Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„როცა ვარდი ყვავის, ბაღი მისიას ასრულებს“ - სოფო სუდაძის 33 შეკითხვა გია ეძგვერაძეს

24 მაისი 2019

ს.ს. - როგორია თქვენთვის წარმატებული ადამიანი?

გ.ე. - წარმატებული ადამიანი - აბსურდის ადამიანია, მოთამაშე ადამიანი: რომელმაც საკუთარი ცნობიერება ამოავსო რუსული გამოთქმით: “ვსიო ესტ ტპინ-ტრავა”.

ს.ს. - რისი გწამთ?

გ.ე. - ადამიანის შესაძლებლობის, საკუთარი თავის გადალახვის. ეს რომ არ მწამდეს „აქ” ვერავინ გამაჩერებდა...

ს.ს. - ღმერთი რომ იყოთ რას იზამდით?

გ.ე. - თავს გავიუქმებდი და აბსურდის ტრიალს მოვრჩებოდი სამყაროში...

ს.ს. - რა არის თქვენში საინტერესო?

გ.ე. -  უმოწყალო დამოკიდებულება კომფორტულ სააზროვნო ზონებთან…

ს.ს. - რას უნდა ცდილობდეს ადამიანი ცხოვრებაში?

გ.ე. -  ჯერ გახდეს ადამიანი (ინდოეთში მათ “ორჯერ დაბადებულებს” ეძახიან) და შემდგომ გადალახოს “ადამიანი”...

ს.ს. - ცხოვრებისეული გამოცდილება, რისი გაზიარებაც ჩემთვის შეგიძლიათ.

გ.ე. - არ მოგწონდეთ საკუთარი თავი და ეცადეთ, გადაზარდოთ ის უპირობო მოძრაობაში აბსტრაქტული სრულყოფისკენ. ეს იდეალი განუწყვეტლივ უნდა იცვლებოდეს და გადაფასდეს,

ს.ს. - ბედნიერი ხართ?

გ.ე. -  ბედნიერება არ მაინტერესებს - უძველესი, ყავლგასული და პრიმიტიული სამოთხის კონცეფტია ვითომდა კმაყოფილებაში არსებობის. მძაგს კმაყოფილება...

ს.ს. - რა გაკლიათ ამჟამად ყველაზე მეტად?

გ.ე. - როგორც ყოველთვის - საბოლოო ჟინი და ნაბიჯი სრული გადალახვის

ს.ს. - რა განიჭებთ ხოლმე სიხარულს?

გ.ე. - ნაყინი, ლამაზი ქალი, ძალიან გამჭვირვალედ გამოთქმული რთული სააზროვნო კონცეფტი, კარგი ფილმი, ზოგჯერ ცუდი ფილმიც, ძალიან დახვეწილი და ესთეტურად მომავალზე მობილიზებული კულტურული გარემო (არქიტექტურა, დიზაინი) ... ბევრი რამ...

ს.ს. - რა გიყვართ სიცოცხლეში?

გ.ე. - ერთიანი ტოტალური კითხვითი ნიშნისკენ ადამიანის უწყვეტი ჟინიანი ლტოლვა...

ს.ს. - რისთვის დაიბადეთ როგორ ფიქრობთ?

გ.ე. - არანაირად და არასდროს არ მივიღებ იმას, რაც ჩემს უკითხავად მომახვიეს თავს. შეგნებული ცნობიერებისთვის დაბადება შეურაცხმყოფელია.

ს.ს. - რით არის ადამიანი უნიკალური და საინტერესო?

გ.ე. - მხოლოდ და მხოლოდ “თავისუფალი ნებით”.

ს.ს. - სჭირდება ადამიანს ტრავმა?

გ.ე. - ფროიდი და ლაკანი, ორივე იმ აზრისაა, რომ ტრავმის გარეშე ადამიანი როგორც “ადამიანი” ვერ შედგება - იგი არ დაიბადება როგორც ცნობიერებაში ფუნდამენტური კითხვითი ნიშნის მატარებელი არსება. პარადოქსია: როგორ უნდა უსურვო შენს შვილს ტრავმა - არადა, ამის გარეშე არაფერი ნამდვილი და ღირებული მის ცნობიერებაში არ აღმოცენდება.

მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ეხება - მოდის ისეთი მომავალი, რომელიც ჩვენს ძირეულ ღირებულებებს - მორალურს, ეთიკურს, ესთეტიკურს და ასევე სააზროვნო საფუძვლებს უბრალოდ გააუქმებს - ყველა დღეს არსებული სამომავლო განვითარების ვექტორი გაუქმდება და მე ვერ გეტყვით, რა იქნება აღზრდის, მიზნის და არსის მახასიათებლები ასეთი მომავლის სიტუაციაში...

ს.ს. - მე რომ სიცოცხლე აღარ მინდოდეს, რას მეტყოდით?

გ.ე. - გეტყოდით: სწორი ხარ, მაგრამ ასეთი ადვილი არ არის, გაუძვრე სიცოცხლეს ხელიდან - მთელი აღმოსავლური (და არა მარტო აღმოსავლური) რელიგიების მიზანი ერთია: დაუძვრნენ სიკვდილის და სიცოცხლის წრებრუნვას (დხარმის ბორბალს) - ამისთვის კეთდება მედიტაციები, ლოცვები, ყველა სულიერი პრაქტიკა, რომ ადამიანი განთავისუფლდეს სიცოცხლის ნებისგან, რომელიც ისევ და ისევ გვბადებს და გვაიძულებს ვიარსებოთ ამ მოსაზღვრულ, მატერიალურ სამყაროში - რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. ამას ამბობდა შოპენჰაუერი: ადამიანის პიროვნული და გაცნობიერებული ნება უნდა დაუპირისპირდეს ბუნების ნებას ჩვენში, რომელიც ისტერიულად ილტვის სამყაროში დამკვიდრებისა და ფეხის მოკიდებისთვის. დელფის ორაკულმა, როცა ჰკითხეს - რა არის აზრი ადამიანის ცხოვრების, ასე უპასუხა: უკეთესი იქნებოდა, რომ ადამიანი არ დაიბადოსო…

ს.ს. - თქვენი საყვარელი ფრაზა... 

გ.ე. - “მე ვისვრი ისრებს უკუნეთ ღამეში ჯორჯია...(“ჯორჯია” ანტონინ არტო).

ს.ს. - რა დამოკიდებულება გაქვთ თმენასთან? რისი მოთმენა შეიძლება და რისი არა?

გ.ე. - ადამიანის მთელი ისტორია თმენაზე დგას - რადგან “სიმბოლური რიგი”, ანუ ცნება/ღირებულებების სისტემა, რასაც ჩვენი ცნობიერება წარმოადგენს, იერარქიულ-სუბორდინირებულად არის დასტრუქტურირებული - დაბალი საფეხური ითმენს მაღალი საფეხურის ნებას. ესაა ჩვენი საზოგადოების არსებობის საწინდარი და მისი ქმედითობის გარანტია. ინსტიტუციონალურმა ქრისტიანობამ კი თმენა საერთოდ, უდიდესი სიკეთის რანგში აიყვანა - უკლებლივ ყველაფერი უნდა გეთმინა, რომ შემდგომ ჯილდო დაგემსახურებინა “იქ”! ანუ ეკლესია ადამიანს გადადებულ მდგომარეობაში აცხოვრებს. 

ქრისტესთან ასეთი რამე არ არის — “სასუფეველი ძალით აიღების” (ლუკა 16.16.)! 

მომავლისკენ მაყურებელი ადამიანი არაფერს ითმენს; რადგან  მიმღებლობა, ანუ ტოლერანტობა (ჩვენი სამომავლო მიზნობრივი ვექტორი) თმენა არ არის. - კაცობრიობა დღეს ანგრევს იერარქიულ/სუბორდინირებულ სტრუქტურას და იგი “რიცომულ” და ბლოკ-ჩეინის სქემებში გადაჰყავს. მიმღებლურ/ემფატიური ცნობიერება ჩვენი უახლოესი მომავლია. 

ს.ს. - ცხოვრებისეული მარცხები მართლა გვაძლიერებს? საბოლოოდ გაძლიერებული ვართ, ავტომატურად დასახიჩრებულიც?

გ.ე. - კი გაძლიერებს, თუ ბნელი ბრძოლების ნაწილი გინდა იყო და ასეთი ბრძოლები იყოს შენი რეალობა. მე არ მინდა და არც მარცხი მაძლიერებს. მარცხი მძაგს. მარცხი ჩემთვის შავი ლაქაა სინათლით გაბრდღვიალებულ ტერიტორიაზე, მე მას არ ვცნობ და ის მე არ მიცნობს… ყველა მარცხში დევს გამარჯვება, თუ მას ამოიცნობ. მაშინ სულ სინათლეში ივლი… 

ს.ს. - რას ფიქრობთ სიზარმაცეზე? ადამიანის წარმატება არის თუ არა დამოკიდებული მის სიზარმაცესა და შრმოსმოყვარეობაზე?

 გ.ე. -  სიზარმაცე “გადარჩენა/დამკვიდრების საზოგადოების” ექსცესია. ადამიანი არამარტო შრომამ შექმნა (როგორც ამტკიცებს ერთი იდიოტური ფრაზა), არამედ ის საერთოდ შრომისთვისაც არ არის გაჩენილი - ის შემოქმედებითი თვითრელიზაციის არსებაა. ასეთი შესაძლებლობისკენ მიდის მომავალი - რაც ისტორიაში უნიკალურ პრეცენდენტს შექმნის… ინდოეთში არსებობს სიზარმაცის იოგა - სრული უარყოფა ქმედების და უმოძრაობაში ჩაძირვა.  

ს.ს. - რისთვის ღირს ბრძოლა ცხოვრებაში?

გ.ე. - სულიერი თვითრეალიზაციისთვის - ოღონდ ბრძოლა არა, ბრძოლით მაგას ვერ უშველი… მიზანსწრაფვა… რაც ყველაფრისთვის  სიცოცხლისუნარიანობის ჩუქებას და გაცოცხლებას ნიშნავს.  

ს.ს. - რას ნიშნავს თქვენთვის ქვეყნის სიყვარული? რას აკეთებს ქვეყანაზე ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანი?

გ.ე. - ასეთი ადამიანი საკუთარ თვითრეალიზაციას ჩუქნის ქვეყანას - ამაზე დიდ საჩუქარს ქვეყანას ვერ გაუკეთებ. როცა ვარდი ყვავის, ბაღი თავის მისიას ასრულებს. 

ს.ს. - რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ცეკვას? რასთან ასოცირდება თქვენთვის ცეკვა ფილოსოფიური კუთხით.

გ.ე. -  ადამიანის ცნობიერების რიტმად და ვიბრაციად ქცევასთან, რაც არსობრივთან გაერთიანებაა. აღმოსავლეთში ასეა - ვინც ბგერა “აუმ”-ს (OM) ცეკვავს (ეზიარება ამ უზოგადეს ვიბრაციას) ის ნათელღებას ეზიარება! 

ს.ს. - რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? რას ფიქრობთ ოცნებებზე?

გ.ე. -  ბავშვობაში არაფერზე, უფრო შეცბუნებული და ცოტა გაკვირვებული ვუყურებდი რაც გარშემო მქონდა და როგორც მეხებოდა. ყრმობისას დიდ შემოქმედებაზე ვოცნებობდი, თუმცა, რასაკვირველია, არ მესმოდა, რა არის “დიდი შემოქმედება”… 

ან როგორ მივხვდებოდი მაშინ, რომ ყოველი წამისთვის სიცოცხლისუნარიანობის ჩუქება თუ დიდი შემოქმედება იყო…

ს.ს. - როგორ გრძნობთ ადამიანების გულწრფელობას,  ენერგიას? რა მომენტში ვერ მალავს ადამიანი თავის თავს?

გ.ე. - ადამიანმა საერთოდ არც იცის, რა არის “თავისი თავი” და ზოგადად რომ ვთქვათ - ასეთი რამ არც არსებობს. ადამიანი კულტურული კონსტრუქტ/კოლაჟია გარედან ათვისებული წარმოდგენების, მაგრამ ამ უსუსურობას  დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი რაღაც მომენტში შეიძლება გაუსხლტეს კულტურის მარწუხებს და შეიძება გამოხატოს თავისი ინსტინქტი, ან წადილი - მაგრამ ეს “თავისი თავი” არ არის, ბიოლოგიური საწყისის ექსცესია. 

სულიერ თვითშეგნებაზე მობილიზებული და მომუშავე ადამიანი კი საკუთარ თავს ყოველ წამს ქმნის და მაშინვე ავიწყდება ის - ჩვენ სინამდვილეში ტრანზიტულდენადი არსებები ვართ და რაც კი სტატიკად გვევლინება და აღიქმება ყველაფერი ილუზიაა… 

ს.ს. - რა კითხვა გაქვთ გულის სიღრმეში მუდმივად?

გ.ე. - რა არის ის, რაც ასეთი შეპყრობილობით მამოძრავებს მხოლოდ წინ… 

ს.ს. - რა არის თქვენთვის ადამიანში ამოუხსნელი?

გ.ე. - ადამიანის “აქ” მისიის რაობა - ვის და რას ემსახურება ეს ყველაფერი. ვინ იღებს რეალურ ტკბობას “პერფორმანსით”…

ს.ს. - რა არის ცხოვრება?

გ.ე. - აბსურდის ექსტატური სილამაზე.

ს.ს. - როგორ ქალს თვლით ლამაზ ქალად? როგორი სილამაზეა თქვენთვის ქალური სილამაზე.

გ.ე. -  ქალი ეროსის კარიბჭეა და მან ეს იცის - სამყაროსთან გაერთიანების შანსი არ არსებობს მის გარეშე და ეს “კარტა” მას მყარად უჭირავს ხელში! სილამაზე სულის საფუძვლის მოშლის ცდუნება და დინებაში გადასვლა… ქალი კარიბჭეა - კიდევ ვიმეორებ. 

ს.ს. - რა ფასი აქვს ტკივილს?

გ.ე. - გადალახო ზღვარი, სადაც ტკივილი ტკბობად იქცევა და ამით ბინარულობა მთავრდება… თუ ვინმეს ამის გაგება უნდა - ნახოს ლარს ფონ ტრიერის “ნიმფომანიაკი”. 

ს.ს. - რას ნიშნავს საყვარელ ადამიანთან განშორება?

გ.ე. - არ ვიცი - მე მიყვარს ადამიანი, ვინც ჩემს ტერიტორიაზე შემოდის. რომ გადის, ის მავიწყდება. თუ ისევ შემოდის, ისევ გულის მთელი ძალებით მიყვარს - ჩრდილებს, აჩრდილებს და უსხეულო სულებს არ ველტვი.

ს.ს. - რა გაძლევთ ხოლმე ენერგიას?

გ.ე. -  უზარმაზარი (ზღვარმოხსნილი) სივრცის დანახვა: ფიზიკურის (ზღვა, მთები, ცა, კოსმოსი, ველი…); მენტალურის (ტექსტებში); განცდაში (სიყვარულის დროს). 

ს.ს. - რა დამოკიდებულება გაქვთ სიკვდილთან? რას გრძნობთ მასზე ფიქრისას.

გ.ე. - დიდხანს ჩემი უძვირფასესი მასწავლებელი იყო - მაგრამ მერე დავვახლოვდით და სიკვდილი ბევრად საინტერესო გამოდგა, ვიდრე როგორც მასწავლებელი. ბერგმანთან ერთი გმირი ამბობს - “ერთადერთი რაც მინდა, აბსოლუტურად მკვდარი ვიყო” - მოინდომა “ბიჭმა” მაქსიმალური და ამას ისე ამბობს, თითქოს მოკრძალებული სურვილი ყოფილიყოს. 

ს.ს. - დროის დაბრუნება რომ შეგეძლოთ, გენდომებოდათ?  შეცვლიდით რაიმეს?

გ.ე. -  რაც კი ხდება, ყველაფერი ყველას ცხოვრებაში იდეალურია, რადგან ყველაფერი ადამიანის ზრდას ემსახურება ისე და ისეთი ხერხებით, როგორც ეს ზუსტად შესატყვისია მისი პოტენციისთვის - ალბათ ამიტომაც იძახის ნიცშე - ყველაფერი მეორდება… 

ს.ს. - რა არის ბოლოს და ბოლოს სიყვარული,  რა ძალა აქვს მას,  რა მაგია იმალება მასში? რატომ არის ღმერთი თავად სიყვარული. 

გ.ე. -  სიყვარულის ცნება რომ დააჭუჭყიანა ადამიანმა, ასე არაფერია გასვრილა სამყაროში. იმ გაგებით, როგორც ადამიანი დღეს ხმარობს ამ სიტყვას, მას სრულიად გადამეტებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული და სწორედ ამიტომ გვეუბნება იოგა: გიყვარდეს, მაგრამ ნამეტანი არ ქნა, რომ დაბმული არ გახდე რამეზე ან ვინმეზე (ანუ კონკრეტულობებზე)! 

აი ღვთაებრივი გაგებით კი (რის აზრზეც ჩვენ საერთოდ არა ვართ!), რასაც “უპირობო სიყვარული” ჰქვია - ეს სრული და შეუქცევადი გაცემაა და საკუთარი თავის სამყაროში მსხვერპლად განწოვა…

ესაუბრა სოფო სუდაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^