Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზელენსკი - დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და უკანასკნელი შანსი

22 აპრილი 2019

უკრაინაში ჩატარებული არჩევნები და ზელენსკის გამარჯვება პარადოქსული და, შეიძლება ითქვას, ტრაგიკომიკურიც იყო. ზელენსკის მეტოქეს, პოროშენკოს, აძაგებდა სააკაშვილი და აძაგებდა რუსული პროპაგანდაც. ზელენსკიში ზოგი უკრაინის ახალ მესიას ხედავს, ზოგიც - რუსულ პროექტს, რომლის უკანაც არა უბრალოდ კოლომოისკი (უკრაინელი ოლიგარქი), არამედ შესაძლოა თვით სურკოვი (პუტინის მთავარი პოლიტტექნოლოგი) იდგეს.

ბევრი აღტაცებულია უკრაინაში დემოკრატიის დონით. მართლაცდა, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება არ გამოუვიდა. დიახ, უკრაინაში ეს უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში, რადგან უკრაინა უფრო მდიდარი ქვეყანაა და ამომრჩევლის მოსყიდვა უფრო ჭირს. გარდა ამისა, უკრაინაში ბევრი ოლიგარქია და ისინი ერთმანეთს აბალანსებენ. სტადიონზე ჩატარებულმა დებატებმა საკმაოდ ცივილური შთაბეჭდილება დატოვა. ბოლო დღეებში იყო მცდელობა ზელენსკი არჩევნებიდან საერთოდ ჩაეხსნათ, მაგრამ სასამართლო ამაზე არ წავიდა. დიახ, იქ სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე საქართველოში. მოკლედ, უკრაინა საქართველოზე უფრო დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ შეიძლება გავიხსენოთ, როგორ იმშვიდებდნენ თავის დროზე თავს დასავლეთში, როცა იუშჩენკო არჩევნებში იანუკოვიჩთან დამარცხდა - მართალია, ნაკლებად პროდასავლური ლიდერი მოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ დემოკრატიამ გაიმარჯვაო. სადამდე მიიყვანა უკრაინა ამ გამარჯვებამ ყველამ კარგად ვიხილეთ... საერთოდაც, დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი კრავჩუკიც არჩევნებში ცივილიზებულად დამარცხდა და ცივილიზებულად წავიდა. ანუ, უკრაინას მაიდნების გარდა, ხელისუფლების კონსტიტუციური შეცვლის დიდი გამოცდილება აქვს (ყოველ შემთხვევაში, საქართველოზე გაცილებით მეტი), მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის წარმატებული სახელმწიფოს შექმნისათვის.  

პოროშენკომ, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა კორუფციას, მთელი თავისი კამპანია რუსეთთან დაპირისპირების დროშით წარმართა და სასტიკად დამარცხდა. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში, ალბათ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის გადამწყვეტი მაცივარი აღმოჩნდა და არა ტელევიზორი. უკრაინა ომშია რუსეთთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ელემენტარული პრობლემების არმოგვარება უნდა ეპატიოს. ეს სხვათა შორის არც ისე კარგი ამბავია პუტინისათვის, რომელიც დიდ აქცენტს სწორედ ტელევიზორზე აკეთებს - რუსეთი დასავლეთთან ომშია და ასეთ დროს მაცივარზე ფიქრის დრო არ არის. საერთოდაც, ზელენსკის, როგორც არაპოლიტიკოსის გამარჯვება მონათესავე უკრაინაში პუტინისათვის საკმაოდ სახიფათო პრეცედენტია. თუმცა, რეალურ ხიფათამდე ჯერ მაინც ადრეა, რადგან ჯერ არავინ იცის ზელენსკი რამდენად წარმატებული იქნება. რუსული პროპაგანდაც, როგორც უკვე ვთქვით, ირიბად სწორედ ზელენსკის უჭერდა მხარს, ანუ მისი გამარჯვების მოსკოვში დიდად არ ეშინოდათ. მთავარი იყო პოროშენკოს მოშორება, რომელიც რუსეთის სისტემურ და შეურიგებელ მტრად ჩამოყალიბდა.

რუსეთის თემა რომ ამოვწუროთ, აქვე გავშალოთ ზემოთ ნახსენები ერთი საკითხი: მეორე ტურის წინ პრესაში საინტერესო მიმოწერამ გაჟონა, სადაც საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ პოროშენკოს მოსაშორებლად სურკოვმა შეიმუშავა ოპერაცია „ბურატინო“ და რომ ზელენსკი სწორედ ამ ოპერაციის ნაწილი იყო. რამდენად ნამდვილია ეს მიმოწერა ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ უკრაინელ ამომრჩეველზე ამან არ იმოქმედა. პოროშენკო უმრავლესობას ყელში ჰყავდა ამოსული და ამიტომაც ეს სკანდალი უბრალოდ დააიგნორეს. მით უმეტეს, რომ ნამდვილი სკანდალის აგორება ვერ მოხერხდა - მიმოწერა არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გამოქვეყნდა, ეს კი არ არის საკმარისი დრო რაიმე ამბიდან ისეთი სენსაციის გამოსაცხობად, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობის ყურებამდე მივა. თუკი ეს მიმოწერა პოროშენკოს შტაბის მაქინაცია იყო, მაშინ მათ უბრალოდ დააგვიანეს...

პირველი ტურის შემდეგ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: ზელენსკის არ დაუჭირა მხარი ტიმოშენკომ, რომლის უკან ასევე კოლომოისკის მოიაზრებენ. ჩანს, მათ შორის გარიგება ვერ შედგა და ზელენსკი მას არაფერს შეჰპირდა. თუ ასეა, მაშინ ზელენსკიმ უკვე იგრძნო ძალა და გარკვეულწილად დამოუკიდებელ თამაშსაც იწყებს. ასე რომ, შეიძლება მან მართლაც დააბრუნოს უკრაინაში სააკაშვილი. ამით ზელენსკი რამდენიმე კურდღელს დაიჭერს: ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალებს ხმებს მოსკოვთან მისი ფარული ალიანსის შესახებ, როგორც არასისტემური პოლიტიკოსი გაიჩენს მოკავშირეს გარედან და ასევე შეიძენს კადრს, რომელიც წამსვლელია რადიკალურ ზომებზე. თუ ასე მოხდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა რეაქცია მოჰყვება ამას საქართველოში. „ქართული ოცნებისათვის“ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება (და შესაბამისად მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ მოძლიერება) ჯერ კიდევ მაშინ იყო დიდი პრობლემა, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ახლა, როცა „ოცნება“ დასუსტებულია და წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სააკაშვილის ხელახალი რეანიმაცია ალბათ ორჯერ უფრო დიდ შოკად იქცევა. თუ ასე მოხდა მმართველ პარტიაში ალბათ იმით უნდა დაიმშვიდონ თავი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და იქამდე კი არის შანსი სააკაშვილმა უკრაინაში მეორედ მოსვლა ისევე დაამთავროს როგორც პირველი მოსვლა დაამთავრა. იმედი ვიქონიოთ, რომ მმართველ პარტიაში ამას ვინმე მიხვდება და სააკაშვილის გამო უკრაინასთან ურთიერთობას კიდევ ერთხელ არ გააფუჭებს.

საერთოდ კი რას იზამს ზელენსკი? ეს რთული სათქმელია. უფრო იოლი სათქმელია, რა მოხდება თუკი იგი ვერაფერს იზამს. ასეთ შემთხვევაში უკრაინას ალბათ კიდევ ერთი სერიოზული კრიზისი ელის. უკრაინელებმა ყველაფერი სცადეს. სცადეს მაიდანი და პროდასავლური იუშჩენკო. სცადეს პრორუსული იანუკოვიჩი. სცადეს კიდევ ერთი მაიდანი და პროდასავლური პოროშენკო. ახლა აირჩიეს არაპოლიტიკოსი, რომელმაც იქამდე კოლომოისკის კუთვნილ ტელეარხზე გასულ კომედიურ სერიალში მოიგო არჩევნები და ამით მოიგო უკრაინელთა გულები. რა უნდა ქნას უკრაინამ თუკი ზელენსკიც ისევე ჩაფლავდება, როგორც ჩაფლავდა აქამდე ყველა? რა არჩევანიღა დარჩება ქვეყანას, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს - დიდი ტერიტორია, დიდი მოსახლეობა, დიდი რესურსები, მაგრამ აკლია მთავარი. ეს მთავარი კი ეროვნული იდეაა. კუჩმას (კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის) წიგნს საინტერესო სათაური აქვს - „უკრაინა რუსეთი არ არის“. ეს სათაური ბევრ პრობლემაზე, უპირველესად კი სწორედ რომ ეროვნული იდეის ნაკლებობაზე მიუთითებს.    

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^