Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გურამ დოჩანაშვილი – ქართული ლიტერატურის მთავარი „ხულიგანი“

30 მარტი 2019

პირდაპირ უნდა ვთქვათ – უდიდესი ბედნიერებაა, რომ XXI საუკუნეში, გურამ დოჩანაშვილის სახით, იმ ტიპის კლასიკოსი გვყავს, რომელიც ძალიან თანამედროვე, მოდერნული, პოსტ-მოდერნული მწერალიც კია, ამავდროულად ძალიან ახლოს არის ღმერთთან და ადამიანთან, ინტერნეტისა და პოლიტიკური ცხოვრებისგან კი – ძალიან შორს. 

სრულიად უჩვეულო ბედის ეს ჩვენი კაცი „მარტისაა“, 1939 წელს დაიბადა, თბილისში. ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე იზრდებოდა. საინტერესოა, რომ გურამის ბაბუა – სილოვან ემხვარი აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი იყო, ასე, რომ ამ ჩვენს კაცს ქართულ კლასიკურ მწერლობასთან სისხლით ნათესაობაც აკავშირებს.

1957 წელს გურამმა მუსიკალური სასწავლებელი, ვიოლინოს კლასი, დაამთავრა და ალბათ სწორედ აქედან მოდის მისი ფანატიკური სიყვარული მუსიკისადმი – იშვიათია მწერალი, ვისზეც მუსიკას ამოდენა გავლენა ჰქონდეს. 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა, რის შემდეგაც აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სერიოზულ სპეციალისტადაც ჩამოყალიბდა. შემდგომში, ჟურნალ „მნათობში“ პროზის განყოფილებას, მწერალთა კავშირში პროზის სექციას ხელმძღვანელობდა, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კი მთავარი რედაქტორი იყო.

მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს, „ცისკარში“ დაიბეჭდა, პირველი წიგნი – „მთის გადაღმა“ კი 1966 წელს გამოსცეს. ყველაფერთან ერთად, გურამ დოჩანაშვილი ბრწყინვალე სცენარებს წერდა. პირადად მე გამორჩეულად „გამსვლელი პაიკი“ მომწონს, საოცრად საინტერესო ამბავი პატარა ადამიანზე, რომელსაც მთელი ეზო უთმობს და ჭადრაკის პარტიებს აგებინებს, რათა ცხოვრებაში პატარა სიხარული მაინც იგრძნოს. ამ დათმობით გაყოყოჩებულს, მეგალომანია შეიპყრობს და მისი მიწაზე დაბრუნება, ხელახლა გაადამიანება, ისევ მეზობლების საზრუნავი გახდება. აღმოჩნდება, რომ ის პატარა კაცი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ადამიანი, რომლადაც თავი წარმოიდგინა. ამ სცენარში, ჩვენზე, ქართველებზე, ბევრი სიმართლეა მოთხრობილი. 

გურამის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მისი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც მწერალმა 1962 წელს იქორწინა და ისინი დღემდე უბრწყინვალესი წყვილია. ასევე, მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 1966 წელი, როდესაც დაიბადა მისი ქალიშვილი – ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი – „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამს და ნათელას ვაჟი – ირაკლი შეეძინათ, რომელიც, 1990 წელს, უბედური შემთხვევის გამო, ტრაგიკულად დაიღუპა.

ამ მოვლენამ ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენს მწერალს, სრულად შეიცვალა როგორც მისი ცხოვრება, ასევე მწერლობაც. უმძიმესი დღეების გადატანაში სასულიერო პირები და ახლო მეგობრები დაეხმარნენ, რამაც ეკლესიასთან, ღმერთთან დაახლოვა. გადარჩენასა და უფლისადმი მიქცევას გურამი დიდად უმადლის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.

ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა ჩვენს მწერალს დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ვინც გააცოცხლა კიდეც. ალბათ ბევრმა იცის ის ოქროს სიტყვები, რომელიც მწერლის პატარა შვილიშვილმა, თინათინ ჭკუასელმა თქვა – „ბაბუა გიჟია, იმიტომ, რომ ჩემზე გიჟდება“.

ბაბუა ნამდვილად „გიჟია“, ამ სიტყვის ყველაზე უფრო მაღალი გაგებით, ბაბუა ყველაზე დიდი ონავარია ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან საუბარში, მაგალითად, ბეთჰოვენი გაუკრიტიკებია – „ხულიგანიაო“, უნდა ვაღიაროთ – ყველა დროსა და სივრცეში, ქართული ლიტერატურის მთავარი ხულიგანი გურამ დოჩანაშვილია; პირველი მოთხრობებიდან დაწყებული, მას ვიცნობთ, როგორც აბსოლუტურად გამორჩეულ, შეუდარებელ ავტორს და რომ არა ის, ვერასდროს, ვერცერთი ავტორის მიერ ვერ დაიწერებოდა, მაგალითად ისეთი ნაწარმოები, როგორიცაა – „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“.

საერთოდაც, გურამმა მოახერხა და ერთ მშვენიერ დღეს, ყველანაირი ლიტერატურა, რომელიც კი დაწერილა, პატარა მოთხრობაში მოათავსა და მადლობა ღმერთს – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ დღეს სკოლაში ისწავლება.

პირველ პირში დაწერილი ამ შესანიშნავ ნაწარმოებს მოგვითხრობს კაცი, რომლის მომავალ ნაშრომშიც „უნდა აისახოს ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა ყოველდღიური საქციელის ასპექტების ასახვა და გამომჟღავნდეს კანონზომიერებანი, რომლებიც განსაზღვრავენ მის დამოკიდებულებას ცხოვრების პირობებისადმი. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების იმ მხარეებში, რომელსაც ამჟამად გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე აქამდე, პატარა ადგილს როდი იჭერს ყოფა-ცხოვრება, წარმოების გარეთა სფერო ადამიანის საქციელსა და მოქმედებაში“ და ა.შ.

მოკლედ, იმაზე უნდა იყოს საუბარი, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავისუფალ დროს. და, აი, დააკვირდით საბჭოთა ენას – იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ მყარად „იდგა ფეხზე“, გურამ დოჩანაშვილმა მოახერხა და საბჭოთა კავშირი ისე ამხილა, რომ დისიდენტად არ ქცეულა. მას არ სჭირდებოდა პირდაპირი თუ ირიბი ბრძოლა, მან ენობრივი ქსოვილით გვიჩვენა საბჭოთა, უკუღმართული მაგია. ყველაფერთან ერთად, ამ საოცარ მოთხრობაში გვხვდება ორი სამყარო: ერთი მხრივ, სულიერებისგან დაცლილი საბჭოთა კავშირი და ზემოთ მოცემული სულელური ტექსტების მგენერირებელი საზოგადოება, მეორე მხრივ კი ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ ამ ქვეყნისა არ არის – მთლიანად ლიტერატურით არის მოცული. 

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: გურამ დოჩანაშვილის იუმორი ისეთ უცნაურ რამეს მოიცავს, რასაც ჩემს მხარეში, გურიაში, ყბის აქცევა ჰქვია. გურამ დოჩანაშვილი ისე ეფექტურად იყენებს ამ ე.წ. ყბის აქცევას, როგორც არავის არასდროს შესძლებია. ნოდარ დუმბაძესაც კი, ტიპურ მწერალს, რომელსაც „ყბის აქცევა“ ყოველი ფეხის ნაბიჯზე აქვს გამოყენებული, მასაც კი ასე ღრმად არ აუსახავს ყბის აქცევა ისე ეფექტურად, როგორც ამას დოჩანაშვილის პერსონაჟები აკეთებენ.  

ყველასათვის საყვარელი ამ ნაწარმოების განხილვას არ დავიწყებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არის ჰიმნი მხატვრული ლიტერატურისა, ოცნება სამყაროზე, სადაც „კარცერი ლუქსების“ არსებობა იქნება შესაძლებელი.

მსოფლიო ლიტერატურა ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ მწერალთა დიდი ნაწილისგან განსხვავებით, გურამ დოჩანაშვილი უაღრესად წიგნიერი და მხატვრულ ლიტერატურაში კარგად გარკვეული კაცია. მოგეხსენებათ, როგორც წესი, მწერლები ძალიანაც ერიდებიან მხატვრულ ლიტერატურას, გავლენის ქვეშ რომ არ აღმოჩნდნენ და ერთი-ორი საყვარელი მწერალი ჰყავთ. მსოფლიო ლიტერატურის მიმართ გურამს არავითარი „შიში“ არ ჰქონია – ყოველთვის იოლად და მსუბუქად კითხულობდა, რაც კარგად ჩანს კიდეც მის პროზაში.

კი ბატონო, მკითხველი კაცია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ მასზე გავლენა მოახდინა. ზოგჯერ ამბობენ, რომ გაბრიელ გარსია მარკესის გავლენას განიცდისო... მე თუ მკითხავთ, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ორი უფრო განსხვავებული მწერალი და წერის მანერა.

ვინც ამ ტიპის გავლენაზე საუბრობს, მას ან მარკესი არ აქვს კარგად წაკითხული, ან დოჩანაშვილის შემოქმედებას არ იცნობს. „სამოსელი პირველის“ განფენილობა, მისი მასშტაბი შესაძლოა ზოგჯერ „მარტოობის ასი წელიწადის“ მასშტაბს წააგავდეს, მაგრამ არც ერთი დეტალი, არცერთი წვრილმანი არაა მსგავსი. შეგიძლიათ ერთი წამით დაუშვათ, რომ ლამაზ ქალაქის პერსონაჟები ბუენდიები იყვნენ?! რა თქმა უნდა არა, ეს სრულიად განსხვავებული ხალხია.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ დოჩანაშვილს იუმორი, რომელსაც მთლად ქართულსაც ვერ დავარქმევთ, სწორედ დოჩანაშვილისეულია და არაფერი აქვს საერთო სამხრეთ ამერიკულ იუმორთან.

და რაც მთავარია, გურამ დოჩანაშვილი ძალიან ღრმად არის ჩაძირული ქართულ ენაში. იშვიათია მწერალი, რომელიც იმდენი ექსპერიმენტის უფლებას აძლევდეს თავს, რამდენიც ჩვენმა მწერალმა გაბედა. თამამად ვიტყვი, სერიოზულ თემაზე წერისას, ენობრივი ექსპერიმენტის თვალსაზრისით, დოჩანაშვილი ზღვაა, ისეთივე სიღრმისა, როგორიც ჯოისი და დარწმუნებული ვარ, წლები დასჭირდება იმის შესწავლას, თუ რა გააკეთა ჩვენმა მწერალმა, ენობრივი ექსპერიმენტის თვალსაზრისით, ქართულ ლიტერატურაში.

მთავარ ნაწარმოებებში, გურამ დოჩანაშვილმა ორჯერ მიმართა ბიბლიურ თემას: პირველად „სამოსელ პირველში“, როდესაც უძღები შვილის თემა დაამუშავა და დომენიკოს მამისაგან წასვლა, შემდეგ კი დაბრუნება რომანის ძირითად ამბად აქცია. სიუჟეტის ბიბლიური ხასიათს მაშინვე ვხვდებით, როგორც კი მთავარი პერსონაჟის სახელი – დომენიკო ჟღერდება, ეს ხომ უფლის სახელია! საერთოდაც, სახელების დარქმევაში დოჩანაშვილს ბადალი არ ჰყავს; ძმებს დომენიკოს და გვეგვეს რომ დაარქმევ, თავისთავად გასაგები ხდება, რომ ერთი მიწას იქნება მიჯაჭვული, მეორე კი ზეცისკენ გაიხედავს; ერთს თავგადასავალი ემუქრება, მეორეს – თოხი. ლიტერატურაში გვეგვეს მსგავსი სახელი რომ გხვდება, უკვე ხვდები, რომ თოხიც იქვე იქნება, ცოლსაც არ მოეფერება და ისე დაუფლება, როგორც მისი სახელის ბგერები ჟღერს.

მეორე ბიბლიური სიუჟეტი დოჩანაშვილმა უზარმაზარ, 3 ნაწილიან რომანში გამოიყენა, რომელსაც ჰქვია – „ბრმად ყოფილი და...“ ამ რომანში გადააზრებულია სახარებისეული მოტივი ბრმად ყოფილზე, რომელსაც თვალი აეხილა. კითხვაზე, რატომ იყო ეს კაცი ასე დაჩაგრული, ვისი ბრალია, ისმის პასუხი, რომ მისი სიბრმავე პირდაპირ იყო დაკავშირებული სასწაულთან, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა და უფლის ძლიერებას დაამტკიცებდა.

ეს სიუჟეტი რომანში სულ სხვაგვარადაა დანახული. ნაწარმოების პირველი ნაწილი რთული ენით არის დაწერილი, მეორე და მესამე კი შედარებით მსუბუქია და საერთო ჯამში, ნაჩვენებია სულიერი ამაღლების გზები.

ადამიანი შეიძლება ვერ ხედავდეს და ამას დოჩანაშვილი „სახის თვალებით სიბრმავეს“ უწოდებს, რადგან ასეთ დროს ადამიანები გულის თვალებით ხედავენ. ჩვენი მწერალი მიიჩნევს, რომ სიბრმავე სულ სხვა რამ არის; გავიხსენოთ ბრმა ტირესიასი, რომელიც ყველაფერს ხედავდა და თითქოს თვალხილული ოიდიპოსი, რომელიც ყველაზე ცხადსაც კი ვერ ამჩნევდა. ასეთია მისი ბოლო რომანის გზავნილი.

საინტერესოა, რომ თავის დროზე, როდესაც გურამ დოჩანაშვილი მონასტერში წავიდა, სადაც მას თავისი ოთახი აქვს და მუშაობდა, მის მეზობლად 9 აპრილის ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლი, დავით ფაილოძე აღმოჩნდა. სულიერად უძლიერესმა ამ ადამიანმა, რომელმაც 9 აპრილის ღამეს მხედველობა დაკარგა, უდიდესი გავლენა მოახდინა გურამზე და ასე დაიბადა რომანი – „ბრმად ყოფილი და...“, ისევე შემთხვევით, როგორც დიდი რომანები იბადება ხოლმე.  

ნახეთ, ერთი მხრივ დომენიკოს ამბავი, რომელშიც, როგორც ჩანს, თავად მწერლის სულიერ მოძრაობას, მის ახალგაზრდულ ძიებას ვხედავთ, ლამაზ-ქალაქის, კამორას, კანუდოსის მოხილვით კი, დომენიკოს სული იწმინდება. მეორე მხრივ, ვხვდებით ბიბლიურ სიუჟეტთან გადაჭაჯვულ კონკრეტულ ამბავს – დავით ფაილოძის შემთხვევას, რომლითაც ავტორი გულის თვალით ხედვასა და მის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

არ გავამხელ მთავარ საიდუმლოს, მაგრამ გეტყვით როგორ იშიფრება გურამ დოჩანაშვილის ნებისმიერი ნაწარმოები; თითოეული მათგანის უკან ერთი დიდი სიტყვა დგას, რომელიც სათაურშიც ხშირად გვხვდება ხოლმე: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“. რა თქმა უნდა, გურამ დოჩანაშვილის მთავარი სიტყვა, ე.წ. Keyword – სიყვარულია! არაფერია მასთან სიყვარულზე მნიშვნელოვანი.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ გურამის ზოგიერთი ნაწარმოები რთულად წასაკითხია, ზოგი კი პირიქით. რა თქმა უნდა, ამ კაცის ყველაფერი უნდა წავიკითხოთ, თუმცა, ვფიქრობ, თუკი ვინმეს ამ მწერლის გაცნობის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვს, უპირველეს ყოვლისა, მოთხრობებით დაწყება აჯობებს. თუნდაც ერთი პატარა მოთხრობით, რომელსაც ჰქვია – „დაეძებდა: ერთგვარი მოთხრობა, ალაგ დეტექტივიც“, იუმორით სავსე პატარა ნაწარმოები, რომელშიც რკინიგზელებისა და პროკურორების ფორმების არევით გამოწვეული ამბებია ასახული.

საერთოდაც, დოჩანაშვილი საოცარი მწერალია, მისი ნაწარმოებები შეგიძლიათ იკითხოთ არა მხოლოდ რომან-რომან, ან მოთხრობა-მოთხრობა, არამედ ალაგ-ალაგ, სხვადასხვა ნაწარმოებებიდანაც კი, რადგან მისი მთავარი ხაზი, სიყვარულის იდეა არსად დაგეკარგებათ. 

თითოეულ ნაწარმოებში ეს იდეა აქვს გატარებული, ყველგან ჰუმანისტია, ყველგან მოყვარულია, ყველგან „ხულიგანია“, ყველგან კვიმატია; ეს კაცი ჩვენი განსაკუთრებული განძი, ჩვენი ოქროს ფონდია. საოცარია, რომ ცოცხალი გვყავს, ვიცნობთ, ვესაუბრებით და ჩვეულებრივი ადამიანი გვგონია, რეალურად კი ის ამართლებს გალაკტიონის სიტყვებს:

„ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით –
და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით
მზის სადღეგრძელოს“. 

 აი, მზის სადღეგრძელოს ავტორი გურამ დოჩანაშვილია, სიყვარულის მწერალი.

   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...
12 ივნისი
12 ივნისი

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელები ...

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრ ...
12 ივნისი
12 ივნისი

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავი ...

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს:  „გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრ ...

მეტი

^