Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარსელ პრუსტი - გენიოსი, რომელმაც დრო ხელში დაიჭირა...

23 მაისი 2019

ფრანგი მწერალი, ესეისტი, პოეტი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, „მოდერნიზმის მამა”, XX საუკუნის განსაკუთრებული მნიშვნელობის რომანების ციკლის - „დაკარგული დროის ძიებაში“ ავტორი, მარსელ პრუსტი, 1871 წელის 10 ივლისს პარიზში დაიბადა.

მამამისი, ადრიან პრუსტი გამოჩენილი ექიმ-ეპიდემიოლოგი იყო, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი, თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პროფესიონალი; მწერლის დედა, ჟანა ვაილი კი - ებრაელი საბირჟო მაკლერის ქალიშვილი, მდიდარი ოჯახის შვილი.

მწერალთა დიდი უმეტესობისგან განსხვავებით, მარსელ პრუსტი შეუდარებლად მდიდარი იყო, თუმცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 9 წლის ასაკში ასთმის პირველი შეტევა დაემართა და მთელი ცხოვრება ამ დაავადებას ებრძოდა.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

1882 წელს პრუსტი კონდორსეს ლიცეუმში შევიდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხშირად უწევდა გაცდენა. მიუხედავად ამისა, ბაკალავრის ხარისხი მაინც დაიცვა და გამოსაშვები გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა. განსაკუთრებით აღინიშნა მისი თხზულება ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში. სწორედ ლიცეუმში სწავლის დროს გაეცნო ჟაკ ბიზეს (ცნობილი კომპოზიტორის, ჟორჟ ბიზეს ვაჟი), ასევე, ლუსიენ დოდეს (ცნობილი ფრანგი მწერლის, ალფონს დოდეს ვაჟი) და სხვა მეგობრებს.

ლიცეუმის დასრულების შემდეგ, პრუსტმა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, თუმცა არ დაუმთავრებია. ამავე პერიოდში აქტიურად ჩაერთო პარიზის ლიტერატურულ ცხოვრებაში და ხშირად ჩნდებოდა ლიტერატურულ და მხატვრულ სალონებში.

1889 წლის ნოემბერში პრუსტი ჯარში გაიწვიეს და სამხედრო სამსახურში 1 წლის განმავლობაში მსახურობდა, რომლის დასრულების შემდეგ, 1892 წლის დასაწყისში მეგობრებთან ერთად ჟურნალი „ნადიმი“ დააარსა; 1894 წელს კი დეკადენტურ სტილში დაწერილი პირველი წიგნი (ლექსები პროზად) გამოაქვეყნა. წიგნი თითქმის შეუმჩნეველი დარჩებოდა, ძალიან მდიდრულად რომ არ ყოფილიყო გამოცემული. აი ასე შეიძინა პრუსტმა, დილეტანტის რეპუტაცია ლიტერატურაში, რეპუტაცია კაცისა, რომელსაც ლიტერატურასთან რაღაც სახის კავშირი ჰქონდა.

1895 წელს მარსელი მაზარინის ბიბლიოთეკაში მოეწყო სამუშაოდ, თუმცა მალევე აიღო შვებულება 1900 წლამდე. ბიბლიოთეკაში მუშაობის დაწყების დროისთვის დიდი რომანის წერა დაიწყო. საგულისხმოა, რომ ამ ნაწარმოების სიუჟეტური ხაზები შემდგომში „დაკარგული დროის ძიების“ ციკლში განმეორდება. რომანზე, რომელსაც „ჟან სანტეი“ ერქვა, პრუსტმა მუშაობა 1899 წელს შეწყვიტა და აღარასდროს მიბრუნებია მას. ნაწარმოებმა დღის სინათლე მხოლოდ მწერლის გარდაცვალების შემდეგ იხილა.

1896 წელს პრუსტმა გამოსცა მოთხრობების კრებული „განცხრომა და დღეები“, რომელსაც ანატოლ ფრანსის წინასიტყვაობა ახლდა. მიუხედავად ამისა, წიგნი სერიოზულად არ აღუქვამთ. პოეტმა და რომანისტმა ჟან ლორენმა ამ კრებულთან დაკავშირებით გამანადგურებელი რეცენზია დაწერა, რაც გახდა კიდეც დუელის მიზეზი... დუელი 1897 წელს პარიზის გარეუბანში შედგა; პრუსტის სეკუნდანტი მისი ახლო მეგობარი, მხატვარი ჟან ბერო იყო. საბედნიეროდ, ამ დუელს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

პოლიტიკურ ცხოვრებაში პრუსტმა მხოლოდ ერთხელ მიიღო აქტიური მონაწილეობა, როდესაც დრეიფუსის საქმესთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა კულტურის მოღვაწეების მიმართვას, რომ განაჩენი გადაესინჯათ. სხვათა შორის, სწორედ მან დაითანხმა ანატოლ ფრანსი, რომ მიმართვაზე ხელი მასაც მოეწერა. თებერვალში პრუსტი დაესწრო ემილ ზოლას სასამართლო პროცესსაც, რომელიც დრეიფუსს უჭერდა მხარს.

მარსელ პრუსტის ცხოვრებაში კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მის ანგლოფილობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კარგად არ იცოდა, ლიტერატურულ და კრიტიკულ ნაწარმოებებს ინგლისურიდან ფრანგულად თარგმნიდა. 1904-1906 წლებში პრუსტმა ინგლისელი მხატვრული კრიტიკოსის - ჯონ რესკინის „ამიენის ბიბლია“ და „სეზამი და შროშანები“ თარგმნა. სხვათა შორის, აცხადებდა, რომ ამ ავტორის ტექსტები ზეპირად იცოდა. საქმე ისაა, რომ თარგმნის პროცესში დედა და ბიძაშვილი ეხმარებოდნენ, თავად კი მათ ტექსტებს ასწორებდა. როდესაც შენიშვნა მიიღო, თარგმნას დიდ დროს ანდომებთო, მოსხლეტილად უპასუხა - „მე არასდროს მითქვამს, რომ ინგლისური კარგად ვიცი. მე ვთქვი, რომ კარგად ვიცი ჯონ რესკინი“.

პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მარსელ პრუსტი საკმაოდ მალე ჩამოყალიბდა უდიდეს ექსპერტად ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, თუმცა მისი, როგორც მწერლის სახელი, დიდი ხნის განმავლობაში ყველასათვის უცნობი იყო.

1903 წელს, პრუსტის ცხოვრებაში უბედური ხანა დაიწყო - ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი, 1905 წელს - დედა. კარგად რომ გვესმოდეს, თუ რას ნიშნავდა ეს მისთვის, მოვიტანოთ პრუსტის პასუხი მის მიერვე შედგენილ, ე.წ. „პრუსტის კითხვარის“ ერთ-ერთ კითხვაზე - „რა იქნებოდა თქვენთვის ყველაზე დიდი უბედურება“, რაზეც მარსელმა უპასუხა - „დედა და ბებია რომ არ მცნობოდა“. უახლოეს ადამიანებთან დაშორება პრუსტისთვის უდიდესი ტრაგედია იყო.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან უზარმაზარი მემკვიდრეობა მიიღო, თუმცა ასთმის მძიმე ფორმის გამო, იძულებული გახდა, რომ 1906 წლიდან, პრაქტიკულად, განდეგილივით, სახლში გამოკეტილს ეცხოვრა. ამ პერიოდში პრუსტი ოსმანის ბულვარზე გადავიდა საცხოვრებლად და თითქმის მთელი ცხოვრება რომანების ციკლის - „დაკარგული დროის ძიებაში“ წერას მიუძღვნა.

1911 წელს ციკლის პირველი ვერსია უკვე დასრულებული იყო და ის სამ ნაწილს მოიცავდა: „დაკარგული დრო“, „აყვავებულ ქალიშვილთა ჩრდილქვეშ“, „კვლავ ნაპოვნი დრო“. თავდაპირველად, წიგნს „გრძნობათა მოზღვავება“ ეწოდებოდა. პრუსტმა ნაშრომი არაერთ გამოცემაში დააგზავნა, თუმცა ყველასგან უარი მიიღო, მათ შორის გამომცემლობა „გალიმარისგან“, რომლისაც ყველაზე მეტად ეიმედებოდა, რადგან ტექსტი არა უბრალო რედაქტორის, არამედ ანდრე ჟიდის ხელში მოხვდა. ანდრე ჟიდმა, მომავალმა ნობელიატმა, შემდგომში აღიარა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა, როცა პრუსტში გენიოსი ვერ ამოიცნო.  

საბოლოო ჯამში, პრუსტის ნაწარმოები ბერნარ გრასემ ავტორის დაფინანსებით გამოსცა, თუმცა წინდაწინ მოითხოვა, რომ ხელნაწერი სერიოზულად შემოკლებულიყო.

ამის შემდგომ პრუსტმა მუშაობა გააგრძელა და რომანების ციკლი - „დაკარგული დროის ძიებაში“ (1913-1927 წწ.) საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა: „სვანის მხარეს“, „აყვავებულ ქალიშვილთა ჩრდილქვეშ“, „გერმანტების მხარეს“, „სოდომი და გომორი“, „ტყვე ქალი“, „გაუჩინარებული ალბერტინი“, „კვლავ ნაპოვნი დრო“. 1919-1927 წლებში ყველა ეს ტომი გამომცემლობა „გალიმარმა“ გამოსცა...

მიუხედავად იმისა, რომ როგორც პრუსტი მიიჩნევდა, „დაკარგული დროის ძიებაში“ 1918 წელს დაასრულა, მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იგი მუდმივად ამ ტექსტების რედაქტირებაზე მუშაობდა. 1919 წლის 10 დეკემბერს, რომანს - „აყვავებულ ქალიშვილთა ჩრდილქვეშ“ გონკურების პრემია მიენიჭა. ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან, როგორც წესი, გონკურების პრემიას ახალგაზრდა, პერსპექტიულ მწერლებს ანიჭებდნენ, რომელთა რიგს პრუსტი უკვე აღარ მიეკუთვნებოდა.

კიდევ კარგი, პრუსტს, მომავალში ფრანგების უსაყვარლეს მწერალს, რომლის შედევრსაც მკითხველებმა მსოფლიოს 100 საუკეთესო წიგნს შორის, კამიუს „უცხოს“ შემდეგ, მეორე ადგილი მიაკუთვნეს, ეს პრემია მაინც მიანიჭეს...

1922 წელს მარსელ პრუსტი გაცივდა და ბრონქიტი დაემართა. ასთმიანი კაცისთვის ბრონქიტი ძალიან საშიში იყო - დაავადება ფილტვების ანთებაში გადაეზარდა, რის შედეგადაც 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

ლიტერატურაში გვიან „შესული“ კაცი, რომლის შემოქმედებაზეც სენ სიმონის, მონტენის, სტენდალის, ფლობერის, ჯორჯ ელიოტის, დოსტოევსკისა და ტოლსტოის გავლენას ამჩნევენ, რეალურად სრულიად გამორჩეული გენიოსი იყო, რომელიც პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე განისვენებს.

„დაკარგული დროის ძიებაში“

ლიტერატურის ისტორიაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე ამბავზე შესაძლოა რამდენიმე ნაწარმოები დაიწეროს. ამავდროულად, არსებობენ აბსოლუტურად უნიკალური მწერლები და წიგნები. „დაკარგული დროის ძიებაში“ სწორედ ამ ტიპის ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში მსგავსი არც არაფერი ყოფილა და ვერც დაიწერება.

ეს არის რომანი დროზე, დაკარგულ დროზე, დაბრუნებულ დროზე. მარსელ პრუსტმა მოახერხა და დაწერა რომანი, რომელიც არ მოიცავს არცერთს - ბორხესის ცნობილი ოთხი სიუჟეტური ხაზიდან.

ეს არის რომანი - ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე, რომლის დაწერაზეც, თავის დროზე, ფლობერი ოცნებობდა, თუმცა „სალამბომ“ დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. თუკი, ფლობერს გაცნობიერებულად სურდა, დაეწერა რომანი - ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე და არ გამოუვიდა, პრუსტმა ეს ისე მოახერხა, რომ მიზნადაც კი არ ჰქონდა დასახული.

„დაკარგული დროის ძიებაში“ დაიწერა მას შემდეგ, რაც მწერალმა აღმოაჩინა, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. საკუთარ თავში მან იპოვა მწერალი, რომელიც არათუ დილეტანტი და ანატოლ ფრანსის საწყალობელი ავტორი, არამედ ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მანამდე არსებული მთელი ფრანგული მწერლობა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ გამომცემლობა „გალიმარში“ მომუშავე ანდრე ჟიდი ამ ნაწარმოების გენიალობას ვერ ჩაწვდა - ანდრე ჟიდი არ აღმოჩნდა პრუსტის ტოლი მწერალი!

ფაქტია, მარსელ პრუსტი ზეუცნაური კაცი იყო, რომელმაც ასეთი მასშტაბური რომანი ერთ პატარა შემთხვევაზე ააგო - ერთხელ, როდესაც სახლში შეციებული მივიდა, მზრუნველმა დედამ, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო, ჩაიში ჩამბალი უბრალო ფრანგული ნამცხვარი - მადლენი მიართვა. მოულოდნელად, ჩაიში ჩამბალმა მადლენმა ადამიანს განსაკუთრებული სიხარული აგრძნობინა და მიხვდა, რომ ერთი ლუკმაც კი აღარ უნდა გაესინჯა მანამ, სანამ არ იტყოდა, საიდან მოვიდა ეს სიხარული. აი ასე, როგორც გემოთი დაიბადა მეხსიერება, მის წიგნებში ყველაფერი გემოთი, სურნელითა და მეხსიერებით ჩნდება - მეხსიერება აღადგენს ფაქტებს, რასაც მოჰყვება სკრუპულოზური შეტევა დროზე, რაღა თქმა უნდა, ყველა დეტალის გახსენებით.

სხვათა შორის, მარსელ პრუსტს ასეთი რამ აქვს ნათქვამი - ზოგჯერ პოეტები ამბობენ, რომ ნაცნობი ადგილების მონახულება შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს იმ დროში ბრუნდები, როდესაც ეს ადგილები წარსული მოინახულე, მაგრამ ეს საშიშია, რადგან არავინ იცის, რას მოგიტანს ამის გახსენება. ამიტომაც, გაცილებით კარგია, გონებით მიხვიდე იმ სივრცეში და წარმოიდგინო, რა იყო ადრე.

აი ასე, გონებით დახატა პრუსტმა პარიზი და მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ბევრი ყოფილა, ბევრს უნახავს ელისეს მინდვრები, ამ რომანში ის ელისეს მინდვრები, ის ადამიანები, ის ადგილებია, რომლებიც აღარ არის, მაგრამ უფრო მეტად რეალურია, ვიდრე შესაძლოა თავის დროზე ყოფილიყო - ისინი ხომ ლიტერატურამ, მარსელის გონებამ შემოინახა!  

მარსელი - არა პრუსტი, არამედ ამ ამბების მთხრობელია. სახელთან ერთად, ავტორმა, ბუნებრივია მას ავტობიოგრაფიული ელემენტებიც მისცა, მაგრამ, ამავდროულად, ბევრ რამეში განასხვავა საკუთარი თავისაგან. ეს არ არის - „მე, მარსელ პრუსტი“, არამედ „მარსელი, მე, მაგრამ არა მაინცდამაინც პრუსტი“.

ამ ბავშვს, მარსელს, სახლიდან ორი მიმართულებით შეუძლია წავიდეს - სვანის მხარეს, სადაც სვანები ცხოვრობენ; სვანი - გვარია, მხარე კი - ბურჟუაზიული; მეორე, საპირისპირო მიმართულება - გერმანტების, ანუ არისტოკრატების მხარეა. ორივე მხარეს მოგზაურობას, როგორც ბოტანიკური, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით, საოცრებები ახლავს თან.

რაც შეეხება პერსონაჟებს, „დაკარგული დროის ძიებაში“, რომელიც 3000-ზე მეტი გვერდისგან შედგება, 2000 პერსონაჟს აერთიანებს. შედარებისათვის, ლევ ტოლსტოის - „ომსა და მშვიდობაში“ „მხოლოდ“ 500 პერსონაჟი გვხვდება, ასევე 500 პერსონაჟი ჰყავს ჰომეროსის „ილიადას“.

აქ არიან:

მარსელი - მთხრობელი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მწერლად გახდომის სურვილი აქვს და სწორედ მის იდენტობასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია;

მამა - დიპლომატი, რომელსაც თავდაპირველად აშფოთებს ის ფაქტი, რომ შვილმა წერა დაიწყო და არც მწერლობის სურვილს უწონებს მას;

დედა - დედათა დედა, უაღრესად ხელშემწყობი ქალი, რომელიც შვილის კარიერაზე ღელავს;

ბებია - რომლის სიცოცხლე და სიკვდილი ქალიშვილსა და შვილიშვილზე უზარმაზარ გავლენას ახდენს და ა.შ. და ა.შ.

პერსონაჟების სიმრავლის მიუხედავად, მთავარია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც საიდანაც არ უნდა დაიწყოთ, სწორედ იქიდან იწყება. მეშვიდე ტომიდან - პირველზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მსოფლიო მკითხველები პირველად ვგრძნობთ, რომ ავტორმა შეძლო და დრო მთლიანად დაიჭირა ხელში! ასეთი გენიოსი, ასეთი წიგნი წარმოუდგენელია, რომ რამენაირად განმეორდეს.

დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტენდენცია, როდესაც ხშირად გვესმის, რომ პრუსტი - საყვარელი მწერალია. ეს ამბავი, რომ პრუსტი ასეთი საყვარელი და პოპულარული იყოს, ცოტა ძნელად დასაჯერებელია, რადგან, რაც მართალია, მართალია - რთული მწერალი გახლავთ.

მიუხედავად ამისა, მარსელ პრუსტს, როგორც მწერალს, მუდმივად თან ახლავს ერთი დიდი ბედნიერება, დიდი სიხარული - თუკი ადამიანს შეუძლია ჩასწვდეს და გაიაზროს მისი რომანის თუნდაც ერთი გვერდი, პრუსტი მისთვის გახდება მწერალი, რომლის გარეშეც არ არსებობს ლიტერატურა, რომლის გარეშეც ყველაფერი კარგავს აზრს.

ეს არის საოცრად მაღალი ხარისხის ლიტერატურა, რომელმაც აჩვენა, რომ არა მარტო სიუჟეტებში, ხასიათებსა და კონფლიქტებშია ლიტერატურა, არამედ თავად ლიტერატურაა ენა, დიდი მდინარე, რომლის დინებასაც ადამიანი ვერ უწევს წინააღმდეგობას. როგორ ფრთხილადაც არ უნდა შეაბიჯო მასში, მდინარე აუცილებლად ჩაგითრევს და ბოლომდე გაგიყვანს, ანუ აუცილებლად გაპოვნინებს დაკარგულ დროს...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

სელექციის „სიამენი"

დიდი შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა რთული საქმეა. რთული და უმადური. თან, რაც უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება მწვ ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

„ერთიანი რუსეთის“ Fake-დემოკრატია

კვირას რუსეთში ჩატარდა ე.წ. „ერთიანი არჩევნები“, როდესაც მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ სხვადასხვა დონის რეგიონული თუ მუ ...

მეტი

^