Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვცხოვრობდით ხელოვნებით

17 აპრილი 2019

ქართველი საოპერო ვარსკვლავები - გიორგი გაგნიძე, ნანა ქავთარაშვილი და ვალერიან გამგებელი „ტოსკას“ თბილისურ პრემიერაში

ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“, რომელიც მსოფლიო მუსიკალური თეატრების რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ოპერაა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ლამის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ცოტა რამ ამ ოპერის ისტორიიდან:  XIX საუკუნის ბოლოს ფრანგმა დრამატურგმა ვიქტორიენ სარდუმ (სხვათა შორის, მისი პიესა „მადამ სანჟენი“ მარჯანიშვილის თეატრში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში იდგმებოდა, სადაც მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებდა) 1887 წელს დაწერა პიესა „ტოსკა“( La Tosca), რომლის მოქმედება რომში, 1800 წლის ივნისში ხდება, როცა ქალაქს ნაპოლეონის არმიის შემოჭრა ემუქრება. პიესა, რომელშიც წამების, მკვლელობისა და დრამატულ-სასიყვარულო სცენები და პოლიტიკური ინტრიგები ერთმანეთს ენაცვლება, დრამატურგმა დიდი მსახიობის, სარა ბერნარისთვის სპეციალურად დაწერა. პირველად ის პარიზის, პორტ-სენ-მარტენის დრამატულ თეატრშიც დაიდგა.

ჯაკომო პუჩინიმ „ტოსკა“ პირველად მილანის ერთ-ერთ დრამატულ თეატრში ნახა და იმდენად მოეწონა, რომ თავის გამომცემელს პირდაპირ დაავალა მოლაპარაკება გაემართა სარდუსთან, რათა ნებართვა მიეღო ოპერის დასაწერად.1899 წელს  პუჩინი და სარდუ პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც კომპოზიტორი „ბოჰემაზე“ მუშაობდა. თუმცა პუჩინისთვის იმდენად მიმზიდველი იყო პიესის სიუჟეტი, რომ გადაწყვიტა პარალელურად „ტოსკაზე“ ემუშავა და ერთ წელიწადში მუშაობა დაასრულა კიდეც.

„ტოსკას“ პრემიერა 1900 წლის 14  იანვარს, რომის „კონსტანცას“ თეატრში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს ცნობილი „ვერისტი“ კომპოზიტორები - პიეტრო მასკანი და ფრანჩესკო ჩილეა ესწრებოდნენ. პრემიერას დიდი წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ოპერა უკვე „ლა სკალაში“ დაიდგა (ორკესტრს არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა) პუბლიკა  მას ტრიუმფით შეხვდა. მსოფლიო პრემიერიდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, 1904 წლის 5 თებერვალს „ტოსკას“ პრემიერა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე გაიმართა და ამის შემდეგ ის თეატრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი გახდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რეჟისორ გურამ მელივას მიერ 60-70-იან წლებში დადგმული „ტოსკა“ აღმოჩნდა, სადაც თავისი დრამატული და ძლიერი ხმით გაიბრწყინა გამორჩეულმა დრამატულმა სოპრანომ ცისანა ტატიშვილმა. სტაჟიანი მელომანებისთვის დღემდე დაუვიწყარია მისი დრამატული, ვნებიანი და მებრძოლი სულის ტოსკა, ისევე როგორც ნოდარ ანდღულაძისა (მარიო კავარადოსი) და რევაზ ლაგვილავას (სკარპია) შესანიშნავი ხმები და მათ მიერ შექმნილი სახეები. 

და აი, აპრილში ოპერისა და ბალეტის თეატრში პუჩინის  „ტოსკას“ ახალი დადგმა ვიხილეთ. პუჩინის ფესტივალისა და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქცია პირველად 2018  წელს იტალიაში, პუჩინის ფესტივალზე, ტორე დელ ლაგოში განხორციელდა. რეჟისურა ოპერის სამყაროში უკვე ცნობილ და გამობრძმედილ ჯანკარლო დელ მონაკოს ეკუთვნის, რომელიც დიდი ტენორის - მარიო დელ მონაკოს შვილია. დამდგმელი დირიჟორია ჯანლუკა მარტინენგი, სცენოგრაფი - კარლო ჩენტოლავინი, ხოლო კოსტიუმების მხატვარი - ესთერ მარტინი.

სამწუხაროდ, ვერ მოვარხერხე, მენახა სპექტაკლის პირველი შემადგენლობა (მარიო კავარადოსი - გიორგი ონიანი, ფლორია ტოსკა - ხათუნა ჭოხონელიძე, ბარონი სკარპია - ლადო ათანელი), რაც სპექტაკლის ბოლომდე და ზუსტი შეფასების საშუალებას მომცემდა. სამაგიეროდ, ერთგვარი კომპენსაცია მივიღეთ ბარიტონ გიორგი გაგნიძის ნახვითა და მოსმენით, რომელიც დღეს სკარპიას პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება მსოფლიოში.

ცხადია, არც ის არის შემთხვევითი, რომ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“ სეზონის გახსნაზე სწორედ მას მიანდო სკარპიას შესრულება რამდენიმე სპექტაკლში. გიორგი გაგნიძის გარდა, მნიშვნელოვანი იყო დრამატული სოპრანოს, ნანა ქავთარაშვილის ხილვა ტოსკას პარტიაში, რომელიც ძირითადად იტალიაში მღერის და ბოლო დროს იშვიათად ჩამოდის საქართველოში. მისი მოსმენა მელომანებს რამდენიმე წლის წინ შეეძლოთ, როდესაც მან ლეონორას პარტია შეასრულა ვერდის „ბედისწერის ძალაში“. კავარადოსის პარტიას „ტოსკაში“ ცოტათი დავიწყებული ტენორი ვალერიან გამგებელი მღეროდა, რომელიც წლების წინ დიდი წარმატებით გამოდიოდა ევროპის საოპერო სცენებზე.

საბოლოოდ, ისე მოხდა (და ეს მოსალოდენლიც იყო), რომ ბოროტმა, ძლიერმა, არტისტულმა, და ქარიზმატულმა გიორგი გაგნიძის სკარპიამ ცოტათი ხელოვნური, უფრო პოზიორი და ზედმეტად მონდომებული კავარადოსი გადაფარა. მიუხედავად იმისა, რომ ვალერიან გამგებელს ჯერ კიდევ შერჩა ლამაზი ხმაც, ლირიზმიც და დიდი პედაგოგის - ნოდარ ანდღულაძის მიერ ბოძებული იტალიურად მღერის ტექნიკაც. ის კი არა, ამ ოპერის ყველაზე ცნობილი, კავარადოსის საფირმო არია მესამე მოქმედებაში - E lucevan le stelle („ვარსკვლავები აენთნენ“) პუბლიკის მოთხოვნით მას გაამეორებინეს. საერთოდ კი გამგებელის შესრულება არც შთამბეჭდავი და არც დამაჯერებელი აღმოჩნდა.

იგივე შეიძლება ითქვას ნანა ქავთარაშვილზე, რომლის ოდესაც ნაქები და ძლიერი ხმა დროთა განმავლობაში რაღაცნაირად გაფერმკრთალებული და გაცრეცილი გამოჩნდა. დარჩა უფრო ვნება, სიმღერის სურვილი და ტექნიკა, რასაც თან ერთვის პრობლემები მაღალ რეგისტრში. შედარებით უკეთესად ჟღერდა ტოსკას ყველაზე ცნობილი არია Vissi d'arte („ვცხოვრობდი ხელოვნებით“), რომელშიც მომღერალმა მოახერხა ბალანსის შენარჩუნება ზომიერების შენარჩუმება ზედა და ქვედა რეგისტრს შორის. ვოკალურად არც ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა ტოსკასა და კავარადოსის დუეტი მესამე მოქმედებაშიც.

ცალკე უნდა აღინიშნოს მეორეხარისხოვანი პარტიების შემსრულებლები - გოჩა დათუსანი (ჩეზარე ანჯელოტი), მნათე (ვანო გალუაშვილი) და შარონე (გიორგი გოდერძიშვილი). სპექტაკლს ალბერტო ვერონეზი დირიჟორობდა, რომლის ხაზგასმული არტისტიზმი და ექსპრესია აშკარად აღემატებოდა ოპერის მელოდიურ ხაზსა და თავად ორკესტრანტების მონდომებასა თუ მუსიკალურ ენერგიას.

ჯანკარლო დელ მონაკოს, ასე ვთქვათ, უბიწო და კლასიკური რეჟისორული დადგმა არ არის „შერყვნილი“ რაიმე ორიგინალური ან თანამედროვე იდეებით. მხოლოდ ტაძრის კედლებია დაქანებული პორველ მოქმედებაში და კედლები და იატაკი - მეორეში, როცა მოქმედება სკარპიას კაბინეტში ხდება. მესამე აქტში კი სცენა მაქსიმალურად განტვირთულია და მთავარი აქცენტი არა ციხის კედლებზე, არამედ აღორძინების ხანის უზარმაზარ ქანდაკებაზე კეთდება.

იმედია, უახლოეს მომავალში მელომანებს კიდევ მიეცემათ „ტოსკას“ ნახვის შესაძლებლობა, რომლის პრემიერა სწორედ ქართველი საოპერო ვარსკვლავის, ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. თეატრის ფოიესა და დარბაზებში გამოფენილია მისი სასცენო კოსტიუმები, აქსესუარები, ფოტოები და აფიშები. ოპერაში მისულ მაყურებელს კი სპექტაკლის შესვენებაზე დიდი მომღერლის ჩანაწერების მოსმენა შეეძლო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^