Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისია თამარ მეფე? ► ფემინსტრიმი

29 მაისი 2019

მოუსმინეთ თამთა მელაშვილის პოდკასტს:

„გიფიქრიათ იმაზე, რატომ ვერ გახდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი ქალი ფემინიზმის ან ფემინისტური მოძრაობის სიმბოლო? ან თუნდაც - ქალის სიმბოლო? რატომ ვერიდებით მის „გაჩვენიანებას”  თავად ფემინისტები?

ამ პოდკასტით შევეცდები ამ კითხვებს გავცე პასუხი. ეს თამარ მეფის და მის გარშემო არსებული ძალაუფლებრივი ურთიერთობების და შემდგომში,  მათი ისტორიაში ასახვის ფემინისტური დეკონსტრუქციის მცდელობა  იქნება.

მოდით, მე-19 საუკუნიდან დავიწყოთ, როცა თამარ მეფე საკვანძო სიმბოლო გახდა ილია ჭავჭავაძისა, თუ სხვა თერგდალეულების ნაციონალისტურ სცენარებსა და პროექტებში. როგორც წესი, ნაციონალისტური პროექტები უკიდურესად მასკულინურია, ისინი კაცების მიერ კაცებისთვის იქმნება, აქ კაცები არიან სუბიექტები, ქალებს კი უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვთ - როგორც  დედებს, აღმზრდელებსა თუ კერიის „ანგელოზებს“. ამ სცენრებში კაცები იცავენ სამშობლოს, მის ღირსებას და „თავის“ ქალებს. ასეთ პროექტებს ძალიან სჭირდებათ ქალი სიმბოლოები - თამარ მეფე კი, ამ მხრივ, საუკეთესოა ერთიანი, ძლევამოსილი საქართველოს სურათხატის აღსადგენად და დასამკვიდრებლად. ნაციონალისტურ ნარატივებში თამარ მეფე ხან ქართველთა დედაა, ხან თავად საქართველო - ის საქართველოს ღირსებაა, საბოლოო ჯამში, კი ქართველი კაცების ღირსების ხატება. ამიტომაც, მისი იმიჯის დაცვა კაცების ღირსების დაცვის საკითხია. ამ ნარატივებში თამარ მეფე მთლიანად წაშლილი და ტაბუირებულია როგორც ქალი, ის დედოფალიც კი არაა - ის მეფეა.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირში სიტუაცია ოდნავ, ფასადურად იცვლება. ქართული ისტორიოგრაფია, რომელიც მეტწილად, საბჭოთა ისტორიოგრაფიაა, ამ პერიოდიდან იწყებს თამარ მეფით, როგორც ქალი მონარქით მანიპულირებას და ერთგვარ თავმოწონებასაც. ამისთვის ის წარმატებულად იყენებს „ვეფხისტყაოსანსაც“. ლეკვი ლომისა სწორი, ძუ იქნება თუ ხვადი - ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი საუკუნის წინ არსებობს. ეს სალბუნად ედება, ერთი მხრივ, საქართველოს როგორც საბჭოთა რესპუბლიკებიდან განსაკუთრებულის და გამორჩეულის  შოვინისტურ სურათხატს - თამარ მეფე სხვას არავის ჰყავს, და მეორეს მხირვ,  საბჭოთა გენდერულ პოლიტიკასა თუ ნარატივს იმის შესახებ, რომ აქ გენდერული თანასწორობა უკვე მიღწეულია, ქალი კი კაცის თანაბარი. ამის  გამოძახილია დღესაც ღონიერი  დისკურსი ქალების საწინააღმდეგოდ: თამარ მეფის ქვეყანაში ქალი ჩაგრული არ არის და ვერც იქნება.

თუმცა, ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია თამართან მიმართებაში აქა-იქ დესტაბილიზირდება ხოლმე, პატარ-პატარა მორალური პანიკების ფონზე, ძირითადად, მეფის გენდერთან და სექსუალობასთან დაკავშირებით. ის ბეჯითი გულმოდგინეობით მიაწერს თამარს ტრადიციულ ქალურ როლებს, ხშირად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ქსოვდა, კერავდა და ქარგავდა მეფე, ხოლო მის სექსუალობას ტაბუირებულს ხდის, სხვათაშორის, ერთგვარი ხრიკით - მისივე შვილთან, რუსუდან დედოფალთან შეპირისპირებით. წარმოაჩენს რუსუდანის თავისუფალ და აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, უწოდებს მას „გარყვნილს“  და ასე უსვამს ხაზს თამარის სიწმინდეს და ხელშეუვალობას.  

ქართველ ისტორიკოსებთან თამარი წმინდა რჩება მის ორივე ქორწინებაში. ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ქორწინება იმ დროს პოლიტიკური გარიგებების ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია და რა თქმა უნდა, დუმილია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გარიგეგებში ქალები - ქალიშვილები, დები და ხანდახან ცოლებიც, გაცვლით საქონელს წარმოადგენენ. მათ შორის თამარ მეფეც, განსაკუთრებით, პირველი ქორწინების შემთხვევაში. არავინ საუბრობს იმაზეც, რომ თუ კი იმ დროს, ქალს ოდნავ მაინც მიუწვდება ხელი ძალაუფლებაზე, ეს ისევ კაცების გავლით ხდება  - შვილების, ქმრების ან ძმების საშუალებით.

თამარ მეფე, ამ მხრივ, ოდნავი გამონაკლისია. მას მამა - გიორგი მესამე ნიშნავს თანამოსაყდრედ თავისივე სიცოცხლეში, მაგრამ არა თამარის პოლიტიკური და დიპლომატიური უნარების გამო, რომელიც მან ბევრ კრიზისულ სიტუაციაში გამოავლინა, არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას ძმა არ ჰყავს. მოგვიანებით თამარს „უმართლებს“ და ეყოლება ვაჟიშვილი, ტახტის მემკვიდრე და სარდალი. ქვეყანას სარდალი აუცილებლად სჭირდება, თამარი კი როგორც ქალი, არასოდეს ყოფილა საქართველოს სარდალი.

ასე იქმნებოდა თამარ მეფე კაცებით და კაცებთან მიმართებაში. სხვა თუ არაფერი, შემორჩენილი და ცნობილი ფრესკებიდან, ის ყოველთვის კაცებთან - მამასთან ან შვილთან, ან ორივესთან ერთადაა გამოსახული. ამ ფრესკებზე არსადაა მისი ქალიშვილი, რუსუდანი.

თამარ მეფე კაცებისაა. ის კაცების შექმნილია და მათი საკუთრება. მასზე კაცები ჰყვებიან, მათ შორის მისი თანამედროვე ისტორიკოსები. თამარზე კაცები წერენ დისერტაციებს, წიგნებს, ლექსებს და პოემებს, მას კაცები რაცხავენ წმინდანად, კაცები უმღერიან, კაცები განადიდებენ, კაცები აკერპებენ, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარ თავზე სიმღერაა, საკუთარ წარმოსახვით ძლიერებაზე ზრუნვა, საკუთარი ღირსების განდიდება.

ამიტომაც ვერ გახდა თამარი ფემინისტური სიმბოლო.  ისე დაეპატრონნენ კაცები, რომ მისი „მოპოვება“ ძალიან რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი - პირველ რიგში, ისტორიის ფემინისტური წაკითხვით და ინტერპრეტაციით, არტით და მათ შორის, მისი პროვოკაციული ფორმებით. სხვანაირად, თამარ მეფე ძალიან მარტოა ჩვენ გარეშე კაცებთან დარჩენილი. 

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

--------------------------------------------------------------------------------------

პროექტს  “ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

რა იქნება შემდეგ?

ქართული ოცნება შვიდი წელი ცდილობდა ეთამაშა ნეოლიბერალიზმი ადამიანური სახით, მაგრამ პირველივე კრიზისულ ვითარებაში თვალები ...
19 ივნისი
19 ივნისი

სად ვიყავით ქალები ?!► ფემინსტრიმი

მოუსმინეთ სოფო კილასონიას პოდკასტს:  „...ეს მარტა როსლერის სამზარეულოში ფუსფუსის ხმაა. მაგრამ სადილს არ ამზა ...
14 ივნისი
14 ივნისი

„გურულებმა სუნთლა გადარიენ ამერიკა!” - გ ...

მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. ...

მეტი

^