Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მზის მაგნიტური ველი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ

02 აპრილი 2019

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის მაგნიტური ველი ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) მზის ფიზიკის კვლევითი ჯგუფის წევრი, დოქტორი დავით ქურიძე (ასევე ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი) ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელიც სახმელეთო ტელესკოპების საშუალებით მზის გვირგვინს შეისწავლის. 

კუნძულ ლა-პალმაზე (კანარის კუნძულები) მდებარე როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიაში შვედური მზის ტელესკოპის საშუალებით ის დააკვირდა განსაკუთრებულად ძლიერ ამოფრქვევას, რომელიც მზის ზედაპირიდან 2017 წლის 10 სექტემბერს მოხდა.

„Astrophysical Journal“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ქურიძე აღნიშნავს, რომ შესაფერისი პირობების თანხვედრისა და გარკვეულწილად იღბლის წყალობით მკვლევართა ჯგუფმა შეძლო უპრეცედენტო სიზუსტით განესაზღვრა მზის გვირგვინში მაგნიტური ველის სიდიდე.

მეცნიერის რწმენით, ამ მიგნებამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები მზის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

„ყველაფერი, რაც მზის ატმოსფეროში ხდება, მაგნიტური ველით არის განპირობებული, თუმცა, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს მისი სიდიდისა და სივრცითი მახასიათებლების შესახებ, – აღნიშნავს დოქტორი ქურიძე, – ეს არის საკვანძო პარამეტრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზის გვირგვინის კვლევაში. ამ მონაცემების გაუთვალისწინებლად მზის გვირგვინის კვლევა დაახლოებით იგივეა, რაც დედამიწის კლიმატის შესწავლა სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ტემპერატურის გაზომვის შესაძლებლობის გარეშე.

უნიკალურმა დაკვირვებებმა პირველად მოგვცა საშუალება, ასეთი სიზუსტით გაგვეზომა მზის მაგნიტური გვირგვინის სტრუქტურული ელემენტების – კორონალური მარყუჟების მაგნიტური ველი”.

მზის გვირგვინი

მზის დიამეტრი 1,400,000 კილომეტრია (დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ მეტი). მზე დედამიწიდან 150, 000 ,000 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო მისი გვირგვინი ზედაპირიდან რამდენიმე მილიონ კილომეტრზე ვრცელდება.

მაგნიტურ სტრუქტურებში დაგროვილი ენერგიის ატმოსფეროში გამოტყორცნა, იგივე მზის ანთებები, მზის ზედაპირზე კაშკაშა ნათებების სახით დაიმზირება.

მაგნიტური ველის სისუსტის გამო ამ ენერგიების მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მთავარი და რთული ამოცანაა.

შედარებისთვის, ნაშრომში განხილული მაგნიტური ველების სიდიდე ჩვეულებრივი, მაგნიტიანი სუვენირების მაგნიტური ველის ტოლია და დაახლოებით 100-ჯერ ჩამოუვარდება სამედიცინო მაგნიტურ-რეზონანსული სკანერის დროს წარმოქმნილ მაგნიტურ ველს. მიუხედავად ასეთი სისუსტისა, ამ ველებს აქვთ უნარი წარმოქმნან მზის სისტემაში ყველაზე მაღალ-ენერგეტიკული მოვლენები, როგორიცაა მზის ანთებები და კორონალური მასის ამოფრქვევები. 

კორონალური მასის ამოფრქვევებმა, თუკი დედამიწისკენ არის მიმართული, შეიძლება გამოიწვიოს მაგნიტური ქარიშხლები, რის ფონზეც წარმოიქმნება ჩრდილოეთის ციალი (Aurora Borealis). ასევე, შესაძლოა, დაზიანდეს სატელიტური საკომუნიკაციო და გლობალური პოზიციონირების სისტემები (GPS), რაც 2017 წლის სექტემბერში დაფიქსირდა კიდეც. მეტიც, ასეთ პერიოდებში მომატებული რადიაციის გამო იზღუდება ფრენები გარკვეულ სიმაღლეებზე პოლარულ განედებზე. 

დოქტორი დავით ქურიძე

დავით ქურიძე წარმოშობით ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანიდანაა. ის ამჟამად აბერისტვისის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია სერ კიმრის (Sêr Cymru) პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე არის ილიას უნივესიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამენიერო ფონდის პროექტის (FR17 323) მთავარი მკვლევარი.

დავით ქურიძე სტატიის „Mapping the Magnetic Field of Flare Coronal Loops“ („კორონალური მარყუჟების მაგნიტური ველის ტოპოგრაფია“) წამყვანი ავტორია. ნაშრომი ჟურნალში Astrophysical Journal დაიბეჭდა. სტატიის თანაავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორები – თეიმურაზ ზაქარაშვილი და ვასილ კუხიანიძე. 

სტატიის დანარჩენი თანაავტორები მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრებში, ესენია: ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტი; ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტი, ესპანეთი; შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი; ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტი; სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიის ინსტიტუტი; სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მზის ფიზიკის ინსტიტუტი, შვედეთი; გრაცის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი, გეოფიზიკის, ასტროფიზიკისა და მეტეოროლოგიის ინსტიტუტი, ავსტრია; ფრაიბურგის კიპენჰოიერის სახელობის მზის ფიზიკის ინსტიტუტი, გერმანია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 ივლისი
13 ივლისი

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმართება. აქციის მიზანი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი, „ორანჟერ ...
11 ივლისი
11 ივლისი

გვაქვს გრაფიკული ფორმითა...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტს - „ ...
11 ივლისი
11 ივლისი

„აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრი ...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აქტიურად არის ჩართული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების განხილვ ...

მეტი

^