Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელების მიერ ევროკომისიისათვის ალბანეთთან დაკავშირებული მოთხოვნის წაყენება?

12 ივნისი 2019

„ლიბერალი“ გთავაზობთ ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების საბჭოს წევრის იელგერ გროენეველდის თვალსაზრისს.

ჰოლანდიის მთავრობამ ევროკომისიისთვის ალბანელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების მოთხოვნა წარუდგინა, რომლითაც ქვეყანა 2010 წლიდან სარგებლობს. გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი ჰოლანდიის პარლამენტმა დაუჭირა, უკავშირდება ჰოლანდიის ოთხი პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ ინიციატივას, დროებით შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში ალბანელი ეროვნების ადამიანებისთვის.

შეუძლია თუ არა ჰოლანდიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინოს საქართველოს უვიზო მიმოსვლაზე შენგენის ზონაში და რა გამოწვევებთანაა ეს დაკავშირებული?

2017 წლის გაზაფხულიდან ქართველები ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ეს პროცესი თავდაპირველად ერთი წლით დაგვიანდა, რადგან ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შეჩერების მექანიზმის გადახედვა მოითხოვა მანამ, სანამ მეტ ქვეყანას დართავდნენ ნებას უვიზო რეჟიმით ესარგებლათ, რისი მიზეზიც იმიგრაციისა და უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებასთან დაკავშირებული შიშია.  

გადახედვის პროცესმა, რომელიც 2017 წლის ზამთარში დასრულდა, უფრო მეტად გააფართოვა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძვლების არეალი და პროცესის ვადებში შემცირება და ამავდროულად მისი დაჩქარება უზრუნველყო.

უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკების შესახებ მიმდინარე დებატებისას, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება: 1) რეადმისიის/დაბრუნების თაობაზე შემცირებული თანამშრომლობა; 2) რეადმისიის/დაბრუნების განაცხადებზე უარის გაზრდილი სიხშირე; 3) წევრი ქვეყნების საჯარო პოლიტიკას ან შიდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მნიშვნელოვანი ზრდა.

ალბანეთისა და ნიდერლანდების სამეფოს შემთხვევა

აღნიშნული ინიციატივის წინმსწრები საპარლამენტო დებატები თავდაპირველად 2017 წლის ნოემბერში მმართველი ქრისტიან დემოკრატების პარტიის შუამდგომლობით შედგა, რომელიც უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითხოვდა. გასული წლის აპრილის დებატები დაემთხვა ევროპული არჩევნების პოლარიზებულ გარემოს, სადაც ცენტრისტული-მემარჯვენე პარტიები ანტიიმიგრანტი პოპულისტების პოპულიზმით მოგერიებას ცდილობდნენ.

პარლამენტის წევრებმა საკუთარი მოსაზრება ნიდერლანდების სამეფოში ალბანელების ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების და იმ ალბანელების მზარდ რიცხვს დაუკავშირეს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში მოხვედრას სატვირთო მანქანებით ბორანის საშუალებით ცდილობდნენ.

ისინი ამტკიცებენ, რომ ალბანური ორგანიზებული დანაშაული წლების განმავლობაში გაიზარდა არამხოლოდ ნიდერლანდებში, არამედ ზოგადად დასავლეთ ევროპაში და აღნიშნავენ, რომ „ოფიციალურად რეგისტრირებულ ალბანელებზე 6-ჯერ მეტი ალბანელი“, რომელიც ჰოლანდიაში სახლობს, ტურისტული მიზნებით უვიზოდ შედიან და სამუდამოდ რჩებიან ქვეყანაში დანაშაულებრივ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით.

როტერდამისა და ამსტერდამის პოლიციამ, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 2017 წლიდან ითხოვს, უკმაყოფილება გამოხატა იმ სასტიკი და ძალადობრივი მეთოდების მიმართ, რომლებსაც ალბანური ჯგუფები იყენებენ ძლიერი ნარკოტიკების (კოკაინის) შემთხვევებში და ზოგიერთი პარლამენტის წევრის განცხადებით, ქვეყანას „ნარკოსახელმწიფოს“ იმიჯს უმკვიდრებენ.

საწინააღმდეგო აზრის მქონე პარლამენტის წევრების განცხადებით, დაკავებული ალბანელები ძირითადად ევროკავშირის ყალბ პასპორტებს იყენებენ, რაც შეჩერების მექანიზმს არაეფექტურს ხდის. ალბანური ორგანიზებული დანაშულის პრობლემა წინ უსწრებს უვიზო რეჟიმის შემოღებას: სავიზო შეზღუდვები ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს ვერ შეაჩერებს. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ გაძლიერებული ევროპული თანამშრომლობით, მათ შორის ალბანელ ოფიციალურ პირებთან, როგორც ეს მმართველმა ლიბერალურმა D66 პარტიამ განაცხადა:

„… გამოსავალი ევროპულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაშია. ვფიქრობ, საჭიროა ალბანელებთან უკეთესი მუშაობა,ინფორმაციის გაცვლა და იმ ხალხის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არდაშვება, ვინც ვიცით, რომ აქ მოხვედრას სხვადასხვა გზით დანაშაულებრივი მიზნებისთვის ცდილობს. და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას მაინც შეძლებენ, პრობლემა ურთიერთთანამშრომლობით უნდა გადაიჭრას. ვფიქრობ გუშინ თუ გუშინწინ, ჩატარდა Europol-ის ფართომასშტაბიანი კოორდინირებული კამპანია, რა დროსაც, სავარაუდოდ, ალბანური წარმოშობის ბევრი ადამიანი დააკავეს ბელგიაში. ვფიქრობ, რომ ეს არის გამოსავალი“.

ევროკომისიის ბოლო [შეჩერების მექანიზმის] შეფასების ანგარიშის მიხედვით, ალბანეთი, ისევე როგორც საქართველო, თანამშრომლობენ უვიზო მიმოსვლის საკითხების, უკანონო მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით.

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მიიღო მთავრობამ აღნიშნული ინიციატივა და განმარტა, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის არ იყო საკმარისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. ალბანეთში ევროკავშირის დელეგაციამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ ეს მხოლოდ ჰოლანდიის შიდა პოლიტიკის საკითხი იყო: ალბანელებს სანერვიულო არაფერი ჰქონდათ.

თუმცა, ინიციატივას მხარი დაუჭირა 150-დან 105-მა პარლამენტის წევრმა პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელმა, მათ შორის მმართველი ოთხი პარტიიდან სამმა პარტიამ. თავდაპირველი თავშეკავების მიუხედავად, საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა (VVD, ლიბერალ კონსერვატორები) ევროკომისიას შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოსთხოვა, რომლის შეფასებაც, პირველად, ევროკომისიის ვალდებულება გახდა.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იმედს გამოთქვამს, რომ ევროკომისია არ დაუჭერს მხარს ჰოლანდიელების მოთხოვნას. ალბანეთის მთავრობის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის გაუქმების კრიტერიუმები არ არის დაკმაყოფილებული:

„ნიდერლანდების სამეფოში არალეგალი მიგრანტი ალბანეთის მოქალაქეების რიცხვი მუდმივად მცირდება, მაშინ, როცა დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც უკანონო მიგრაცია 50%-ზე მეტი მაჩვენებლით იზრდება. დანაშაულის სტატისტიკაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული“.

დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, არ შეიძლება გამოირიცხოს პოპულისტური სენტიმენტები და სხვა პოლიტიკური ფაქტორები. გასული კვირის მონაცემებით, ევროკავშირი განიხილავს ალბანეთის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების საკითხს, რომელსაც არ ეთანხმება ჰოლანდიის მთავრობა. მან ალბანეთის კანდიდატობას 2013 წელს დაადო ვეტო. კორუფციის, კრიმინალისა და სახელმწიფოს მიტაცების/სახელმწიფო თანამდებობის პირებზე გავლენის მოხდენის პრობლემის კონტექტში, ალბანეთის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებებს დაემატა შესაძლებლობა, უვიზო მიმოსვლის საკითხის გამოყენებით, ქვეყანას აიძულონ კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული გამოწვევა საქართველოსთვის

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საშუალება მოიპოვა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლოდ მთხოვნელთა რიცხვი, სხვა ქვეყნებში მომძლავრდნენ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ან გაიზარდა დანაშაულის დონე თავშესაფრის მაძიებელთა შორის.

უვიზო მიმოსვლის თაობაზე უკანასკნელი ანგარიშში, „მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში“ (დეკემბერი, 2018), ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა პირველი ანგარიშით განსაზღვრული რეკომენდაციები და მიგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმებთან მიმართებით, პროგრესს მიაღწია. საქართველოს ოფიციალური პირები თანამშრომლობენ შენგენის ზონიდან დეპორტირებული მოქალაქეების რეადმისიის პროცესში. ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირის EUROJUST-ის სააგენტოთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაა. დადებითადაა შეფასებული საქართველოს წარმომადგენლების კონსტრუქციული მიდგომა.

თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „ქართული ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფებები ევროკავშირში – განსაკუთრებით კი საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში და შვედეთში – ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის არაევროკავშირის ეროვნების მქონე ყველაზე ხშირი მონაწილეები არიან“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მუდმივად მზარდი ნაკადი სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. 2018 წელს საქართველოდან დაახლოებით 20.000 თავშესაფრის მაძიებელი დაფიქსირდა, მათ შორის 75%-მა ამ თხოვნით შენგენის ზონის 5 სახელმწიფოს მიმართა. თავშესაფრის გაცემის მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა.

იმისათვის, რომ მოგვარდეს საქართველოდან უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რიცხვის პრობლემა შენგენის ზონაში, საქართველოს მთავრობა აქტიურად ცდილობს საქართველო შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვალოს. ამ ეტაპზე შენგენის ზონის 26 ქვეყნიდან 13 ქვეყანა აღიარებს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყანას“ თავშესაფრის მაძიებლის აპლიკაციაში, რაც 2017 წლის შემდეგ გაორმაგებული მაჩვენებელია. ამგვარი სტატუსი, როგორც წესი, ამცირებს თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებს და გასაჩივრების უფლებებს, რაც სტატუსის მინიჭების შანსებსა და შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას ამცირებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია თეორია.

მიუხედავად იმისა, რომ „უსაფრთხო ქვეყნის“ მიდგომამ შესაძლოა თეორიულად იმუშაოს, მათ შორის გერმანიაში, სადაც ამ მიდგომის პირველადი ეფექტი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მნიშვნელოვანი კლება იყო, საფრანგეთში, სადაც ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა (6.755 2018 წელს) გერმანიასთან შედარებით (3.765) ორჯერ მაღალია, ამგვარ პოლიტიკას შედეგი არ გამოუღია. მაშინ, როდესაც ნიდერლანდების სამეფოს მსგავსად, ამ ქვეყანაში საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ 2013 წლიდან ითვლება. ჰოლანდიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდა, თუმცა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა შორის დანაშაულის დონე, სხვებთან შედარებით, კვლავ მაღალია. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ არ არსებობს ერთი თანმიმდევრული მოდელი ერთმანეთის მსგავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რაც ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ართულებს.

როგორც უკვე აღინიშნა, ქართველი და ალბანელი თავშესაფრის მაძიებლები ნიდერლანდების სამეფოში თავშესაფრის მაძიებლებს შორის დანაშაულის სტატისტიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, რაც საჯაროდ ცნობილი 2017 წელს გახდა. ამ დღემდე, პოლიციის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ეს არის საერთო და განგრძობადი პრობლემა, ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნებიდან“ თავშესაფრის მაძიებელთა შორის. მხოლოდ გასულ თვეს, ევროპულ არჩევნებამდე და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ – მარკ რუტესა და ულტრა მემარჯვენე პოპულისტ ოპოზიციონერ ტიერი ბაუდეტს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე, თანამდებობა დატოვა მიგრაციის მინისტრმა თავშესაფრის მაძიებელთა შორის დანაშაულის მაჩვენებლების დაფარვის გამო.

საქართველოს მთავრობის სხვა ღონისძიებებმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევების შესამცირებლად – მაგალითად უკანონოდ სახელის ცვლილების წინააღმდეგ უფრო მკაცრი მიდგომის დანერგვამ – ხელშესახები შედეგები ვერ გამოიღო, რამაც შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით საქართველოში მღელვარება გამოიწვია.

ევროპის ქვეყნებს შორის უკანონო მიგრაციის პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებული განსხვავებები საქართველოს მთავრობისგან უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებასთან საბრძოლველად, კომპლექსური მიდგომებისა და პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოწვევებზე იქნება მორგებული. არსებობს მოსაზრებები ფრანგი საიმიგრაციო ოფიცრების საქართველოში მივლინებისა და ევროკავშირში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობისთვის და ორგანიზატორისთვის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღების თაობაზე.

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო ევროკავშირის მხრიდან შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკის თავიდან აცილება, რასაც ხელი პოზიტიურმა თანამშრომლობამ და რეადმისიის/დაბრუნების მაჩვენებელმა შეუწყო.

უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის დედაქალაქებიდან შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხის შესახებ უხეში კომენტარების გაკეთება თბილისში მღელვარების საფუძველი ხდება. აქამდე ეს ყველაფერი მხოლოდ საუბარი იყო – გასულ კვირამდე, როდესაც ჰოლანდიის მთავრობამ ალბანეთის წინააღმდეგ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გადაწყვიტა.

შესაძლო შედეგები საქართველოსთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი საქართველოსთვის უნდა იყოს ის, რომ აუცილებელია, ქვეყანამ კარგად მოუსმინოს და ყურადღება მიაქციოს ევროპულ დედაქალაქებში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებს, იპოვოს კრეატიული გამოსავალი და გააგრძელოს დანაშაულთან ბრძოლისა და მოქალაქეების რეადმისიის/დაბრუნების მიმართულებით მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

თუმცა, მხოლოდ კეთილი ნების გამოხატვა საკმარისი არაა. ხელშესახები შედეგების არარსებობის პატიება შესაძლებელია ხანმოკლე ვადით, თუმცა შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, თუ შესაბამისი რეფორმების გატარება გაჭიანურდება და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ პრობლემურად დარჩება. როგორც ალბანეთმა, ისე საქართველომ საერთო ჯამში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის „მეორე ანგარიშში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ“. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების ნაკლებობამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში უარყოფითი პოლიტიკური განწყობებისა და ავანტიურიზმის მომძლავრებას შეუწყოს ხელი.

2017 წელს ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის საკითხი უკრაინის შემთხვევაშიც გამოიყენა იმისათვის, რომ უკრაინის მთავრობა ეიძულებინა, არ შეეშალა ხელი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის. უკრაინამ უკან დაიხია, რამაც დაამტკიცა, რომ უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია.

ალბანეთი, გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებასთან ერთად არ აკეთებს საკმარისად მეტს ანტიკორუფციული, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. შესაბამისად, საქართველომ უნდა განაგრძოს მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესის მიღწევა ევროპეიზაციის გზაზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

ამასთან, საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეამციროს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გერმანიაში გადაიდგა. პოლიციამ და ოფიციალურმა პირებმა უნდა გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირის სააგენტოებთან – EuroJust-თან და Europol-თან ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან საბრძოლველად. ორივე მიმართულებით, საქართველომ ხელშესახებ და აშკარა შედეგებს უნდა მიაღწიოს.

თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რიცხვი და განგრძობადი ორგანიზებული დანაშაული ევროპის დედაქალაქებში უარყოფით პოლიტიკურ დამოკიდებულებს იწვევს, ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრისტ პოლიტიკოსებს ანტიიმიგრაციული პოპულისტური სენტიმენტების მომძლავრების ფონზე. ეს კი შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის აქილევსის ქუსლია.

ამ ეტაპზე, შენგენის ზონაში საქართველოსთვის მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი პირდაპირი საფრთხის წინაშე არ დგას. საქართველო ასრულებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებეს და უკვე მოახერხა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირება გერმანიაში. თუმცა ქვეყანა ამაზე არ უნდა გაჩერდეს. საქართველომ უნდა განარგძოს იმის კეთება, რასაც აკეთებს, ყურადღება მიაქციოს კონკრეტულ სფეროებს და განაგრძოს დასმული ამოცანების შესრულება. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ქვეყანა საფრთხისგან თავის არიდებას.

მასალა გამოქვეყნდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტითან თანამშრომლობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^