Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლიკლინიკა ბორბლებზე - სასწრაფოს ექიმების გადაუდებელი საჭიროებები

14 მარტი 2019

რა პირობებში უწევთ მუშაობა იმ ადამიანებს, ვისაც კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ - არამიზნობრივი გამოძახებები, გადატვირთული მოძრაობა, შრომასთან შედარებით არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, გაღიზიანებული პაციენტები, სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ექიმების ისედაც სტრესულ პროფესიას უფრო მეტად გაუსაძლის ხდის.

* * *

„დღეს გვქონდა ასეთი შემთხვევა, ვიყავით მისამართზე, 3-დღიანი ცხელება ჰქონდა პაციენტს, მოვუსმინეთ. ვუთხარით, რომ, სავარაუდოდ, იყო ვირუსული ინფექცია. ვკითხეთ, რატომ არ გაესინჯა აქამდე ოჯახის ექიმს. გვითხრა, რომ იქ ძალიან დიდი რიგებია და ა.შ. პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად არ მუშაობს, რაც შემდეგ ჩვენზე აისახება - ჩვენი დატვირთვა, გამოძახებების რიცხვი იმატებს და გავდივართ ასეთ არამიზნობრივ გამოძახებებზე“.

„გრიპების სეზონზე თითო ბრიგადა20-25 გამოძახებაზე ადიოდა. არამიზნორბივი გამოძახებები რომ არ იყოს, თუ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე ვივლით, ეს რიცხვი განახევრდება“.

„ზოგიერთი პაციენტი ვერ აცნობიერებს, რას ემსახურება სასწრაფო დახმარება. ამას წინათ, ღამის 4 საათზე გამოგვიძახეს, ყელი მტკივაო მოქალაქემ. ჩავხედე შპადელით, ამაზე ძალიან გაბრაზდა, სად არის აპარატიო. რა აპრატი-მეთქი. აი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებს რომ აქვთ, ის აპარატიო. აბა რათ მინდიხართ, თუ ის აპარატი არ გაქვთო“.

„მოუთხოვიათ პროთრომბინის ანალიზის გაკეთება, ექოსკოპიის აპარატი. უნდათ, რომ მოძრავი ლაბორატორია ვიყოთ, ბორბლებზე“.

„დილას პირველი გამოძახება იმის გამო იყო, რომ 27 წლის ბიჭს წუხელ არ ეძინა და დიაზეპამის გაკეთება მოგვთხოვეს. ავუხსენით, როგორი ჩვენებების დროს ვაკეთებთ ასეთ წამლებს. საყვედური გვითხრეს: რა სასწრაფო ხართ, თუ ადამიანი ვერ იძინებს და დამამშვიდებელს არ უკეთებთო“.

ერთი დღე სასწრაფოში

ეკიპაჟის წევრებმა - უფროსმა ექიმმა ინგა პანკრატოვამ,  უმცროსმა ექიმმა გიორგი თუხარელმა და მძღოლმა გოჩა ჟოჟოლაძემ - მეშვიდე გამოძახება დაასრულეს. 19 წლის პაციენტი, გულ-მკერდის არეში ტკივილებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმი საქმეს ელექტრონულად ხურავს და ახალ გამოძახებას ელოდება.

სანამ მანქანა დაიძრა, მომდევნო გამოძახებაც დაფიქსირდა - 79 წლის ქალი მაღალი წნევით დახმარებას ითხოვდა.

სასწრაფო მეზობელმა გამოიძახა. სასწრაფოს მისვლამდე კი წამალი დაალევინა. მარტოხელაა. ძმისშვილიც სულ მუშაობს.

ორი წლის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა. ხანდახან, როცა წნევის აქვს, მარეგულირებელს სვამს.

„რაღაცა მარეგულირებელს ვიღებ, კაპ...რაღაც ჰქვია, გამითავდა და ვეღარ დავლიე. როცა ვსვამ მარეგულირებელს, კარგად ვარ. ყოველდღე არა, მაგრამ 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ ვსვამ. ძვირიანია, შვილო, მოხუცი რომ ვარ, ეკონომიას ვაკეთებ. ბოდიში რომ შეგაწუხეთ, ახლა უკეთ ვარ, კარგად გხედავთ, წეღან დამიბნელდა თვალებში“, - ჰყვება პაციენტი.

ექიმი ურჩევს, რომ წნევის მარეგულირებელი ყოველდღე დალიოს.

„ზოგიერთი წნევის დამწევი ძვირი ღირს, ზოგი - იაფი. თუ ვერ ყიდულობს ასეთ ფასიანს, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომ სხვა შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტით ჩაანაცვლოს“, - არიგებს სასწრაფოს ექიმი მეზობელს.

ნემსსაც უკეთებენ. წნევა ნელა იწევს დაბლა.

„180-ია კიდევ შვილო? 180-ს ვუძლებ, არა უშავს... აბა სახლში დარეკე, იქნებ მაია მოვიდა, უთხარი მამიდაშენი ჩვენთან არისო, სასწრაფო გვყავსო. იქნებ მოვიდეს. ძმისშვილია ჩემი, მეტი არავინ მყავს...“, - ამშვიდებს ექიმებს.

წნევა ნორმაში დგება, კარდიოგრამაც კარგია, პულსიც. მოხუცი წუხს, რომ ამდენი ხალხი შეაწუხა.

ექიმებმა პაციენტთან დაახლოებით 40 წუთი გაატარეს. უკვე დაღამდა. მძღოლი მანქანში ელოდებათ. მანქანაში სხდებიან თუ არა, ისევ ახალი გამოძახებაა. 45 წლის მამაკაცს ხელი შუშაზე გაეჭრა. შეეშინდა და სასწრაფოს დაურეკა.

9 იანვრის დილა

ჭავჭავაძის გამზირზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მშენებარე კორპუსთან მუშების ჯიხურს ეჯახება. ექიმებს პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი შავდება, ერთი - კვდება.

პროკურატურაში ამბობენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან ავტომობილის მართვისას კონტროლი დაკარგა. ამ ვერსიას არც მძღოლის ადვოკატი იზიარებს და არც სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები.

ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ავტოსაგზაო შემთხვევა რთულ სამუშაო გრაფიკს გამოეწვია. მისი თქმით, საჭიროა, ამ გარემოებებს მიექცეს ყურადღება.

ბრალდებული მძღოლი მედიასთან არ საუბრობს. სასამართლო პროცესი 18 აპრილსაა ჩანიშნული.

რთულ სამუშაო პირობებსა და გადატვირთულობაზე საუბარი თავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმაც დაიწყეს. ამ შემთხვევის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლებმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს.

რას ამბობენ მძღოლები

წერილში მძღოლები ხაზს უსვამენ, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების ახლანდელ რეჟიმში მუშაობა ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.​

მძღოლები ამბობენ, რომ დღე-ღამის განმავლობაში 24-28 გამოძახების შესრულება ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება.

ისინი ითხოვენ, ადმინისტრაციამ შეიმუშაოს რაიმე მექანიზმი არამიზნობრივი გამოძახებების აღმოსაფხვრელად, რაც, მათი თქმით, გამოძახებების 70-78%-ს შეადგენს.

დავით სებუა, რომელიც წერილის ერთ-ერთი ავტორია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში 2004 წლიდან მუშაობს. „ლიბერალთან“ საუბრისას მთავარ პრობლემად არამიზნობრივ გამოძახებებს ასახელებს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ზამთარში გამოძახებები არ წყდება. ერთი ფილიალის ბრიგადები ხშირად საკმარისი არ არის, ამიტომ უწევთ სხვა ფილიალის გამოძახებაზე გასვლაც. ასეთ პერიოდში ცენტრში შესვლისა და დასვენების დრო ღამეც არ აქვთ.

სებუა იხსენებს, რომ მასაც ჰქონდა შემთხვევა, როდესაც გადაღლილობის გამო საჭესთან გაითიშა და გზა აერია. „გადაღლილები ვიყავით, გამთენიისას ცენტრში ვბრუნდებოდით, თვალები ღია მქონდა, მაგრამ გონება გამეთიშა და შეხვევის ნაცვლად გზა გავაგრძელე. გამიმართლა, ექიმმა შემახსენა, მერე მოვედი აზრზე და მოვბრუნდი“.

პრობლემის გადაჭრის გზად გამოძახებების გაფილტვრა ესახება. ამბობს, რომ თუკი 112-ის ზარები გაიფილტრება, ან პაციენტს ოჯახის ექიმთან ან კერძო სადაზღვევო კომპანიაში გადაამისამართებენ, სადაც დაზღვეულები არიან, მდგომარეობა შედარებით შემსუბუქდება.

„გვქონდა შემთხვევა, როცა ღამის 4 საათზე პაციენტი წამოვიყვანეთ ვეძისიდან. ჩაცმული პაციენტი გველოდებოდა, თავისი ფეხით გამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. ექიმებისგან რამე დახმარება არ დასჭირვებია, უბრალოდ კლინიკაში გადაყვანა უნდოდა. მისი მეუღლე ამბობდა, რომ 200 დოლარს იხდიან დაზღვევაში. ავერსის კლინიკაში გადავიყვანეთ. ე.ი. რა გამოდის? ტაქსის ფუნქცია შევასრულეთ ხომ? გამოგვიძახეს როგორც ტაქსი. ასეთ დროს იხარჯება ფული, საწვავი, ენერგია პირველ რიგში, ასეთი გამოძახებები რომ არ იყოს, დასვენების საშუალება მოგვეცემა და ენერგიას აღვიდგენთ“, - გვიყვება დავით სებუა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 24 საათში ერთხელ იცვლებიან. ამ პერიოდში ყოველი მე-6 გამოძახების შემდეგ 20-წუთიანი შესვენება აქვთ. რამდენ ხანს გაგრძელდება 6 გამოძახება, ამის განსაზღვრა რთულია. გარდა ამისა, თანამშრომლები ამბობენ, რომ 20-წუთიანი დასვენება ძალიან ცოტაა. ამ დროს მოწესრიგება, საჭმლის ყიდვა, გამზადება და ჭამა უნდა მოასწრონ.

მძღოლებიც და ექიმებიც კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მათ მიმართ გამოხატული აგრესია სამუშაოს კიდევ უფრო ურთულებთ. ძირითადად, აგრესიას დაგვიანების გამო აწყდებიან, რისი მიზეზიც ქალაქში გადაადგილება, საცობები და გამოძახებების სიმრავლეა.

სასწრაფო დახმარების გამოძახების სტატისტიკა

„ლიბერალის“ მიერ 112-იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება თითქმის მილიონ-ნახევარჯერ გამოიძახეს. მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2018 წელს გამოძახების რაოდენობა ზუსტად 1 493 636 იყო. აქედან, ყველაზე მეტი გამოძახება თბილისში დაფიქსირდა (701 228), შემდეგ მოდის იმერეთი, ქვემო ქართლი და აჭარა.

გამოძახებების რაოდენობა არც წინა წლებშიც ყოფილა მნიშვნელოვნად ნაკლები: 2015 წელს – 1 393 910, 2016 წელს - 1 463 437, 2017 წელს კი - 1 459 310 იყო.

არამიზნობრივი გამოძახებები, როგორც პრობლემა

ნინომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმცროს ექიმად თითქმის ერთი წელი იმუშავა. თვეში 8 დღე უწევდა მორიგეობა, პარალელურად სწავლობდა. როცა მიხვდა, რომ ამ რეჟიმში ძალიან უჭირდა და პროფესიულადაც ვერ ვითარდებოდა, სამსახურიდან წამოვიდა.

„ვისაც არ უმუშავია სასწრაფოში, ვერ დაინახავს განსხვავებას სასწრაფოს მანქანის კაბინაში გზაში გატარებულ 24-საათიან მორიგეობასა და საავადმყოფოს მიმღებში გატარებულ მორიგეობას შორის. თბილისის ქუჩებში დღის განმავლობაში გადაადგილება საშინელებაა. ძალიან ბევრი ექიმია, ვინც მორიგეობიდან პირდაპირ სხვა სამსახურში მიდის ან იქედან მოდის პირდაპირ და ა.შ. წარმოუდგენებლია, არც ჯანმრთელობა გივარგა, არც ფსიქიკა, აღარც დრო გაქვს არაფრისთვის. ბევრი კიდევ დამატებით მორიგეობებს იღებს იმისთვის, რომ მეტი გამოიმუშაონ“, - გვიყვება ნინო.

ის იხსენებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასწრაფო დახმარება თერმომეტრის გატეხვის გამოც გამოუძახიათ, რადგან სიცხეს ვერ იზომავდნენ.

გვიყვება, რომ გამოძახებები ხშირია ისეთ დროსაც, როცა პაციენტს ახველებს, ყელი სტკივა და აინტერესებს ფილტვების ანთება ხომ არ აქვს. ეს კი სასწრაფოს მოვალეობა არაა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნაწილია.

„აი, მაგალითად ქრონიკებს ვეძახით პატიენტებს, რომელსაც წელიწადში შეიძლება 500 გამოძახება ჰქონდეს ან ლაპარაკი უნდა, ან ჰგონია, რომ წნევა აქვს, ძირითადად, მარტოხელა მოხუცები არიან. 112-მაც იცის, ყველამ ზეპირად იცის მათ შესახებ, მაგრამ ვერაფერს შვები, არ გაქვს უფლება რომ არ მიხვიდე.

არის შემთხვევები როდესაც პაციენტი რეკავს და ამბობს, რომ ქალაქის მეორე ბოლოში უნდა გადაყვანა, ის ჩვეულებრივ მდგომარეობაშია. უბრალოდ უნდა, რომ სასწრაფოს მანქანამ გადაიყვანოს და არა ტაქსიმ ან მარშუტკამ. ამ დროს კი უგონო პაციენტთან მივსულვართ 40 წუთის დაგვიანებით. ამაში იხარჯება დრო, ენერგია, რესურსი. სახელმწიფოს ერთი გამოძახება დაახლოებით 50 ლარი უჯდება“, - ამბობს ნინო.

ექიმები ყურადღებას ამახვილებენ სამუშაო პირობებზეც და ამბობენ, რომ ფილიალებში ინფრასტრუქტურა არ არის მოწესრიგებული, დასვენების დროც რომ იყოს, საწოლები არ არის, არც საშხაპეები, რომ 24-საათიან სამუშაო დროს, როცა ან სისხლით ისვრები ან წვიმაში ხვდები და ა.შ., წყალი გადაივლო. არც 20-წუთიანი შესვენებაა საკმარისიადა კარგი იქნება, ერთი საათი მაინც თუ ექნებათ, რომ მშვიდად სადილობა და ენერგიის აღდგენა შეძლონ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს საჭიროების შემთხევაში 5-წუთიანი შესვენებითაც შეუძლიათ სარგებლობა.

* * *

სტრუქტურულად, თბილისის სასწრაფო თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და მასში 14 რაიონული სამსახური, ანუ ფილიალი შედის. რეგიონების შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარების ფილიალები ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ- - საგანგებო სიტუაციებისკოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ექვემდებარება, რომელიც სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აწვდის,  გარდა, თბილისის, ბათუმის (+ხელვაჩაური) და ოკუპირებული ტერიტორიებისა.

სამუშაო გრაფიკი და პირობები თბილისის სასწრაფოში

თბილისში დღე-ღამის განმავლობაში 97 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს. ბრიგადის შემადგენლობაში არიან: უფროსი ექიმი, უმცროსი ექიმი და მძღოლი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, მაგალითად, 2019 წლის იანვრის თვის განრიგის თანახმად, მინიმალური სამუშაო დღეების (მორიგეობის) რაოდენობა არის 7, მაქსიმალური - 12.

რაც შეეხება ხელფასებს, ბრიგადის წევრებისთვის განსაზღვრულია საათობრივი ანაზღაურება. უფროსი ექიმის თანამდებობრივი სარგოა საათში 8 ლარი, უმცროსი ექიმის - 6,50 ლარი, მძღოლის - 5,40 ლარი.

როგორც „ლიბერალს“თბილისში სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბრიგადის წევრებისთვის თვეში 208 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება და სახელფასო დანამატი გაიცემა.

მათ მიერ მოწოდებული მონაცემებით, 2018 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, უფროსი ექიმის საშუალო დარიცხული ხელფასი იყო 1 728 ლარი, უმცროსი ექიმის - 1 404 ლარი, მძღოლის - 1 167 ლარი.

რა პასუხი აქვთ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში

„ლიბერალთან“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბერეკაშვილიც მთავარ გამოწვევად არამიზნობრივ გამოძახებებს ასახელებს. მისი თქმით, სასწრაფოს რომ არამიზობრივი ზარები მოაკლდეს, ასევე, ე.წ. ქრონიკები და კერძო დაზღვეულები, მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.

როგორც ბერეკაშვილი ამბობს, მდგომარეობას განმუხტავს პროგრამა, რომელიც ახლა ადაპტაციისა და თარგმნის რეჟიმშია. ამ პროგრამის მიხედვით მოხდება ზარების რანჟირება. 112-ის ოპერატორს თავად აღარ მოუწევს ზარების პრიორიტეტიზაცია. პროგრამას ექნება ფუნქცია, კითხვების საშუალებით უზრუნველყოს ზარების კლასიფიკაცია.

რაც შეეხება ფილიალებში არსებულ მდგომარეობას, ბერეკაშვილი ამ კუთხით განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, პერიოდულად  გარკვეული სამუშაოები ტარდება ფილიალების კეთილმოწყობის მიზნით. მას მიაჩნია, რომ ინვენტარი და ფილიალების ინსფრასტრუქტურა დამაკმაყოფილებელია.

ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ბერეკაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით თბილისის სასწრაფოში საგანგაშო მდგომარეობა არაა. 

„ექიმები დამატებით იმიტომ მუშაობენ, რომ ყველას უნდა მეტი შემოსავალი, ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ არის ისეთი მინიმალური, რომ საგანგაშო იყოს. უმეტესობას 1 000 ლარზე მეტი აქვს. მძღოლებს დამატებით 10-დღიანი შვებულებაც მივეცით. აქ საუბარია კარგსა და უკეთესზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკეთესი გვინდა, მაგრამ ეს იმ ბიუჯეტის შესაბამისია, რომელიც დამტკიცებული გვაქვს“, - ამბობს ირაკლი ბერეკაშვილი.

როგორ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარება რეგიონებში

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება ხორციელდება არა მუნიციპალური საზღვრების გათვალისწინებით, არამედ შემთხვევის ადგილთან ტერიტორიულად უახლოესი თავისუფალი ეკიპაჟის გაგზავნის პრინციპით.

ცენტრის განმარტებით, მუნიციპალიტეტების მიხედვით ეკიპაჟების რაოდენობა ინციდენტების რაოდენობისა და რეაგირების დროის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ქუთაისის მუნიციპალიტეტს ემსახურება 10 ეკიპაჟი, გორს - 8, რუსთავს - 7 და ა.შ.

რაც შეეხება რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების ანაზღაურებას, რეგიონებში ბრიგადის წევრების ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად წარმატებით გაიარეს მათ ტრენინგები. ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე გადამზადებულია  (სერტიფიცირებულია) - 661 ექიმი, 727 ექთანი და  675 მძღოლი.

მათივე განმარტებით, 2016 წლის ბოლომდე დანიშნული პერსონალისთვის ტრენინგების გავლა არის ნებაყოფლობითი, ხოლო 2017 წლიდან ახალი თანამშრომლისთვის ტრენინგის გავლა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სავალდებულოა.

რა უნდა შეიცვალოს და როგორ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახებების რიცხვი დიდია. მისი თქმით, აღნიშნული კომპლექსური პრობლემაა და გამოსავალიც რამდენიმე მიმართულებით უნდა ვეძებოთ.

„მიეჩვივნენ ადამიანები, რომ სასწრაფო არის ბორბლებიანი პოლიკლინიკა და რეალურად პირველად ჯანდაცვას სასწრაფოთი ანაცვლებენ. მით უმეტეს, როდესაც საუბარია სეზონურ გრიპზე და ა.შ. ამან გამოძახებების რაოდენობა რამდენჯერზე გაზარდა... მეტსაც გეტყვით, უკვე ისწავლეს ადამიანებმა და მორგებულნი არიან იმ ალგორითმზე, რომლითაც სასწრაფოს დისპეჩერი დღეს ოპერირებს“, - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, ასევე პრობლემური საკითხია მარტოხელა მოხუცების თემა, სადაც სასწრაფოს ექიმები სოციალურ როლს ასრულებენ.

„მესამე კი ქრონიკული ავადმყოფების თემაა. იმის გამო, რომ არ არსებობს გრძელვადიანი მოვლის სერვისები, არ არსებობს პალიატიური მზრუნველობის ადეკვატური სამსახური, ამიტომ ადამიანები სახლში არიან და სასწრაფოს აბსოლუტურად სხვა ხასიათის სამედიცინო მომსახურების გასაწევად იძახებენ“, - ამბობს ზოიძე.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

ზოიძის  თქმით, მთავარი გამოსავალი პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში მდგომარეობს, მისივე თქმით, უახლოეს 3 წელიწადში ამ მიმართულებით გარდატეხა უნდა მოახდინონ, ვინაიდან „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.

„რატომ არ მიდის დღეს ადამიანი პოლიკლინიკაში? არ მიდის იმიტომ, რომ მივა და რაღაცა თანხის გადახდა შეიძლება მაინც მოუწიოს, თუმცა უფასოა ოჯახის ექიმთან ვიზიტი და მთელი რიგი გამოკვლევები. ასევე, დამატებითი გამოკვლევებისთვის მაინც უნდა წავიდეს საავადმყოფოში, გადაიხადოს ფული და მერე მედიკამენტისთვის უნდა წავიდეს აფთიაქში, ფული გადაიხადოს და იყიდოს. ამიტომ აზრს ვერ ხედავს. წავა პირდაპირ და აფთიაქში იყიდის წამალს, ამით ექიმის ფულსაც დაზოგავს და ტრანსპორტირებისასაც. ან წავა პირდაპირ საავადმყოფოში, იქ ექიმსაც ნახავს, შესაბამისს გამოკვლევებსაც ჩაიტარებს, ან პირდაპირ გამოიძახებს სასწრაფოს, რომელიც უფასოა. ამით კი პირველადი ჯანდაცვის რგოლი სისტემიდან ვარდება“, - ამბობს ზოიძე.

რაც შეეხება ქრონიკულ პაციენტებს, ზოიძის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ახალი ბიუჯეტით 50 მედიკამენტამდე გაფართოვდება, საშუალებას მოგვცემს, რომ ადამიანები პირველადი ჯანდაცვის გროლში მიიზიდონ.

„შემდეგ კი ამ რგოლშივე უნდა მოხდეს პაციენტის შენარჩუნება, არა როგორც რეცეპტის გამომწერ ექიმთან, არამედ პარტნიორთან ქრონიკული დაავადების მართვაში. ეს იქნება ძალიან კრიტიკული საკითხი“, - ამბობს ზოიძე.

დისპეჩერიზაციის ახალი პროგრამა

სასწრაფოს ექიმებისა თუ ცენტრის ხელმძღვანელების მსგავსად, ზოიძე ერთ-ერთ გამოსავალს გამოძახებების პრიორიტეტიზაციის დახვეწილი სისტემის შექმნაში ხედავს.

მისი თქმით, ახალი პროგრამა საშუალებას მოგვცემს, მეტი სიზუსტით, საკონტროლო კითხვებით შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა, რამდენად გადაუდებელია ის. ასევე, ახალი პროგრამა დისპეჩერებს მისცემს საშუალებას, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ბრიგადა პაციენტთან მივა, საჭიროების შემთხვევაში კავშირზე დარჩეს პაციენტთან და მისცეს შესაბამისი ინსტრუქციები და რჩევები.

 „დღეს პაციენტამდე მისვლის საშუალო პერიოდი 18 წუთია, რაც ძალიან ბევრია. 12 წუთი არის ოქროს შუალედი, ის დრო, რომელიც აქვს ექიმს [მწვავე შემთხვევებზე რეაგირებისთვის]. სამწუხაროდ, საშუალოდ 18-დან 23 წუთამდეა პაციენტამდე მისვლის დრო. ფაქტობრივად არ განსხვავდება გადაუდებელი და არაგადაუდებელ ავადმყოფთან მისვლის პერიოდი...“, - ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, არამიზნობრივი გამოძახებები აისახება როგორც ექიმების ეფექტურობაზე, ასევე ირიბად მათი ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობასაც უკავშირდება.

„გაცილებით უფრო მეტად ეფექტიანი იქნება, თუ ადამიანები ყველაფრისთვის სასწრაფოს არ გამოიძახებენ. ბრიგადის წევრებს, რა თქმა უნდა, მეტი ხელფასი უნდა ჰქოდნეთ, მაგრამ არჩევანი რა აქვს მერიას? ვეუბნებით, რომ აღარ გვყოფნის სასწრაფოები, ყოველ წელს ემატება ბრიგადები. რის ხარჯზე ხდება ამ ბრიგადების დამატება? იმის ხარჯზე, რომ ვეღარ აძლევ მაღალ ხელფასს იმ პერსონალს, რომელიც მანამდე გყავდა. ვერც პრემიას ვეღარ აძლევ და ეს პრობლემები მაშინ ჩნდება. ბიუჯეტი უსასრულო ხომ ვერ იქნება. თუმცა, დღეს უფრო დიდი პრობლემა  ის მგონია, რომ თბილისში ხელფასი თუ 1 400 ლარია, 700 ლარი აქვს რეგიონის სასწრაფოს ექიმს. ეს მეტი უსამართლობა მგონია“, - ამბობს ზოიძე.

რაც შეეხება სასწრაფოს ექიმებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის შემთხვევების პრევენციასა და ასეთ შემთხვევებში მათი სტატუსის პოლიციელთან გათანაბრებას, ზოიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა სტატისტიკით უნდა დაასაბუთონ კანონის გამკაცრების საჭიროება. ვინაიდან, მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ექიმისთვის ხელშეშლა ისედაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ვნახოთ, არის თუ არა ისეთი სტატისტიკა, რომ ასეთი ტიპის უხეში საკანონმდებლო ჩარევა დაასაბუთოს. კი ბატონო, განვიხილავთ. მაგრამ თუ ცალკეული შემთხვევები იყო, ამის გამო კანონი მივიღოთ...?“, - ამბობს ზოიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 მარტი
21 მარტი

თემა, რომელიც ყველას გვეხება - კონკურსი ...

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა 15 წლის. მე-10 კლასი გთავაზობთ „ლიბერალის“ კონკუ ...
21 მარტი
21 მარტი

მტირალა ბიჭები და „ვეფხისტყაოსანი“

ამას წინათ გადავწყვიტე ჩემი 4 წლის სპაიდერმენომანიით შეპყრობილი ბიჭის „ვეფხისტყაოსანთან“ დამეგობრება. გადმოვ ...
21 მარტი
21 მარტი

წარმოდგენა ცხოველების სიცოცხლის ფასად

დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე წლის წინ, 2014 წელს, თბილისში ჩამოსული უკრაინული ცირკის თანამშრომელს, მომთვინიერებელს, ლომი ...

მეტი

^