Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯერომ სელინჯერი - მწერალი ბავშვური ოცნებებით

17 მაისი 2019

ჯერომ სელინჯერი, დიდი ამერიკელი მწერალი, 1919 წლის 1 იანვარს, ნიუ-იორკში დაიბადა. მამა ლიტვური წარმოშობის ებრაელი, შებოლილი ხორც-პროდუქტებითა და ყველით ვაჭრობდა; დედა ირლანდიურ-შოტლანდიური წარმომავლობის ქალი იყო. ჯერომს ერთადერთი დედმამიშვილი, 8 წლით უფროსი და ჰყავდა.

მამას სურდა, რომ შვილისთვის კარგი განათლება მიეცა, ამიტომაც ჯერომმა ველი ფორჯის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. სხვათა შორის, სწორედ აქ შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი – სკოლის ჰიმნისთვის სამი სტროფი დაწერა. ველი ფორჯში ეს ჰიმნი დღემდე სრულდება.

1937 წლის ზაფხულში, როგორც თავისუფალი მსმენელი, სელინჯერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. მალევე, მამასთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ძეხვის დამზადების ტექნოლოგიას სწავლობდა. პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ მას მამის საქმე უნდა გაეგრძელებინა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1939 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სხვადასხვა საგნებთან ერთად, გაიარა კურსი მოკლე მოთხრობის შესახებ, რომელსაც ჟურნალ „სთორის“ რედაქტორი, უილიამ ბერნეტი კითხულობდა. მომავალში თავად სელინჯერი აღნიშნავდა, რომ პრაქტიკაში ეს კურსი ძალიან გამოადგა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერომ სელინჯერს არც სწავლის დიდი სურვილი გამოუმჟღავნებია და არც ამბიციური კარიერული მისწრაფებები ჰქონია, რაც გახდა კიდეც მამის განაწყენების და მისი ოჯახიდან წასვლის მიზეზი.

ამავე პერიოდში წარუმატებელი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იუჯინ ო’ნილის ქალიშვილთან, უნასთან, რომელმაც სულ მალე ჩარლი ჩაპლინი გაიცნო და სწორედ მას გაჰყვა ცოლად.

1942 წელს სელინჯერი არმიაში გაიწვიეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საოფიცრე-სასერჟანტო სკოლაში (კავშირგაბმულობის სამსახური) მოუხდა სწავლა. მომდევნო წელს კი, სერჟანტის ჩინით, კონტრდაზვერვის სამსახურში გაამწესეს და ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში გაგზავნეს. და აი, 1944 წლის 6 ივნისს, სერჟანტი სელინჯერი, კონტრდაზვერვის მე-12 ქვეითი პოლკის წევრი, მონაწილეობას იღებს მეორე ფრონტის გახსნაში – ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმაში. მუშაობდა სამხედრო ტყვეებთან და უშუალოდ მონაწილეობდა რამდენიმე, მათ შორის, დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებაში.

ფრონტზე სელინჯერი სამხედრო კორესპონდენტსა და მწერალს – ერნესტ ჰემინგუეის შეხვდა. მისმა პირადმა თვისებებმა და წერის მანერამ, სელინჯერზე დიდი გავლენა მოახდინა.

მესამე რაიხზე გამარჯვების შემდეგ, ჯერომ სელინჯერი საბრძოლო, ფსიქოლოგიურ ტრავმას მკურნალობდა. როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ანტინაცისტი იყო, გერმანიაში სელინჯერმა ნაცისტური პარტიის ფუნქციონერ ქალზე იქორწინა, თუმცა ქორწინება მალევე, მწერლის ინიციატივით დასრულდა.

მისი შემოქმედებითი კარიერა ნიუ-იორკის ჟურნალ-გაზეთებში მოკლე მოთხრობების გამოქვეყნებით დაიწყო. პირველი მოთხრობა – „ახალგაზრდა ადამიანები“ მისი ლექტორის, უილიამ ბერნეტის ჟურნალ „სთორიში“ გამოქვეყნდა. 1941 წელს მისი ნაწარმოებები „The New Yorker“-ში იბეჭდებოდა. ამავე პერიოდში ძენ-ბუდიზმის შესწავლა დაიწყო. პირველი სერიოზული წარმატება მოკლე მოთხრობამ – „ბანანათევზის ამინდმა“ მოუტანა, რომელშიც ახალგაზრდა კაცის – სიმორ გლასის და მისი მეუღლის ცხოვრების ერთი დღეა აღწერილი.

მწერლის პირველი და ერთადერთი რომანი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, ან „თამაში ჭვავის ყანაში“ (უფრო ზუსტი სათაური – „დამჭერი ჭვავის ყანაში“ მგონია), 1951 წლის 16 ივლისს გამოიცა. რომანი, რომელზეც ავტორი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, კრიტიკამ დადებითად შეაფასა.  

ეს წიგნი დღემდე უფროსკლასელებსა და სტუდენტებში საოცრად პოპულარულია, რომანის მთავარი გმირი ჰოლდენ კოლფილდი კი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, რადგან მასში მწერალმა სწორედ უფროსკლასელებისა და სტუდენტების გუნება-განწყობები ასახა.

მიუხედავად ამისა, გამოცემიდან ცოტა ხანში, დეპრესიულობისა და უცენზურო ლექსიკის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში წიგნი აიკრძალა. დღეს ამ ნაწარმოების მიმართ დამოკიდებულება სრულიად შეცვლილია და აშშ-ის არაერთ სკოლაში, რეკომენდებული ლიტერატურის სიაშია შესული.

1961 წლისთვის, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ 12 ქვეყანაში, მათ შორის საბჭოთა კავშირში იყო გამოცემული, რამაც დიდი ბუმი გამოიწვია.

რომანის გამოცემამდე, სელინჯერს 26 ნაწარმოები ჰქონდა გამოქვეყნებული, მათ შორის 7 მოთხრობა იმ ცხრიდან, რომელიც 1973 წელს ცალკე წიგნად („ცხრა ამბავი“) გამოვიდა. 1960 წელს გამოქვეყნდა მისი შესანიშნავი მოთხრობები „ფრენი და ზუი“, „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“. ამ მოთხრობის პერსონაჟები ავტორმა საკუთარი იდეების გამტარებად გამოიყენა და მათი პირით ზომიერ მისტიციზმსა და ბიტნიკების ნიჰილიზმს ქადაგებდა.

1955 წელს 36 წლის სელინჯერი სტუდენტ კლერ დუგლასზე დაქორწინდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მწერლის ცხოვრებაში – ოჯახს უმძიმეს პირობებში, ქოხში აცხოვრებდა, სადაც არც გათბობა ჰქონდათ და არც წყალი. მიუხედავად იმისა, რომ შვილები არ უნდოდა, როგორც მისი მეუღლე იხსენებდა, მარგარეტისა და მეთიუს დაბადების შემდეგ, სელინჯერი შვილებს სიამოვნებით ეთამაშებოდა.

ოჯახის მიმართ სელინჯერი უცნაურად იქცეოდა, როდესაც ქალიშვილი მარგარეტი, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა, მძიმედ გახდა ავად, მამა ექიმის მოწვევაზე უარს ამბობდა. შემდგომში, მწერლის ცოლი, კლერი ქალიშვილს გამოუტყდა, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რადგან ხედავდა როგორ უკვდებოდა შვილი, ამ დროს კი ჯერომი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ექიმის მოყვანას. როგორც ჩანს, ომისდროინდელი ტრავმა მწერალ სელინჯერზე მძიმედ მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სელინჯერის რომანი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, ავტორი საკუთარ თავში ჩაიკეტა და განდეგილობას მიმართა, აღარც ინტერვიუებზე თანხმდებოდა. 1965 წლის შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა ნაწარმოებების გამოქვეყნება. სხვათა შორის სელინჯერმა აკრძალა მისი ადრეული ნაწარმოებების გამოქვეყნება, რომელიც „ბანანათევზის ამინდამდე“ ჰქონდა დაწერილი. ამავდროულად, საკუთარი სახლის გარეშემო ვეებერთელა კედელი ააგო, მიმართავდა სხვადასხვა სულიერ პრაქტიკას და პრაქტიკულად შეწყვიტა გარესამყაროსთან ურთიერთობა.

ასე, მისტიურ საბურველში გახვეული, 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა მწერალი, რომელმაც შეძლო, ეჩვენებინა, თუ როგორია იდეალებით სავსე ახალგაზრდა კაცის დაპირისპირება დიდების, ანუ სისასტიკისა და გარეწრობის სამყაროსთან.

„კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“

არაერთი თვალსაზრისით, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ განსაკუთრებული რომანია და საერთოდაც, XX საუკუნეში ცოტაა იმ ტიპის შედევრები, რომლებიც ახალგაზრდებს, მათ გრძნობებს, პროტესტს, მიუღებლობას, მაქსიმალიზმს და იმ ყველაფერს აღწერს, რასაც ჰოლდენ კოლფილდის სახეში ვხედავთ. ალბათ სწორედ ამიტომაც იქცა ეს რომანი ახალგაზრდების მთავარ წიგნად.

ჩვენი მთხრობელი კლინიკაში მოხვედრილი 17 წლის ჰოლდენ კოლფილდი გვიყვება ამბებს, რომელიც 1949 წლის ზამთარს, მორიგი სკოლიდან გარიცხვის შემდეგ გადახდა თავს.

რა თქმა უნდა, მისი ემოციებისა და მონათხრობის შინაარსის მოყოლა სრული უაზრობაა, თუმცა ამ რომანში არის პასაჟები, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, პირველ რიგში კი სიმღერას, რომელიც რობერტ ბარნსის ლექსით არის ნაკარნახევი – „ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში“...

ამ სიტყვების მოსმენაზე ჰოლდენ კოლფილდს გულზე მოეშვა, ნაღველი გადაეყარა, მან საკუთრი ოცნება აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სხვების სიგიჟედ მოეჩვენოთ, თვალწინ უდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები ჭვავის ყანაში. ათასობით ბავშვს, მის გარდა, თან არავინ ახლავს. ჰოლდენი საშინელი ციცაბო კლდის პირას დგას და ბავშვებს იჭერს ჭვავის ყანაში, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. აი, სულ ესაა, რაც უნდა, რაც ეოცნებება...

ფაქტია, ამ ჯერომ სელინჯერს სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები, მგონი, სულაც ეს იყო მისი ერთადერთი სიყვარული.

სხვათა შორის, ამ შესანიშნავ ნაწარმოებში, სელინჯერის ადრეული მოთხრობების არაერთ ელემენტს ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას დაწერილი მოთხრობა „ახალგაზრდა ადამიანები“, რომლის ერთ-ერთი გმირი საოცრად წააგავს სალი ჰეისს, ხოლო 1941 წელს დაწერილი მოთხრობა „მსუბუქი ჯანყი მედისონ ავენიუზე“, შემდეგში ამ რომანის მე-17 თავად იქცა.

სწორედ „მსუბუქი ჯანყი მედისონ ავენიუზე“ იყო პირველი მოთხრობა, სადაც სელინჯერის რომანის მთავარი გმირი – ჰოლდენ კოლფილდი გამოჩნდა. მეორე მოთხრობაში, რომელსაც „მე შეშლილი ვარ“ ეწოდება, მომავალი რომანის ორი ეპიზოდი გვხვდება: ჰოლდენის გამომშვიდობება ისტორიის მასწავლებელთან და მისი დიალოგი თანაკლასელის დედასთან.

და აი, 1949 წელს, „The New Yorker“-მა მიიღო სელინჯერის 90-გვერდიანი ხელნაწერი, რომელშიც, როგორც ჩანს, ცენტრალური ფიგურა ჰოლდენ კოლფილდი იყო, მომავალში „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“-ს მთავარი გმირი. თუმცა, ავტორმა ხელნაწერი უკან გამოითხოვა და შემდგომში, 1951 წელს რომანის სახით გამოსცა. რომანის, რომელიც ასე ძლიერ უყვართ ახალგაზრდებს.

რა თქმა უნდა, ჯერომ სელინჯერის ერთადერთ რომანში არაერთი ავტოგრაფიული ელემენტი გვხვდება. რაც მთავარია, ჰოლდენ კოლფილდის ოცნება სელინჯერის ოცნებაა: გააჩეროს მანქანა და რამდენიმე დღეში შუაგულ დასავლეთში ამოჰყოს თავი, სადაც არავინ იცნობს. რამე საქმეზე მოეწყობა, მაგალითად, ბენზინ გასამართ სადგურზე იმუშავებს, თავს კი ყრუ-მუნჯად გაასაღებს, რითაც ხალხთან ყოველგვარ სულელურსა და უსარგებლო ლაქლაქს დააღწევს თავს – „ფულს ვაგროვებ, სადმე ქოხს ავიშენებ და იქ გავატარებ მთელ ჩემს სიცოცხლეს. ქოხს ტყის ნაპირას დავიდგამ, შიგ ტყეში არა, რადგან სულ მზეში მინდა ვიყო. საჭმელს მე თვითონ მოვიმზადებ. უფრო მოგვიანებით კი, ცოლის შერთვა თუ მომინდა, გამოვძებნი ვინმე ლამაზ გოგოს, ჩემსავით ყრუ-მუნჯს, და შევირთავ. ისიც ჩემთან ერთად იცხოვრებს ქოხში, და რამის თქმა თუ დასჭირდა, მაინც სხვებივით ქაღალდზე უნდა დამიწეროს. ბავშვები თუ გაგვიჩნდა, სადმე გადავმალავთ. წიგნებს ვუყიდით და ჩვენ თვითონვე ვასწავლით წერა-კითხვას“.

აი, ესაა ოცნება პერსონაჟისა, რაც ავტორმა რეალურ ცხოვრებაში განახორციელა...

საინტერესოა ისიც, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1961 წლიდან 1982 წლამდე, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ აშშ-ის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში რამდენჯერმე აიკრძალა. ამკრძალავებს არ მოსწონდათ უხეში ენა, სექსის ხსენება, მათ შორის სცენა სექსმუშაკ ქალთან და ა.შ. ამტკიცებდნენ, რომ ჰოლდენ კოლფილდი ახალგაზრდობას ცუდ მაგალითს აძლევდა, რადგან ბავშვებს უღვიძებდა მისწრაფებებს ბუნტისკენ, აჯანყებისკენ, სიმთვრალისა და გარყვნილებისკენ. საბოლოო ჯამში, როგორც მოსალოდნელიც იყო, აკრძალვამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და რომანის მიმართ ინტერესი პრაქტიკულად არასდროს განელებულა.

აღსანიშნავია, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის რომანებს სკანდალები მუდამ თან ახლავს. მაგალითად, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯონ ლენონის მკვლელის, მარკ ჩეპმენის სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა სწორედ სელინჯერის რომანი აღმოაჩინეს, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა „ეს არის ჩემი განცხადება, – ჰოლდენ კოლფილდი“.

ამავე დროს, სწორედ ეს წიგნი აღმოაჩნდა რობერტ ჯონ ბარდოს, რომელმაც ცნობილი მსახიობი ქალი – რებეკა შეფერი მოკლა.

ასევე, საინტერესო ამბავი მოხდა 2009 წელს, როდესაც შვედმა მწერალმა, ფრედრიკ კოლტინგმა ჯონ დევიდ კალიფორნიას ფსევდონიმით გამოსცა წიგნი „60 წლის შემდეგ“, რომელშიც სელინჯერის მთავარი პერსონაჟი ჰოლდენ კოლფილდი ასაკშია, ნიუ-იორკში დადის და წლების წინ მომხდარ ამბებს იხსენებს. 

სელინჯერმა დიდი ხმაური ატეხა და მიაღწია იმას, რომ აშშ-სა და კანადაში შვედი ავტორის წიგნი აიკრძალა. თუმცა, დრო გადის და ეს წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. წიგნიც საინტერესოა, თუმცა უფრო საინტერესო ის ამბავია, თუ როგორი უცნაური გაგრძელება აღმოაჩნდა XX საუკუნის ერთ-ერთი მთავარ ლიტერატურულ პერსონაჟს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^