Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი „ნურიევიდან“ ახალ „ევამდე“

03 მაისი 2019

Event Cinema-ის არტ-ისტული ამბები კინოთეატრ „ამირანში“

ვისაც კინოთეატრ „ამირანში“ პოპ-კორნით შეზავებული ფანტასტიკისა და „შურისმაძიებლების“ გარდა, სხვა არტ-ინტერესებიც ამოძრავებს, მათთვის მაისში ტრადიციულად Event Cinema იზრუნებს. პროგრამა ამჯერადაც მრავალფეროვანი და საინტერესოა: 7 მაისს სწორედ  Event Cinema-ის პროგრამის ფარგლებში, ბალეტის მოყვარულებს შეეძლებათ გასულ წელს შექმნილი, მართლაც გამორჩეული დოკუმენტური ფილმის ნახვა „ნურიევი: მთელი მსოფლიო მისი სცენაა“.

რეჟისორების, ჟაკ და დევიდ მორების დაახლოებით ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მეოცე საუკუნის ექსტრაორდინალური რუსი მოცეკვავის, რუდოლფ ნურიევის შესახებ, რომელმაც 60-იან წლებში მსოფლიო ბალეტის სამყარო ლამის პოლიტიკური ბრძოლების ეპიცენტრად აქცია. მისი რთული, წინააღმდეგობრივი, მაგრამ ბრწყინვალე არტისტული კარიერა ლენინგრადის, კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან დასავლეთ ევროპაში გაქცევამდე, ფაქტობრივად, პოლიტიკური თავგადასავლებითა და სექსუალური მითებით შემოსილი ერთი ბრწყინვალე ნახტომი თუ არაბესკი იყო.

BAFTA-ის რამდენიმე ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი არ არის კონცენტრირებული მოცეკვავის პირადი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდზე, არც მხოლოდ შემოქმედებაზე, ან მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტზე. მნიშვნელოვანია, რომ  რეჟისორები ნურიევის პერსონას განიხილავენ, როგორც თავისი დროისა და კულტურის ფენომენს, რომელმაც შეცვალა ბალეტის სამყაროზე წარმოდგენა.

ფილმში ვიხილავთ მის ასევე ლეგენდარულ სცენურ პარტნიორს, მარგო ფონტეინს, ბრიტანეთის სამეფო ბალეტის გამორჩეულ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, რასელ მალიფანტს, ფილმის მუსიკის ავტორს, ალექს ბარანოვსკისა და სხვებს. ნურიევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილ ფილმში ლეგენდარული მოცეკვავის ცხოვრება უფრო რუსული რომანის ტრადიციით შექმნილ მითოსური სიუჟეტითაა წარმოდგენელი,  რაც ერთი მხრივ, ფილმს ტრადიციულ, კლასიკურ თხრობას  უნარჩუნებს, თუმცა არის ექსკლუზიური ეპიზოდებიც, რომელიც მოცეკვავის გამორჩეულ ბუნებას წარმოაჩენს. „ნურიევი“ არ არის ტიპიური ბიოგრაფიული ფილმი, ეს უფრო რეჟისორთა შემოქმედებითი და პირადი ასოციაციებით დატვირთული თეატრალური და კინემატოგრაფიული ვერსიაა, სადაც უმთავრესია - მოცეკვავის უნიკალურობა და მისი გავლენა თანამედროვე ბალეტზე.                                                                        

14 მაისს თეატრის მოყვარულებს და არამხოლოდ მათ, შეუძლიათ ცოცხალ ლეგენდად აღიარებული ბრიტანული კინოსა და თეატრის მსახიობი, სერ იან მაკელანი მეფე ლირის როლში იხილონ. თეატრალური რეჟისორის, ჯონათან მანბის „მეფე ლირის“ ეკრანული ვერსია (შექსპირის პიესა მან ჯერ ლონდონის ნაციონალურ თეატრში დადგა) თანაბრად ითავსებს ეპიკურ ფორმასა და მსუბუქ მოდერნიზმს. ამავე დროს, ეს არის ბრუტალური, ფეთქებადი და თანამედროვე პრობლემებით გაზავებული ფილმი, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობური ნამუშევრებით დაამახსოვრდება, არამედ საინტერესო რეჟისორული მიგნებებით.

21 მაისს „ამირანში“ უკვე დიდი არტისა და  ფერწერის მოყვარულთა დღეა. ამსტერდამის ვან გოგის სახელობის მუზეუმში აღბეჭდილი და დოკუმენტურ-სატელევზიო სტილში გადაღებული „ვინსენტ ვან გოგი: ახალი ხედვის შესაძლებლობა“, ძალიან კარგი საშულებაა არტ-შემეცნება და არტ-ხედვა ერთმანეთს დავუმეგობროთ. შესაძლოა ფორმატი ოდნავ ხანგრძლივი (ფილმი 90 წუთი გრძელდება) მოგვეჩვენოს, მაგრამ, როგორც რეჟისორი დევიდ ბიკერსტაფი აღნიშნავს, „ეკრანი და ახალი გამომსახველობითი საშუალებები შესანიშნავი საშუალებაა, ახალგაზრდა თაობამ თავისებურად და ახლებურად დაინახოს ამ დიდი მხატვრის სამყარო“. მით უმეტეს, როცა ამაში მათ ვან გოგის მუზეუმის გამოცდილი კურატორები ეხმარებიან.

დაბოლოს, დიდი ფილმის თეატრალური რიმეიქი - 28 მაისს მაყურებელს Event Cinema-ის საშუალებით, შეეძლება იოზეფ მანკევიჩის მიერ, 1950 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის, „ყველაფერი ევას შესახებ“, თეატრალური და ადაპტირებული ვერსია იხილოს. თავის დროზე „ოსკარებით“ დახუნძლულ ამ ფილმში ბროდვეის ვარსკვლავ მარგოს ბეტ დევისი თამაშობდა, ხოლო ახალგაზრდა ევას - ენ ბაქსტერი ასახიერებდა. აღსანიშნავია, რომ ლონდონის ნაციონალურ თეატრში „ევა“ თანამედროვე ევროპული თეატრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, ივო ვან ჰოვემ დადგა. ეკრანზე ამეტყველებულ ახალ ვერსიაში მთავარ როლებს ჯილიან ანდერსონი (მარგო) და ლილი ჯეიმსი (ევა) ასრულებენ, მოქმედება კი თანამედროვე დროშია გადმოტანილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^