Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავითგარეჯის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ

07 მაისი 2019

ფოტოზე: უდაბნოს მონასტერი. წინა პლანზე 6000 გარეჯელი ბერის სამარტვილე; უკანა პლანზე – აღდგომის ეკლესია. ავტორი: ლადო მირიანაშვილი.

VI ს.-ის პირველ ნახევარში, ქართლის სამეფოში ქრისტიანული რწმენის განსამტკიცებლად ცამეტი სირიელი ბერი („ათცამეტი ასურელი მამა“) ჩამოვიდა. გარეჯის მონასტრების დაარსება ერთ-ერთი ამ სირიელი მამათაგანის, დავითის სახელს უკავშირდება: მან გარეჯის ლავრა (რომელიც დღეს წმ. დავითის ლავრის სახელითაა ცნობილი), ხოლო მისმა მოწაფეებმა  (მასწავლებლის სიცოცხლეშივე) კიდევ ორი მონასტერი – დოდორქისა  და  წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრები დააარსეს. დავითის გარდაცვალების შემდეგ მონასტრები გამრავლდა და მათმა საერთო რაოდენობამ 24-ს მიაღწია.  ისინი მდინარეების მტკვრისა და იორის აუზებს შორის მდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ერთად აღებულ ყველა ამ მონასტერს დავითგარეჯი ეწოდება. მონასტრები კლდეშია გამოკვეთილი და კლდოვანი ხუროთმოძღვრების გამორჩეულ ნიმუშებად გვევლინება, რომლებიც შესაბამისი პერიოდის ქართული ნაგები ხუროთმოძღვრული ფორმების გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა.

გარეჯის მონასტრებში შემავალი ეკლესიების, სამლოცველოებისა და სატრაპეზოების კედლები  მოხატულია. უძველესი მოხატულობა IX საუკუნის მეორე ნახევრით, ხოლო ყველაზე გვიანდელი XIII-XIV საუკუნეებით, აგრეთვე ცალკეული ნიმუში XVII საუკუნით თარიღდება. გარეჯის წიაღში კედლის მხატვრობის ინდივიდუალური სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის კარგად დახელოვნებულმა ფერმწერებმა, გარდა ქართული სამეფო სახლის წარმომადგენელთა და სხვა დიდებულთა პორტრეტებისა (დავით აღმაშენებლის, დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, მეფე თამარის,  დავით სოსლანის, გიორგი-ლაშასა და დემეტრე II თავდადებულის ფრესკული გამოსახულებები), დავით გარეჯელის ცხოვრების სცენების იკონოგრაფიული ნიმუშები შექმნეს. ამ დიდ წმინდანთან დაკავშირებულ გამოსახულებათა უდიდესი ნაწილი უდაბნოს მონასტრის ეკლესიებშია გამოსახული. უდაბნოს მონასტერი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ აქ, აღდგომის ეკლესიასთან გამართული სააღდგომო ლიტანიობის დროს მომხვდურებმა ექვსი ათასი გარეჯელი ბერი ამოწყვიტეს. მათი მცირე, ეკლესიის ფორმის სამარტვილე იქვე, აღდგომის ეკლესიის აღმოსავლეთით დგას. უდაბნოს მონასტერში კიდევ ერთი სამარტვილეა, რომლის კლდეში ნაკვეთ ლუსკუმაში,  სავარაუდოდ, გარეჯელ ბერთა  ნაწილები იყო ჩასვენებული.

უდაბნოს მონასტერი გამორჩეულია ნაკაწრი წარწერებით, რომლებიც აქ მოსალოცად ამოსულ ქართველ მეფე-დედოფლებს, დიდებულებს, ეპისკოპოსებს, ბერებსა და რიგით  მოქალაქეებს დაუტოვებიათ. მათ შორისაა  ლეონ მეფის ძის –  ბატონიშვილ ალექსანდრეს, შემდგომში ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605), დავით I-ის (1601-1602), არჩილ II-ისა (1664-1674) და ქეთევან დედოფლის (1674), ქვათახევის სახლთუხუცეს იასე ცალქალამანიძისა (XVII ს-ის 90-იანი წლები) და სხვა პირთა ნაკაწრი წარწერები.

სწორედ ეს გამორჩეული მონასტერი, ჩიჩხიტურის მონასტერთან ერთად, აღმოჩნდა საქართველო-აზერბაიჯანის გამმიჯნავ სასაზღვრო ზოლში. ამგვარი გამიჯვნის საფუძველი იყო ორი ქვეყნის ბოლშევიკური მთავრობების მიერ 1921 წლის 15 ნოემბერსა და 1924 წლის 20 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმებები.  საქართველო-აზერბაიჯანის, საბჭოთა კავშირის დროინდელი ადმინისტრაციული საზღვარი უდაბნოს ქედს მიუყვება და ის დღემდე დადგენილი არ არის. აზერბაიჯანულ მხარეს მიაჩნია, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები (ისევე როგორც გარეჯის ბერთუბნის მონასტერი, რომელიც საზღვრიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს) ალბანური კულტურის ძეგლებია და რადგან აზერბაიჯანელები კავკასიის ალბანელებს თავიანთ წინაპრებად მიიჩნევენ, ქართული მონასტრების ფლობაზე პრეტენზიას აცხადებენ. აზერბაიჯანელ სამხედროებს, თავის მხრივ, არ სურთ უდაბნოს ქედის დათმობა იმ საბაბით, რომ ის მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული სიმაღლეა.  სინამდვილეში კი, ნებისმიერ საზღვარს ორივე ქვეყნის მხრიდან ნეიტრალური ზონა აქვს, სადაც სამხედრო შეიარაღებისა თუ ნაგებობების განლაგება აკრძალულია. ამდენად უდაბნოს ქედი სამხედრო-სტრატეგიული სიმაღლე ვერ იქნება, მით უფრო, როცა მას თანაბრად ფლობს აზერბაიჯანი და მისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო.

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ქართულმა კომისიამ, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს, აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებას  საზღვრის მხოლოდ 2/3-ის დემარკაციაზე მიაღწია. საზღვარი გარეჯის, სოფელ ერისიმედისა და წითელი ხიდის მონაკვეთებზე დღემდე განხილვის საგანია და ამას ბოლო არ უჩანს. სწორედ ამიტომაცაა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ მისასვლელს  გარეჯის ქართულ მონასტრებამდე, რაც ქართული მრევლის უკმაყოფილებას იწვევს. ამგვარი ინციდენტები 2005, 2012 და სულ ბოლოს – 2019 წლის აპრილში მოხდა. აუცილებელია საზღვრის დროული დემარკაცია, რათა ბერებს, მომლოცველებსა და ტურისტებს უფლებები მომავალში კიდევ ერთხელ არ შეეზღუდოთ.

სასაზღვრო პრობლემის მოსაგვარებლად ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საზღვრისპირა ტერიტორიების სახელმწიფოებს შორის ურთიერთგაცვლა კარგად აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:

2001 წელს საფრანგეთმა და ანდორამ გაცვალეს 1.5-1.5 ჰექტარის ფართობის ტერიტორიები;

2006 წელს ლუქსემბურგმა და საფრანგეთმა გაცვალეს 8-8 ჰექტარის ფართობის ტერიტორიები;

2015 წელს ტერიტორიები გაცვალეს ბურკინა ფასომ და ნიგერიამ: ბურკინა ფასომ მიიღო 786 კვ. კილომეტრის ფართობის ტერიტორია, ხოლო ამ უკანასკნელმა ნიგერიას დაუთმო 227 კვ. კილომეტრის ფართობის ტერიტორია.

ქართული მხარის მიერ პრობლემის მოსაგვარებლად დაყენებული წინადადება  აზერბაიჯანულმა მხარემ დაიწუნა, თუმცა სანაცვლოდ არაფერი შემოუთავაზებია. ვფიქრობ, ჩვენი მხარე ტერიტორიების გაცვლის წინადადებით კიდევ უნდა გამოვიდეს (ამჯერად განსხვავებული ლოკაციის შეთავაზებით). თუ ეს ინიციატივა კვლავ ჩავარდა, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია ორ ქვეყანას შორის ლატერანოს შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება. ეს ხელშეკრულება 1929 წელს ვატიკანსა და იტალიას შორის გაფორმდა და დღემდე მოქმედია. ლატერანოს შეთანხმების ძალით, იტალიამ აღიარა ვატიკანის სრული მფლობელობა მის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბაზილიკურ ეკლესიასა და მათ დამხმარე ნაგებობებზე. ზემორეს ანალოგიით, აზერბაიჯანმა უნდა აღიაროს საქართველოს საპატრიარქოს სრული მფლობელობა გარეჯის სამ მონასტერზე, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე მდებარეობენ. ესენია უდაბნოს, ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრები.

სასაზღვრო პრობლემის მოსაგვარებლად მისაღებად მიმაჩნია, აგრეთვე, საუდის არაბეთსა და კუვეიტს შორის 1922 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმების  მიღწევა: ამ ქვეყნებმა საერთო საზღვართან დატოვეს გაუმიჯნავი, ნეიტრალური ზოლი, რომლის ფარგლებშიც ორივე სახელმწიფოს თანაბარი უფლებები აქვს. როცა ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს,  მისი ექსპლუატაცია ორივე სახელმწიფომ თანაბარი პირობებით დაიწყო.

ალბათ, შესაძლებელია სხვა შესაძლო ვარიანტების მოძებნაც. მთავარია, არსებობდეს ორივე ქვეყნის მხრიდან კეთილი ნება და მზაობა სასაზღვრო დავის დასასრულებლად. 

გარეჯის მონასტრების მოწყობისა და მათი ისტორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი

ფოტო: ლადო მირიანაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მაისი
23 მაისი

ვ Mоскву, ვ Москву!

ვისაც არ ახსოვს, მხოლოდ შევახსენებ, როგორ მოთქვამენ და ოცნებობენ მოსკოვში გამგზავრებაზე ჩეხოვის „სამ დაში“, ...
23 მაისი
23 მაისი

მარსელ პრუსტი - გენიოსი, რომელმაც დრო ხე ...

ფრანგი მწერალი, ესეისტი, პოეტი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, „მოდერნიზმის მამა”, XX საუკუნი ...
22 მაისი
22 მაისი

მეოთხე ღალატი - ანუ რატომ ჩავარდა GOT-ის ...

“სამჯერ გიღალატებენ. ერთხელ სისხლისთვის, ერთხელ ოქროსთვის და ერთხელ სიყვარულისთვის” წინასწარმეტყველება ...

მეტი

^