Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გაუმჯობესდება ქართული ენერგოსექტორი მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობით და ენერგოეფექტური პოლიტიკით

04 აპრილი 2019

როგორ შეიძლება საქართველომ გაზარდოს ენერგოუსაფთხოება იმ გამოწვევის ფონზე, რომ ენერგოგამომუშავება სეზონების მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება? როგორია საუკეთესო ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა შენობებში დაბალი ენერგოეფექტურობის პრობლემის გადასაჭრელად, რაც ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია? - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თბილისში EU4Energy პოლიტიკის სამდღიან ფორუმზე, სადაც 11 ქვეყნის წარმომადგენელს „საერთშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ექსპერტებმა ენერგოეფექტურობის შესახებ რეკომენდაციები წარუდგინეს.   

ელექტროენერგიის გენერირებისთვის საქართველო რამდენიმე რესურსს იყენებს, რომელთაგან უმეტესი წილი ჰიდრო ენერგიაზე მოდის. სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) თანახმად, რომელიც ელექტროენერგიის გიდვა-გაყიდვასა და დაბალანსებაზეა პასუხისმგებელი, 2018 წელს ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების 81% სწორედ ჰესებზე მოდიოდა.

ჰესები ნალექიანი სეზონის დროს ენერგიას ჭარბად გამოიმუშავებენ, მშრალი სეზონის დროს კი გამომუშავება ეცემა და ქვეყნისთვის საჭირო ოდენობას ვერ უზრუნველყოფს. 2018 წელს საქართველომ 13.7 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რომლის მხოლოდ 88.8% იყო ადგილობრივი გამომუშავების.

ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების უზრუნევლსაყოფად, საქართველო მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობს, რომელთაგან ენერგიას ყიდულობს და ყიდის. გასულ წელს, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 11% თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან იყო იმპორტირებული. ეს საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, რომელთაგან ყველაზე მეტი ენერგია 2018 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან, შემდეგ კი რუსეთიდან მიიღო.

რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას ,,საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” ექსპერტებმა სამეზობლო ელექტროსისტემის ინტეგრაციის საუკეთესო პრაქტიკები ფორუმზე 11 ქვეყნის წარმომადგენლებთან განიხილეს, რომელიც 11-13 თებერვალს EU4Energy პროგრამის ფარგლებში გაიმართა. EU4Energy რეგიონზე ორიენტირებული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს მონაცემთა ბაზები და სტატისტიკა ენერგეტიკის შესახებ, ხელი შეუწყოს რეგიონში ენერგეტიკულ საკითხებზე დისკუსიებს, გააძლიეროს საკანონმდებლო ჩარჩო და გაზარდოს წვდომა ინფორმაციაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის. საქართველომ პროგრამაში მონაწილეობა 2016 წლის ივლისში დაიწყო.

სამეზობლო ენერგეტიკული სისტემის ინტეგრაცია

„როცა პატარა ქვეყანა ხარ, შენს ინტერესებში შედის მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობის დამყარება და მათგან სარგებლის მიღება, რადგან დიდ სისტემას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია”, - ამბობს „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” უფროსი ანალიტიკოსი ელექტროობის დარგში მეტ ვიტენსტეინი, რომელიც აღნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებთან ელექტროსისტემის ინტეგრაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.

იგი სამ ძირითად სფეროზე საუბრობს, რომლებშიც ამ თვალსაზრისით საქართველოს განსაკუთრებულად კარგი შედეგის მიღწევა შეუძლია.

„ზოგი სარგებელი ეკონომიკურია - მათ შეუძლიათ საინვესტიციო ხარჯების შემცირება, რადგან ეს ხარჯები მონაწილე მხარეებზე გადანაწილდება - მაგალითად, შეგიძლიათ, ააშენოთ უფრო დიდი ქარხნები, რომელთა აშენებაც სხვა შემთხვევაში ხარჯიანი იქნებოდა. მეორე მხრივ, შესაძლებელია ოპერაციული ხარჯების შემცირება. ამდენად, ოპერირებაც უფრო იაფი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად ქარხანა ნაკლებად ხარჯიანი იქნება და მეტ მოგებას მოიტანს”, - ამბობს ვიტენსტეინი.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ სამეზობლო თანამშრომლობა უსაფრთხოების თვალსაზრისითაც სასარგებლოა, რადგან იგი მრავალფეროვნებასა და რესურსების გაზიარებას გულისხმობს.

„აქ ასევე არის სარგებელი გარემოს დაცვის თვალსაზრისით. მაგალითად, უფრო ადვილი ხდება განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირება. ასეთი სარგებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც გეოგრაფიული თვალსაზრისით პატარაა. ამ რესურსების გამოყენება ნიშნავს ხელმისაწვდომობას რესურსებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ იქნებოდა ხელმისაწვდომი”, - ამბობს ვიტენსტეინი.

ჰიდროელექტროსადგურებზე საუბრის დროს იგი აღნიშნავს, რომ მშრალ სეზონზე, როცა ჰესები საკმარის ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებენ, საქართველო იძულებული ხდება, დამატებითი რესურსები მოიხმაროს.

„ამდენად, საქართველო იძულებულია, მეტი ჰესი ააშენოს, ან მეზობლებზე იყოს დამოკიდებული”, - ამბობს ვიტენსტეინი და აღნიშნავს, რომ ელექტროსისტემის ინტეგრაცია ქვეყნებს არ ზღუდავს, კავშირი მხოლოდ უახლოეს მეზობლებთან დაამყაროს, რადგან ინტეგრაციის ეს მოდელი საშუალებას იძლევა, კავშირები დიდი გეოგრაფიული მასშტაბით დამყარდეს.

რებეკა გაგჰენი, „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ქვეყნები, რომლებსაც მსგავსი პარტნიორობა აქვთ, იშვიათად დგებიან მოულოდნელი გათიშვისა და ენერგეტიკული დეფიციტის საფრთხის წინაშე.  

„ეს იმიტომ, რომ ყველაფერი ინტეგრირებული და გამარტივებულია”, - ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ პროგრამის მიზანია, გააერთიანოს მსგავსი ინტერესების, თუმცა პოტენციურად განსხვავებული გამოწვევების მქონე ქვეყნები.

„ჩვენ აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ საქართველოს ჭკუა ვასწავლოთ. იმისთვის მოვედით, რომ საქართველოს ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობები არსებობს, სხვა ქვეყნებმა რა გააკეთეს, რომ დავიწყოთ დისკუსია სამეზობლოში და მონაწილე ქვეყნებს მივცეთ დასკვნების გაკეთების საშუალება, თუ რისი გაკეთება შეიძლება მოცემულ სიტუაციაში”, - ამბობს გაგჰენი.

„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” პასპიისა და შავი ზღვის განყოფილების მენეჯერი თეა ხიტარიშვილი ამბობს, რომ მონაწილე ქვეყნებისთვის სააგენტო პროგრამის სამ კომპონენტს იყენებს - დიალოგი პოლიტიკის შესახებ, მონაცემთა ინტეგრაცია და საინფორმაციო ბაზების კომუნიკაცია.

„ჩვენ ვანახებთ სარგებელს, რომლის მიღებაც შესაძლებელია და განვიხილავთ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები დგანან. ჩვენი სამუშაო უფრო დისკუსიას მოიცავს, ვიდრე ბაზრის შეცვლის პროცესში უშუალო მონაწილეობას”, - ამბობს ხიტარიშვილი და აღნიშნავს, რომ მონაწილე ქვეყნების გადასაწყვეტია, რა ცვლილებებს განახორციელებენ მიღებული გამოცდილების საფუძველზე .

ენეგოეფექტურობა, როგორც გამოწვევა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და მის იმპლემენტაციას შეეხებოდა. დაბალი ენერგოეფექტურობა ენერგეტიკული სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნევა.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოს” (WEG) 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში შენობების დაახლოებით 75% დაბალი ენერგოეფექტურობის სტანდარტებით არის აშენებული, რაც მაღალ ენერგომოხმარებას და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის მაღალ გადასახადებს ნიშნავს.

„საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” ექსპერტებმა თანამედროვე ტექნოლოგიების რამდენიმე მაგალითი წარმოადგინეს, რომლებიც ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის, დაწყებული LED განათებებით, დასრულებული ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით.

„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ვუზიარებთ აქ შეკრებილ ადამიანებს. ენერგოეფექტურობა ერთ დღეში არ მიიღწევა, თუმცა საგზაო რუკისა და დროში გაწერილი აქტივობების საშუალებით შეგვიძლია საქართველოს დავეხმაროთ და ვანახოთ, როგორ შეიძლება არაფრიდან 100%-იან ენერგოეფეტურობას მიაღწიო”, - ამბობს ბრაიან დინი, „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს” ექსპერტი ენერგოეფექტურობის საკითხებში.

იგი აღნიშნავს, რომ მეტწილად ეს ცოდნაზეა დამოკიდებული. თავდაპირველად ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ცოტამ თუ იცის, თუმცა, როცა ხალხი მათ შესახებ შეიტყობს, როგორც წესი ისინი ასეთ პროდუქტს ყიდულობენ.

დინი ასევე ამბობს, რომ რეგულაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია ამ მიზნის მისაღწევად და რომ კანონმდებლობის შეცვლა ენერგოეფექტურობის მისაღწევად საუკეთესო გზაა, რასაც სააგენტო მხარს უჭერს.

„საქართველოში ამ თვალსაზრისით ბევრი რამის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. არსებობს ფუნდამენტური კანონმდებლობა და უკვე მიმდინარეობს დისკუსია შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ამდენად, ვფიქრობ, რომ ფუნდამენტი უკვე არსებობს და ტექნოლოგიების სიიაფის თვალსაზრისითაც, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა”, - ამბობს დინი.          

კანონმდებლობა ენერგოეფექტურობის შესახებ

საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების ნაწილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა. იგი საქართველოსთვის ძალაში სრულად 2017 წლის ივლისში შევიდა. ამდენად, საქართველომ ვალდებულება აიღო, შეასრულოს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტივები, რომლებიც ელექტროენერგიის შიდა ბაზრის წესებსა და ენერგიის სამეზობლო ქსელზე წვდომის პირობებს ეხება. 

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ძალაში 2016 წელს შევიდა, რითაც ქვეყანამ მთელი რიგი დირექტივების შესრულების ვალდებულება აიღო. ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, უახლოეს მომავალში საქართველო რამდენიმე კანონის მიღებას გეგმავს, მათ შორის კანონების - ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ. საქართველომ უნდა მიიღოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმაც.

ეს უკანასკნელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით შემუშავდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამოქმედო გეგმა 2019-2021 წლებს მოიცავს და მასში ენერგოეფექტურობის დირექტივა იქნება გათვალისწინებული. ასევე, მასში გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის წესები ენერგიის, ინდუსტრიული სექტორის, ტრანსპორტის, მშენებლობისა და სერვისის სფეროში.

_____________________________________________

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ავტორი და შინაარსი შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^