Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თითქმის ტემპერირებული მესიანი

17 მაისი 2019

მარიამ ალექსიძის ათწლიანი ქორეოგრაფიული გარჯა თანამედროვე ქორეოგრაფიული ენის დასამკვიდრებლად

როდესაც 2009 წელს, მოცეკვავემ და ქორეოგრაფიაში ჯერ გამოუცდელმა მარიამ ალექსიძემ სახელოვანი მამის, გოგი ალექსიძის გალაკტიონისეულ შთაგონებას (ცნობილი ოპუსი სახელწოდებით „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ ) საკუთარი, პატარა ქორეოგრაფიული კომპოზიციაც შეჰმატა, ძნელად წარმოვიდგენდი, რომ ათი წლის შემდეგ მისი შემოქმედება ათზე მეტ სრულმეტრაჟიან თანამედროვე ბალეტსა თუ თანამედროვე ცეკვის ნიმუშს დაითვლიდა. 

და აი, რამდენიმე დღის წინ, გოგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“, რომელიც თბილისის მერიის ძალისხმევით 2016 წელს დაარსდა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის ათი წელი აღნიშნა. რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები საბალეტო სპექტაკლებიდან: „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, აჭარპანი“, „ალვა“, ქუჩა“, ჰარირა“, გურჯი-ხათუნი“, ფანტაზია აკვნის ნანებზე“,  შექსპირი. სიყვარული“, „ხამსე“, მეტამორფოზები“, STALAG VIII-A და ფოლია“.

კალეიდესკოპივით ჭრელი და ოდნავ ფრაგმენტული პროგრამა შეჯამებასაც ჰგავდა და საბალეტო დასის მიღწევების სახალხო დათვალიერებასაც. ორ საათში ჩატეული იყო ქორეოგრაფის მრავალფეროვანი, ზოგჯერ არითმიული, ოდნავ ექპერიმენტული და უფრო მეტად ნეოკლასიკით გაჯერებული გარჯა. გარდა ამისა, ეს საღამო ახალგაზრდა დასისთვის ერთგვარ გამოცდასაც ჰგავდა თანამედროვე ბალეტის ენის ასათვისებლად.

მარიამ ალექსიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 16 წლის ასაკში, ლოზანის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად ციურიხის საბალეტო სკოლაში მიიწვიეს. პარალელურად, ეუფლებოდა თანამედროვე ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობას; ასევე, ნეოკლასიკურ სტილს, რომელიც პირველ რიგში ჯორჯ ბალანჩინის სახელს უკავშირდება. გაიარა ფლამენკოს ცეკვის მასტერკლასი ცნობილ მოცეკვავესთან, ნინა კორტისთან. ცოტა ხნით ცეკვავდა ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც, რომლის საბალეტო დასი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მამის, გოგი ალექსიძის გარდაცვალების შემდეგ, მარიამ ალექსიძე საქართველოში დაბრუნდა და უკვე დიდი ხანია მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი ქორეოგრაფი. 2009-2019 წლებში განახორციელა განსხვავებული კონცეფციის, ფორმისა და მიმართულების ქორეოგრაფიული წარმოდგენები.  

ბოლო დროის განმავლობში გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია, რომელიც თბილისის თანამედროვე ბალეტის რეპერტუარის სიჭრელეში მაინც შეიძლება ამოვიკითხოთ:

პირველი - ლტოლვა ნეოკლასიკური საბალეტო ენისადმი (შორეული მოკითხვა მორის ბეჟარს, ირჟი კილიანს, უილიამ ფორსაიტს, პოლ ტეილორს, მარკ მორისსა და სხვებს), რომელშიც როგორც სიუჟეტური, ისე აბსტრაქტული საბალეტო წარმოდგენები მოიაზრება;

მეორე - მინიმალისტური ხაზების, პირველქმნილი ჟესტებისა და სისადავისკენ სწრაფვა, რაც გამოხატულ კამერულ-ფსიქოლოგიურ ატმოსფეროშია მოქცეული (ალბათ, უფრო სახელოვანი მამის, გოგი ალექსიძის გავლენით);

მესამე - ერთიანი არტისტული პლატფორმის შექმნის მცედლობა, როდესაც ქორეოგრაფიული წარმოდგენა ეყრდნობა მოწვეული კომპოზიტორის, დრამატურგისა თუ მხატვრის ერთიან ნამუშევარს (ბალეტი „გურჯი ხათუნი“ ამის კარგი ნიმუშია, სადაც გაერთიანდა იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა, დავით ტურაშვილის ლიბრეტო და ანკა კალატოზიშვილის მხატვრობა და კოსტიუმები);

მეოთხე - ფოლკლორული თუ ეთნოგრაფიული საწყისების ძიება და თანამედროვე ქორეოგრაფიასთან მისი დაკავშირება (ბალეტები „აჭარპანი“, „ჰარირა“, „ხამსე“). ქართული ბალეტის ფოლკლორულ ტრადიციას თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაუყარა საფუძველი („მთების გული“, „გორდა“), შემდეგ ის გიორგი ალექსიძემ განავრცო და დღეს, უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული ისტორიის გაგრძელებას მარიამ ალექსიძე ცდილობს;

მეხუთე - ელექტრონული, ნეოკლასიკური და ბაროკოს მუსიკის გამოყენება საბალეტო წარმოდგენებში  („ალვა“, „მეტამორფოზები“, „ქუჩა,STALAG VIII-A);

მეექვსე - თანამედროვე ცეკვის საზღვრების გაფართოების მცდელობა და თეატრის მსახიობების თანამონაწილეობა საბალეტო პროექტებში („ჰარირა“ და „შექსპირი. სიყვარული“ რუსთაველის თეატრის მსახიობების მონაწილეობით).

რუსთაველის თეატრის სცენაზე წარმოდგენილ „ჰარირას“ ფრაგმენტებს მაყურებლის გასაგები და ცოცხალი რეაქცია მოჰყვა. შეიძლება იმიტომაც, რომ ჯანსუღ კახიძის სიმღერები მას ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის ჯერ კიდევ მიუღწეველ, მაგრამ საამო რითმას აგრძნობინებდა. რაც შეეხება ფრაგმენტებს წარმოდგენიდან „შექსპირი. სიყვარული“, მასში გაერთიანებულია თეატრი, ცეკვა, მუსიკა და პოეზია; ასევე  შექსპირის სონეტების აუდიოჩანაწერი დიდი ბრიტანელი მსახიობების - ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მონაწილეობით.

გალაკონცერტში ცხადად გამოიკვეთა, რომ მარიამ ალექსიძე თანამედროვე ქორეოგრაფიის ფორმებისა და საშუალებების მუდმივ ძიებაშია. ამაში მას თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტები - ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია, მარიამ ქოიავა, ინტიგამ მამედოვი, გვანცა გელაშვილი, ნატალია კუკულაძე, ნიკა ხურციძე, თინათინ მჭედლიძე, თინათინ ხარაბაძე ეხმარებიან...

მალე თბილისის თანამედროვე ბალეტი საგასტროლოდ შვეიცარიაში მიემგზავრება, სადაც თანამედროვე ფრანგი კომპოზიტორის, ოლივიე მესიანის „ჟამთა აღსასრულის კვარტეტის“ მიხედვით დადგმულ ბალეტს STALAG VIII-A-ს წარადგენს. სხვათა შორის, მარიამ ალექსიძის ახალი ბალეტის სათაური მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში არსებული საკონცენტრაციო ბანაკის სახელწოდებიდან მომდინარეობს, სადაც  პირველად შესრულდა ეს ნაწარმოები. პრემიერა შვეიცარიაში გაიმართება, თბილისში კი ამ ბალეტის მხოლოდ ფრაგმენტი წარმოადგინეს.

მარიამ ალექსიძე: „მოცეკვავეებთან მუშაობისას ვეცადეთ შეგვეღწია ბგერების გულში, ყური დაგვეგდო ფრინველთა და ანგელოზის გალობისათვის. ბევრი ვეცადეთ, რომ მესიანის ფერადოვანი ბგერები მოძრაობად და ცეკვად გვექცია“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^