსახურებს, ისე იღებს. სპორტსმენიც, მწვრთნელიც და თანამშრომელიც. დამსახურების მიხედვით“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

ვ Mоскву, ვ Москву!

ვისაც არ ახსოვს, მხოლოდ შევახსენებ, როგორ მოთქვამენ და ოცნებობენ მოსკოვში გამგზავრებაზე ჩეხოვის „სამ დაში“, ...
23 მაისი
23 მაისი

მარსელ პრუსტი - გენიოსი, რომელმაც დრო ხე ...

ფრანგი მწერალი, ესეისტი, პოეტი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, „მოდერნიზმის მამა”, XX საუკუნი ...
22 მაისი
22 მაისი

მეოთხე ღალატი - ანუ რატომ ჩავარდა GOT-ის ...

“სამჯერ გიღალატებენ. ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ ოქროსთვის და ერთხელ სიყვარულისთვის” წინასწარმეტყველება ...

მეტი

^