Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინის არჩევნები - ვინ ვინ არის სინამდვილეში

02 აპრილი 2019

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოსათვის გასაგები მიზეზების გამო დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა. უპირველესად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან გამოუცხადებელი ომის მდგომარეობაში იმყოფება. გარდა ამისა, უკრაინული პოლიტიკა კვლავაც გადაბმულია ქართულ პოლიტიკაზე იმ მიზეზის გამო, რომ სააკაშვილს კვლავაც აქვს კიევში დაბრუნების შანსი.

სწორედ ამ მომენტის გამო, უფრო სწორად კი ალბათ იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებდა, ამ არჩევნების მიმართ საქართველოში ყურადღება გაორმაგდა. ამიტომ კარგი იქნება, გავერკვეთ ვინ სად დგას ამ არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მეორე ტურში და მისი დასრულების შემდეგ.

ზელენსკი ტიპური პოლიტიკური აუტსაიდერია. მას არ გააჩნია არც დიდი ფული, არც პოლიტიკური გამოცდილება და არც პოლიტიკური გუნდი. მისი წარმატება განაპირობა სამმა ფაქტორმა: მისმა ცნობადობამ (ზელენსკი ცნობილი კომიკოსია), უკრაინის ერთ-ერთი უძლიერესი ოლიგარქის, კოლომოისკის მხარდაჭერამ და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუებამ სისტემურ პოლიტიკოსებში. არ ივარგეს პოლიტიკოსებმა - იუშჩენკომ, იანუკოვიჩმა, პოროშენკომ. იქნებ ივარგოს არაპოლიტიკოსმა ზელენსკიმ.

ჩანს, სწორედ ეს ბოლო ფაქტორი კარგად შეაფასა კოლომოისკიმ, რომელიც ტრადიციულად ტიმოშენკოს უჭერდა მხარს. მაგრამ მისთვის აშკარა გახდა, რომ ტიმოშენკოს, როგორც გაცვეთილ პოლიტიკოსს, გამარჯვების შანსი არ ჰქონდა და მის პარალელურად წინ პოპულარული კომიკოსი წამოსწია. თუ ხალხს პოროშენკო არ მოსწონს ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ იგი ტიმოშენკოს აირჩევს, მაგრამ აი ზელენსკი კი შეიძლება აირჩიოს. ხალხს მობეზრდა გაუთავებელი საუბრები კორუფციასთან ბრძოლასა და რეფორმებზე, რომლებიც მხოლოდ საუბრებად რჩება.

აი ეს ფაქტორი კი პოროშენკოსაც კარგად ჰქონდა გააზრებული. იგი ხვდებოდა რომ რეფორმების მხრივ ჩაფლავდა და ამ თემაზე საუბარი შორს ვერ წაიყვანდა. ამიტომ საარჩევნო კამპანია მან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით წარმართა. შეიძლება ის არ იყო სამაგალითო მმართველი, მაგრამ სამაგიეროდ აგრესორთან ბრძოლაში სხვა არცერთ კანდიდატს არ გამოუჩენია თავი მასსავით. ზოგიერთი კანდიდატი კი საერთოდაც ღიად პრორუსული იყო (მაგალითად, ბოიკო). მხოლოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა რად ღირდა. სწორედ ამის წყალობით დასავლეთ უკრაინაში დიდმა ნაწილმა ხმა პოროშენკოს მისცა. ზელენსკიმ კი უფრო რუსულენოვანი (თუმცა, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ლოიალური) მოსახლეობის ხარჯზე იმარჯვა. ასევე, მან უფრო მეტად მიიღო ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომელთაც გასაგები მიზეზების გამო კიდევ უფრო მეტად მობეზრდათ სისტემური პოლიტიკოსები.

მეორე ტურისთვის პოროშენკოს იოლად ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება. დასავლეთ უკრაინის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. გარდა ამისა, ზელენსკის გარანტირებული არა აქვს არცერთი სხვა კანდიდატის ხმები, მათ შორის არც მესამე ადგილზე გასული ტიმოშენკოსი. ეს უკანასკნელი მხარდაჭერის ნაცვლად, ცხადია, ბევრს მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი ისევ სისტემური პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ მოექცევა, რომელთა შორის იქნება ტიმოშენკოს უახლოესი თანამებრძოლი, შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი (სწორედ ის, რომელიც ოდესღაც საჯაროდ შეასკდა სააკაშვილს). თუ გავითვალისწინებთ, რომ ზელენსკისა და ტიმოშენკოს უკან ერთი ძალა (კოლომოისკი) დგას, ეს გარიგება რთულად მიღწევადი არ უნდა იყოს.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც შეიძლება, ახლანდელი განლაგების მიუხედავად, გამარჯვება მეორე ტურში მაინც პოროშენკოს დარჩეს, გაურკვევლობის შიშია. ბევრი უკრაინელი ალბათ უკვე შიშობს, რომ ზელენსკის ხელში შეიძლება ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს და ამით რუსეთიც დაუყოვნებლივ ისარგებლებს. პოროშენკო, ცხადია, სწორედ ამ შიშზე ითამაშებს - უკრაინა ომშია და არ შეიძლება მისი ბედი კომიკოსს მიენდოს.

თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, კომიკოსს ყველა შემთხვევაში მოუწევს კომპრომისი სისტემურ პოლიტიკოსებთან და ოლიგარქებთან. სხვანაირად კი უკრაინაში ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^