Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როსღა გვეღირსოს ჩვენ აზერბაიჯანელი ან სომეხი პრეზიდენტი?!

17 აპრილი 2019

ათ წელიწადში საქართველოს პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი (ან სომეხი) საქართველოს მოქალაქე.

რა ნიშნავს საქართველოსთვის ამ მისიის შესრულება?

ეს ნიშნავს იმას, რომ:

  • ქართველი საზოგადოება გახდება მჭიდროდ შეკრული და ინტეგრირებული;
  • საქართველო წარმოდგება რეგიონისა და მსოფლიოსთვის შემწყნარებლობის მაგალითად;
  • საქართველო გახდება ლიდერი სამეზობლოში;
  • და, რაც მთავარია: საქართველო ჩამოყალიბდება ახალი ეროვნული იდენტობის მქონე ერთობად, რომელშიც, ქართველებს გარდა, გაერთიანდებიან განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეები.

ამისთვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. რისი გაკეთება გვმართებს ამ მიზნის მისაღწევად?

სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ, მოკლედ მიმოვიხილოთ ქართველი ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ებრაელები, ბერძნები, სომხები, სპარსელები, რომაელები, არაბები, თურქები, აფხაზები, ვაინახები და სხვა კავკასიელები, აზერბაიჯანელები, ოსები, რუსები.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 20%-მდე არაქართული ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე, რომელთა უმრავლესობას შეადგენენ ეთნიკური აზერბაიჯანელები და ეთნიკური სომხები (სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ აფხაზებისა და ცხინვალელი ეთნიკური ოსების, როგორც ქართველი საზოგადოების ნაწილის შესახებ). ამ ორი დიდი უმცირესობის მიმართ ყალიბდება და განისაზღვრება საქართველოს ეთნოპოლიტიკური დისკურსი.

ეს ორი უმცირესობა დიდ ზეგავლენას განიცდის ჩვენი საუკუნოვანი მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკისგან. გარკვეული მიზეზების გამო საქართველოს სახელმწიფომ ვერ მოახერხა ისინი სრულფასოვნად ჩაება საერთო ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა, პროგრესი თვალსაჩინოა, თუ გავითვალისწინებთ 10, 20, 30 წლის წინანდელ სიტუაციებს.

30 წლის წინანდელ მდგომარეობას თუ გავიხსენებთ, თვალწინ წარმოგვიდგება საბჭოური ნაციონალიზმით გაჯერებული ჩვენი შეხედულებები, რომლის მიხედვითაც არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულებები გვქონდა ეთნიკურად განსხვავებული თანამოქალაქეების მიმართ.

ეს დამოკიდებულება გაჟღენთილი იყო სიყალბითა და ნაციონალისტური ელფერით, რასაც ნოყიერად კვებავდა კრემლისა და კაგებეს პოლიტიკა.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ დოქტრინებში უმეტესწილად ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდათ მინიჭებული სრულფასოვანი მოქალაქეობის უფლებრივი მდგომარეობა, რომელთაც უნდა ეცხოვრათ და განვითარებულიყვნენ თანასწორად, მაგრამ ისე, როგორც ამას გადაწყვეტდა ქართველი ერი.

ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ეტაპზე, 1980-იან წლებში ჩვენ არ შეგვითავაზებია ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის, ერთად დავსმხდარიყავით და გვემსჯელა, თუ როგორ მოგვეწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც მათ ინტერესებსაც გავითვალისწინებდით.

სამწუხაროდ, ამ სულისკვეთების პოლიტიკოსი - ზ. ჭავჭავაძე - ადრე გამოაკლდა ქართული განმათავისუფლებელი მოძრაობის სპექტრს. ღიად რომ ვთქვათ, მის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილი იყო ამ მოძრაობის უმეტესი ნაწილი და მეტიც, მას კრემლისგან, კაგებესგან მართულად მოიხსენიებდნენ უაპელაციოდ.

ჩვენი წერილის სათაურს თუ გამოვეხმაურებით, 1990-2000-იანი წლების ერთი პოეტი-პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებდა, სულში ვიძვრენ ისე მიყვარს ჩემი სომეხი მეგობრები, მაგრამ საქართველოში პრეზიდენტი უნდა იყოს ქარ-თვე-ლი!” (ციტირება არაზუსტია).

მოკლედ, დღეს უკეთესი მდგომარეობაა შექმნილი, ვიდრე 30 წლის წინ იყო, მაგრამ ერთიანი ქართველი ერის, ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ეს ნაბიჯები გადასადგმელია იმისთვის, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ახალი ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესი.

ნაციონალიზმის ცნობილი მკვლევრის, ენტონი სმიტის მიხედვით, ეროვნული იდენტობა გულისხმობს პოლიტიკური გაერთიანების, ისტორიის, ტერიტორიის, სამშობლოს, მოქალაქეობის, საერთო ღირებულებებისა და ტრადიციების გარკვეულ შეგრძნებას. იგი ეროვნული იდენტობის ხუთ ძირითად მახასიათებელს გამოყოფს:

  1. ისტორიული ტერიტორია ან სამშობლო;
  2. საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება;
  3. საერთო, მასობრივი კულტურა;
  4. წევრების საერთო სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები;
  5. საერთო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს წევრთა ტერიტორიულ მობილობას ( Anthony D. Smith, National Identity, 1991) .

ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების საქმეში რომ განათლებას საკვანძო ადგილი უკავია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ცხადია.

ქვემოთ მიმოვიხილოთ გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც იკვეთება განათლების მიმართულებით:

  1. ქართული ენის საყოველთაო სწავლება

დღევანდელი მდგომარეობა

ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას და ხარჯავს გარკვეულ თანხებს. რეგიონებში აგზავნის მასწავლებლებს და ქმნის ენის შემსწავლელ კურსებს. მთავარი ხელისშემშლელი ამ მიმართულებით არის ქართული ენის უფუნქციობა ამ რეგიონებში. მოქალაქისთვის სრულიად უფუნქციოა ენა და შესაბამისად მისი ათვისების ხარისხი არის დაახლოებით ისეთივე, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანის რომელიმე სასკოლო საგნობრივი კომპეტენცია...

აგრეთვე, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებისა, საგრძნობლად დაბალია ქართული ენის მასწავლებელთა კომპეტენცია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ქართული ენის მასწავლებლები სახელმწიფო ენაზე საშინელი აქცენტით, დამახინჯებულად მეტყველებენ. შესაბამისად, თუკი სახელმწიფო ვერ ახერხებს იმას, რომ კვალიფიციური მასწავლებლებით სრულად უზრუნველყოს ეთნიკურ უმცირესობათა სკოლები, ძნელია სერიოზული გეგმები დავსახოთ მოსწავლეებში სათანადო შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

რა არის გასაკეთებელი?

რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს ქართული ენის შემსწავლელი სასკოლო თუ არასასკოლო პროგრამები. ამასთან, ქართული ენის ფუნქციის გაზრდის მიზნით საჭიროა სხვადასხვა ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, სამხედრო, სპორტული პროექტებისა და ღონიძიებების განხორციელება.

კარგი იქნება მსხვილი ბიზნეს-საგანმანათლებლო, ტურისტულ-კულტურული იდეების განხორციელება მარნეულში, ახალქალაქში...

აღარაფერს ვამბობ სკოლების კვალიფიციური კადრებით სრულად აღჭურვასა და ენის არმცოდნე მასწავლებლების სწრაფ ჩანაცვლებაზე.

  1. ეთნიკური  უმცირესობების  სკოლებში  სწავლება

დღევანდელი მდგომარეობა

საქართველოს სახელმწიფოსთვის ეს 200 (დაახლოებით) სკოლა შეიძლება გახდეს, - და უნდა გახდეს, - მძლავრი ინსტრუმენტი სამოქალაქო ცნობიერებისა და ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის, ერთი მხრივ, და უმცირესობათა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებისთვის, მეორე მხრივ.

ამ სკოლებში ყველაზე მწვავედ დგას მასწავლებელთა კადრების მომზადების საკითხი. აქ ძირითადად დასაქმებულია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში მეზობელ სახელმწიფოებში უმაღლეს განათლებამიღებული მასწავლებლები. მათ შორის არიან თავისი საქმის საუკეთესო სპეციალისტები. თუმცა, მათ არ იციან სახელმწიფო ენა და აგრეთვე შეუძლებელია მათი საგნობრივი კვალიფიკაციის გადამოწმება.

ბოლო წლებში ჩატარებული, ე. წ. კატის გამოცდების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსწავლეთა საგნობრივი კომპეტენციები საგრძნობლად ჩამორჩება ქართულენოვანი სკოლების თანატოლთა შედეგებს.

მასწავლებელთა დაბალ კვალიფიკაციას პირდაპირ ადასტურებს სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებიც, როცა ყველას ჰქონდა საშუალება მშობლიურ ენაზე დაედასტურებინა საკუთარი საგნობრივი კომპეტენცია.

რა არის გასაკეთებელი?

სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტები, გადაერთონ პედაგოგიკურ მიმართულებებზე და გვყავდეს ქართულ უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ისტორიის, ფიზიკის, მათემატიკისა და სხვა საგნის მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ ამ არაქართულენოვან სკოლებში საგნობრივი სწავლების ბილინგვურად წარმართვას (მათს მშობლიურ ენასთან ერთად ქართულ ენაზე).

ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, სახელმწიფოსგან პროტექციონისტური ჩარევის შედეგად და არა ისე, როგორც დღესაა: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის კი გახდა ბოლო წლებში ხელმისაწვდომი ქართულენოვანი უმაღლესი განათლება (ამაზე მხოლოდ ვოცნებობდით 15 წლის წინ.), მაგრამ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ პედაგოგიკურ მიმართულებას.

სახელმწიფომ ხელი უნდა ჩაავლოს თითოეულ ნიჭიერ მოსწავლეს და მიმზდველი შეთავაზებებით (უფასო სწავლა, სტიპენდია, დასაქმების გარანტია...) დააინტერესოს პედაგოგიკური მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღებით.

  1. მშობლიური ენების სწავლება

დღევანდელი ვითარება

საქართველოში არსებულ არაქართულენოვან სკოლებში განათლება მიიღება აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ანუ ყველა საგანს ამ ენებზე სწავლობენ (სკოლა თუ სომხურენოვანია - სომხურად, თუ აზერბაიჯანულენოვანია - აზერბაიჯანულად და ა. შ.). ყველა საგანში (მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია...) სწავლება მიმდინარეობს საქართველოს სასწავლო გეგმის მიხედვით, შესაბამისად, თბილისში შედგენილი და ამ ენებზე აქვე თარგმნილი სახელმძღვანელოებით; ერთი გამონაკლისით: სომხური, აზერბაიჯანული და რუსული ენები, როგორც მშობლიური ენები, მეზობელ სახელმწიფოებში შედგენილი და იქვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება.

ორიოდე წლის წინ განათლების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ამ სახელმძღვანელოების შექმნის მიზნით. შარშან მეც დავრეგისტრირდი ავტორთათვის გამიზნულ საკონსულტაციო შეხვედრებზე სამინისტროში. მივედი და სამინისტროს წარმომადგენელი სიხარულით შემომეგება, როგორ მიხარია, ამ მიმართულებით რომ აპირებთ მუშაობასო... სამწუხაროდ, გავუცრუე იმედები - მეც ინტერესის გამო მოვედი, მეც გამიხარდებოდა პოტენციურ ავტორთა გაცნობა-მეთქი... ავტორები კი არ ჩანდნენ.

რა არის გასაკეთებელი?

სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ეთნიკურ უმცირესობათა მშობლიური ენების სახელმძღვანელოების შექმნის საკითხს. ეს ჩვენი სახელმწიფოს კომპეტენცია უნდა გახდეს და არ უნდა შევყურებდეთ მეზობელ - რაც არ უნდა მეგობრული იყოს - სახელმწიფოებს. ამაში უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეზობლებიც და მათთან კონსულტაციებით და ჩვენი ინტერესების დაცვით შევადგინოთ ეს სახელმძღვანელოები.

სამინისტრომ კონკურსის წესით კი არ უნდა ეძებოს აზერბაიჯანულის, სომხურის, რუსულის, როგორც მშობლიური ენების სახელმძღვანელოების ავტორები, არამედ მიზანმიმართულად გამოარჩიოს ნიჭიერი მასწავლებლები, გადაამზადოს და გაწვრთნას ისინი და შემდეგ შეადგენინოს სათანადო წიგნები.

ცხადია, ეს წიგნები განსხვავებული იქნება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების წიგნებისგან. მაგალითად, მასში საკმაო რაოდენობით ჩაინერგება ამ ენებზე გადათარგმნილი ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო ძეგლები... 

  1. ქართულენოვანი სკოლების კურიკულუმების გამიდრება

დღევანდელი ვითარება

როგორც ვიცით, ქართული სკოლების საგნობრივი პროგრამები საოცრად გადატვირთული და გადატენილია. მოსწავლეებს ბევრ უსარგებლო და, რაც მთავარია, მათი გონებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციას ვაწვდით. ამ მასალის ათვისება წარმოუდგენელია საშუალო და საშუალოზე მაღალი გონებრივი მონაცემების მქონე მოზარდისთვის. კურიოზულად აღმაშფოთებელი ისაა, რომ ეს გადატენილობა შეეხება უკლებლივ ყველა კლასსა და ყველა საგანს.

მიუხედავად ამ გაჯერებულობისა, საგნობრივ შინაარსებში ვერსად ნახავთ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების შესახებ მწყობრ და საინტერესო ნაწილებს. მეტიც, თუკი წარმოდგენილია ინფორმაცია ეთნიკური სომხებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების თაობაზე, არცთუ სახარბიელო კონტექსტია ამისთვის შემოთავაზებული (არ გავაგრძელებ)…

ამ კომპონენტში ჩვენ სრულად ვრჩებით საბჭოური მემკვიდრეობის ამარა. იმ დროს ხომ ჩვენ ნიკარაგუელი მუშათა კლასის წარმომადგენელთა ტკივილები უნდა გაგვესიგრძეგანებინა, ხოლო წარმოადგენა არ უნდა გვქონოდა ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ.

რა არის გასაკეთებელი?

ქართულენოვანი სკოლების პროგრამებში უმცირესობათა საკითხების ინტეგრაცია და დანარჩენ საქართველოში მიმღებლობის გაზრდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში. ჭიათურელი კურსდამთავრებულისთვის უცხო და წარმოუდგენელი არ უნდა იყოს ახალქალაქელი და დამიაგეორარხელი თანატოლის ცხოვრების წესი, მისი კულტურული ტრადიციები.

აუცილებელია საგანთა შინაარსში ეთნიკურ სომეხთა და აზერბაიჯანელთა კულტურული, ისტორიული, ლიტერატურული შინაარსის შემოტანა. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში უნდა შევიტანოთ სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ნიმუშები. 

  1. მასკულტურა

დღევანდელი ვითარება

ზემოთ ნახსენებ სმიტის ჩამონათვალში მასობრივ კულტურას არცთუ შემთხვევით უჭირავს საპატიო ადგილი. საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს აქვთ თავიანთი თვითმყოფადი კულტურა, მაგრამ ეს კულტურა უცხოა დანარჩენი საქართველოსთვის. ისევე, როგორც ქართული კულტურული მიღწევები არაა მათთვის სათანადოდ მიწოდებული.

ზოგ შემთხვევაში ყველაზე პოპულარული სიმღერა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში „დარი-დურია“ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო არცთუ ცოტა საბიუჯეტო თანხას ხარჯავს, ე. წ. სახელმწიფო ანსამბლებსა და კულტურის სახლებზე, ამ მიმართულებით შექმნილი რაიმე ღირებული არ მახსენდება.  

რა არის გასაკეთებელი 

სახელმწიფომ უნდა დაუკვეთოს მასკულტურის ისეთი ნიმუშები, რომლებსაც ხალხი გაითავისებს და ქორწილებში იმღერებს და იცეკვებს, ტრანსპორტში ჩართავს და რუსულ საოცრებას ცოტათი მაინც ჩაანაცვლებს.

მხოლოდ საქორწილო ნიმუშებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ბოლო წლებში საქართველოში არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გამართულა და ასეთი ღონისძიებების გახსნისა და დახურვის ცერემონიების საკონცერტო ნომრებშიც უნდა იყოს წარმოდგენილი უმცირესობათა კულტურული ელემენტები.

  1. სკოლათა მენეჯმენტი

დღევანდელი ვითარება

ახალი ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბების გზაზე ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი საჯარო სკოლაა. ეს ზემოთაც აღვნიშნეთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ სკოლების მენეჯმენტს. დღევანდელი მონაცემებით ამ სკოლათა უმრავლესობაში დირექტორები არ არიან დანიშნული. მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ამის ძირითადი მიზეზი სახელმწიფო ენის უცოდინრობის გამო სადირექტორო გამოცდების ჩაუბარებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი სათანადო პროფესიონალია, ისინი ვერ ახერხებენ გამოცდების ჩაბარებას.

არადა, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 29 წელიწადია გასული. საოცარი მოხერხება იმას კი არ სჭირდებოდა, რომ დირექტორებად სათანადო კვალიფიკაციისა და ენობრივი უნარების ადამიანები ყოფილიყვნენ დღეს დანიშნული, არამედ მოხერხება უნდოდა იმას, რომ ამ 30 წელიწადში ასეთი მდგომარეობა შეგვენარჩუნებინა.

რა არის გასაკეთებელი?

ზემოთ ვსაუბრობდით ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგიკური მიმართულებით გადაქაჩვაზე. ასეთივე მიდგომა უნდა გამოვიყენოთ მენეჯმენტში ნიჭიერი ახალგაზრდების მოსაზიდად.

ამისთვის წელსვე უნდა დაიწყოს მიზანმიმართული ზრუნვა და ეს საკითხი თვითდინებაზე არ უნდა იყოს მიშვებული.

უმცირესობათა სკოლები განსაკუთრებულად უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისგან.

უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს სკოლების საფინანსო თუ საკადრო გადაწყვეტილებების საკითხი. პირველ რიგში ამ საკითხებში უნდა ჩაიხედონ თითოეული თემის მასწავლებელმა, მშობელმა, ყველა დაინტერესებულმა პიროვნებამ.

პროექტების, კონცეფციების, პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოთამაშის ჯანსაღი ინტერესი. აგრეთვე თავად დაგეგმვის ეტაპზევე უნდა იყოს ჩართული ყველა მოთამაშე. ვგულისხმობ როგორც ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, აგრეთვე ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების (სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის) წარმომადგენლებსაც.

რა დასამალია, ჩვენს მეზობლებს კეთილისმყოფელი გავლენა ვერ აქვთ ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. შეიძლება ითქვას, პირიქით: მათი პოლიტიკა ცუდ ასახვას ჰპოვებს ჩვენს თანამოქალაქეებზე. როგორც ცნობილია, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუგვარებელი კონფლიქტის გამო მწვავე დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან.

საქართველო ინარჩუნებს ტრადიციულ ნეიტრალიტეტს და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვით, მაგრამ მისი პოზიცია საჭირო ზეგავლენით ჯერჯერობით ვერ აისახება ჩვენს თანამოქალაქეებზე. არადა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი ეთნიკურად განსხვავებული მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად არ იყვნენ განწყობილნი.

ეს მკაფიოდ უნდა გავათავისებინოთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებსაც და ისინიც ჩავრთოთ ამ მიზნის მისაღწევ აქტივობებში. ძლიერი მრავალეთნიკური საქართველო ნამდვილად შედის ყველა მეზობლის სამშვიდობო ინტერესებში. ეს ყოველთვის ასე იყო ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ისტორიისთვის უცხო არაა ისეთი ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება, რომელშიც მოაზრებულია არაქართული ეთნიკური მდგენელებიც. მეტიც: საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო სწორედ ასეთი იდენტობის ჩამოყალიბების შედეგად მივიღეთ (X-XII საუკუნეები). ხოლო ყველაზე მეტად დასუსტებული საქართველოს დროს ქართული იდენტობა ეთნიკურ ქართველობასაც კი აღარ მოიაზრებდა სრულად.

ასე რომ, თუ მივუბრუნდებით სათაურს, აზერბაიჯანული ან სომხური ეთნიკური წარმომავლობის პრეზიდენტი ის ნატვრაა, რომელიც ხმამაღლა უნდა ინატროს ყველა ქართველმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^