Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის სანქციები ტურიზმის და ღვინის ექსპორტზე - ანალიზი

02 ივლისი 2019

სანქციები ტურიზმზე

“გავრილოვის ღამის” აქციებიზე საპასუხოდ პუტინმა საქართველოს მიმართულებით რუსულ ავიახაზებს ფრენა აუკრძალა. მან ასევე რეკომენდაცია მისცა ტურისტულ სააგენტოებს, რომ არ დაგეგმონ ტურები საქართველოში. რუსული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ყოფნა უსაფრთხო არ არის. რუსული პირველი არხის პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვანმა ევგენი პოპოვმა განაცხადა რომ ქართველი დეპუტატი ხალხს რუსი ტურისტების დახოცვისკენ მოუწოდებდა. თავად გავრილოვის განცხადებით, მის სიცოცხლეს თბილისში ყოფნისას საფრთხე ემუქრებოდა.

საქართველოში არ დაფიქსირებულა რუს ტურისტებზე ძალადობის არცერთი ინციდენტი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე ქართველმა ხელი შეუშალა რუსი ჟურნალისტის საქმიანობას, თუმცა, ამ ინციდენტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში მყოფ ტურისტებს და ჟურნალისტებს არანაირი საფრთხე არ შექმნიათ. ამის მიუხედავად, გარდაუვალია, რომ რუსული მედიის ამ ძალისხმევას გავლენა ექნება რუს დამსვენებლებზე.

რუსული ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში

საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს 1,404,757 რუსი ვიზიტორი ეწვია. ამ მაჩვენებლით, რუსეთი ჩამორჩებოდა მხოლოდ აზერბაიჯანს, საიდანაც საქართველოში გასულ წელს 1,424,610 ვიზიტორი შემოვიდა. რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 25%-ით იზრდებოდა და 2019 წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლით, ის უკვე პირველ ადგილს იკავებს.

2018 წელს, რუსმა ტურისტებმა საქართველოში 1.8 მილიარიდი ლარი დახარჯეს. საშუალოდ, 2019 წლის პირველ ხუთ თვეს რუსი ტურისტი ვიზიტის დროს 1,135 ლარს ხარჯავდა. ამ პერიოდში, რუსი ვიზიტორების ჯამური დანახარჯი კი 612 მილიონი ლარი იყო, რაც ამავე პერიოდის მშპ-ს დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

სანქციების შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე

რუსი ვიზიტორების 72% საქართველოში სახმელეთო გზით შემოდის, რაც იმას ნიშნავს რომ ფრენების გაუქმება მხოლოდ ტურისტების მცირე ნაწილს შეუქმნის პრობლემას. თუმცა, რუსეთში მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში დასვენება რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო არ არის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთმა მსგავსი სანქცია გამოიყენა თურქეთის წინააღმდეგაც 2016 წელს, როცა თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. სანქციების შედეგად, თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობამ 75%-ით იკლო. საქართველოსთან ტერიტორიული სიახლოვე და ავიახაზებზე ნაკლები დამოკიდებულება შეამსუბუქებს ამ ეფექტს და შედეგად, ჩვენი ვარაუდით რუსი ვიზიტორების რაოდენობა წლის დარჩენილ პერიოდში 60%-ით შემცირდება. ეს საქართველოს ეკონომიკას 2019 წელს 900 მილიონი ლარის ოდენობის ზარალს მიაყენებს (პროგნოზირებული ზრდის გათვალისწინებით).

საპირისპირო ეფექტი ექნება ქართული სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევას საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისათვის. ასევე, სოციალურ ქსელში გაიმართა ინიციატივა #SpendSummerInGeorgia, რომელიც მოუწოდებს უცხოელ დამსვენებლებს გაატარონ 2019 წლის ზაფხული საქართველოში. ჯგუფს Spend your summer in GEORGIA უკვე 200,000-ზე მეტი წევრი ყავს. თუ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოში წლის დარჩენილ პერიოდში პროგნოზირებული ვიზიტორების რიცხვი 10%-ით გაიზრდება, ეს საქართველოს ეკონომიკას დამატებით 630 მილიონ ლარს შემატებს. ევროპელი ტურისტები რუს დამსვენებლებზე თითქმის ორჯერ მეტ თანხას ხარჯავენ საშუალოდ ვიზიტისას.

რუსეთის მიერ ტურიზმზმე შემოღებული სანქციები, შესაბამისად, საქართველოს 2019 წელს 270 მილიონი ლარი დაუჯდება. წინა წელთან შედარებით, შემოსავალი ტურიზმიდან მხოლოდ 290 მილიონი ლარით გაიზრდება.

ასევე საინტერესოა, თუ რა სექტორებზე ექნება პირდაპირი ეფექტი მოცემულ სანქციებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორების განხორციელებული დანახარჯების 26.2% კეთდება საკვებსა და სასმელზე, 25.7% განთავსების საშუალებებზე ხოლო 18.6% კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე. ასევე ხარჯის დიდი ნაწილი მოდის შოპინგსა და ტრანსპორტირებაზე. თუ რუს ტურისტებსა და სხვა ქვეყნის ვიზიტორების ხარჯვით ქცევაში მნიშვნელოვან განსხვავებებს გამოვრიცხავთ, მოცემული ზარალი პროცენტული წილის შესაბამისად გადანაწილდება აღნიშნულ სექტორებზე.

სანქციები ღვინის ექსპორტზე

ტურიზმის სანქციების პარალელურად, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციულმა სააგენტომ 8 ქართული ღვინის კომპანიას რუსეთში პროდუქტის შეტანა აუკრძალა. მიზეზად ღვინის დაბალი ხარისხი სახელდება. მსგავსი განცხადებები ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სააგენტომ გასულ წელსაც გააკეთა. რუსეთში ღვინის შეტანა აეკრძალა 8 კომპანიას: შპს კახეთის ტრადიციული მეღვინეობა, შპს ბადაგონი, შპს ბოლერო და კომპანია, შპს ქართული ღვინის სახლი, შპს ქართული ღვინის კორპორაცია, ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები და შპს ბატონი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მიერ ექსპორტირებული 68 მილიონი ბოთლი (0.75ლ) ღვინის 62.28% რუსეთში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი 5-ჯერ მეტია მეორე ყველაზე მსხვილ იმპორტიორთან, უკრაინასთან, ის გაცილებით ნაკლებია ვიდრე 91.2%, რაც 2005 წელს რუსეთის წილს შეადგენდა ქართული ღვინის ექსპორტში.

რუსეთმა, 2006 წელს საქართველოს ღვინის იმპორტს ემბარგო დაადო, რომლის შედეგადაც 2013 წლამდე საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი სრულიად შეწყდა. ამან, 2006 წელს ღვინის ექსპორტში 66%-იანი შემცირება გამოიწვია, თუმცა, აიძულა ქართველ ექსპორტიორებს ალტერნატიული გზები მოეძებნათ. დაიწყო ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩინეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ცენტრალურ აზიაში. თუ 2005 წელს საქართველოდან ჩინეთში მხოლოდ 37,501 ბოთლი ღვინო გავიდა, 2018-ში ამ რიცხვმა უკვე 6.9 მილიონს მიაღწია. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის ექსპორტი ყაზახეთში, პოლონეთში, ლატვია და ბელორუსიაში. 2013-ში, როცა რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგო მოიხსნა, ქართული ღვინის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა.

რა შედეგი მოყვება საქართველოს ეკონომიკისთვის მორიგ შესაძლო ემბარგოს?

2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, საქართველოდან რუსეთში 21 მილიონი ბოთლი (0.75ლ) ღვინო გავიდა. თუ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი წლის დარჩენილ პერიოდში შეწყდება, ეს 2019 წელს, ქართული ღვინის ექსპორტს 90 მილიონი ამერიკული დოლარით შეამცირებს (პროგნოზირებული ზრდის გათვალისწინებით).

2019 წლის პირველ თვეებში, ღვინის ექსპორტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. თუ ვივარაუდებთ, რომ 2019 წლის დარჩენილ პერიოდში ღვინის ექსპორტი 20%-ით გაიზრდება სხვა ქვეყნებში, ეს საქართველოს დამატებით 28 მილიონ ლარს მოუტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს, ჯამურად საქართველო ღვინის ექსპორტის სანქციების გამო 215 მილიონ ლარს იზარალებს.

ალექსანდრე ნაჭყებია - კორნელის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 აპრილი
12 აპრილი

ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / რეცენზია

წიგნის სათაური: ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / მოგონებების მაგიერ / ეძღვნება კოტე ზალდასტანიშვილის 60 წლის იუბილეს გამომცემ ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...

მეტი

^