Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰოკეი ზუგდიდში, დევნილები ფაიფურში, გზა არსაით...

02 აპრილი 2019

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს სტატისტიკით, ზუგდიდში 40 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, თუმცა, ამას ქალაქის ცენტრში ვერ იგრძნობთ. დევნილთა ნაწილმა ბინების მიღება მოახერხა, სხვები კი გარეუბნებში, სხვადასხვა ტიპის შენობებში შესახლებულები რჩებიან.

ზუგდიდი - ფაიფურის დასახლება

ზუგდიდში დევნილთა ბევრი კომპაქტური დასახლებაა -  ვექტორში, კომბინატსა და ფაიფურის დასახლებაში.

ფაიფურის დასახლებას სახელი  ზღაპრული აქვს, მაგრამ ეს მიტოვებული ქარხნებისა და საბავშვო ბაღების უბანია, 25 წლის წინ იძულებით შესახლებული ხალხით.
აქ, აფხაზეთის ომის შემდეგ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შესახლდა როინ ჩხაპელიაც. 80 წელს მიტანებულ კაცს ერთი ძროხა და ერთი ცხენი ჰყავს. სახლში გვეპატიჟება. ღარიბულად მოწყობილ ოთახში გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოებს ვხედავთ.

5 ადამიანი დავმარხე რაც აქ ვცხოვრობო, გვიყვება. აფხაზეთში პარტიზნებად წასული ორი ძმა, დედ-მამა, ცოტა ხნის წინ მეუღლეც გარდაეცვალა. დრო გადის და აფხაზეთში დაბრუნებასთან ერთად აქ ბინის მიღების იმედიც უქრება. ხანშიშესულ კაცს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. „ფართი გაქვსო! პოლი შევჭამო?! - მე ვუთხარი, პოლი შევჭამო?!“ - ჩივის მოხუცი.

თავი პენსიის იმ ნაწილით გააქვს, რომელსაც ბანკი არ უქვითავს. ცოტა ხნის წინ ცოლის ავადმყოფობის გამო 55 თვიანი საპენსიო სესხი აიღო. ოპერაციამ მის მეუღლეს მაინც ვერ უშველა. დაქვრივებული როინი ახლა პენსიის მხოლოდ ორ მესამედს იღებს, ოჯახურ ტრაგედიასთან ერთად იმაზე ფიქრობს, თავი რითი გადაირჩინოს.

როინის გარდა დანგრევის პირას მისულ საბავშვო ბაღში რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანია ნელი ხუთკუბია. მას როინ ჩხაპელიასთან შედარებით კიდევ უფრო რთული პირობები აქვს.

ნელის ერთი ოთახი აქვს, აბაზანის, კარადებისა და გათბობის გარეშე. ფანჯრებში მინის ჩასმისა და დენის ჩამრთველის ყიდვის საშუალებაც არ გააჩნია.

ნელის ოჯახის ერთადერთი წევრი, მის ოთახში, გალიაში მყოფი მწყერია. მცირედით მეზობელი როინ ჩხაპელია ეხმარება. თავად როინიც, მასზე მეტად ნელისათვის ყურადღების მიქცევას გვთხოვს.

ფაიფურის დასახლება ზუგდიდის გარეუბანშია, იქ სადაც დევნილების გარდა იშვიათად თუ ნახავთ სხვას, გამვლელს. ქალაქის მეორე მხარეს არის მეორე კომპაქტური დასახლება - კომბინატში. აქაც ისევე გვიყურებენ, როგორც უცხოებს.

დევნილთა საცხოვრებელში შესვლისთანავე გვესმის ქალის ხმა, „ახლა რიღასთვის მოხვედით? რა გინდათ ჩვენგან?“, - საბჭოთა დროს აგებული შენობა ახლა დევნილთა გეტოდ ქცეულა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა ცენტრალურმა მთავრობამ აიღო. მაგრამ დევნილთა საცხოვრებლებში ბევრი ისეთი ინფასტრუქტურული პრობლემაა, რომლის მოგვარება ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც შეუძლია.

80 წლის კლარა მიქელაია აქ, ქალაქის მეორე მხარეს ცხოვრობს, მაგრამ როინ ჩხაპელიასავით ნახევრად დანგრეულ საბავშვო ბაღში აქვს ბინა. 25 წელია აქ არის და წლებია მასთან კომისია მიდის, ბინის გადაცემას ჰპირდებიან. - ათჯერ მაინც ყოფილან, მაგრამ არაფერი, მატყუებენო, ამბობს.

„არ ვიცი სადამდე მალოდინებენ მოხუცებულ ადამიანს. ერთი ოთახი ვერ გაიმეტეს ჩემთვის, 25 წელია, აქ ვცხოვრობ. ერთი ოთახი?! ერთი ოთახი?! რვაოთახიანი სახლი დავტოვე [აფხაზეთში]. რა მომცეს მე ამათმა?!“

კლარა მიქელაია სახლს შეშით ათბობს. უფრო სწორად, ღუმელი აქვს, მაგრამ შეშის ყიდვა უჭირს. ღუმელს სხვადასხვა ნარჩენებით ან ფიჩხით ანთებდა, ახლა კი ფიჩხის მოგროვება  ფიზიკურად უძნელდება, ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს. ზუგდიდში მარტოა, შვილი აფხაზეთში დაეღუპა.

„შვილი იქ არის დასაფლავებული. მის საფლავზე უკვე ხეები იქნება ამოსული. ომობდა ჩემი ბიჭი.“ ბინის მიღების იმედი კიდევ აქვს. მანამდე კი საბავშვო ბაღში შესახლებული მეზობლები ეხმარებიან.

„ამ შენობაში დაახლოებით ათი ადამიანი ვცხოვრობთ, მაგრამ ვისაც წასვლა შეუძლია, თავის სოფელში მიდის, საჭმელი ჭირდება ადამიანს. აქ რას შეჭამ. ის კი არა წყალსაც არ მაძლევენ უფასოდ. წყალი სადღაც შორს მოდის და ისიც ვერ მომაქვს, მეზობლები მეხმარებიან“,  - ამბობს კლარა.

დაბალი ზონის სოფლები - ჩაკეტილი ხიდები, ცარიელი ბაღები

დილით საოკუპაციო ხაზის მახლობელ სოფლებში მივემგზავრებით. დაბალი ზონის სოფლებში. განმუხური, ორსანტია, ხურჩა, შამგონა - ეს სოფლები ენგურის პირას არის გაშენებული, ზოგი ენგურს გაღმაც.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, გალის რაიონის სოფლებთან აქ აქტიური მიმოსვლა იყო. ხურჩაში გვიყვებიან, რომ არათუ თვითონ, ადრე გალისკენ მათი საქონელიც ხშირად გადადიოდა.

ხურჩას გალის რაიონის ოტობაიასგან პატარა ღელე ჰყოფს. თავად სოფელი ენგურს გაღმა მდებარეობს.

სოფლამდე ქართული საგუშაგოა, ნებართვის გარეშე შესვლა არ შეიძლება. ჟურნალისტები ვართ და გვაცილებენ, პოლიციის მანქანას ველოდებით, ჩვენი უსაფრთხოება რომ დაიცვან. პატარა საგუშაგოზე, როგორც ჩანს ერთი ახალწვეულიც ჰყავთ. ბიჭი, რომელსაც უფროსი დავალებებთან ერთად გზადაგზა იქაურ წესებსაც აცნობს.

ენგურის პირას, საგუშაგოსთან ვხედავთ, ორი დროშა ფრიალებს - ევროკავშირის და საქართველოსი. ენგურს გაღმა ორ კილომეტრში ევროკავშირს რუსეთის დროშა ანაცვლებს, საქართველოსას - ოკუპირებული აფხაზეთის.

ამასობაში, პოლიციის მანქანა პატრულირებიდან ბრუნდება და ხურჩაში მოგვყვება. სოფელში ერთი შეხედვით ვერც კი იგრძნობ, რომ აქვე გამყოფი ზოლია. სანამ პატარა ხიდთან დაკეტილი მაღაზიები არ შეგხვდებათ, სადაც ადრე საქართველოს ხელისუფლებამ გალის რაიონის მოსახლეობისა და აფხაზებისთვის სავაჭრო პირობების შექმნა სცადა.

ეს ადგილი მშვიდობის, ურთიერთობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. მერე მოკლეს გიგა ოთხოზორია. მომდევნო წელს ხურჩა-ოტობაიას გადასასვლელიც ჩაიკეტა. ახლა ადგილი ცარიელი მაღაზიებით ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულა.

ხიდი ჩაიკეტა. მიმოსვლა შეწყდა. ხურჩელები გვიყვებიან, რომ მათგან განსხვავებით საქონელი მდინარის მეორე, ჩაკეტილ მხარეს ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია. ამის გამო, მათი დამწყვდევა ან დაბმა უწევთ.

„ახლა შემოღობილია ყველაფერი, მაგრამ პირი მაინც იქით უწევთ. საძოვრები სულ იქით არის, აქეთ არაფერია. აქვე, აგერ აი ამ მდინარის იქით მეზობლები ცხოვრობენ, მეზობელი სოფელია. აი, იმ შენობაში რუსები ცხოვრობენ, მაგათ ააშენეს“, - ამბობს ხანშიშესული ქალი, რომელიც ხელით რამდენიმე ათეულ მეტრში ახლადაშენებულ რუსულ ყაზარმას გვაჩვენებს.

ახლა გალის სოფლებიდან ხალხს სამეგრელოში გადმოსვლა მხოლოდ ენგურის ცენტრალური გამშვები პუნქტით შეუძლიათ, ამისთვის კი ზოგს ათეულობით კილომეტრის გავლა უწევს. ორსანტიაში, ხურჩაში ჩაკეტილმა გადასასვლელებმა მიმოსვლა საგრძნობლად შეამცირა. ეს გალელთა ყოფას კიდევ უფრო ართულებს.
ერთი რამ, რასაც მავთულხლართები ვერ აკავებს ფაროსანაა. აფხაზეთიდან სამეგრელოში გავრცელებული მავნებელი ორი წელია თხილისა და სიმინდის მოსავალს ანადგურებს. არადა, რეგიონისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო თხილი იყო.

ხურჩაში სახლში შებუდებულ მწერს გვაჩვენებენ. ფაროსანაა ყველგან, კედლებზე - ნახატების უკან, სავარძლებისა და საწოლების ქვეშ, ფარდებზე, კარადებზე.

ფაროსანას ებრძვიან განმუხურში, საოკუპაციო ხაზის პირა მეორე სოფელში, სადაც მავნებელის გამო ადგილობრივებმა სოფლის დატოვებაზე ფიქრი დაიწყეს.

სოფელში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად  ადგილობრივები მუშაობენ. გლეხები მოსავლის იმ ნაწილს აგროვებენ, რაც ფაროსანას არ გაუფუჭებია.

„ნახეთ სიმინდი, ეს ფაროსანამ გააფუჭა. ამას საქონელიც კი არ ეკარება, სუნი აქვს თავისებური. მე მაინც ვინახავ, იქნებ შეჭამონ გაჭირვებისას“, - გვაჩვენებს ჩაშავებულ სიმინდებს ხანშიშესული კაცი, რომელიც დარდობს, რომ მთელი წლის განმავლობასი საქონლის გამოკვებას ვერ შეძლებს.

გვიყვება, რომ რამდენიმე წლის წინ თხილთან ერთად, შემოსავლის იმედი ტურიზმიდანაც გაუჩნდათ - ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალების გამართვა დაიწყო. ბანკიდან მისი თანასოფლელების მსგავსად სესხი გამოიტანა და ტურისტებისთვის სახლი მოაწყო. მერე აღარც ტურისტები მოვიდნენ და თხილიც ფაროსანამ შეჭამა.

„ახლა ვერ ვიხდით ვალს და რა როგორ იქნება, რას გვიზამენ, არ ვიცი. უნდა გადავიხადოთ, მაგრამ არც საქონელი გვყავს იმდენი, რომ გავყიდოთ. ბევრი გვაქვს გადასახდელი! თან მარტო მე კი არ ვარ ასე, ბევრია ჩემნაირი. ძალიან გვიჭირს“, - ჩივის განმუხურის მცხოვრები.

სოფელში იმასაც ჩივიან, რომ 500 მეტრში რუსები დგანან, მთავრობა განმუხურს, როგორც საოკუპაციო ხაზისპირა სოფელს, გარკვეულ შეღავათებს დაპირდა, მაგრამ არ აასრულა.

„აქ იყო საუბარი, გაზს უფასოდ შეგვიყვანენო, მაგრამ არა. როგორც ყველგან, ჩვენც უბრალოდ განვადებით გაგვიკეთეს, ყოველთვიურად 25 ლარს ვიხდით“, - ჩივიან სოფელში და გაფუჭებული სიმინდის აღებას განაგრძობენ. „აი ნახე კიდე ფაროსანა, ნახე რამდენია“, - გვესმის უკვე მოშორებულებს.

სოფლებში, განადგურებული მოსავლის მიუხედავად, არსებობისთვის ბრძოლას მაინც განაგრძობენ. ფეიხოასა და ციტრუსის მცირე იმედი აქვთ, იმედი აქვთ მომავალი წლისაც, რომ ბოლოსდაბოლოს იმოქმედებს შეწამვლა და თხილს ცოტას მაინც მოიყვანენ. უფრო რთულია მათი მდგომარეობა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ასეთია 65 წლის ლონდა გაბელია. მას დიაბეტი აქვს და მკაცრ დიეტასთან ერთად ინსულინის ნემსები სჭირდება. „დღეში სამი ნემსი მჭირდება“, - გვიყვება ლონდა. „გამოწერილი მაქვს სხვა წამლებიც, არა მარტო შაქარზე, წნევაც მაქვს და უფულობის გამო ვერ ვყიდულობ“.

ლონდა გაბელიას ინსულინს  სახელმწიფო უნაზღაურებს, მაგრამ პენსიონერს ჯანმრთელობის უამრავი ხარჯი აქვს. ამის გამო სესხების აღება უწევს.

„ახლა ტყემალი გავაკეთე, ტყემალი და პური ვჭამე. კიდევ წიწიბურა 6 კოვზი, მეტის უფლება არ მაქვს. ასე გავთავდი ქალი. მაინც არ იკლებს შაქარი.

არავითარი დახმარება არ მაქვს. პენსიაზე ვარ დამოკიდებული და ის ფულიც ბანკში მიდის. 360-ლარიანი სესხი ავიღე, სწრაფი სესხი, მაგის გამო ორი თვე პენსია საერთოდ არ ამიღია და ერთ წელზე მეტია გადავადებას ვუნდები“, - ჩივის ლონდა ჩვენთან საუბარში. თან იმაზე წუხს, რომ ჩვენი გაცილების თავი არ აქვს.

არსად მიმავალი გზა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიარულისას, ყურადღებას იქცევენ გზები. სოფლების ნაწილში ისინი მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში დააგეს, ისე რომ, მის გარშემო ისევ ძველი ორმოებიანი ასფალტი ან გრუნტის გზაა. ზოგ ადგილას კი ახლადდაგებულმა გზამ გაფუჭება მალევე დაიწყო.

ირაკლი ღურწკაია, ზუგდიდის საკრებულოს უფრაქციო წევრი, ჰყვება რომ ბევრ სოფელში გზა ასე უსისტემოდ დააგეს. ზოგ ადგილას ისეც კი, რომ ძველი გზიდან ახალზე გადასვლა მანქანებისთვის პრობლემად იქცა.

ასეთი გზებია სოფელ გრიგოლიშსა და  ოდიშში. სადაც „ჯერ მიდის ძველი გზა, რომელიც ასე თუ ისე ვარგა, შემდეგ გზა სულ გაფუჭებულია და მას მოჰყვება ბეტონის საფარი, რომელზეც ალბათ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით თუ ახვალ“, - ჰყვება ღურწკაია „ლიბერალთან“.

საკრებულოს წევრი „არსად მიმავალ გზაზეც“ გვიყვება. მუნიციპალიტეტში გაკეთებულ ერთ-ერთ საუკეთესო გზაზე, რომელიც სოფლიდან ტყისკენ გაუკეთებიათ. მაშინ როცა სოფლებსა და მათ დამაკავშირებელ გზებზე გადაადგილება ხშირად არაკომფორტულია, საუკეთესო გზის საფარი სოფლიდან ყანებსა და ტყეში მიმავალ შარაზე დააგეს. - ამის მიზეზი ერთადერთი იყო, გვიყვება ღურწკაია, იქიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ხე უნდა გამოეტანათ.

„წარმოიდგინეთ ახალდაგებული გზა მიდის ყანებში და მერე უცებ მორჩა, წყდება. იქით არც მოსახლეობაა, არც არაფერი“, - ჰყვება ღურწკაია.

მტვრიანი, გადათხრილი გზებითაა სავსე თავად ზუგდიდიც. როგორც გვითხრეს, ქალაქში კანალიზაციის, წყალმომარაგების სისტემებისა და წყალარინების რეაბილიტაცია მიდის.

თუმცა, ადგილობრივები ჩივიან, რომ გზებს მილების გაყვანის შემდეგ პირვანდელ სახეს არ უბრუნებენ, მერე ისე მტვერდება, წვიმაში ფეხით სიარული თითქმის შეუძლებელია. თანაც, სისტემების რებილიტაცია ბევრ ადგილას ერთად დაუწყიათ, მწირი რესურსების გამო კი ნელა მიმდინარეობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი და თვითმმართველობის სპეციალისტი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ თუკი ზუგდიდის მერია სოციალურ პოლიტიკას მეტ-ნაკლებად სწორად წარმართავს, ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„დღეს თქვენ ნახავთ ქუჩებს, რომელთა ნაწილი გადათხრილია,  ხრეშითა და ქვიშით არის სავსე. სამწუხაროდ, ქალაქის დიდ ნაწილში დგას ეს პრობლემა“. - ამბობს კოდუა. თანაც, მისი თქმით, მოსახლეობა ხშირად იმასაც ჩივის, რომ ახალდაგებული გზები უხარისხოა.

თოდუა ჰყვება, რომ ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოა ჩასატარებელი ბევრ სოფელში. უმოქმედეობის მიზედად კი მწირ რესურსებს იმიზეზებენ. არადა, სწორი დაგეგმვით მწირი რესურსების პირობებშიც შეუძლია ზუგდიდს პოზიტიური შედეგები დადოს.

არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი

არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ეკონომია შეიძლებოდა კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც არ ვიცით, რა შედეგის მომტანია მუნიციპალიტეტისთვის. მაგალითად ლაქერნობაზე, „სადაც მუნიციპალიტეტი ხარჯავს ხოლმე საკმაო თანხას კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე ზუგდიდში ჩამოსული რაღაც კატეგორია სტუმრებისთვის.“

TI-ის იურისტი ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს ადგილობრივი ეპარქიისთვის მუნიციპალიტეტიდან ყოველწლიურად თანხის გამოყოფას. მისი თქმით, ეს თანხა ბოლო წლებში შემცირებულია და 150-200 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, „ეპარქიას, ისედაც აქვს თავისი შემოსავლები“. ამ ფულით კი შეიძლებოდა მინიმუმ ერთი ბაღის გარემონტება, რომელიც ზუგდიდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

არჩილ თოდუას საბავშვო ბაღის ასაკის შვილი ჰყავს. მე-15 ბაღს, სადაც მისი შვილი დადის, ძალიან ბევრი წელია არ ჩატარებია ნორმალური რემონტი და როგორც არჩილი გვიყვება, ბევრი პრობლემა დაუგროვდა. იქ მოუწესრიგებელია ეზო,  დგას სულ ერთი საქანელა და ერთი სასრიალო. არადა, საბავშვო ბაღში ასამდე აღსაზრდელია.

არჩილ თოდუა ჰყვება, რომ ამ საბავშვო ბაღის მსგავსად, ზუგდიდის ძალიან ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას აქვს პრობლემები. ბევრ მათგანში სველი წერტილებია გასაკეთებელი, ბევრში სამზარეულოა მოსაწესრიგებელი.

თოდუას თქმით, ასევე პრობლემების მოგვარება უფრო მარტივი იქნებოდა მუნიციპალიტეტში გაბერილი შტატების გარეშე. TI-ის იურისტი გვიყვება, რომ ფინანსური კუთხით ზუგდიდის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არასაჭირო არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა და იქ გაუმჭვირვალე პროცედურით დიდი რაოდენობის ხალხის დასაქმებაა.

ჰოკეის განყოფილება - გაბერილი შტატები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს 42 082 600 ლარი იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევით, აქედან 19 მილიონ ლარზე მეტი, ბიუჯეტის 45% ზუგდიდის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აიპ-ებში 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით 2 052 თანამშრომელი იყო დასაქმებული. ხოლო შპს-ებში, რომლებშიც 46 თანამშრომელი მუშაობდა, ყოველთვიური ჯამური შრომის ანაზღაურება 1 140 338 ლარი იყო, რაც წელიწადში დაახლოებით 13 684 000 ლარს შეადგენს.

2018 წელს ზუგდიდის მერიაში ბიუჯეტის ფული ჰოკეის განყოფილებისთვისაც გამოიყო.  ერთ-ერთ აიპ-ში „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“, TI-ის კვლევის მიხედვით, 2018 წელს 136 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლის ოთხი განყოფილება და ადმინისტრაცია (ჯამში 30 თანამშრომლით) ა(ა)იპ-ის მმართველ რგოლს წარმოადგენს, დანარჩენი 6 განყოფილება კი სხვადასხვა სპორტული მიმართულებებია.

მათ შორის არის „ყინულის სასახლესთან არსებული ფიგურული სრიალისა და ჰოკეის განყოფილება“. განყოფილებაში 2018 წელს 11 საშტატო ერთეული იყო. არადა „ყინულის სახლის“ მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად ფიგურული სრიალისა და ჰოკეის წრეებიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

არჩილ თოდუა „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ არასამეწარმეო იურიდიული პირების რაოდენობა მუდმივად იზრდება. იზრდება იქ დასაქმებულთა რაოდენობაც. არასაჭირო იურიდიულ პირებში დასაქმებულთა სახელფასო, კომუნალური და სხვა სახის ხარჯი მუნიციპალიტეტს აწვება ტვირთად.

„მაგალითად, როგორც ვიცი, ზუგდიდის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ჰყავს 4 მოადგილე, მაშინ როცა ზუგდიდის ყოფილ მერს ორი მოადგილე ჰყავდა და ორი მოადგილის პირობებში მუნიციპალიტეტი ფუნქციონირებდა“, - ჰყვება TI-ის იურისტი.

TI-ის კვლევით, 2018 წლის მონაცემებით არასამეწარმეო იურიდიულ პირებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელი, 679 ადამიანი სწორედ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს”, საიდანაც 47 უშუალოდ ცენტრის ადმინისტრაციაშია დასაქმებული.

არჩილ თოდუას აზრით აიპ-ებში გაბერილ შტატებს კიდევ არაერთი ისეთი პრობლემა მოჰყვება, რომელიც ისე ნათლად არ ჩანს, როგორც ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა. მაგალითად, ვერ ხერხდება ისეთი ანაზღაურების შეთავაზება დასაქმებულთათვის, რომ მიიზიდოს კვალიფიციური კადრები.

თანაც, თუკი მერიის სამსახურში ადამიანის აყვანა ხდება საჯარო კონკურსის მეშვეობით, აიპ-ების შემთხვევაში ასეთი კონკურსები არ ტარდება. „ანუ ჩვენ არ ვიცით, რა პრინციპებითა და კრიტერიუმებით აჰყავთ იქ ადამიანები. არც ზედა ზღვარია დაწესებული, თუ მაქსიმუმ რამდენი ადამიანის დასაქმება შეუძლიათ.“

თოდუა მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს ბევრი მომსახურების ტენდერზე გატანა შეუძლია. შეუძლია ბევრი პრობლემა მოაგვაროს თანამედროვე საშუალებით და საჯარო-კერძო პარტნიორობის მექანიზმი გამოიყენოს.

„საბოლოო ჯამში, მივდივართ იქითკენ, რომ ერთი მხრივ მუნიციპალიტეტი არასწორად ხარჯავს ბიუჯეტს და მეორე მხრივ, მის მიერ გაწეული მომსახურების დონე არის სასურველზე უფრო დაბალი ხარისხის“, - დასძენს არჩილ თოდუა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თავის კვლევაში მიუთითებს, რომ 14 მილიონამდე ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა ელემენტარული პრობლემები ვერ გვარდება.

მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურა, სოფლის მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება დახმარება, ქალაქს კი კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ზურგი შეუქცევია.

სტატია მომზადებულია პროექტის „ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის“ ფარგლებში.

►„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation-ს მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^