Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ დგას დღეს პარლამენტთან?

27 ივნისი 2019
ვინ არიან აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები? რა სურთ მათ? როგორ პოლიტიკურ რეალობას უნდა ველოდოთ 2020 წლისთვის? - ამ და სხვა კითხვებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გვიპასუხა.

აქციების ტალღა სახელწოდებით „სირცხვილია!“ გრძელდება. 20 ივნისს პარლამენტის წინ დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აქტივისტთა ნაწილმა ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა აქციაზე შეკრებილები. მათგან ბევრი სერიოზულად დაშავდა, რამდენიმე ადამიანმა კი თვალი დაკარგა. შედეგად, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. აქტივისტებმა მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს, მათ შორის 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება, რომლებიც მთავრობამ დააკმაყოფილა. ითხოვენ აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. 

ბატონო იაგო, მიმდინარე მოვლენებში აქტიურადაა ჩართული ახალი თაობა, რომელიც აქამდე თითქოს არ ჩანდა, როგორც პოლიტიკური პროცესების მონაწილე. რამ გამოიწვია მათი მობილიზაცია?

როგორც ჩანს, სოციალური ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დგება დრო, როდესაც ახალგაზრდა გრძნობს თვითაქტუალიზაციის აუცილებლობას. ეს დრო დგება მაშინ, როდესაც ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ პოლიტიკური პარტიების სახით არსებული ინსტიტუციური სოციალური ჯგუფები, რომლებიც უნდა წარმართავდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას, აღარ არიან ეფექტურები, აღარ არიან საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის განმაპირობებლები. ახალგაზრდა თაობამ გააცნობიერა, რომ საქართველოს პოლიტიკური წყობა ერთგვარად მოქცეულია ორპოლუსიანობის „ჯადოსნურ“ წრეში და წლებია, ეს წრე ვერავინ გაარღვია, ხოლო საქართველოს პოლიტიკური სივრცე ამ ჩაკეტილ წრეში ძალაუფლებისთვის (და არა სოციალური კეთილდღეობისთვის) დაუნდობელი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ იმოქმედოს აქტიურად და გაარღვიოს ეს წრე, ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და გახდეს სიახლის მაპროვოცირებელი. 

როგორია ამ ახალგაზრდების სოციოლოგიური პროფილი? როგორები არიან ისინი?

ეს ახალგაზრდები, ძირითადად, არიან სტუდენტები. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობა ახალგაზრდობის ყველაზე პროგრესული, განათლებული ნაწილია, რომელსაც უნდა, იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი საქართველოში; დასაქმდეს, მიეცეს კარიერის აწყობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა; თავად იყოს პროგრესის გარანტი... მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა სწორედ საქართველოს სოციალური სივრცის უპერსპექტივობის გამო ტოვებს ქვეყანას. თუმცა, არიან პატრიოტებიც, რომელთაც სურთ, თავიანთ ქვეყანას მოახმარონ საკუთარი უნარ-ჩვევები. და როდესაც ახალგაზრდები ხედავენ, რომ საზოგადოება ჭაობში ეფლობა, ისინი იბრძვიან ჭაობიდან ამოსასვლელად. 

რა არის მათი კონკრეტული მოთხოვნები და გზავნილები?

ვიცით, კონკრეტულად რა მოთხოვნები აქვთ, თუმცა, ზოგადად, უნდათ პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა. ისინი მიხვდნენ, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა, პოლიტიკური ცხოვრება იქცა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის უნაყოფო დაპირისპირების არენად ძალაუფლების განმტკიცებისა თუ მოპოვებისთვის; რეალურად არაფერი კეთდება განათლების თუ სოციალური დაცვის მიმართულებით. და მათი ძირითადი მოტივაცია სწორედ ის არის, რომ ბოლო მოუღოს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისთვის სრულიად უნაყოფო და უკვე დესტრუქციულ ბრძოლას. ყოველივე ეს შემდეგ რეალიზდება ჩვენთვის ცნობილ უფრო კონკრეტულ მიმდინარე მოთხოვნებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. სწორედ ამ ტიპის არჩევნების ჩატარებაა ამ ორპოლუსიანობის გარღვევის კარგი შანსი, კარგი შესაძლებლობა პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად და მათ მიაღწიეს ამას. ასე რომ, ეს უკვე საგულისხმო შედეგია.

თქვენი აზრით, კონკრეტულად როგორ პოლიტიკურ რეალობას ითხოვენ ისინი?

ისინი ითხოვენ რეალობას, სადაც ძალაუფლება ექნებათ რეალურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული ჯგუფების ნამდვილ ინტერესებს გამოხატავენ და არ იქნებიან გაჯერებული მხოლოდ ძალაუფლების ინსტინქტით. ქართული საზოგადოება მრავალფეროვანია მასში შემავალი ჯგუფების მიხედვით: გვყავს სხვადასხვა ორიენტაციის, სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ღირებულების ადამიანები და ისინი ითხოვენ თავიანთ წარმომადგენლობას პარლამენტში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამ ჯგუფების ინტერესები ცოტას თუ აინტერესებს და, ძირითადად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტი დაკავებულია უკომპრომისო ბრძოლით ძალაუფლებისთვის. ისინი კი სწორედ იმას ითხოვენ, რომ საქართველოში არსებობდეს სხვადასხვა ჯგუფი და ამ ჯგუფების რეპრეზენტატორი იყოს პოლიტიკური წყობა, პოლიტიკური კლასი. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.

რამდენად არის ეს საპროტესტო ტალღა მხოლოდ ახალგაზრდული?

ძირითადად, რა თქმა უნდა, ახალგაზრდულია. ვერ ვიტყვით, აპოლიტიკურიაო - როგორც ვთქვით, საკმაოდ მკაფიო პოლიტიკურ მიზნებს ისახავენ. აპოლიტიკურია იმ თვალსაზრისით, რომ ცდილობენ, არ იყვნენ რომელიმე დომინანტური პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, ანუ რუპორი მათ ხელში. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდული ენერგია დაიწმინდება პოლიტიკურ ჯგუფებად ან პოლიტიკურ პარტიებად, რომლებიც დაიწყებენ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რაც კარგია. ეს არის ამ მოჯადოებული ორპოლუსიანობის დარღვევის შესაძლებლობა.

გარდა ახალგაზრდებისა, კიდევ რომელი ჯგუფები ქმნიან ამ საპროტესტო ტალღას?

აქ ალბათ არიან: ე.წ. შუაშისტები, რომლებიც, პირობითად, მესამე ძალას წარმოადგენენ; ასევე ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლით დაიღალნენ და ეძებენ რაღაც ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას. მათ შორის ყველაზე ნაკლებად მოიძებნებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები; არიან აგრეთვე მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები - უმუშევრები, დაბალი ეკონომიკური შემოსავლის მქონეები, ის ადამიანები, რომელთაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი ამ საზოგადოებაში და ცვლილებებს ელოდებიან.

როგორ ფიქრობთ, ამ აქციების შედეგად მივიღებთ თუ არა ახალ პოლიტიკურ რეალობას 2020 წლის არჩევნებისთვის?

მესმის ამ ნულოვანი ბარიერის, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი ასპექტების, მაგრამ მინდა, ხაზი გავუსვა პოზიტიურ მხარეებსაც, რომლებიც უფრო მეტი აქვს. სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისა და ამ ორპოლუსიანობის გარღვევის შესაძლებლობა. ამიტომ 2020 წლის პარლამენტი იქნება გაცილებით მრავალფეროვანი, ვიდრე დღევანდელია და, რაც მთავარია, გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ გვყავდეს -  როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა ძალის კონსენსუსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

გუგუტიანთკარის ზარები

გულის  მომკვლელი ტრაგედია ტრიალებს სოფელ გუგუტიანთკარში, ისევე როგორც სხვა ქართულ სოფლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრი ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

აგვისტოს ომის ნარატივი

თუ გსურს თავისუფლება, ემზადე ომისთვის!
15 აგვისტო
15 აგვისტო

აშშ-ს მტრების სიაში რუსეთი კვლავ პირველი ...

თუკი 2018 წელს, პირდაპირ ან ირიბად, ვინმე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრორუსული პოლიტიკის გატარებას დააპირებდა, დიდი ალბ ...

მეტი

^