Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეღვინეობა „შილდა“ - ღვინის ენერგოეფექტური საწარმო საქართველოში

28 მაისი 2019

კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში უკვე მეხუთე წელია მუშაობს ღვინის საწარმო - „შილდა“. ქარხანა ყოველ სეზონზე 2000 ტონა ყურძენს იბარებს და წელიწადში 25 სახეობის დაახლოებით 1,4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად - წელიწადში 63 ათასი ევროს (72 ათასი აშშ. დოლარის) დაზოგვა შეძლო. „შილდას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე. 

ენერგიის დაზოგვა

ევროკავშირის მხარდაჭერის მქონე პროგრამის, ენერგოკრედიტის ფარგლებში კომპანიამ კომერციული ბანკისგან სესხი მიიღო, რათა ენერგოეფექტური ტექნიკა შეეძინა. შეძენილი გადამამუშავებელი, შემნახველი, სიცივით დამუშავებისა და სხვა სახის დანადგარები (ტექნიკის 80%) „ენერგოკრედიტის“ ექსპერტებმა ენერგოეფექტურად მიიჩნიეს.

ასევე კომპანიამ ევროკავშირის გრანტის სახით ენერგოკრედიტის პროგრამისგან მიიღო ქეშბექი (ენერგოეფექტურ დანადგარებში გადახდილი თანხის 10%), რამაც პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.

„შილდას“ დირექტორი მერაბ მიქაშავიძე ამბობს, რომ კომპანიამ ახალი აღჭურვილობით მოგება უკვე ნახა - „მაგალითად, ჩვენი მადუღარი ცისტერნის ენერგომოხმარება დაახლოებით კილოვატ-ნახევარია. წინამორბედი დანადგარები კი, რომლითაც საქართველოში არსებული მეღვინეობის ქარხნების დაახლოებით 70%-ია აღჭურვილი, 15 კილოვატს მოიხმარს - ანუ ამავე ოპერაციის შესასრულებლად 10-ჯერ მეტი ენერგია სჭირდება“.

 ქარხნის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ჭიჭაძე ეთანხმება მას და განმარტავს, რომ ენერგოეფექტური სამაცივრე დანადგარები კომპანიას დიდ შეღავათს უწევს, რადგან, თუ ძველი ტიპის მაცივარი საათში დაახლოებით 500 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარდა, კომპანიის საკუთრებაში არსებული მაცივრები 200 კვტ-ს მოიხმარს.

ჭიჭაძე აღნიშნავს, რომ დღეს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნათურებიც კი ენერგოეფექტურია: „შილდაში“ ვარვარების ნათურის ნაცვლად ლედ ტიპის სანათებს იყენებენ. მისივე თქმით, თუ სპირალიანი ნათურა საათში 1 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, ლედ სანათი 200 ვატს მოიხმარს, რაც 5-ჯერ ამცირებს ხარჯს. გარდა ამისა, ლედ სანათი უფრო მდგრადია არასტაბილური ძაბვისას და უფრო დიდხანს მუშაობს.

„როდესაც ენერგოეფექტური საწარმო გაქვს, გიიაფდება პროდუქტის თვითღირებულება. თვითღირებულება როგორც კი გიმცირდება, ეს ავტომატურად კონკურენტუნარიანს გხდის ბაზარზე. ეს ხარისხზეც მოქმედებს, მოგება გეზრდება, შეგიძლია სხვადასხვა ბაზარზე გასვლა... როცა მეპატრონეს მეტი მოგება რჩება, მერე თანამშრომლების ხელფასები იზრდება. ეს ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება და ენერგორესურსებზეც“.

მაგალითი სხვებისთვის

„შილდას“ პროდუქცია უკვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და ადგილს ჩინეთის, ყაზახეთის, ბელგიის, უკრაინისა და რუსეთის ბაზარზე იმკვიდრებს. ქარხნის ეზოში კომპანიამ ტურისტული ზონა - რესტორანი ააშენა და ჯამში 61 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მიხეილ ხმელიძე „შილდას“ მთავარი მეღვინეა. მას ამ სფეროში 22-წლიანი გამოცდილება აქვს და ამბობს, რომ ახალი დანადგარები მისთვის ტექნოლოგიური პროცესის მართვას ამარტივებს.

„ძალიან მოსახერხებელია. აქ არსებული ტექნიკა ძირითადად 2016-17 წლებისაა, ეს ტექნოლოგისთვის მნიშვნელოვანია. ასევე ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება მეღვინისთვის მთავარი კომფორტია, რომელიც ამ კომპანიამ შემიქმნა. ვმუშაობ ისეთ ჯიშებთან, როგორიცა: რქაწითელი, ხიხვი, საფერავი და სხვა“.

კომპანიის ინფორმაციით, ქარხანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, რადგან ყურძნის 100%-ს სწორედ ადგილობრივი მეურნეებისგან იბარებენ.

ნიკა ჭიჭაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს გააზრებული არ აქვს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა, „ენერგოკრედიტის“ მსგავსი პროგრამები კი წაახალისებს მსგავს მიდგომებს. „ვიღაცამ თუ არ წამოიწყო და ხალხმა არ ნახა, რამდენად მნიშვნელოვანია და რა კარგია, მაშინ რეალურად ვერავინ გაიგებს და ვერ გამოცდის“.

ენერგოკრედიტი ენერგოეფექტურობისთვის

ენერგოკრედიტის პროგრამა EU4Energy ინიციატივის ნაწილი იყო, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებდა. პროგრამის მიზანი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მდგრადი ენერგოპროექტების მხარდაჭერა იყო, პროგრამის ფარგლებში სესხი მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე გაიცემოდა, თუკი წარმოდგენილი პროექტი ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ იქნებოდა მიმართული.

როგორც „ენერგოკრედიტის“ პროექტის ადგილობრივი ხელმძღვანელი, გიორგი

ზურაშვილი ამბობს, ევროკავშირისა და EBRD-ის თანამშრომლობა 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა გამოიჩინა კეთილი ნება, დახმარებოდა EBRD-ს

ენერგოეფექტური ინვესტიციების წახალისებაში. მისი თქმით, ჯამში 108 მილიონი ევრო (120 მილიონი აშშ დოლარი) გამოიყო, რომელიც სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე იყო გადანაწილებული. აქედან ყველაზე მეტი, 69 მილიონი ევრო  საქართველომ აითვისა. თითოეული საკრედიტო ხაზი გამოყოფილი იყო საწარმოო, კომერციული და სამოქალაქო მსესხებლებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო შესაძლებლობების განსახორციელებლად. როგორც ზურაშვილი ამბობს, თანხის დაახლოებით 50% სამომხმარებლო სექტორზე, ხოლო დანარჩენი ბიზნესზე გადანაწილდა. 

მისი განმარტებით, კლიენტებზე, რომლებიც ენერგოეფექტურ პროდუქტს შეიძენდნენ, ევროკავშირი 10%-დან 15%-მდე კომპენსაციას გასცემდა.

„მაგალითად, თუ კლიენტს ჰქონდა მის მიერ ინიცირებული მზა პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ენერგოეფექტურობა და იღებდა კრედიტს, ამ კრედიტის ათვისებისა და პროექტის დასრულების შემდეგ, ის იღებდა 10%-იან ქეშბექს. ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც ექსპერტები შეამოწმებდნენ და დაადასტურებდნენ, რომ პროექტი პროგრამის ენერგოეფექტურობის სტანდარტების მიხედვით განხორციელდა“.

მეორე სქემის მიხედვით კი, თუ მსესხებელს ჰქონდა პროექტი, რომელიც არ შეესაბამებოდა ენერგოკრედიტის კრიტერიუმებს, მას შეეძლო დახმარება ეთხოვა პროექტის დახვეწაში. ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში კლიენტი 15%-იან სუბსიდიას მიიღებდა ევროკავშირისგან.

როგორც გიორგი ზურაშვილი ამბობს, ბანკის კლიენტები მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა მსესხებლები, უფასოდ იღებდნენ სპეციალისტთა რეკომენდაციებს და ენერგოაუდიტის მომსახურებას და საკმაოდ ბევრმა ორგანიზაციამ გამოხატა სურვილი, რომ ასეთი სერვისი მიეღო. ზურაშვილი დასძენს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ენერგოაუდიტის ჩატარება კომპანიებისთვის ფასიანი, სავალდებულო ნორმაა.

„იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც ეს აუდიტები მიიღეს, რა თქმა უნდა, შემდგომში პროექტიც გააკეთეს და ის 15%-იანი პრემიუმგრანტიც მიიღეს, რადგან ჩვენი დასკვნა გაითვალისწინეს“, - ამბობს ზურაშვილი და აღნიშნავს, რომ კორპორატიული კლიენტების მხრიდან პროექტები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: სასტუმრო, წარმოება - მეტალურგიით დაწყებული მეღვინეობით დამთავრებული, წყლისა და ბუნებრივი აირის მომწოდებლები და ა.შ.

კომპანიებმა შეძენილი ენერგოეფექტური ტექნიკის მეშვეობით სხვადასხვა სახის ენერგია დაზოგეს, ან იმავე რაოდენობის ენერგიის მოხმარების ხარჯზე გაზარდეს წარმოება. კომპანიებთან ერთად 40 ათასზე მეტმა ოჯახმა მიიღო სესხი ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, შედეგად კი ბევრმა ადამიანმა გაიაზრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე ერთპიროვნულად პასუხისმგებელია ავტორი და შინაარსი შეიძლება საერთოდ არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 სექტემბერი
12 სექტემბერი

ბრექსიტი - რატომ არის ირლანდიის სასაზღვრ ...

როდის, როგორ ან საერთოდ დატოვებს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს, კვლავ გაურკვეველია. 2016 წლიდან მოყოლებული, კო ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

სელექციის „სიამენი"

დიდი შეჯიბრებისთვის გუნდის შერჩევა რთული საქმეა. რთული და უმადური. თან, რაც უფრო მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება მწვ ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

„ერთიანი რუსეთის“ Fake-დემოკრატია

კვირას რუსეთში ჩატარდა ე.წ. „ერთიანი არჩევნები“, როდესაც მოქალაქეები ერთდროულად ირჩევენ სხვადასხვა დონის რეგიონული თუ მუ ...

მეტი

^