Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ავსტრიული სკანდალი - ევროპაში რუსული გავლენის დასასრული?

21 მაისი 2019

პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ავსტრიაში გასკდა, ამ ქვეყნის მასშტაბებს მნიშვნელოვნად სცდება. მან შეიძლება შეცვალოს ევროპული პოლიტიკა და რუსეთს ბოლო პერიოდში მოპოვებული გავლენა დააკარგვინოს.

შეგახსენებთ სკანდალის შინაარსს. გერმანულ პრესაში 2017 წელს, ავსტრიაში არჩევნებამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ავსტრიის პოპულისტური, უკიდურესად მემარჯვენე (და ამავე დროს თითქმის ღიად პრორუსული) თავისუფლების პარტიის ლიდერი ჰაინც-ქრისტიან შტრახე თავის თანაპარტიელთან ერთად რუს ქალბატონს, ვინმე ალიონას, ებაასება. ქალბატონი არჩევნებისათვის პარტიას ფულად დახმარებას ჰპირდება და, როგორც ვიდეოდან ირკვევა, იგი რომელიღაც რუსი ოლიგარქის დისშვილია.

2017 წლის არჩევნების შედეგად თავისუფლების პარტია კოალიციურ მთავრობაში უმცროს პარტნიორად მოვიდა და თავად შტრახე ვიცე-კანცლერად იქცა. შედეგად ავსტრია ევროკავშირში რუსეთის მიმართ ალბათ ყველაზე ლოიალურ ქვეყნად იქცა. თუმცა, ეს მთლად თავისუფლების პარტიის გამოისობით არ მომხდარა. გამომდინარე იქიდან, რომ ნეიტრალურ ავსტრიაში ყოველთვის დიდი რუსული ფული ტრიალებდა, აქ მოსკოვს შედარებით კარგი თვალით უყურებდნენ. ავსტრიულ-რუსული მეგობრობის სიმბოლურ დაგვირგვინებად შარშან აგვისტოში ავსტრიის საგარეო მინისტრის, კარინ კნაისლის მიერ საკუთარ ქორწილში პუტინის მიწვევა იქცა. კნაისლს თავისუფლების პარტიასთან ფორმალურად საერთო არაფერი აქვს და საერთოდაც ის კარიერული დიპლომატი უფროა, ვიდრე პოლიტიკოსი. მაგრამ იგი მაინც ამ პარტიამ წამოსწია,  როგორც პრორუსული განწყობის საგარეო მინისტრი.

მაგრამ ამ ქორწილის შემდეგ მალე ორმხრივ ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა. ნოემბერში დააკავეს ავსტრიელი პოლკოვნიკი, რომელიც 26 წლის განმავლობაში ჯაშუშობდა რუსეთზე. ამ სკანდალის ფონზე კნაისლმა მოსკოვში თავისი ვიზიტი გააუქმა, მაგრამ ამავე დროს ავსტრიელებმა რუსი დიპლომატების გაძევება ვერ გაბედეს, როგორც ასეთ დროს მიღებულია ხოლმე (აღსანიშნავია, რომ ავსტრიამ მაშინაც არ გააძევა რუსი დიპლომატები, როცა მოსკოვი მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლაში ამხილეს). მიუხედავად ამისა, რუსეთის საგარეო მინისტრმა ლავროვმა მაინც გამოხატა აღშფოთება - როგორც ჩანს, იგი ავსტრიელებისგან ასეთ რეაქციასაც კი არ ელოდა.

რუსეთში იმის ეჭვიც გაუჩნდათ, რომ ზემოხსენებული პოლკოვნიკის გამოვლენის უკან არა ავსტრიული, არამედ გერმანული ან სულაც ამერიკული სპეცსამსახურები იდგნენ. ეს ეჭვი გაძლიერდა ახლა - მას შემდეგ, რაც შტრახეს სკანდალური ჩანაწერი არა ავსტრიულ, არამედ გერმანულ პრესაში გამოჩნდა.

შტრახე სკანდალს შეეწირა. მას მიჰყვნენ მინისტრები მისი პარტიიდან და ასევე ქალბატონი კნაისლი. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. არავინ ჩაძიებია კონკრეტულად იმას, თუ ვინ იყო ალიონა. თუმცა, თავად შტრახესაც თავი დიდად არ უმართლებია. ჩანს, მან მართლაც აიღო ფული. ასეც რომ არ იყოს, მოსკოვი ევროკავშირისათვის იმდენად ტოქსიკურია, რომ ნებისმიერი ასეთი კომპრომატის შემდეგ თავის მართლებას აზრი არ აქვს.

სრულიად ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრის უკან გერმანია იდგეს. ბერლინში თავის დროზე რუსეთს ბევრი უთმინეს, მაგრამ უკრაინის მოვლენები, შემდეგ კი ევროპული ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და ევროკავშირისათვის ძირის გამოთხრის მცდელობა უკვე ვეღარ აპატიეს. გერმანია ევროკავშირის ლიდერია და შესაბამის საპასუხო ზომებსაც იღებს. შტრახეს სკანდალიდან სულ რამდენიმე დღეში გერმანული სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ ისიც კი განაცხადა, რომ ავსტრიელ კოლეგებთან თანამშრომლობა სახიფათო ხდება, იქ რუსული გავლენა დიდიაო. მოკლედ, გერმანიამ ბრჭყალები გამოაჩინა. ავსტრიის გავლით ბერლინი მოსკოვს ურტყამს.

და არა მხოლოდ. როგორც უკვე ვთქვით, ავსტრიაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და დიდი შანსია, თავისუფლების პარტია მთავრობის გარეთ დარჩეს. ამას ისიც ემატება, რომ სულ მალე ევროპული პარლამენტის არჩევნებიც უნდა გაიმართოს. შტრახეს სკანდალი იმდენად მძიმეა, რომ ალბათ სრულიად ევროპის პოპულისტური პარტიები ამ არჩევნებში დიდ დარტყმას მიიღებენ და შესაბამისად შემცირდება ევროსკეპტიკოსებისა და პრორუსების გავლენა.

ევროკავშირის ლიდერებისათვის ავსტრიის შემდეგ პირველი სამიზნე იტალია უნდა იყოს. აქაური პოპულისტების ლიდერს - სალვინის - ჯერჯერობით ძლიერი პოზიციები აქვს და გამოუცდელი შტრახესგან განსხვავებით, იგი სკანდალში ასე იოლად არ გაეხვევა. მაგრამ ევროპული პარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობა მისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი იქნება.

და კიდევ ერთიც, იმედია ევროკავშირის ლიდერები იმაზეც დაფიქრდებიან, რომ შტრახესა თუ სალვინის წარმატებას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: ევროპაში ძალიან ბევრს ეშინია მიგრანტების დიდი ტალღის. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და რაღაც რაოდენობის ზემოთ ვერც გერმანია, ვერც იტალია და მით უმეტეს ვერც პატარა ავსტრია ვერ ახერხებს მიგრანტების ინტეგრაციას. ეს რეალობაა და მასზე თვალების დახუჭვა და პრანჭვა მხოლოდ იმით მთავრდება რომ ანტიმიგრანტულ ტალღაზე ხელისუფლებაში პოპულისტები მოდიან, რომელთა უკან ხშირად მოსკოვი დგას. ახლა შტრახეს პარტია დამარცხდა, მაგრამ თუკი ევროკავშირში რეალობას არ გაუსწორებენ თვალს, მის ნაცვლად ხვალ-ზეგ სხვა მოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^