Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტანჯვა, ძერწვა და მხატვრული ეროტიკა

25 აპრილი 2019

ბორის ეიფმანის „როდენი, მისი მარადი კერპი“ პუბლიკამ  ოპერისა და ბალეტის თეატრში, ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში იხილა

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, საბჭოთა სისტემის მიერ შევიწროებაში მოყოლი, მაგრამ უკვე გახმაურებული და ნიჭიერი ქორეოგრაფი ბორის ეიფმანი, თბილისს  პირველად ეწვია. მახსოვს ფილარმონიის უზარმაზარ სცენაზე წარმოდგენილი, უდავოდ საინტერესო, ახალი სუნთქვითა თუ დრამატული ხედვით გამორჩეული, მაგრამ მაინც რაღაცნაირად, ზეაწეულ-პათეტიკური მისი ბალეტების ამბივალენტური და ტკბილ-მწარე ხიბლიც.

აშკარად ჩანდა, რომ ახალგაზრდა ქორეოგრაფს „იდიოტში“ (სადაც ჩაიკოვსკის მეექვსე სიმფონია თავიდან ბოლომდე ჟღერდა!) ჯერ კიდევ საფუძვლიანად ჩაცემენტებული კლასიკური ბალეტის ნგრევისა და ახალი შრეების აღმოჩენა გულწრფელად სურდა. რასაც თან ერთვოდა მისი ახალგაზრდული დასის წევრების თავგანწირული ჟინი და ნება, ბოლომდე წარმოეჩინა საკუთარი არტისტული და ტექნიკური შესაძლებლობანი.

ყველაზე შთამბეჭდავი ერთი პატარა, აბსტრაქტულ-უსიუჟეტო კომპოზიცია აღმოჩნდა ტომაზო ალბინონის ცნობილი მელოდიის თანხლებით: დაძონძილ ტილოებში გამომწყვდეული და სინქრონულად მოძრავი მოცეკვავეებიდან ერთ-ერთი თავგანწირვით ცდილობდა ჯვალოთი შემოსაზღვრული სხეულიდან თავის დახსნას, ასე ვთქვათ, სხეულის საზღვრის გარღვევას. რობერტ სტურუას სცენურ ენასა და მეტაფორებს შეჩვეულ იმდროინდელ მაყურებელს გულწრფელად ეგონა, რომ ეს გაბედული ქორეოოპუსი გამჭვირვალე პოლიტიკური მეტაფორა იყო... 

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და, შესაბამისად, მსოფლიო ქორეოგრაფიაში ბევრი დიდი თუ მცირე „აფეთქება“ მოხდა. ბორის ეიფმანი დროთა განმავლობაში „მცირეკალიბრიანი დისიდენტიდან“ კარგ ლიტერატურულ თუ არტსიუჟეტებზე შემთხზველ ქორეოგრაფად იქცა. ათწლეულების განმავლობაში ათეულობით მისმა ბალეტმა დაიდო ბინა ერთგულ მაყურებელთა გულებშიც და არცთუ კარგად განწყობილი კრიტიკოსების მეხსიერებაშიც. ბევრი მათგანი მინახავს („ჩაიკოვსკი“, „წითელი ჟიზელი“, „დონ კიხოტი“, „ანა კარენინა“, „ძმები კარამაზოვები“) და უნდა ვაღიარო, რომ თანამედროვე ბალეტში იშვიათად მოიძებნება კომერციულად ასე ზუსტად გათვლილი, გამართული, თვალ-ყურისთვის საამო და ამავე დროს, სრულიად კიჩური და უიმედოდ დაძველებული სანახაობის სინთეზი.

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ეიფმანის ბალეტის - „როდენი, მისი მარადიული კერპი“ - შესახებ, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 2012 წელს დადგა და რომლითაც ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში ბოლომდე გადაჭედილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მოწმობს, რომ გამოცდილების, გამახვილებული არტისტული ყნოსვისა და წინათგრძნობის წყალობით,  ეიფმანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეფექტურად მოწოდებულ სანახაობას ხარიხსიან არტ-პურიზმზე მეტი ფასი ადევს. თანაც ეს ხერხი კარგად ჭრის დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სიდნეიდან ნიუ-იორკამდე.

ეიფმანის საბალეტო დასი მართლაც სანიმუშოდ გაწვრთნილი მოცეკვავეებისგან შედგება, რომლებიც მაყურებელს ლამის ავტომატიზმმადე მიყვანილი ტექნიკით, სანიმუშოდ დამუშავებული პლასტიკური ფორმალობებითა და სცენაზე თავაწყვეტილი შლიგინით აჯადოვებენ. თუმცა პრობლემა არა მოცეკვავეები, არამედ თავად ბორის ეიფმანის ქორეოგრაფიაა, რომლის მიმართაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომა არსებობს არა იმდენად მაყურებელთა, რამდენადაც კრიტიკოსთა შორის.  

ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, ასევე დიდი, მაგრამ მისი თანამედროვეებისგან არაღიარებული მოსწავლის, მუზისა და შეყვარებულის, კამილა კლოდელის ურთიერთობას ეძღვნება. წლების განმავლობაში როდენსა და კამილა კლოდელს შემოქმედებითი და ტრაგიკული ვნებებით დამუხტული ურთიერთობა აკავშირებდათ, რომელიც ასევე ტრაგიკულად დასრულდა. მათ შორის მომხდარი განხეთქილება და კონფლიქტი საბედისწერო აღმოჩნდა კლოდელისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური პრობლემებით იტანჯებოდა. თუმცა როდენზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა და ყველასგან მიტოვებული, 1943 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა. 

„როდენი“ კლასიკური ბალეტის მიერ კლასიკურად ათვისებულ ხერხს - დროთა მონაცვლებას ეყრდნობა. მოქმედება წარსულსა და აწმყოში ვითარდება. ამის გამო განათების პარტიტურა, ანუ კინოენაზე რომ ვთქვათ, „ფლეშ-ბეკი“ დიდ დატვირთვას იძენს. ჩვენ ხან როდენის სახელოსნოში ვართ და ხან მისი მეუღლის, როზა ბერეს ბინაში, ხან „მულენ რუჟის“ გიჟურ ატმოსფეროში და ხანაც ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც კამილა კლოდელი საკუთარი წარსულის აჩრდილებით იტანჯება. დროში ასეთი მონაცვლეობა კი ბალეტში ყველა დასაშვებ და პირობით თეატრალურ ხერხს უძლებს.

მხატვარ ზინოვი მარგოლინის დეკორაცია სცენის სიღრმეში მონაცვლე რკინის აბსტრაქტული კონსტრუქციებით შემოიფარგლება, რომელიც ფორმას განუწყვეტლივ იცვლის. სწორედ ეფექტური განათების წყალობით (რომელიც განათების დიდოსტატს, სახელოვან გლებ ფილშტინსკის ეკუთვნის) ვცნობთ სცენაზე როდენის სახელოვან სკულპტურულ ქმნილებებს - „კოცნას“, „მოაზროვნეს“, „მარადიულ გაზაფხულს“, „ჯოჯოხეთს“, „კალეს მოქალაქეებს“. კორდებალეტის მოცეკვავეების მიერ ამ კომპოზიციების სცენაზე გაცოცხლება უდავოდ ეფექტურია, თუმცა ძერწვისა და პლასტიკური შესაძლებლობების ასეთი ფორმით წარმოჩენა უფრო პანტომიმას ჰგავს და არა თანამედროვე ბალეტს. სცენოგრაფიულ დინამიზმსა და დეკორაციებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და ეფექტურია მრავალფეროვანი კოსტიუმები, რომლის ავტორიც ოლღა შაიშმელაშვილია.

ყურადღების ცენტრში ცხადია, დრამატული სასიყვარულო სამკუდხედია: როდენი (ოლეგ გაბიშევი), კამილა კლოდელი (ლიუბოვ ანდრეევა) და როდენის მეუღლე, როზა ბერე (ლილია ლიშჩუკი). მათი ურთიერთობა განუწყვეტლივ ტრანფორმირდება, თუმცა საბოლოოდ, ყველა მათგანი უბედურია: როდენიც, რომელიც დიდ სიყვარულს შემოქმედებასა და ოჯახურ სიმყუდროვეს ამჯობინებს; კამილაც, რომელმაც ტალანტიც და დაუფასებელი შრომაც საყვარელ ადამიანს შესწირა და როდენის კანონიერი მეუღლე - როზა, რომელსაც სპექტაკლში უფრო ფსიქოთერაპევტისა თუ მედდის როლი უფრო აკისრია. უნდა ითქვას, რომ სამივე მოცეკვავე გამორჩეულად გაწვრთნილი და პლასტიკურია, თუმცა ლუბოვ ანდრეევა კამილა კლოდელის როლში მაინც ყველაზე შთამბეჭდავია და დრამატულიც.

როდენისა არ იყოს, ბორის ეიფმანიც ათწლეულების განმავლობაში შრომითა და ტანჯვით მოპოვებულ, გადამუშავებულ და ნეოკლასიკურად მოპირკეთებულ ქორეოგრაფიულ ენას ეყრდნობა, რომელიც სანახაობრივიცაა, ამბიციურიც და ვირტუოზულიც... მაგრამ  მის ყველაზე ხარისხიან და გამართულ ბალეტებსაც გამოცლილი აქვთ რაღაც არსებითი და მნიშვნელოვანი, რომელიც სიახლესა და დროსთან საგანგაშო აცდენას გულისხმობს. და როცა დღეს აღარც საბჭოეთი არსებობს და აღარც მისი საბალეტო სკოლის სიწმინდეებია ხელშეუხებელი (რასაც სხვათა შორის, თავად ეიფმანი წლების განმავლობაში იდეურად უპირისპირდებოდა), „როდენის“ მსგავსი ქორეოგრაფიის დღევანდელობად გასაღება, უბრალოდ თვალხილული სიბრმავეა. მით უმტეს, როდესაც ევროპისკენ გაღებული სარკმელიდან უკვე კლასიკოსებად შერაცხული ირჟი კილიანი, უილიამ ფორსაიტი, საშა ვალცი და კაროლინ კარლსონი თავისუფლად იჭყიტებიან... მთლად თავზეხელაღებულ ნორჩებზე - ალექსანდრ ეკმანსა და სიდი ლარბი შერკაუიზე რომ არ ვილაპარაკოთ.

იცვლება ეიფმანის ბალეტის დასახელებები, პერსონაჟები, მუსიკა, მაგრამ არ იცვლება სქემა, რომლის მიხედვითაც ის წლების განმავლობაში უშეცდომოდ იგონებს ახალ და კარგად გათვლილ საბალეტო სიუჟეტებს. ზუსტი კომერციული ალღოსა და სანაქებო სადადგმო ჯგუფის წყალობით კი იოლად იმორჩილებს და ერგება მაყურებლის გემოვნებას. ასე რომ, ტანჯვას, ძერწვასა და მხატვრულ ეროტიკას, რომელიც „როდენში“ დრამატული სიუჟეტის, კლასიკური ჰიტებისა (სენ-სანსი, მასნე და რაველი)  და კარგი სანახაობის წყალობითაა გამაგრებული, ყოველთვის ეყოლება თუნდაც სანახევრო ექსტაზში ჩავარდნილი მაყურებელი.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^