Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრები დევნილობაში

15 მაისი 2019

ზოგადად, ზვიგენები, როგორც დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრები, განსაკუთრებით გამორჩეული ცხოველები არიან. რიგი თეორიების მიხედვით, ისინი ჯერ კიდევ 450-420 მილიონი წლის წინ, ორდოვიქსულ პერიოდში ცხოვრობდნენ, მანამ, სანამ ხერხემლიანები დასახლდებოდნენ ხმელეთზე - დინოზავრებზე გაცილებით ადრე. და ამ ფონზე, მართლაც გასაოცარია მათი ადაპტაციის უნარი, რომლის დახმარებითაც დღემდე მოაღწიეს.

ზვიგენები, განსაკუთრებით, ტროპიკულ წყლებში გხვდება, თუმცა, რიგი სახეობებისთვის არც სხვა ტიპის წყალში ცხოვრება წარმოადგენს პრობლემას.

ადამიანის წარმოდგენაში, ზვიგენი, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ცხოველად მიიჩნევა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ისინი ნაკლებად შესწავლილი არსებები არიან.

ბუნებრივია, ზვიგენის შესწავლა ტყვეობაშიც ხერხდება, მით უმეტეს, რომ ისინი საკმაოდ კარგად იტანენ ტყვეობაში ცხოვრებას, თუმცა, არც ისე ბევრი ოკეანარიუმია, სადაც „ნამდვილი“, სახიფათო ზვიგენები ჰყავთ.

მიუხედავად ადამიანების ასეთი შთაბეჭდილებისა, ზვიგენების მხრიდან, წელიწადში, საშუალოდ, 80-მდე თავდასხმა ფიქსირდება, რაც არც ისეთი მაღალი მაჩვენებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ თუნდაც შინაური ცხოველების ადამიანებზე თავდასხმების რაოდენობას.

საინტერესოა, რომ ზვიგენების მხრიდან ყველაზე ნაკლები თავდასხმა მყვინთავებზე მოდის. ამასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია არსებობს, მათ შორის ის, რომ პროფესიონალი მყვინთავები ზვიგენის გამოჩენის დროს პანიკაში არ ვარდებიან და ნაკლებად იწყებენ „ფართხალს“; ასევე, ის, რომ ზურგზე ჟანგბადის რეზერვუარმოკიდებული უცნაური არსებები, ზვიგენებისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი მსხვერპლი არ უნდა იყოს.

მყვინთავებისგან განსხვავებით, სერფერებზე საკმაოდ ხშირად ხდება თავდასხმა. ამ მხრივ გამოირჩევა დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც ყველაზე სახიფათოა ზვიგენებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სერფინგის დაფის შეფერილობისა და ფორმის გამო, ზვიგენები მას სელაპად მიიჩნევენ და სწორედ ამის გამო ესხმიან თავს. ასევე, ზვიგენები არა მხოლოდ თევზებზე, არამედ ზოგიერთ ძუძუმწოვარზე მეტად განვითარებული გონების არსებები არიან. შესაბამისად, მათ საკმაოდ რთული ქცევაც აქვთ, რისი ერთი-ერთი გამოვლინება - ცნობისმოყვარეობაა. ზოგადად, ცხოველებში, ცნობისმოყვარეობა კბილით მოსინჯვით გამოიხატება. თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თუნდაც ხსენებული თეთრი ზვიგენის ცნობისმოყვარეობას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ადამიანისთვის ყველა ზვიგენი არ არის სახიფათო. მაგალითად, შედარებით პატარა 1.6 მეტრის სიგრძის ზომის რიფის ზვიგენები (შავ და თეთრფარფლიანი) საკმაოდ უწყინარი ცხოველები არიან. მიუხედავად ამისა, წყალქვეშა სამყაროს ყველაზე ცნობილი სპეციალისტი, ჟაკ ივ კუსტო მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახიფათო, სწორედ თეთრფარფლიანი ზვიგენია, რადგან საკმაოდ დიდი აგრესიით გამოირჩევა.

ბუნებრივია, კუსტოს შეხედულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვისაც ამ სფეროში მასზე დიდი გამოცდილება ჰქონდეს. სხვათა შორის, საკუთარ წიგნში „დუმილის სამყარო“ კუსტო მისი და გუნდის წევრების ზვიგენებთან შეხვედრის ფაქტებსაც აღწერს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც შესაძლოა თავდასხმა ტრაგიკულად დასრულებულიყო. ამიტომაც, ის არ ფიქრობს, რომ ადამიანისთვის ზვიგენები განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენენ. თუნდაც ზღვის ზღარბების შხამიანი ეკლები შესაძლოა უფრო სახიფათო იყოს ადამიანისთვის, ვიდრე ზვიგენები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ზვიგენი არ არის სახიფათო. მაგალითად, ყველაზე დიდი, ვეშაპისებრი ზვიგენი, რომლის პირის ზომა - 1.5 მეტრია, აბსოლუტურად უხიფათო ცხოველია. მისი წონა შეიძლება 10-20 ტონასაც კი აღწევდეს. ვეშაპისებრი ზვიგენი თბილი წყლის მოყვარულია და ძირითადად, ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. შეიძლება შეგვხვდეს ამერიკის, აფრიკის, აზიის სანაპიროებთან, ავსტრალიის ჩრდილო სანაპიროსთან;

მეცნიერების მიერ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ინდივიდი სიგრძეში 12.65 მეტრი იყო და 21.5 ტონას იწონიდა. არსებობს გარკვეული ცნობები, რომ 18-მეტრიანი ინდივიდიც უნახავთ, რომელიც შეიძლება 45 ტონა ყოფილიყო, თუმცა ეს არ დასტურდება. ამ უზარმაზარი ცხოველის, ისევე, როგორც უკბილო ვეშაპების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ძირითადი საკვები პლანქტონია (იმ ორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ზღვისა და კონტინენტური წყალსატევების წყლის სიღრმეში ცხოვრობენ და პასიურად გადაადგილდებიან დინების გავლენით).

დიდი ზომების მიუხედავად, ვეშაპისებრი ზვიგენი აბსოლუტურად უწყინარი ცხოველია, ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბინადარი. ხშირად მათით ტურისტები ინტერესდებიან, რადგან საკმაოდ ლამაზი ცხოველია და რაც მთავარია, მასთან ახლოს მისვლა და ცურვაც შეიძლება.

გარდა ამისა, არსებობენ „რეკორდსმენი“ ზვიგენები, მაგალითად, გრენლანდიური ზვიგენი, რომელიც ცივ წყლებში ბინადრობს, მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება და ასაკით 200-300 წელს აღწევს. ეს ცხოველები ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები არსებები არიან და ნაწილობრივ ეს ფაქტიც განაპირობებს მათ მიმართ არსებულ დიდ ინტერესს.

გრენლანდიური ზვიგენიც დიდი ზომისაა, მაგრამ აგრესიით არ გამოირჩევა. ვეშაპისებრი ზვიგენისგან განსხვავებით, მას შეუძლია და ესხმის კიდეც თავს სელაპებს ან ზღვის ლომებს. მიუხედავად ამისა, გრენლანდიური ზვიგენის ადამიანზე თავდასხმა პრაქტიკულად არ ფიქსირდება.

კიდევ ერთი, გამორჩეულად საინტერესო ცხოველია ღრმა წყლებში მცხოვრები გიგანტური კალათა-ზვიგენი (Basking shark). მას კბილები საერთოდ არ აქვს და პლანქტონით იკვებება. 

ასევე, ღრმა წყლებში ცხოვრობს გობლინი-ზვიგენი, რომელსაც ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს. კვების დროს ყბებს უჩვეულოდ წინ სწევს.

უცნაური ფორმის ზვიგენებში უნდა ვახსენოთ თავჩაქუჩა ზვიგენიც (Hummer head), რომელსაც უცნაური თავის ფორმა აქვს, თვალები კი „ჩაქუჩის“ გვერდებზე აქვს მოთავსებული. ამ სახელის ქვეშ ცხრა სახეობაა გაერთიანებული, მათ შორის კი გიგანტური თავჩაქუჩაა გამორჩეული, რომლის ზომა დაახლოებით 6 მეტრს აღწევს. მეცნიერთა ვარაუდით, ცხოველის თავის ფორმა გამოწვეულია მაღალი სენსორული მგრძნობელობით, ისევე, როგორც სხვა ზვიგენებს, თავზე მასაც ე.წ. ლორენცინის ამპულები აქვს, რაც ეხმარება მსხვერპლის აღმოჩენაში, რადგანაც მისი საშუალებით ელექტრულ ველს გრძნობს. თავჩაქუჩა თავის უცნაური ფორმის საშუალებით, რომელზეც დიდი ოდენობით ლორენცინის ამპულები აქვს განლაგებული, ადვილად პოულობს მსხვერპლს.

თავის უჩვეულო ფორმის მეორე მიზეზი გასაოცარი ბინოკულარული მხედველობაა - მას შეუძლია ერთდროულად ხედავდეს, რა ხდება მის ზემოთ და ქვევით. ეს ცხოველი აქტიური მტაცებელია და ადამიანისთვის პოტენციურად ხიფათს შეიძლება წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იტანს ტყვეობას, გიგანტური თავჩაქუჩები ოკეანარიუმებში იშვიათად ხვდებიან, რადგან საკმაოდ რთული მოსავლელები არიან (გამოკვების დროს, მომვლელები ჩადიან წყალში და სათითაოდ აჭმევენ ზვიგენებს, რათა საკვების გამო არ იჩხუბონ და ერთმანეთი არ დააზიანონ. ამას დიდი ცოდნა და ასეთ ცხოველებთან მუშაობის გამოცდილება სჭირდება).

მოზრდილი ცხოველია, ე.წ. ძიძა-ზვიგენი (Nurse shark), რომელიც ზომით 2-3 მეტრს აღწევს და კბილების ნაცვლად ღრუბლები - ხაოიანი წარმონაქმნები აქვს, რომლებზეც თევზებს იკრობს და ამით იკვებება. ადამიანისთვის ის განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისგან ჭრილობების მიყენების საფრთხე მაინც არსებობს.

სახიფათო ზვიგენებს რომ დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ - მაკოს, რომელსაც მოკლეფარფლებიან ზვიგენსაც უწოდებენ. ახალი ზელანდიის ნაპირებთან, სადაც ეს ცხოველი ხშირად გვხვდება, ძირითადად, მაორები ცხოვრობენ და მაკო, მათ ენაზე, ზვიგენს ნიშნავს.

მაკო, რომლის ზომა 3 მეტრს აღწევს და რამდენიმე რიგად განლაგებული, დიდი ზომის ბასრი კბილები აქვს, ადამიანებს საკმაოდ ხშირად ესხმის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული წყლების ბინადარია, ზოგიერთი ინდივიდი ჩრდილოეთ ევროპამდეც კი ადის (როგორც ჩანს, გოლფ სტრიმის თბილ დინებას მიჰყვებიან).

მიუხედავად იმისა, რომ მაკო ძალიან სახიფათო ცხოველია, არსებობს, ე.წ. დიდი სამეული, ანუ ადამიანებისათვის ყველაზე მეტად სახიფათო ზვიგენების სია. პროცენტულად, ადამიანებს თავს სწორედ ამ სამი სახეობის ზვიგენი ესხმის. 

მესამე ადგილი - ხარისებური ზვიგენი, მეორენაირად - მოკლედინგა. სიგრძეში 3-4 მეტრს აღწევს და განსაკუთრებით აგრესიული ხასიათისაა, რაც, როგორც ვთქვით, შესაძლოა ცხოველის მაღალი ინტელექტიდან და ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარეობდეს.

ზოგადად, ზვიგენები მლაშე წყლის ბინადრები არიან და ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მტკნარ წყალში არ შეუძლიათ ცხოვრება. რადგან მტკნარი წყლის ბინადრები, ურინაციის შედეგად, ნაკლები რაოდენობის მარილებს გამოყოფენ, ხოლო ზღვის ბინადრები კი პირიქით. სხვაგვარად, დაირღვევა სპეციფიკური წყალი-მარილის ბალანსი და ცხოველი დაიღუპება. ხარისებრი ზვიგენი გამონაკლისია ზვიგენებს შორის, რომელიც არათუ ნაკლებმარილიან, არამედ მტკნარ წყალსაც მშვენივრად ეგუება, ანუ მას საკუთარი ფიზიოლოგიის ცვლილებით შეუძლია არეგულიროს, როდის გამოყოს დიდი რაოდენობის მარილი და როდის ცოტა.

ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, ხარისებურ ზვიგენს დაბალმარილიან წყლებში აფიქსირებენ. ისინი შედიან აბსოლუტურად მტკნარ წყალშიც, მათ შორის მდინარეებში. ამიტომაც, აფრიკაში ზამბეზის ზვიგენს ეძახიან, იმიტომ, რომ მდინარე ზამბეზშიც გვხვდება, ინდოეთში კი - განგის ზვიგენს, ამავე მიზეზით. მდინარე მისისიპიში ხარისებრი ზვიგენი თითქმის სენტ-ლუისთან ჰყავთ დაფიქსირებული.

ამ თავისებურების გათვალისწინებით, ეს დიდი ზომის ცხოველი, რომელიც მტკნარ წყალშიც მშვენივრად გრძნობს თავს და თბილსისხლიანი ცხოველებითაც იკვებება, ადამიანისათვის განსაკუთრებით სახიფათოა. ამას ემატება ისიც, რომ ხარისებურ ზვიგენს ყველაზე ძლიერი ყბები აქვს.

მეორე ადგილი - ვეფხვისებრი ზვიგენი, რომელიც ასევე ტროპიკულ წყლებშია გავრცელებული, თუმცა ძირითადად სანაპირო წყლებში ბინადრობს. ამ ცხოველს არ უყვარს ღია ზღვა, სწორედ ამიტომაც, ნაპირთან ახლოს მიდის, რაც ადამიანებისთვის ძალიან სახიფათოა. ვეფხვისებრი ზვიგენი სიგრძეში 3-4 მეტრს აღწევს და ხარისებური ზვიგენის მსგავსად, რთული ხასიათით გამოირჩევა. სახელწოდება ვეფხვისებრი მის სხეულზე არსებული ზოლებიდან მომდინარეობს. ვეფხვისებრი ზვიგენს ძალიან „კარგი მადა აქვს“, ის მიირთმევს ყველაფერს, რასაც მოიხელთებს, მათ შორის ყლაპავს ისეთ საგნებსაც, რომლებიც არ იჭმევა.

ვეფხვისებრი ზვიგენი ბინადრობს ავსტრალიის ჩრდილოეთ სანაპიროებსა და აზიის ტროპიკული წყლებში, რომლებიც მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილებია. აქედან გამომდინარე, ხშირია ამ ცხოველის კონტაქტი ადამიანებთან, რაც ზრდის თავდასხმის ალბათობას.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ იტალიელ მკვლევარს აღწერილი აქვს შემთხვევა, როდესაც ოკეანიის კუნძულებზე, ბავშვები საკმაოდ მშვიდად თამაშობდნენ ვეფხვისებრ ზვიგენთან...

ადამიანზე თავდასხმების რაოდენობით ვეფხვისებრ ზვიგენს მეორე ადგილი უკავია.

პირველი ადგილი - თეთრი ზვიგენი, ზვიგენებს შორის ყველაზე დიდი მტაცებელი, რომელიც 5-7 მეტრის სიგრძისაა და მის საკვებს თბილსისხლიანი არსებები შეადგენენ. თეთრი ზვიგენი შედარებით ცივი წყლის ბინადარია, რაც ზვიგენებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი.

სწორედ ეს ცხოველია სტივენ სპილბერგის „ყბების“ მთავარი გმირი და შეიძლება სწორედ ამ ფილმმა მისცა გარკვეული ბიძგი საზოგადოების მკაცრ დამოკიდებულებას, ზოგადად, ზვიგენების მიმართ.

ამავე დროს, თეთრი ზვიგენი ინტელექტუალურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და ცნობისმოყვარე ცხოველია, რომელიც მუდმივად ცდილობს კბილით მოსინჯოს მის გარშემო მცურავი და მოძრავი არსებები. ვეფხვისებრი ზვიგენის მსგავსად, ისიც საკმაოდ ახლოს მიდის ნაპირთან, რაც ადამიანთათვის რისკებს ზრდის. თეთრი ზვიგენი სელაპებითა და დელფინებით იკვებება და ამასთანავე, მცირე ზომის ვეშაპებსაც ესხმის თავს. ადამიანებზე თავდასხმის კუთხით, „რეკორდსმენი“, სწორედ თეთრი ზვიგენია.

ამ ყველაფრის ფონზე მასკულტურამ და სტერეოტიპებმა გამოიწვია ის, რომ განურჩევლად იმისა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტულ მომენტში საფრთხეს, ზვიგენები, დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადრები, დღეს დევნილობაში არიან.

თეთრი ზვიგენი დღეს საფრთხის წინაშე იმყოფება, რადგან დამკვიდრებული შეხედულებების გამო, რომ სადაც ადამიანს დაინახავს, „მივა და შეჭამს“, დიდ დევნას განიცდის.

მაგალითად, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებზე არსებობდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც გამოჩენისთანავე ხოცავდნენ ზვიგენებს, რასაც საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვა - ცხოველის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ამ მიმართულებით, დღეს, გარკვეულწილად იცვლება დამოკიდებულება და ცხოველთა დამცველები სვამენ რიტორიკულ კითხვას - ზვიგენს უფრო მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული, თუ პირიქით?! ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ცხოველების დაცვა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ბონის მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის ქვეშ, შეიქმნა შეთანხმება ზვიგენების დაცვის შესახებ, მათი გადარჩენისთვის კი საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები იწყება.

დასასრულ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ შავი ზღვაც, რომლის დაბალი მარილიანობა მთავარი მიზეზია, რატომაც ერთადერთი გამონაკლისის გარდა, მასში ზვიგენები არ ბინადრობენ. ასევე, შავი ზღვა შეზღუდულია ღრმაწყლოვანების თვალსაზრისითაც, რადგან 200 მეტრს ქვემოთ, პრაქტიკულად უსიცოცხლო არე იწყება. მიუხედავად ამისა, შავ ზღვასაც ჰყავს თავისი ზვიგენი - კატრანი (Squalus acanthias), რომელიც შეიძლება 2 მეტრამდეც გაიზარდოს, თუმცა, ძირითადად, 40-50 სანტიმეტრის სიგრძისაა. კატრანი, აბსოლუტურად უწყინარი ზვიგენია, რომელიც საკმაოდ იშვიათია, ისიც გადაშენების პირას იმყოფება და დაცვა სჭირდება. ასევე, გვხვდება მეორე სახეობა Squalus blainville, რომელიც კიდევ უფრო პატარაა და ერთ მეტრს ძლივს აღწევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს წინ ...

დღეს, 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ოფიციალურად გამოაცხადებს გადაწყვეტილებას საქმეზე: „ტელეკომპანია „ ...
13 ივლისი
13 ივლისი

დიღმის ტყე-პარკი კვლავ დასაცავია!

13-14 ივლისს დიღმის ტყე-პარკის დასაცავად აქცია იმართება. აქციის მიზანი დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი, „ორანჟერ ...
11 ივლისი
11 ივლისი

გვაქვს გრაფიკული ფორმითა...

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს მხატვარ დავით მაჭავარიანისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტს - „ ...

მეტი

^